„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1252-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.018160
1252-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
110050000.04.001.018160
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 23-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა, დამატებით შეიქმნას სხვა სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული/ერთეულები (ერთი ან რამდენიმე პალატა/კოლეგია).“;

ბ) მე-6−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააპელაციო სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის 2 მოადგილე, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მისი, როგორც თავმჯდომარის მოადგილის, უფლებამოსილების ვადით.

7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული აღნიშნული უფლებამოსილება.

8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“.

3. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განიხილავს საქმეებს;“;

ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.“.

4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება

 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

4. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.“.

5. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განიხილავს საქმეებს;“;

ბ) „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. 321 და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 321. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები

1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას;

გ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;

გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII1 თავის შესაბამისად.

მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება

1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

3. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2-ზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

4. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

5. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც 2 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.“.

7. 341 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.“;

ბ) მე-11−მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფარულად, ამ კანონის 35​​​1 მუხლის გათვალისწინებით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე ფარულად, ამ კანონის 35​​1 მუხლის გათვალისწინებით კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, აგრეთვე ამ კანონის 35​​1 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განზოგადებული შეფასებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ,  კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ  2 ან 2-ზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს დახურულ სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატთაგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. თუ აღმოჩნდა, რომ 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა  ფარულია. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება და ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული უშედეგო კენჭისყრის დღიდან 2 კვირის განმავლობაში კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩიოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურა ერთჯერადია.“;

დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განახორციელებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა, საერთო წესით იწყება.“;

ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.“.

8. 343 მუხლის: 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ:

ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები;

დ) ინფორმაცია, რომელიც ამ  წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა;

ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

2. საჩივარი ამ კანონის 34 1  მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების მის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,  რომელიც მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 34 1 მუხლით განსაზღვრული პროცედურა ჩერდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივარში მითითებული უნდა იყოს:

ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი;

გ) გასაჩივრებული წარდგინებისა და მისი მიმღები ორგანოს ზუსტი დასახელებები;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები;

ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა;

ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.“;

დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი წარდგინების მიღება გამოიწვია.“;

ე) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„131. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

ზ) 132 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება უვადოდ.

2. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას ახორციელებს.“.

10. 351 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.“.

11. 36-ე მუხლის:

ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 1 . რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 4 4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.“; 

ბ) 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 364 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესების შესახებ. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები დაუჭერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ/მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.“.

13. 371 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების შემთხვევაში აღნიშნული დანამატის ოდენობისა და ამ სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ჯამი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.“.

14. 47-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 7 წევრზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“;

ბ) 162 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება.“.

15. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია.“.

16. 561 მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევენ კომიტეტის წევრები მისი, როგორც კომიტეტის წევრის, უფლებამოსილების ვადით.“.

18. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს/იქნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი/წევრები, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრები. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“.

19. 663 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დამოუკიდებელი საბჭოს წევრ მოსამართლეს, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს იმ არამოსამართლე წევრს, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის დამოუკიდებელმა საბჭომ შეიძლება დაუწესოს დანამატები. დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის ეძლევათ ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება სკოლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.“.

20. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა დადგენილი რანგირების მიხედვით.“.

21. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.35;“;

ბ) „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 7.80;“.

მუხლი 2

1. 2025 წლის 31 დეკემბრიდან გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი. 2025 წლის 31 დეკემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სათანადო შეთავაზებაზე მის მიერ 2025 წლის 25 დეკემბრამდე წარდგენილი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში იგი 2025 წლის 31 დეკემბრიდან დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურაში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა) საკუთარი აპარატის სტრუქტურაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების, აგრეთვე განსახორციელებელი უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის დამტკიცება;

ბ) ამ კანონის ამოქმედების მომენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზება.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის ამოქმედების მომენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა 2025 წლის 31 დეკემბრიდან;

ბ) ამ კანონის ამოქმედების მომენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტში თანამდებობებზე მყოფი საჯარო მოსამსახურეების  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე დანიშვნა მათი წერილობითი თანხმობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, 2025 წლის 31 დეკემბრიდან. თუ ეს საჯარო მოსამსახურეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით არ წარუდგენენ აღნიშნულ წერილობით თანხმობას, 2025 წლის 31 დეკემბრიდან მათზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მობილობის წესი. ასეთ საჯარო მოსამსახურეებს 2025 წლის 25 დეკემბრის შემდეგ არ აქვთ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე/მათი სამუშაო ადგილების ტოლფას სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნის უფლება და ისინი 2025 წლის 31 დეკემბრიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1252-IVმს-XIმპ