„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016063
260-IIს
06/03/2013
ვებგვერდი, 20/03/2013
110050000.04.001.016063
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

 „მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისათვის ან/და სხვა პირთათვის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, აუდიო-, ვიდეოჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებაც.

4. სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება აქვთ ასევე მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით.

5. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისი ადგილიდან განახორციელოს სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების შესრულებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

6. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა.“.

 მუხლი 2. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომის დარბაზი სათანადოდ არ არის აღჭურვილი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 131 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს სასამართლო სხდომის დარბაზის აღჭურვისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 მარტი 2013 წ.

N260-IIს