დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საერთო სასამართლოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2257 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.000.04.001.003.778 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2011 - 27/03/2012)
საქართველოს ორგანული კანონი
მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება
1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.
2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, ასევე მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა
1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.
3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და მათი კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.
4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.
2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით
საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.
მუხლი 6. მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პრინციპები
1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობის, მოსამართლეთა შეუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.
2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა
1. სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.
2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის
მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10. სამართალწარმოების ენა
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება
მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები – კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №4952 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.
4. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.
თავი II. საქართველოს უზენაესი სასამართლო
მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო
1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.
2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე, 88-ე, 90-ე მუხლებით და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
2. უზენაეს სასამართლოში იქმნება:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა.
მუხლი 16. უზენაესი სასამართლოს პალატა
1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.
2. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.
3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439
მუხლი 17. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.
2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
3. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.
4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
5. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73, 23.12.2010წ., მუხ.439
მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი
1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.
2. პლენუმი უფლებამოსილია:
ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები;
გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი;
დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;
ე) საქართველოს პარლამენტს იმპიჩმენტის საქმეზე მისცეს დასკვნა თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასკვნაში პლენუმი შემოიფარგლება იმ ქმედების იურიდიული შეფასებით, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის აღმძვრელ პარლამენტის წევრთა მიერ მიჩნეულია დადგენილად;
ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;
ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;
თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;
ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;
კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა;
ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;
ლ1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მოსამსახურეთა შეფასების წესი;
მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;
ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. პლენუმი ვალდებულია:
ა) დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.
4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.
5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.
6. პლენუმის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
2. სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს 6 თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.
4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.
5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.
6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.
მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.
3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;
გ) ხელმძღვანელობს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს;
დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;
ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა მუშაკებს;
ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;
თ) მოსამართლის მიმართ აღძრავს დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს;
ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
თავი III. სააპელაციო სასამართლო
მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა
1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) საგამოძიებო კოლეგია.
3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.
5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
7. სააპელაციო სასამართლოს, მისი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.
2. სააპელაციო სასამართლო აგრეთვე ახორციელებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;
ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;
გ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
დ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში;
ე) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;
ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება
1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;
გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
თავი IV. რაიონული (საქალაქო) სასამართლო
მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).
3. საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).
მუხლი 28. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 29. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.
2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).
3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
მუხლი 31. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.
მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;
ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;
გ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეებს;
დ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას;
ე) ამოღებულია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ზ) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;
თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;
კ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;
ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.286
მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
2. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.
თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება
მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს
1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
2. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.
5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 წლის გასვლამდე.
6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი
1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე.
2. პირს, რომელიც იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანის შემდეგ უარს განაცხადებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, უფლება არა აქვს, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს განცხადება სიის დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამონაკლის შემთხვევაში განიხილავს ამ პირის კონკურსზე დაშვების საკითხს.
3. პირი, რომელიც გათავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. ეს პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.
5. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა)
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია საპენსიო ასაკს ან გავიდა ამ მუხლით განსაზღვრული მისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის (პალატის) მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.
6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.
მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი
ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე თავისი თანხმობით, თავისივე უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ.
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებენ ფიცს.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრი ფიცს დებენ საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
3. მოსამართლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 39. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა
1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 2 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. მოსამართლე შეიძლება დაწინაურდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამართლის განვითარებაში, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, აგრეთვე თუ მან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გამოავლინა მაღალკვალიფიციური სამოსამართლო უნარ-ჩვევები.
3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით.
2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამ საკითხის განხილვისას უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას უძღვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – უხუცესი მოადგილე.
3. უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;
ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ი) გარდაცვალება;
კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება;
ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა);
მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;
ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს არ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას.
1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს წინასწარი წერილობითი თანხმობითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების განუხორციელებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
3. მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის განმავლობაში იღებს თანამდებობრივ სარგოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულად ითვლება უფლებამოსილების დაკისრების ვადით.
1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მის ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლის მიმართ ჩერდება ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა.
5. გამართლების შემთხვევაში მოსამართლეს მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება.
მუხლი 46. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი VII. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
1. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამწესებული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.
4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე.
5. საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პარლამენტის 3 წევრი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან 1 წევრი არჩეული უნდა იქნეს იმ ფრაქციიდან (ფრაქციებიდან), რომელიც (რომლებიც) არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, ან საქართველოს პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.
6. საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.
7. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა იმ პირებისა, რომლებიც თანამდებობრივად შედიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.
8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც თანამდებობრივად შედიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა, უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 7 დღისა. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ – პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.
10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს და საქართველოს პარლამენტის წევრს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები. ეს დანამატები გაიცემა საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.
15. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის, სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის ან პალატის) თავმჯდომარის უფლებამოსილების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც თანამდებობრივად შედიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;
გ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;
ზ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
კ) გარდაცვალება.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მის მიერ დანიშნული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მოსამართლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება).
მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა);
ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;
გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;
დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას;
დ1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით;
ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
ე1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;
ე2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს;
ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;
ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სადისციპლინო საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება იმ წევრთა ნახევარზე მეტი, რომლებიც არ არიან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, მათ შორის, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული თითო წევრი მაინც.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.
მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თუ იგი არ არის საერთო სასამართლოს მოსამართლე, ვერ შეითავსებს სხვა თანამდებობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად საერთო სასამართლოს მოსამართლის არჩევის შემთხვევაში მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის დადგენილი სათანადო ანაზღაურების გარეშე.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებსა და აპარატის სხვა მოსამსახურეებს;
გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 52. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას.
2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.
მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.
2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) სისხლის სამართალი;
გ) სისხლის სამართლის პროცესი;
დ) სამოქალაქო სამართალი;
ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;
ვ) ადმინისტრაციული სამართალი;
ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
თავი VIII. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
მუხლი 54. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).
2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.
5. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
7. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.
8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.
10. საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო, მათ შორის, სადეპოზიტო, ანგარიშები. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 55. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;
გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;
დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;
ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
თავი IX. სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი
1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.
2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები. სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.286
1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
დ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
4. პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.
6. სასამართლოს აპარატის მოხელეს, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 58. მოსამართლის თანაშემწე და სასამართლო სხდომის მდივანი
1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
2. სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური
1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.
5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
მუხლი 60. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 59-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) სასამართლოს მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 61. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი
1. სასამართლოს მანდატური:
ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;
ბ) ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას;
გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;
დ) იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს;
ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;
ვ) აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.
1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.
4. სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს:
ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ეს სასამართლოს თავმჯდომარეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს);
დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. მათ მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.
თავი XI. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
მუხლი 63. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;
ბ) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები;
გ) მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე, აქტები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, თუ ის არ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:
ა) ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას;
ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს სხვა წევრებს;
გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს;
დ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;
ე) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;
ვ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ზ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს.
მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი
1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.
მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება
1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.
3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან ომის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.
5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.
6. მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.
7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.286
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი № 4461 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება
1. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.
2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
3. მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
მუხლი 70. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით.
3. მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 72. მოსამართლის დაზღვევა
1. მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების დაზღვევა ხორციელდება უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტიდან, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისა – საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან.
2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება უზენაეს სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით.
თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები
მუხლი 73. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი
უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.
მუხლი 74. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი
1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.
სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.
თავი XIV. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76. მოსამართლის სოციალური დაცვა
ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 77. მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის:
ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე;
ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში;
გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა
საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოს მოსამართლ ისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი № 4461 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 79 1 . სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოსაღებად გასატარებელი ღონისძიებები
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურაში სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის გათვალისწინება.
2. სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოღებამდე სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I, № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286
1. ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
3. სასამართლო სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება .
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 793 . საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
2. საქართველოს მთავრობამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის;
ბ ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ათვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს:
ა) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;
ბ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75);
ბ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ 1999 წლის 12 მაისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62);
გ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 37);
დ) „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№ 2257–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ. 286
2. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334
3. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, № 73, 23.12.2010წ., მუხ. 439
4. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.
5. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №4952 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
6. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები