„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1489-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 110050000.04.001.016094
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1489-Iს
01/11/2013
ვებგვერდი, 13/11/2013
110050000.04.001.016094
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

   2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

   ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;“.

   3. 23-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

  6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.“.

   4. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი  თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.“.

   5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.“.

   6. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.“.

   7. 36-ე მუხლის:

   ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“;

   ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–43 პუნქტები:

  „41. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ გამწესდა, მას სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით.

  42. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს იმ წევრს, რომელმაც 1 თვის ვადაში უნდა შეაფასოს მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს. ყოველი მონიტორინგის ანგარიში გადაეცემა იმ მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც შეფასდა მოცემული მონიტორინგით, და დალუქული სახით დაერთვება მის პირად საქმეს. ზემოაღნიშნული ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

  43. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, იგი ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად აცხადებს კონკურსს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.“;

   გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია საპენსიო ასაკს ან გავიდა ამ მუხლის პირველი ან 41 პუნქტით განსაზღვრული მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის (პალატის) მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.“.

   8. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

  ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“.

   9. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.“.

   10. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.

   11. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 44. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

  1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

  3. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულ მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

  4. მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე.“.

   12. 47-ე მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.“;

   ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

   6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“;

   გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით:

  ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 1 წევრი მაინც, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;

  ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურშიც ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“;

   დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

  „111. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.“;

   ე) მე-12−მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

  13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

   14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“.

   13. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დ1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;“.

   14. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს  პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.“.

   15. 74-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

 

    მუხლი 2

  1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ამ კანონით დადგენილი წესით დანიშვნა.   

  2. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელების პროცედურებისა და კრიტერიუმების დადგენა.

   3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2014 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს 201 4 წლის  30 აპრილის ორგანული კანონი №2306 – ვებგვერდი, 30.04.2014წ. 

 

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ნოემბერი 2013 წ.

N1489-Iს