დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4218-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 110050000.04.001.018102 |
|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი ამ აქტის მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“. 2. 343 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ განკარგულებას მიიღებს. ამასთანავე, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა, მიიჩნევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები გაუქმებულია, და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნულ კანდიდატებს ამ კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ხელახლა შეაფასებენ. ამ შეფასებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენაც დაადგინა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსიის შესავსებად გამართულ, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. კანდიდატის ხელახალი შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. 13. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტით/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ წარდგინებას მიიღებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ წარდგინების მისაღებად გამართულ არცერთ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭოს ამ წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.“. 3. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ განწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, ამ კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა მან აღნიშნულ კანდიდატს მიმდინარე კონკურსის ფარგლებში დარჩენილ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელახლა უყაროს კენჭი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახალი კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხელახალი კენჭისყრა იმართება საერთო წესით. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაწესებლად საჭირო, ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ყველა სათანადო მოთხოვნას (მათ შორის, მოქალაქეობის, ქმედუნარიანობის, ასაკის, განათლების, სპეციალობით მუშაობის გამოცდილების, საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობის შესახებ მოთხოვნებს), რომელზე დასანიშნადაც მას ხელახლა ეყრება კენჭი.“. 4. 371 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით, ან/და გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ეს სხვა ობიექტური გარემოების არსებობის გამო აუცილებელია მართლმსაჯულების ჯეროვნად განსახორციელებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. თუ აღნიშნული წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. ამასთანავე, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისი ინიციატივით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მოსამართლე ვერ შეირჩა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) არაუმეტეს 2 წლის ვადით მივლინების შესახებ. მივლინების ვადა მოსამართლის თანხმობის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინება ან მივლინების ვადის გაგრძელება აუცილებელი გახადა.“. 5. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. რომელიმე 6-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტის მიერ რომელიმე 6-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.“. 6. 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. სხვა სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“. 7. 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა;“. 8. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისთვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4218-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები