„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 580-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016065
580-IIს
01/05/2013
ვებგვერდი, 20/05/2013
110050000.04.001.016065
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

2. 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

 2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.

 4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.

7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.“.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.

4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

5. საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთანავე, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.

8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით:

ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;

ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული მხოლოდ 1 წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;

გ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 2 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

 10. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის  მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლის მე-5–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

 12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

13. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის მიეცემა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.

5. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;

დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ზ) გარდაცვალება;

თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის  „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას – კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).“.

6. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.“.

7. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს  საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.“.

8. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.“.

9. 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“.

10. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:

ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;

ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;

ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

გ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ 3 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც, ამ კანონის 47-ე მუხლის  მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს კანდიდატებს დანარჩენი 5 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილი არ არიან, შეითავსონ რომელიმე ასეთი თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის, სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არა აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა, წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომლებსაც უფლება აქვთ, შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, წევრად არჩევის მსურველთა რაოდენობა სამზე ნაკლებია, ან კენჭისყრის შედეგად სამზე ნაკლებმა წევრმა დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, ვაკანტურ ადგილზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ  თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.

5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას  ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.“.

11. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. 

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.“.

მუხლი  2

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 47-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

4. თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არ იქნა არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, დარჩენილი ვაკანსიის ან ვაკანსიების შევსება ამ კანონით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს მომდევნო 1 თვის ვადაში. 

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

6. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში არჩეულ იქნეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უწყდება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება და ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მასვე ეკისრება თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, რომელსაც უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, უფლება აქვს, კენჭი იყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არჩევნებში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2013 წ.

N580-IIს