„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 447-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.018000
447-IVმს-Xმპ
01/04/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
110050000.04.001.018000
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 341 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10−მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები, ამ კანონის 363 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით ამ კანონის 364 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/364 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და ამ კანონის 363 მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ითვლება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებებისა და ამ შეფასებების დასაბუთებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული კანდიდატის შეფასებებს და ამ შეფასებების დასაბუთებებს, აგრეთვე კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე გადავა კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე ის მომდევნო კანდიდატი, რომლის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და რომელიც, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრის შეფასების მიხედვით, აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაზე ნაკლებია, შემდგომ ეტაპზე მხოლოდ ეს კანდიდატები გადავლენ. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებითა და 363 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“.

2. 343 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრება“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ იგი მონაწილეობდა იმავე პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატების შერჩევის შესაბამის ეტაპზე და მიაჩნია, რომ:

ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;

დ) ინფორმაცია, რომელიც ამ განკარგულებას/წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა;

ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა.

2. საჩივარი ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების ან იმავე მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341 მუხლით განსაზღვრული პროცედურა შესაბამის ეტაპზე ჩერდება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გასაჩივრებული განკარგულების/წარდგინების ზუსტი დასახელება და ამ განკარგულების/წარდგინების მიმღები ორგანოს დასახელება;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები;“;

დ) მე-10−მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი განკარგულების/წარდგინების მიღება გამოიწვია.

12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) ამ კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით გადაისინჯება შესაბამისი კანდიდატის შესაბამისი შეფასება და იმავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ხელახალ განკარგულებას, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება. ამასთანავე, კანდიდატის შეფასების გადასინჯვისას კანდიდატის უფრო დაბალი შედეგით შეფასება დაუშვებელია;

ბ) ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით დადგენილი წესით გადაისინჯება იმავე პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და იმავე პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ხელახალ წარდგინებას, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გავლენას არ ახდენს საბჭოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას. ამ შემთხვევაში აღნიშნულ კანდიდატს კენჭი ხელახლა აღარ ეყრება, ხოლო კანდიდატების შერჩევის მიმდინარე ეტაპზე მყოფ დანარჩენ კანდიდატებს კენჭი ამ კანონის 341 მუხლის მე-13/მე-15 პუნქტის შესაბამისად, ხელახლა ეყრებათ.

13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამავე მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.“;

ე) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა გაგრძელდეს ამ კანონით გათვალისწინებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების 1 კვირის განმავლობაში მიღებისა და ამ განცხადებების წარმდგენ პირთა იმავე პროცედურაში კანონის შესაბამისად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული პირებიდან იმ პირების საჯარო მოსმენა, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და კანონის შესაბამისად, სრულყოფილად აქვთ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, დაიწყოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2021 წ.

N447-IVმს-Xმპ