დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4526-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.017915 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევი პირი თავისუფლდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 და 342 მუხლები: „მუხლი 341. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი 1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე/გასაჯაროებაზე. 3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ. 5. შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში. 6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შერჩევისას ხელმძღვანელობენ ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით. 7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს თითოეული წევრი ბიულეტენში ფარულად შემოხაზავს არაუმეტეს იმ რაოდენობის კანდიდატს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. აღნიშნული ბიულეტენები დალუქულ ყუთში ჩაიყრება. კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე ყუთი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანდასწრებით იხსნება. ხმებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ითვლიან. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს იმაზე მეტი რაოდენობის კანდიდატს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული, ბიულეტენი ბათილად მიიჩნევა. კენჭისყრის დასრულებისას დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. თუ შერჩევის პროცედურის დაწყება გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ან 2 ვაკანსიისთვის, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე 3-ჯერ მეტი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ შერჩევის პროცედურის დაწყება გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არანაკლებ 3 ვაკანსიისთვის, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე 2,5-ჯერ მეტი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით). კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატთა რაოდენობა შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტაზე ნაკლებია ან მისი ტოლია, ეს კანდიდატები შერჩევის შემდგომ ეტაპზე კენჭისყრის გარეშე გადადიან. შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყება კანდიდატების მოსმენა. კანდიდატების მოსმენა საჯაროდ ტარდება. 9. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაცია. 10. მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. 11. კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ამ კანონის 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, უახლოეს სხდომაზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი სათითაოდ ეყრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. 14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი პირის თაობაზე განსხვავებული აზრი წერილობით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა თითოეულ პარლამენტის წევრს. თითოეულ პარლამენტის წევრს გადაეცემა აგრეთვე ინფორმაცია ამ მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ. 15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს იმავე პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში მითითებულ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა დარჩენილი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია. 16. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. იგი ასევე არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას. 17. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ შეივსო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსია, 1 თვის ვადაში შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 18. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ. მუხლი 342. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება 1. ამ კანონის 364 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, ამ კანონის 341 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით შერჩევის პროცედურაში მონაწილეთაგან შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე ინფორმაციას მათ მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. 3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატების შესაფასებლად გამოიყენება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კენჭისყრისას გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის წარდგინებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ. წარდგინებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს ეგზავნება ამ კანონის 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები. ამ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია. აღნიშნული წარდგინება უნდა შეიცავდეს კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას. 5. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლის შესაბამისად მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატების რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლებელია ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატების ნასამართლობის, ადმინისტრაციულ და დისციპლინურ დავებში მონაწილეობისა და მათ მიერ დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე. 6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს იყენებს. გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია განახორციელოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. 7. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან, შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს. 8. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება. 9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატებს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს საბჭოში არსებული ინფორმაციის თითოეული კანდიდატისათვის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოძიების შედეგები კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება აქვს, 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები. კანდიდატს ასევე უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას ეცნობა. 10. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.“. 3. 36-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატები გაწვეულად ითვლებიან. 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა იწყება ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 3. საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 მაისი 2019 წ. N4526-IIს |
დოკუმენტის კომენტარები