თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/4/1648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 21/04/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016692
3/4/1648
21/04/2022
ვებგვერდი, 29/04/2022
000000000.00.000.016692
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

გადაწყვეტილება №3/4/1648

 2022 წლის 21 აპრილი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1648) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე – ბადრი ნიპარიშვილი). №1648 კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/3/1648 საოქმო ჩანაწერით, ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.

2. №1648 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტები ადგენს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველს. კერძოდ, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. სადავოდ გამხდარი პუნქტების მე-2 წინადადებების თანახმად, წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში, საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

5. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელზეც საქმის წარმოება შეჩერებულია იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. იმავდროულად, ამავე საქმის შეჩერების შემდგომ, მიღებულ იქნა ამნისტიის შესახებ აქტი, რომლის საფუძველზე პირი თავისუფლდება ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და, შესაბამისად, არსებობს დევნის შეწყვეტის აუცილებლობა.

6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავოდ გამხდარი ნორმები გამორიცხავს შეჩერებული საქმის განახლებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხს გადაწყვეტამდე. ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ საქმის შეჩერების შემდგომ გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც უალტერნატივოდ იწვევს ბრალდებულთა მიმართ საქმის დასრულებას და დევნის შეწყვეტას, მისი (საქმის) არსებითად განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განაახლოს სასამართლო განხილვა და შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ პირს აქვს დროული მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, რაც დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, მათ შორის, რეპუტაციულ საკითხთან, გირაოს თანხის დაბრუნებასთან, ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტასთან და სხვა.

7. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა, საქმის გარემოებები იმგვარად შეიცვალოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტამ აქტუალურობა დაკარგოს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში იმისთვის, რათა არ დაირღვეს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება, საქმის წარმოების განახლება არ უნდა იყოს შეუძლებელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტამდე.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმების მოწესრიგების სფეროსა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

1. №1648 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული ნორმები ადგენს საერთო სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის სამართლებრივ საფუძველსა და წესს. ამ წესის მიხედვით, თუ კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

2. წარდგინების მექანიზმი გამოიყენება სამართლის ყველა დარგსა და სფეროში, განურჩევლად იმისა, თუ რა საკითხზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი წესი წარდგინების საფუძვლით შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას, ყოველგვარი დამატებითი პირობებისა თუ გარემოებების გათვალისწინების გარეშე, იმპერატიულად უკავშირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

3. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავოდ გამხდარი ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე გამორიცხავს შეჩერებული საქმის განახლებას. აღნიშნული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის გარემოებები იცვლება იმგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტა კარგავს ყოველგვარ აქტუალურობას შეჩერებულ საქმესთან მიმართებით, ვინაიდან აღარ არსებობს მისი გამოყენების საჭიროება ამ საქმის გადასაწყვეტად. მსგავს შემთხვევაში, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, იმისთვის, რათა არ დაირღვეს საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება, საქმის წარმოების განახლება შეუძლებელი არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის ბედის გადაწყვეტამდე და საერთო სასამართლოს უნდა შეეძლოს შეჩერებული საქმის განახლება.

4. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არღვევს თუ არა წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე, საქმის განხილვის განახლების შესაძლებლობის სრული აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.

 

2. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცული სფერო

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ მოიცავს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ არაერთ საპროცესო გარანტიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

6. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არსი და მიუთითა მისი ეფექტური რეალიზების მნიშვნელობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება, ფორმალურად, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო შინაარსობრივად − ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3,4). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ უნდა იყოს ილუზიური, უნდა ქმნიდეს პირის უფლების დაცვისა და დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები − ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები − ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-133).

7. მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი საფუძველი და წინაპირობაა საქმის დროული განხილვა, რომლის დაუცველობაც ნაკლულს, რიგ შემთხვევებში, სრულებით არარეალიზებადსა და აზრს მოკლებულს ხდის როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე მისი მეშვეობით ამა თუ იმ ინტერესის დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას. იმავდროულად, თუ საქმის განხილვის ვადა იქნება არაგონივრულად ხანგრძლივი, უფლების დაცვა გაჭიანურდება და დაკარგავს ეფექტიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7, 9).

8. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს საქმის დროულ განხილვასა და გადაწყვეტას. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ხელოვნურად ზღუდავს სასამართლოს მიერ დავის დროულად გადაწყვეტას, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

3. სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის არსი და უფლების შეზღუდვა

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები − ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები − ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).

10. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელია საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო მართლმსაჯულებისა კი − საერთო სასამართლოები. მართალია, საქართველოს კონსტიტუციით გამიჯნულია საერთო სასამართლოთა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები, თუმცა როგორც საერთო სასამართლოების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი ემსახურება კონსტიტუციის უზენაესობის იდეის პრაქტიკულ და რეალურ უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კონსტიტუციისა და მასში ასახული ღირებულებების განმარტებას, გამოყენებასა და დაცვას.

11. კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო არქიტექტურაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური კონტროლის, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობისა და მათი არაკონსტიტუციურად მიჩნევით, ექსკლუზიურად ენიჭება მათი ძალადაკარგულად ცნობის უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში განმარტავს კონსტიტუციას და უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საერთო სასამართლოთა კომპეტენცია კი მართლმსაჯულების განხორციელებას გულისხმობს, რაც, ბუნებრივია, ვერ განხორციელდება ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპისგან განყენებულად. საერთო სასამართლოები საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელებისას ისევე არიან შებოჭილი კონსტიტუციური წესრიგით, მისი ღირებულებების დაცვისა და ერთგულების ვალდებულებით, როგორც ხელისუფლების ყველა სხვა შტო. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების დაცვის მექანიზმს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და მისი საფუძვლიანი ვარაუდით, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში კონსტიტუციის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთო სასამართლოებს, თავიდან აიცილონ სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის გამოყენება. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა კონსტიტუციურ ღირებულებებს პრაქტიკულ და რეალურ ძალას სძენს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და წარმოადგენს საერთო სასამართლოების საქმიანობაში კონსტიტუციის მოთხოვნების გათვალისწინებისა და დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიან მექანიზმს.

12. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალსახაა კონსტიტუციური წარდგინების მიზნები. მისი საშუალებით, საერთო სასამართლო თავიდან იცილებს საქმის გადაწყვეტისას სავარაუდოდ არაკონსტიტუციური კანონის გამოყენებას, რითაც უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა, თავისთავად, მოიაზრებს საერთო სასამართლოში საქმის განხილვის შეჩერებას საკონსტიტუციო კონტროლის პროცედურის დასრულებამდე და, შესაბამისად, საქმის არსებითად გადაწყვეტის გადავადებას. ეს, იმავდროულად, იმას გულისხმობს, რომ მოქმედი კონსტიტუციური სისტემა ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ სტანდარტებთან სავარაუდოდ შეუთავსებელი კანონის გამოყენების პრევენციას უპირატესობას ანიჭებს საქმის სწრაფად გადაწყვეტის ინტერესებთან შედარებით, რაც გონივრული და გამართლებულია, ვინაიდან, საქმის გადაწყვეტის სისწრაფე აზრს კარგავს, თუკი ის არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე ხორციელდება და მისი გამოყენების საფრთხე განეიტრალებული არ არის.

13. სწორედ ზემოხსენებული ინტერესების ჯეროვანი დაბალანსების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით, დასაშვებია საერთო სასამართლოს მოსამართლის მხრიდან წარდგინებით მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ნორმების თაობაზე, რომელთა გამოყენების გარეშეც მას შეუძლებლად მიაჩნია განხილვაში მყოფი საქმის გადაწყვეტა. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების მიზანია საერთო სასამართლოს აღჭურვა კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ საქმის გადაწყვეტის პრევენციის მექანიზმით და არა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის ხელოვნურად შეფერხება.

14. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ, რიგ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ, შესაძლებელია, განსახილველი საქმის გარემოებები ისე შეიცვალოს, რომ აღარ არსებობდეს საქმეზე იმ ნორმის გამოყენების საჭიროება, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც საქმის განმხილველ მოსამართლეს ეჭვები გააჩნია. მაგალითად, გამოვლინდეს საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, რამაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით რელევანტურობა დაუკარგოს მთელ რიგ იმ პროცედურულ თუ სხვა ნორმების კონსტიტუციურობის საკითხებს, რომელთა გამოყენების საჭიროებაც მოცემულ საქმეში საერთოდ აღარ დგას. ამგვარ პირობებში, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით, ვეღარ მოემსახურება საერთო სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელებისას არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენების თავიდან აცილებას. შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში, საერთო სასამართლოში სამართალწარმოების შეჩერების და, შედეგად, მართლმსაჯულების დაყოვნების საპირწონედ, სახეზე აღარ არსებობს კონსტიტუციით თავისთავად ნაგულისხმები აღმატებული ინტერესი იმისა, რომ საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულება ყოველთვის კონსტიტუციასთან თავსებადი კანონების საფუძველზე ხორციელდებოდეს. შესაბამისად, ზემოთ აღწერილ შემთხვევებში საქმის წარმოების შეჩერება სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაში სერიოზულ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ, რაც სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას საჭიროებს.

4. უფლების შეზღუდვის გამართლება

15. საქმის დროული განხილვის პრინციპი, მიუხედავად მისი უაღრესად დიდი მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლოა შეიზღუდოს, თუმცა შეზღუდვა არ უნდა ატარებდეს არათანაზომიერ ხასიათს. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული საერთო მიდგომის თანახმად, ნორმის კონსტიტუციურობა ფასდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმის შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება.

17. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადად, წარდგინებით მიმართვისას საქმის განხილვის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან მიზანს, როგორიცაა, საქმის არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე გადაწყვეტის პრევენცია. როგორც ნებისმიერი სამართალწარმოების მონაწილე პირის, ვისი უფლებების გამორკვევაც ხდება სასამართლოში, ისე მართლმსაჯულების ზოგად ინტერესს წარმოადგენს ის, რომ საქმე არ გადაწყდეს არაკონსტიტუციური, ძირითადი უფლებების გაუმართლებლად შემზღუდველი ნორმის საფუძველზე. იმავდროულად, საერთო სასამართლოთა მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საპროცესო მექანიზმმა საქმის განხილვაზე იმ მოცულობით უნდა მოახდინოს გავლენა, რაც ობიექტურად აუცილებელია აღნიშნული ინტერესის დასაცავად.

18. №1648 კონსტიტუციურ წარდგინების ავტორის მითითებით, რიგ შემთხვევებში, იმგვარად იცვლება საქმის გარემოებები, რომ სადავო ნორმის გამოყენების ალბათობა აღარ არსებობს და სახეზეა საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველი, რასთანაც გვაქვს საქმე წინამდებარე საქმის შემთხვევაში. ბუნებრივია, ასეთ დროს, წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების აუცილებლობა კვლავ შეიძლება არსებობდეს, ოღონდ, ეს აუცილებლობა დაკავშირებული იქნება სამომავლოდ კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმების გამოყენების პრევენციის მიზნებთან, მაგრამ იგი ვეღარ იქნება განპირობებული კონკრეტული საქმის ბრალდებულის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილის ინდივიდუალური უფლებების დაცვის საჭიროებით, ვინაიდან აღარ იარსებებს მის საქმეზე სავარაუდოდ არაკონსტიტუციური კანონის გამოყენების რაიმე საფრთხე. შესაბამისად, ამგვარ ვითარებაში, ბრალდებულს ან სამართალწარმოებაში მონაწილე სხვა პირებს, რომელთა უფლებების დასაცავადაც არის საქმე შეჩერებული და რომლებიც აღარ დგანან არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენების საფრთხის პირისპირ, საერთოდ აღარ გააჩნიათ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების რაიმე ინტერესი. ასეთ დროს მათი უპირატესი ინტერესია, დროულად მიაღწიონ შეჩერებული საქმის განახლებას მისი შეწყვეტის მიზნით და მათ უფლებებთან მიმართებაში სამართლებრივი გარკვეულობის მდგომარეობას, მეტადრე მაშინ, როდესაც წარმოშობილია მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები. ცხადია, ამგვარ შემთხვევაში შეჩერებული საქმის განახლების შეუძლებლობა, რა დაბრკოლებასაც სადავო ნორმა ქმნის, გაუმართლებლად აზიანებს სამართალწარმოების მონაწილეთა უფლებას, დროულად და ხელოვნური დაბრკოლების გარეშე დასრულდეს სამართალწარმოება მათ საქმეზე საერთო სასამართლოში.

19. ამავდროულად, მხედველობაში ისიც არის მისაღები, რომ სამართალწარმოების მონაწილეთა უფლება, საქმის განხილვის გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე ისარგებლონ დროული მართლმსაჯულებით, კონფლიქტში არ მოდის ისეთ სხვა საჯარო ინტერესთან, როგორიცაა, სამომავლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის მიერ წარდგინებით სადავოდ მიჩნეული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება. არ არსებობს პროცესუალური დაბრკოლება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, გააგრძელოს სამართალწარმოება წარდგინებასთან დაკავშირებით, თუკი ადამიანის უფლებათა დაცულობა ამას მოითხოვს და გადაწყვიტოს სადავო ნორმის ბედი, რომელსაც წარდგინება შეეხებოდა საერთო სასამართლოებში მასზე წარმოების განახლების პირობებშიც. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, მაშინაც კი განახორციელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, როდესაც თავად წარდგინების შემტან სასამართლოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ინტერესი აღარ გააჩნია ან ნორმა აღარ მიაჩნია ასეთად. მხედველობაშია მისაღები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო სასამართლო ... არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა“.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული ნორმა, ვითარებისა და გარემოებების შეცვლის გამო, აღარ წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, ამ საქმეზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადით საერთო სასამართლოში სამართალწარმოების შეჩერების ინტერესი, უბრალოდ, ქრება, აღარ არსებობს, რის გამოც, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ‒ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საერთო სასამართლოში შეჩერებული საქმის წარმოების განახლების შეუძლებლობა ‒ თვითმიზნურ ხასიათს იღებს, აღარ ემსახურება ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და გაუმართლებლად არღვევს საქმის დროული განხილვისა და გადაწყვეტის უფლებას.

21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას.

III
სარეზოლუციო
ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

თეიმურაზ ტუღუში