საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/2/767,1272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016370
3/2/767,1272
14/12/2018
ვებგვერდი, 20/12/2018
000000000.00.000.016370
საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

გადაწყვეტილება №3/2/767/1272

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

  

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

მერაბ ტურავა – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი:  დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი:  „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია; მოსარჩელე ჯიმშერ ცხადაძის წარმომადგენელი – არჩილ ჩოფიკაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ნინო ძოწენიძე; სპეციალისტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირინე ანდრონიკაშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №767) მიმართა საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძემ. №767 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2016 წლის 6 ივნისს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1272) მიმართა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურიამ. №1272 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2017 წლის 7 ნოემბერს.

2. 2016 წლის 3 ივნისის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და  აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის  შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან განსახილველ საქმეზე დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №767 კონსტიტუციური  სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას განეკუთვნება და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს  2016 წლის 18 ნოემბრის №2-3/8/767 განჩინებით, კონსტიტუციური სარჩელი №767 („საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

3. №767 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 მარტს. 2017 წლის 28 მარტის №3/2/767 საოქმო ჩანაწერით №767 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

4. №1272 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს. 2018 წლის 30 მარტის №3/1/1272 საოქმო ჩანაწერით №1272 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ამავე საოქმო ჩანაწერით, №767 და №1272 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. საქმის არსებითად განხილვის სხდომა გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.

5. №767 და №1272 კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.

6. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრულ ასაკს – 50 წელს.

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

8. №767 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ჯიმშერ ცხადაძე კანონით დადგენილი კონკურსის გავლის შემდგომ, 2014 წლის 10 აპრილს დაინიშნა სასამართლო მანდატურის თანამდებობაზე. 2016 წლის 3 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის ბრძანების საფუძველზე, იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული ზღვრული ასაკის 50 წლის მიღწევის გამო.

9. №1272 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მამუკა ჭანტურია 2005 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე. 50 წლის ასაკის მიღწევისას კი სადავო ნორმის საფუძველზე იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან ყოველგვარი გარემოების გათვალისწინების გარეშე მოითხოვს 50 წლის ასაკს მიღწეული პირის სასამართლოს მანდატურის თანამდებობიდან განთავისუფლებას. ამასთან, გაუგებარია რას ეფუძნება კანონმდებლის რწმენა, რომ 50 წლის ასაკს გადაცილებული პირი ვერ შეასრულებს ხსენებულ თანამდებობაზე მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, მანდატურის თანამდებობაზე ინიშნება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამდენად, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს აღნიშნული სამსახურისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირების მობილიზება. სადავო რეგულაცია კი 50 წლის ასაკის მიღწევისას, ისე რომ არ ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ავტომატურად ითვალისწინებს პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

12. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სასამართლოს მანდატურებს წელიწადში ერთხელ უტარდებათ ტესტირება. შესაბამისად, მანდატურის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი სწორედ ამ გზით, ტესტირებისა და ნორმატივების ჩაბარებით უნდა წყდებოდეს, რაც პირის დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალებაა.

13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მანდატურს პრაქტიკაში არ უწევს იმდენად დიდი ფიზიკური ძალის გამოყენება, რომ 50 წელს გადაშორებულმა პირმა ვერ შეძლოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება. სასამართლოსა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უწესრიგობის არსებობისას, როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენება ხდება საჭირო, როგორც წესი მობილიზებულია რამოდენიმე მანდატური და მხოლოდ ერთ მანდატურს არ უხდება მსგავს მდგომარეობასთან გამკლავება. რაც შეეხება პატიმრებს, ისინი  საბადრაგო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და სასამართლოს მანდატურებს მათთან შეხება არ აქვთ.

14. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებისთვის განსაზღვრულ ასაკობრივ ცენზებს, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება. კერძოდ, პოლიციელთა ზღვრული  ასაკი 55 წლიდან 65 წლამდე განისაზღვრება. ასევე, 65 წლამდეა განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკიც. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სასამართლოს მანდატურებთან შედარებით მეტი  ფიზიკური მონაცემების ქონა მოეთხოვებათ, თუმცა მათთვის გაცილებით მაღალი ზედა ასაკობრივი ზღვარია დადგენილი.

15. №767 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირები და 50 წლამდე ასაკის სასამართლოს მანდატურები არსებითად თანასწორი პირები არიან. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით კი სადავო ნორმები ე.წ. „მკაცრი შეფასების ტესტის” საფუძველზე უნდა შეფასდეს.

16. №767 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ სამუშაოს არჩევის, არამედ, ასევე მისი შენარჩუნების, დათმობის, სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლებისგან დაცვის უფლება. სასამართლოს მანდატურის სამსახური სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობაშია, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მანდატური საჯარო მოხელეა. შესაბამისად, სადავო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს პირის მანდატურის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად განთავისუფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას.

17. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

18. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა, რათა დაცული იყოს საქართველოს სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოება.

19. მოპასუხე მხარის მითითებით, მანდატურის თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელება დაკავშირებულია განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მანდატურის საქმიანობის გამართულად შესრულება მოითხოვს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელება.

20. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაციით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს მანდატურის საქმიანობისთვის საჭირო უნარების დაქვეითებას, შესაბამისად 50 წელს მიღწეული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვეღარ შეძლებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

21. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მართალია პირთა აღნიშნული თანამდებობისთვის საჭირო უნარების ინდივიდუალურად შეფასება შეუძლებელი არ არის, თუმცა მსგავსი რეგულაცია ბუნდოვანებას გამოიწვევდა და შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, თუ რა ასაკამდე უნდა ეკავოთ თანამდებობა სასამართლოს მანდატურებს.

22. მოპასუხე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმის გარდა, კანონმდებელი სხვა შემთხვევებშიც აწესებს ასაკობრივ შეზღუდვებს. კერძოდ, სამხედრო სამსახურისთვის ზღვრული ასაკი 50-დან 55 წლამდე, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთათვის – 45-დან 60 წლამდე განისაზღვრება.

23. მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.

24. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ირინე ანდრონიკაშვილის განცხადებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდივიდუალურად შესწავლა, ვინაიდან, ცალსახად შეუძლებელია იმის თქმა, რომ 50 წლის ადამიანი ნაკლებად ჯანმრთელია, ვიდრე მასზე მცირე ასაკის პირი. სპეციალისტმა ასევე გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ძნელად დასასაბუთებელი და პრაქტიკულად შეუძლებელია 48 წლის ჯანმრთელ ადამიანს იმდენად დაუქვეითდეს ფიზიკური ან გონებრივი მონაცემები, რომ 50 წლის ასაკში მან ვეღარ შეძლოს მანდატურის თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.

25. სპეციალისტმა განმარტა, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კორონალურ დაავადებათა განვითარების რისკი, მაგრამ ასაკის გარდა აღნიშნული რისკის გამოთვლისას სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებიც არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, ქოლესტერინის დონე სისხლში, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტენიის არსებობა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია არის თუ არა პირი თამბაქოს მწეველი. შესაძლებელია, ხსენებული რისკის შეფასების დროს, 35 წლის ადამიანისთვის კორონალური დაავადების განვითარების საფრთხე იყოს უფრო მაღალი, ვიდრე 50 წლის ადამიანისთვის.

26. პეციალისტის განმარტებით, მანდატურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რეაქციისა და კონცენტრაციის უნარი, მართალია, ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება, თუმცა 50 წლის ადამიანი არ მიეკუთვნება გერიატრიულ კონტინგენტს. შესაძლებელია, აღნიშნული ასაკის პირმა ზეზღრულოვან დატვირთვას ვერ გაუძლოს, თუმცა, საერთო ჯამში, სასამართლოს მანდატურისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, სპეციალისტი ვერ ხედავს 50 წლის ასაკს მიღწეული პირის მიერ აღნიშნული ფუნქციების განხორციელებისთვის მომეტებულ საფრთხეს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. №767 და №1272 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ვინაიდან მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ არსებითად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას თითოეულ ამ უფლებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

1. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით

1.1.დაცული სფერო

2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი – სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი „განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება  მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

3. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას – საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი“. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13, 14).

4. საქართველოს კონსტიტუციის  29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას დემოკრატიულ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფო მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხალხის უშუალო ჩართულობას უზრუნველყოფს.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა,  თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა უპირველესად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი  საქართველოს   პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

1.2.უფლების შეზღუდვა

5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ უფლებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით აღიარებული უფლებების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,,„სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის  სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი  საქართველოს   პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

7. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს „სასამართლოს მანდატურის“ პოზიციაზე საქმიანობის განხორციელების პირობებს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, „რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება“. ამრიგად, სასამართლოს მანდატური ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას სახელმწიფო, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში და უზრუნველყოფს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სასამართლოს მანდატურის თანამდებობა მიეკუთვნება „სახელმწიფო თანამდებობას“.

8. სადავო ნორმით დადგენილია სასამართლოს მანდატურის საქმიანობის განხორციელების ასაკობრივი შეზღუდვა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს, რომ სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე პირს, 50 წლის შესრულების შემდგომ, ერთი მხრივ, კანონმდებლობით ეკრძალება სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ასაკის მიღწევა არის სასამართლოს მანდატურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი ქმნის დაბრკოლებას სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. ამავდროულად, სადავო ნორმა ითვალისწინებს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, რითაც ასევე იზღუდება  კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.

9. ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ამ ორი მჭიდროდ დაკავშირებული უფლებრივი სიკეთის შეზღუდვის შეფასებისას არსებობს არსებითად იდენტური გარემოებების ანალიზის საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე ერთობლივ კონტექსტში იმსჯელებს.

1.3. შეფასების ტესტი, თანაზომიერება

10. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების წინაპირობაა, რომ პირი აკმაყოფილებდეს „კანონმდებლობით“ დადგენილ მოთხოვნებს. ანალოგიურად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები „კანონით“ განისაზღვრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ  ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).

11. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლების შეზღუდვა დადგენილია საკანონმდებლო აქტით – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად,  დაკმაყოფილებულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ფორმალური მოთხოვნა.

12. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე  მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობის დაკავებისა და გათავისუფლების საფუძვლებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური ისე მატერიალური შინაარსით.

13. სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისათვის, აუცილებელია, იგი შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის დისტანცირება საჯარო მმართველობის პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44)

1.3.1. ლეგიტიმური მიზანი

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15). შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.

15. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სასამართლოს მანდატურის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

16. სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად და ეფექტურად განხორციელება, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. აღნიშნული ინტერესის დაცვა, შესაძლებელია ჩაითვალოს ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელი უფლებამოსილია შეზღუდოს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლება.

1.3.2. გამოსადეგობა

17. ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა ემსახურებოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. მოპასუხის განმარტებით, 50 წელს მიღწეული პირებისათვის სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ემსახურება მიზანს, რომ ამ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება მოხდეს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მონაცემების მქონე პირების მიერ. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლოს მანდატურის ფუნქციები განახორციელოს ამ საქმიანობისთვის ყველაზე ეფექტურმა და შესაბამისმა კანდიდატმა, საჭიროა 50 წლიანი ასაკობრივი ცენზის დაწესება.

18. სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული განსახილველი ურთიერთობის სპეციფიკა და სასამართლოს მანდატურის ფუნქციები. სასამართლოს მანდატურის ფუნქციები განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობებს მიეკუთვნება მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვა, წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების შესრულება, სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობების დაცვა, სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნის შემოწმება, მოსამართლის მითითებით სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანის და დაცვის უზრუნველყოფა; სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევის აღკვეთა, სამართალდამრღვევის გამოვლენა, აუცილებლობის შემთხვევაში მისი პოლიციისათვის გადაცემის მიზნით დაკავება და ამის თაობაზე დაკავების ოქმის შედგენა; აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

19. დასახელებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სასამართლოს მანდატურს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული აქვს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, აგრეთვე იარაღის გამოყენების უფლებამოსილება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 62-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური ღონისძიებებისა თუ იარაღის გამოყენების საფუძვლებსა და შემთხვევებს და ადგენს, რომ მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენებით შეუძლებელი იქნება სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელება.

20. სასამართლოს მანდატურის ფუნქციების შესრულება ცალკეულ შემთხვევებში მოითხოვს ფიზიკური ძალის გამოყენებას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელება, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ამ კონტექსტში აუცილებელია დადგინდეს, რა გავლენას ახდენს 50 წლის ასაკის მიღწევა ადამიანის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

21. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება რთულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელიც ხდება.  ბუნებრივია, არსებობს ინტერესი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ფუნქცია სათანადოდ განხორციელდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გონივრული იყოს გარკვეული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის ასაკით შემოფარგვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).

22. ამავდროულად, ამა თუ იმ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება,  მათ შორის, ასაკობრივი ზღვრების დადგენა, არ უნდა მოხდეს გაუაზრებლად და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ასაკის თანმდევი შედეგები. „ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური  შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). „იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

23. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ირინე ანდრონიკაშვილის განმარტებით, 50 წელი თავისთავად, არ უნდა ჩაითვალოს იმ ასაკად, რომლის მიღწევის შემდგომაც ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა გარდაუვლად უარესდება. მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა 50 წლის ასაკის ადამიანი უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე გაცილებით ახალგაზრდა პირი.

24. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 50 წლის ასაკს მიღწეულ პირთა უმრავლესობაში იმდენად არის დაქვეითებული ფიზიკური უნარები, რომ პირმა ვერ შეძლოს იმგვარი სამუშაოს შესრულება, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა საჭიროებდეს ფიზიკური ძალის, იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამდენად, 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, მან ვერ შეძლოს სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება.

25. ადამიანის ფიზიკური უნარები ინდივიდუალურია და, 50 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შორის, შესაძლოა, მართლაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მონაცემები არ შეესატყვისება მანდატურის ფუნქციებს. თუმცა, როგორც სპეციალისტის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ფიზიკური მონაცემების დაქვეითება და ჯანმრთელობის გაუარესება არ არის 50 წლის ასაკს მიღწევით გამოწვეული და პირდაპირ არ უკავშირდება ამ ასაკობრივ ჯგუფში მოხვედრას. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ზღვრის დაწესება არ არის ასაკიდან გამომდინარე ფიზიკური მონაცემების დაქვეითებისა თუ ჯანმრთელობის გაუარესების განსაზღვრის რაციონალური კრიტერიუმი.

26. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზებისათვის ასაკობრივი ზღვრის დაწესება, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლებისაგან განსხვავებულად უზრუნველყოფდეს სამსახურის ეფექტიანობისა და სტაბილურობის მიზანს. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში გამართლებული იყოს თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა ისეთი ასაკობრივი ჯგუფებისათვის, რომლებსაც ასაკის გამო არ აქვთ დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამსახურისათვის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემები. კერძოდ, თუ დადგინდება, რომ რომელიმე კონკრეტულ ასაკის მიღწევისას პირების უმრავლესობა კარგავს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკურ ან/და გონებრივ მონაცემებს, შესაძლებელია, სამსახურში მიღების უფლება შეეზღუდოთ აღნიშნულ ასაკთან მიახლოვებულ ასაკობრივ ჯგუფებს, იმაზე მითითებით, რომ გართულდება მათი ჩანაცვლება და ეჭვქვეშ დადგება სამსახურში კადრების სტაბილურობა და ეფექტიანობა.

27. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ  ამგვარი საჭიროება არ ყოფილა დასახელებული. მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რომ 50 წელს ასაკს მიღწეულ პირებს სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავება იმიტომ ეზღუდებათ, რომ მათ მიერ მანდატურისათვის შეუფერებელი ასაკის მიღწევისას მათი შემცვლელების მოძიება და თანამდებობაზე განწესება რაიმე სირთულესთან არის დაკავშირებული და ამ თვალსაზრისით არსებობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის ხელშეშლის რეალური საფრთხე, რაც თავის მხრივ პრობლემებს შექმნიდა საერთო სასამართლოებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

28. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, მანდატურის ფუნქციების განხორციელება, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში მოითხოვდეს ფიზიკურ იძულებას, იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, შესაბამის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ მონაცემებს საჭიროებს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს „სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო მოხელე შესაძლოა გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო. ამრიგად, სასამართლოს მანდატურის სამსახურში საქმიანობის განმახორციელებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მონაცემების შემოწმების აუცილებლობა არსებობს მისი ასაკის მიუხედავად. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ წელიწადში ერთხელ სასამართლოს მანდატურებს უტარდებათ შიდა შემოწმება, რომლის მეშვეობითაც მოწმდება პირის შესაბამისობა მანდატურის თანამდებობასთან. ამგვარი შემოწმების ჩატარება დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გარკვეული პერიოდულობით ტარდება სასამართლოს მანდატურების შემოწმება, შესაძლებელია, ამგვარ შემოწმებას დაექვემდებარონ, როგორც 50 წელს მიუღწეველი, ისე – 50 წელს მიღწეული პირები. მანდატურის საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემოწმებისა და ამ გზით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის შესაძლებლობა არსებობს როგორც 50 წელს მიუღწეველი, ისე – 50 წელს მიღწეული პირების მიმართ. აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს სადავო ნორმით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვის არარაციონალურობას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 50 წლის ასაკის მიღწევა თავისთავად არ მიუთითებს იმაზე, რომ პირს დაქვეითებული აქვს სასამართლოს მანდატურისათვის საჭირო ფიზიკური მონაცემები. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის ლოგიკურ კავშირში სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებთან.

30. ამრიგად, სახეზეა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა და „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით

2.1. დაცული სფერო

31. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).

32. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).

33. ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.

2.2. შეზღუდვის იდენტიფიცირება

34. როგორც აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილია სასამართლოს მანდატურის ზღვრული ასაკი – 50 წელი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს უწესებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს.

35. სადავო ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მის საფუძველზე 50 წელს მიღწეული და 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი არის დადგენილი. 50 წლის ასაკის მიღწეული პირები, ერთი მხრივ, კარგავენ უფლებას, რომ დაიკავონ მანდატურის თანამდებობა, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიმართ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. როგორც აღინიშნა, ამგვარი, ასაკზე მიბმული საფუძველი არ არსებობს 50 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სახეზეა შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა.

36. როგორც უკვე აღინიშნა, უთანასწორო მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. ამისათვის აგრეთვე აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ პირებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ მხოლოდ ერთი გარემოება – ასაკი.

37. როგორც აღინიშნა, საჯარო სამსახური – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს. 50 წელს მიუღწეველ და მიღწეულ მოქალაქეებს აქვთ თანაბარი ინტერესი, სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურში და დაიკავონ სასამართლოს მანდატურის თანამდებობა. ამ თვალსაზრისით 50 წლის ასაკის მიღწევა ვერ ჩაითვლება იმგვარ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა შესადარებელი ჯგუფების ერთმანეთის არსებითად უთანასწოროდ განხილვას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სახეზეა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.

2.3. შეფასების ტესტი

38. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“  და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“  საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

39. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

40. ამდენად, მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად.

2.4. ლეგიტიმური მიზანი და რაციონალური კავშირი

41. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეესაბამება თანასწორობის მოთხოვნებს 50-წლიანი ასაკობრივი ზღვრის დაწესება სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავებისა და განხორციელებისათვის. მოპასუხის მიერ დიფერენცირებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად სასამართლოს მანდატურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საერთო სასამართლოებისა სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების დაცვა დასახელდა.

42. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დასახელებული მიზანი ნამდვილად ღირებულ ინტერესია და მის დასაცავად, შესაძლებელია შეიზღუდოს საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 აბზაცი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუთითებს, რომ დასახელებული მიზნის მისაღწევად კანონმდებელი უფლებამოსილია დაადგინოს დიფერენცირებული მოპყრობა.

43. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, ზოგადად, არ წარმოადგენს გარემოებას, რომელიც a priori იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, რომელიც აუცილებელია სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის. შესაბამისად, სასამართლოს მანდატურად საქმიანობის განხორციელებისთვის 50 წლიანი ასაკობრივი ცენზის დადგენა არ არის რაციონალურ კავშირში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან (პარაგრაფი). ამავდროულად, მოპასუხე მხარეს არ დაუსახელებია რაიმე დამატებითი საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ისახავს მიზნად.

44. ამრიგად, შესადარებელ პირებს შორის დიფერენცირებასა და მათ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას განაპირობებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული ფუნქციონირება და ამ გზით სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების დაცვა. როგორც უკვე დადგინდა, 50 წლის ასაკის მიღწევა არ არის ის თავისთავადი გარემოება, რომელიც დააქვეითებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეასუსტებს ფიზიკურ მონაცემებს და შეუძლებელს გახდის მის მიერ მანდატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას. შესაბამისად, 50 წელს მიღწეულ და მიუღწეველ მოქალაქეებს შორის დადგენილი დიფერენცირება არ არის რაციონალურ კავშირში დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. ამგვარად, არ არსებობს ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღონისძიება დისკრიმინაციულია და  „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელები №767 და №1272 („საქართველოს მოქალაქეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის წევრები:

ზაზა თავაძე

ევა გოცირიძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში