დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3/1/659 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 15/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016156 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
გადაწყვეტილება №3/1/659
2017 წლის 15 თებერვალი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენლები − უტა ჯორბენაძე და ჯემალ კიკნაძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი − ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №659) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 23 ივლისს. №659 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 23 დეკემბერს. 2015 წლის 23 დეკემბრის №2/10/659 საოქმო ჩანაწერით №659 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობა, №659 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის №2-3/4/659 განჩინებით, კონსტიტუციური სარჩელი №659 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2016 წლის 14 დეკემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის თანახმად, „სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 4 4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაანწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა იწურება 2019 წელს. მისი აღნიშვნით, საკუთარი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მას ექნება 20-წლიანი გამოცდილება მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისა, თუმცა რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ განწესების სურვილის შემთხვევაში, ის სადავო ნორმის საფუძველზე, დაინიშნება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. ანალოგიური წესი გავრცელდება მასზე იმ შემთხვევაშიც, თუკი უფლებამოსილების ამოწურვამდე მოისურვებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
7. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესება უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს, ხოლო 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით განწესება − გამონაკლისს. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო ნორმის მიხედვით, ნებისმიერი მოსამართლე, თანამდებობაზე უვადოდ განწესებამდე, ინიშნება გამოსაცდელი ვადით, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით არის დაცული. მოსარჩელის აზრით, იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ მინიმუმ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილება, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებისთვის არ უნდა იყოს დადგენილი გამოსაცდელი ვადა. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება გადაწყვეტა, კონკრეტულად, რომელი მოსამართლე უნდა დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით და ამგვარ წესს არ უნდა ჰქონდეს ბლანკეტური ხასიათი.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ამ კონსტიტუციური დებულებით დაცულია აგრეთვე არსებითად არათანასწორ პირთა შორის თანასწორი მოპყრობა. მისი აზრით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ხდება კონკრეტული პირის გამოცდილებისა და მისი წარსულში მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით განწესებას ექვემდებარება როგორც ახლად გამწესებული, ისე, პირობითად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც, რაც მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, მიმოიხილავს მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ იურისტთა მოსაზრებებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოთა პრაქტიკას, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებსა და მათ სამართლებრივ დოკუმენტებს.
10. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილ არგუმენტაციას და აღნიშნა, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციურია.
11. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, სადავო ნორმით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში, რადგან აღნიშნული სუბიექტების მიმართ დადგენილია ზოგადი და ერთიანი წესი, მოსამართლის 3 წლის ვადით თანამდებობაზე განწესების სახით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტით, ყველა სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეებისთვის თანამდებობაზე განწესება ხდება ერთნაირ სასტარტო პირობებში. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით თანამდებობაზე განწესებამდე აღნიშნული პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ წარმოადგენენ თანაბარ სუბიექტებს. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ მეტ-ნაკლებად ყველა კანდიდატს შესაძლოა გააჩნდეს ძლიერი მხარეები, რაც, მაგალითად, გამოიხატება წერის უნარებში, აკადემიურ მიღწევებსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში, ყველა კანდიდატი კონკურსის მიზნებისათვის მიიჩნევა თანაბარ სუბიექტად. მოპასუხე მხარის პოზიციით, არამართებული იქნებოდა კანდიდატთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება კომპეტენტურობის სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა არ ხდება და, შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
13. ამის გარდა, მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი კანონმდებელს უტოვებს დისკრეციას, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე გათვალისწინებულ იქნეს მისი თანამდებობაზე განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. ამდენად, სადავო ნორმა შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციური შეზღუდვა გამართლებულია იმ თანამდებობის პირებთან მიმართებით, რომლებიც მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციებს ასრულებენ და რომელთა სტატუსი საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამასთან, საჯარო ხელისუფლების ეფექტიანობიდან გამომდინარე, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირთა უფლებამოსილების დაწყების ვადა და პირობები.
15. მოპასუხე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის ნებაა, დააწესოს მაღალი სტანდარტები მოსამართლის უვადოდ თანამდებობაზე განწესებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სადავო ნორმა არ არღვევს არც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კონსტიტუციურია თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-14 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გასაჩივრებულ ნორმას ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებთან შეაფასებს ცალ-ცალკე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის მიხედვით, „სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 4 4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაანწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ“.
4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არ არსებობს სადავო ნორმით გათვალისწინებული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გავრცელების საჭიროება იმ პირებზე, რომელთაც განწესების მომენტში აქვთ სამოსამართლო საქმიანობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, ვინაიდან ამ უკანასკნელთა შეფასება შესაძლებელია წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და, ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სამართალწარმოების პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლო ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მნიშვნელობაზე. „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი პრაქტიკულად ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
7. სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს მოქალაქეთა ეფექტური მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში, წარმოადგენს დემოკრატიის პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას. ამასვე ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში… დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-9).
9. სახალხო სუვერენიტეტის გამოვლინების თვალსაჩინო მაგალითს მოქალაქის მიერ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობების დაკავებისა და საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს. ასეთი შესაძლებლობის ფარგლებში „სახელმწიფო თანამდებობის პირები ახორციელებენ და ხელს უწყობენ საჯარო ხასიათის საქმიანობას. ისინი საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს ან/და ზედამხედველობას უწევენ მათ აღსრულებას და, ამგვარად, ემსახურებიან საჯარო ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 6).
10. ამდენად, კონსტიტუციური დემოკრატიისთვის და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს მოქალაქეთა თანაბარი და რეალური წვდომა სახელმწიფო თანამდებობების დაკავებაზე, იმისათვის რომ სახალხო სუვერენიტეტის იდეას პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს.
11. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს მოქალაქეების შესაძლებლობას, დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობები, ვლინდება სახელმწიფოს, როგორც განსაკუთრებული ტიპის დამსაქმებლის ფუნქციაში. „სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა უპირველესად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
12. ზემოაღნიშნული იდეების პრაქტიკული რეალიზაციისა და ეფექტურად დაცვის გარანტიას სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე მსჯელობისას არაერთხელ განმარტა, რომ ის „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). „…კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,,„სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
15. მოსამართლე სახელმწიფო ორგანოში − სასამართლოში ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას − მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამრიგად, აშკარაა, რომ მოსამართლის თანამდებობა კონსტიტუციის მიზნებისთვის განხილული უნდა იქნეს იმ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს.
16. სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირის − სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის 3 წლის ვადით თანამდებობაზე განწესებას. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაანწესოს თუ არა კონკრეტული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს, რამდენადაც განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
18. „სახელმწიფო თანამდებობის სტატუსს განაპირობებს შესაბამისი საქმიანობის ბუნება, მისი არსი. კერძოდ, მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოცემული თანამდებობა განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას, წარმოადგენს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ არ გააჩნია პირდაპირ განსაზღვრული კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო თანამდებობების სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე განსახორციელებელი ფუნქციების ხასიათი. ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური გარანტიები. მაგალითისთვის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრის (მინისტრის) სხვადასხვაგვარი ფუნქციისა და კონსტიტუციურსამართლებრივი როლის შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები უნდა იქნენ განხილული როგორც განსხვავებული დაცვის გარანტიებით აღჭურვილი სახელმწიფო თანამდებობის პირები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
19. გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადა უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა“.
20. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული დავის ფარგლებში, გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს არ წყვეტს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავს მიღმა არსებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, თუმცა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას იგი კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს.
21. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მართალია, არ ადგენს პირის ძირითად უფლებას, თუმცა ის წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირის – მოსამართლისა და ზოგადად სასამართლოს ინსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის ნებაა, რომ სახელმწიფოში მოსამართლეები განწესდნენ უვადოდ, რაც, თავისთავად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და სიმტკიცის უზრუნველყოფას ემსახურება. მოსამართლის უვადოდ განწესების კონსტიტუციურ დონეზე გადაწყვეტა პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლში გარანტირებულ მოქალაქის უფლებასთან, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმა განსაზღვრავს მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესს, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და 86-ე მუხლის სისტემური განმარტება მიუთითებს მოქალაქის ზემოაღნიშნული უფლების განსაკუთრებულ ელემენტზე, მის მიერ მოსამართლის, როგორც სახელმწიფო თანამდებობის უვადოდ დაკავების შესაძლებლობაზე.
22. 2010 წლამდე საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ხდებოდა არანაკლებ 10 წლის ვადით. 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710-სსმ I კონსტიტუციური კანონით აღნიშნული ჩანაწერი ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის სახით, რომლის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესდება, რაც პირდაპირ მიუთითებს კონსტიტუციის არაორაზროვან ნებაზე, მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებოდნენ უვადოდ.
23. ამასთან, მხედველობაშია მისაღები საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება, რომლის მიხედვითაც, „მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა“. მოცემული კონსტიტუციური დანაწესი წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საერთო წესიდან გამონაკლისს. კონსტიტუცია კანონმდებელს ანიჭებს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში დაუშვას საერთო წესიდან გამონაკლისი და მოსამართლე განსაზღვრული ვადით განაწესოს თანამდებობაზე, თუმცა ეს ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში არსებულ რიგ უფლებებს სახელდებით თან ახლავს მათი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე და 28-ე მუხლები). სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის ანალოგიურ კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძვლად უნდა იქნეს განხილული მოსამართლის თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით განწესების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი.
24. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, კონსტიტუცია უშვებს ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და ამ უფლებამოსილებას კანონმდებელს ანიჭებს.
25. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიერ პირის ძირითად უფლებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მოწესრიგების კანონმდებლისთვის მინდობა არ გულისხმობს მისთვის უპირობო თავისუფლების მინიჭებას. კანონმდებლის უფლებამოსილების ფარგლების ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის უზენაესობის, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. კონსტიტუციის ძირითადი იდეა ადამიანის უფლებების დაცვაა და, შესაბამისად, შეუძლებელია იგი ხელისუფლებას ანიჭებდეს უპირობო ან/და აბსოლუტურ თავისუფლებას იმ ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, რომლებიც ეხება კონსტიტუციით განმტკიცებულ უმთავრეს ღირებულებებს – ადამიანის ძირითად უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მიერ კანონმდებლისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას თან სდევს სახელმწიფოს ვალდებულება, არ მოხდეს ამა თუ იმ უფლების არაგონივრული, არაპროპორციული შეზღუდვა.
26. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს „კანონმდებლობით“ დადგენილ მოთხოვნებზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი უთითებს „კანონით“ მოსამართლის განსაზღვრული ვადით განწესების შესაძლებლობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 3-წლიანი ვადით განწესება a priori შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების პირობებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური ისე მატერიალური შინაარსით.
28. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილია, რომ მოსამართლის უვადოდ განწესებამდე ეს უკანასკნელი ინიშნება 3 წლის ვადით, რის შემდეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გაანწესოს თუ არა ესა თუ ის მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არსებობს ჩარევა მოქალაქის მიერ მოსამართლის, როგორც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაში.
29. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის 3-წლიანი ვადით განწესების შესაძლებლობას, გამოყენებულია სიტყვა „შეიძლება“, რაც, თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. როგორც აღინიშნა, კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ძირითად წესად განსაზღვრავს თანამდებობაზე მის უვადოდ განწესებას. კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები.
30. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს მოსამართლის განსაზღვრული ვადით განწესების შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება.
31. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
32. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, დაცული იყო თუ არა თანაზომიერების პრინციპი სადავო ნორმით სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვისას. ამასთანავე, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ისეთი კონსტიტუციური მნიშვნელობის მქონე თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას, როგორიც არის მოსამართლე.
33. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ზოგადად მოსამართლის 3-წლიანი ვადით განწესების საკითხის კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროების წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით და მოცემული დავის პირობებში შეაფასებს, რამდენად კონსტიტუციურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის საფუძველზე მოსამართლის განწესება 3-წლიანი ვადით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს მოსამართლედ საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. მოსარჩელე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს სადავო ნორმით 3-წლიანი ვადით მოსამართლედ განწესების შესაძლებლობას სწორედ ამ კატეგორიის პირების მიმართ.
34. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
35. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყველა მოსამართლის 3-წლიანი ვადით განწესების საჭიროება სწორედ იმან განაპირობა, რომ კანონმდებლის საბოლოო მიზანს მოსამართლეთა უვადოდ განწესება წარმოადგენს. მოპასუხის მტკიცებით, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება იმდენად მაღალ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რომ კანონმდებელმა საჭიროდ მიიჩნია, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე მოხდეს ამ უკანასკნელთა მიერ თანამდებობის 3 წლით დაკავება. აღნიშნული მიდგომის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის უვადოდ თანამდებობაზე განწესება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას.
36. სადავო ნორმით დადგენილი მოსამართლედ ყოფნის 3-წლიანი ვადის პერიოდში, ხდება მოსამართლის საქმიანობის შეფასება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ყველაზე კვალიფიციური მოსამართლეების უვადოდ თანამდებობაზე განწესებას. მოსამართლის საპატიო თანამდებობაზე კომპეტენტური პირების განწესება, თავის მხრივ, დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფას ემსახურება, რაც ნამდვილად წარმოადგენს ისეთი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა.
37. სადავო ნორმით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადით მოსამართლის განწესების დამდგენი წესის თანაზომიერების შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმები და პროცედურა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 44 პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს, რომლებმაც 1 თვის ვადაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
38. ამავე კანონის 362 მუხლის თანახმად, მოსამართლის საქმიანობა ფასდება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. ამასთანავე, 363 მუხლი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კონკრეტულად რომელი მახასიათებლების შეფასება ხდება შემფასებლების მიერ. კერძოდ, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, პიროვნული და პროფესიული ქცევა, პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია და ფინანსური ვალდებულება. ხოლო კომპეტენტურობის მახასიათებლებია: სამართლის ნორმების ცოდნა, სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია, წერის უნარი, ზეპირი კომუნიკაციის უნარი, პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში, აკადემიური მიღწევები პროფესიული წვრთნა და პროფესიული აქტივობა.
39. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 364 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს მოსამართლის საქმიანობის ზემოაღნიშნული კრიტერიუმებით შეფასების პროცედურას. კერძოდ, შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები. შემფასებელი უფლებამოსილია, შეფასებისათვის განკუთვნილ 1-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით დადგენილი კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე წარმართული სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს, და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად.
40. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის“ 364 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას აგრეთვე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა.
41. განსახილველი დავის ფარგლებში არ ფასდება მოსამართლედ პირის უვადოდ განწესების კრიტერიუმებისა და პროცედურების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამ პროცესში ობიექტურად არსებობდეს მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენაც უშუალოდ სამოსამართლო საქმიანობაზე დაკვირვებასა და მის შესწავლას საჭიროებდეს. ამდენად, მოსამართლის განსაზღვრული ვადით განწესება უკავშირდება პირის იმ მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების გამოკვლევას, რომელთა შესწავლაც რთული იქნება მოსამართლის პრაქტიკული საქმიანობის გაანალიზების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად უნდა იქნეს მიჩნეული.
42. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, გამოსადეგობასთან ერთად, შერჩეული ღონისძიება აუცილებლობის მოთხოვნასაც უნდა აკმაყოფილებდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება მოქმედებს გამონაკლისების გარეშე და ვრცელდება მოსამართლეობის ყველა კანდიდატზე. მოსარჩელის არგუმენტაციით ნორმის არაკონსტიტუციურობას სწორედ მისი ყველა კანდიდატზე გავრცელება იწვევს. კერძოდ, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს განსაზღვრული ვადით ისეთი პირების განწესებას, რომლებსაც უკვე აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება.
43. ისეთ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ მოსამართლეობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, სამოსამართლო საქმიანობა, როგორც შესასწავლი მოცემულობა უკვე არსებობს და შესაძლებელია მისი გაანალიზება და კანდიდატის იმ ნიშან-თვისებების განსაზღვრა, რომელთა დასადგენადაც პრაქტიკული სამოსამართლო საქმიანობის შესწავლაა საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, მოსამართლეობის კანდიდატის უვადოდ თანამდებობაზე განწესებამდე არსებობდეს მისი განსაზღვრული ვადით განწესების აუცილებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს უკვე აქვს 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლის წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს, მაგალითად, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული ან არსებობს მისი წარსული სამოსამართლო საქმიანობის სათანადოდ შესწავლის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება. შესაძლოა, ასეთი პირების საქმიანობის შეფასება ობიექტურად ვერ განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა პირის შესაბამისობის დადგენას მოსამართლის თანამდებობისთვის აუცილებელ სტანდარტებთან. ასეთ შემთხვევებში იზრდება იმის ალბათობა, რომ მოსამართლედ გამწესდეს ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატი, რითაც, ცხადია, საფრთხე შეექმნება თავად კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესსაც. კანონმდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს საკითხის იმგვარი მოწესრიგება, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს პირის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირის შერჩევა.
44. ამასთან, ზემოთ დასახელებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე ყველა კანდიდატთან დაკავშირებით. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება და მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მოსამართლის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების სათანადოდ შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის ბლანკეტურად გავრცელებას ყველა მოსამართლეზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მოქმედ მოსამართლეს, რომელსაც აქვს არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და მისი საქმიანობის შესწავლა არ არის სირთულეებთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, რა მიზნის მიღწევას ემსახურება პირის მოსამართლედ განწესება განსაზღვრული ვადით. განსახილველი საქმის ფარგლებში მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არ შეიძლება შეფასდეს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე არსებული მისი ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან. ამდენად, ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერად უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, როდესაც პირის წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მოსამართლის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას, მოსამართლის თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მოტივით, მისი ამ თანამდებობაზე 3-წლიანი ვადით განწესება არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
46. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს თანაბარ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფებს შორის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, 3-წლიანი ვადით თანამდებობაზე გამწესდებიან როგორც ის პირები, რომელთაც არ აქვთ სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება, აგრეთვე ის პირები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება გააჩნიათ. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
47. მოპასუხე მხარე არ მიიჩნევს მართებულად მოსამართლეთა დაყოფას სამოსამართლო გამოცდილების საფუძველზე, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, მოსამართლეს, სამოსამართლო გამოცდილების გარდა, შეიძლება გააჩნდეს სხვა სახის გამოცდილება, მათ შორის, სამეცნიერო, მაგრამ იმისთვის, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ყველა საამისოდ უნარიანი მოქალაქისთვის თანაბარი ყოფილიყო, კანონმდებელმა ამ უკანასკნელებს თანაბარი სასტარტო პირობები მისცა, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სრულ შესაბამისობაშია.
48. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).
49. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, „არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 2).
50. მოცემულ შემთხვევაში, იმის გარკვევისათვის, სადავო ნორმა იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისზეც უშუალოდ ვრცელდება სადავო ნორმის რეგულირება. საქართველოს კონსტიტუციის „მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, „საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს; და ბ) ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II -72).
51. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა, კერძოდ, განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე განწესება შეეხება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყველა მოსამართლეს, რომელთაც სურთ, დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა უვადოდ. სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის პერიოდში ხდება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, რაც საფუძვლად ედება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, გაანწესოს თუ არა კონკრეტული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა ერთ ნაწილს შესაძლოა გააჩნდეს ის სამოსამართლო გამოცდილება, რომელიც იმავე წარმატებით შეიძლება შეფასდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, როგორითაც ეს მოხდებოდა მოსამართლის 3-წლიანი ვადით განწესებისას განხორციელებული საქმიანობის შეფასების ფარგლებში. ხოლო, მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მსურველთა მეორე ჯგუფს კი სამოსამართლო გამოცდილება არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს მათი ასეთი საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეფასების შესაძლებლობა.
52. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არეგულირებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ამ მახასიათებლების დადგენის ობიექტურ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მათი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირთა ეს ორი ჯგუფი მოცემული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნენ არსებითად უთანასწოროებად.
53. სადავო ნორმა ადგენს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ყველა მოსამართლისთვის (ვისაც მომავალში სურს უვადოდ მოსამართლის თანამდებობის დაკავება) განსაზღვრული ვადით განწესების, შესაბამისად, სამოსამართლო საქმიანობის შეფასების თანაბარ ვალდებულებას. ვინაიდან გასაჩივრებული ნორმა ეხება პირთა იმ ნაწილსაც, რომელთაც გააჩნიათ არანაკლებ 3-წლიანი სამოსამართლო გამოცდილება, რომლის ობიექტურად შეფასება და შესაბამისი დასკვნის გაკეთება შესაძლებელია, ნეიტრალური შინაარსის ნორმა, მათ ერთნაირი ვალდებულების დადგენით, ფაქტობრივად, განსხვავებულ, არათანაბარ ტვირთს აკისრებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი პირების მიმართ გასაჩივრებული ნორმით დამატებითი ტვირთის დაკისრება არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობად უნდა ჩაითვალოს.
54. აქვე აღსანიშნავია, რომ დიფერენცირებული მოპყრობა a priori დისკრიმინაციას არ ნიშნავს. „... დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
55. დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციაციის ნიშანს. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ „სამოსამართლო საქმიანობა“. კერძოდ, სადავო ნორმა დიფერენცირებულ რეჟიმში აყენებს შესაფასებლად საკმარისი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე და ისეთ პირებს, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ასეთი ნიშანი პირდაპირ მითითებული არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ის მაინც უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ნიშნად. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს ... ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. ... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
56. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის „მე-14 მუხლის ჩამონათვალში მითითებული ნიშნები მომდინარეობს ადამიანის იდენტობის გამომხატველი ფაქტორებიდან, ემყარება მათი ღირსების პატივისცემას და გააჩნია თავისი ისტორიული წანამძღვრები. ხსენებული ნიშნების საფუძველზე, დიფერენცირება წარმოადგენს დისკრიმინაციის მომეტებული რისკის მატარებელ შემთხვევებს და კანონმდებლისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. აღნიშნული განპირობებულია ადამიანთა სოციალურ სტატუსში რაიმე ფორმის იერარქიულობის დაუშვებლობით. ჩამონათვალის არსებობა ამ ნიშნებთან დაკავშირებულ ადამიანთა დიფერენცირების შემთხვევების უპირატეს შეზღუდვაზე მიუთითებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანთა არაგონივრული დიფერენცირების სხვა შემთხვევების არსებობას და მათი კონსტიტუციით აკრძალვის საჭიროებას. კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ხარისხი განსხვავებულია და მისი მასშტაბის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1).
57. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „...თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. ... კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია. ... თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II -76).
58. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია ... უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის „ბუნებრივი”, „გონივრული” და „აუცილებელი” ამ სფეროში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5 ).
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
60. „მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
61. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენციაციის ნიშანი არ წარმოადგენს მე-14 მუხლის სახელდებით აკრძალულ ნიშანს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა წარმოადგენს დამატებით ტვირთს, რომელიც ეკისრება მოსამართლეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს, თუმცა ეს რეგულაცია არსებითად არ აშორებს მოსამართლეთა ამ ჯგუფს მეორე ჯგუფისგან მოსამართლის თანამდებობის დაკავებისგან თანაბარი შესაძლებლობების უგულებელყოფით, რადგან სადავო ნორმის მიხედვით, მათ 3-წლიანი განსაზღვრული ვადის პირობებში უფლება აქვთ, დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნევს, რომ დიფერენციაციის ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ მკვეთრად აშორებს პირებს კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაბარი შესაძლებლობებისგან. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით არსებული დიფერენცირება უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.
62. „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებისას მოწმდება ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ)რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
63. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით უკვე დაადგინა, რომ მასში მოცემული წესი არ წარმოადგენს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დაწესება ზედმეტ ბარიერად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მისი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას, საჭიროებას არ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მოტივით, მისი ამ თანამდებობაზე 3-წლიანი ვადით განწესება.
64. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებას, რადგან თანაბრად ეპყრობა ორ არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფს, მაშინ როდესაც არ არსებობს პირთა ერთი ჯგუფის მიმართ მოსამართლის საქმიანობის დამატებითი შემოწმება/შეფასების საჭიროება. მოცემულ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომლითაც დაასაბუთებდა, რა რაციონალური ახსნა აქვს 3-წლიანი ვადით თანამდებობაზე განწესების სახით დამატებითი ტვირთის დაწესებას ისეთი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ, რომელთა ამ ფორმით შეფასების ობიექტური საჭიროება არ არსებობს. ამგვარად, არ არის წარმოდგენილი სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის რაიმე რაციონალური საჭიროების დასაბუთება.
65. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
66. როგორც აღინიშნა, შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, თუ მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან ხანგრძლივი ვადაა გასული, ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მისი წარსული საქმიანობის შეფასება შეუძლებელი ან რთულად განსახორციელებელი იყოს. ამასთანავე, მოსამართლეობის კანდიდატის წარსული საქმიანობის შეფასების განხორციელება საჭიროებს სათანადო წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და შეიმუშავოს ისეთი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცული იყოს პირის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს საჯარო ინტერესის დაზიანება, კერძოდ, გამოირიცხოს იმის რისკი, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდნენ ამისათვის შეუსაბამო კანდიდატები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით დაადგინა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2017 წლის პირველი ივლისიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 44-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №659 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4 1 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2017 წლის პირველი ივლისიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
დოკუმენტის კომენტარები