საზღვაო კოდექსი

საზღვაო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
715
15/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997
400.010.020.05.001.000.212
საზღვაო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 11/05/2000)

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსი

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდეგში – „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის.

    მუხლი 2

კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებსა და სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე, თუ არ არსებობს საქართველოს სხვა სპეციალური კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება.

     მუხლი 3

სამხედრო-საზღვაო დროშით მცურავ გემებზე კოდექსის წესები არ ვრცელდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც არ უნდა ითვალისწინებდეს ამ გემებისა და ტვირთის დაკავების, დაპატიმრების ან ამოღების შესაძლებლობას. კოდექსის წესები სამხედრო-საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებით გამოიყენება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

     მუხლი 4

საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით განხორციელებულ პირდაპირ-შერეულ და პირდაპირ-საწყლოსნო მიმოსვლით გადაზიდვასთან დაკავშირებით, კოდექსის წესები გამოიყენება პირდაპირ მასში მითითებულ შემთხვევებში, ასევე იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

    მუხლი 5

საქართველოს ნავსადგურებს შორის გადაზიდვა და ბუქსირზიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემით. უცხო ქვეყნის გემს საქართველოს ნავსადგურებს შორის სამუშაოს შესრულება შეუძლია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

    მუხლი 6

საქართველოსა და საზღვარგარეთის ნავსადგურებს შორის გადაზიდვისა და ბუქსირზიდვის სამუშაოებს ახორციელებენ ნებისმიერი ქვეყნის კუთვნილი გემები.

    მუხლი 7

კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საზღვაო ნაოსნობა“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაშია გემები.

    მუხლი 8

საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია არის საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საზღვაო დარგში მმართველი ორგანოა და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა მონაწილეა საქართველო, ასევე საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის დებულებით.

    მუხლი 9

საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნაოსნობის წესებს, ინსტრუქციებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს ყველა შესაბამისი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, აგრეთვე შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ცხოვრებაში ატარებს საზღვაო მომსახურების სატარიფო პოლიტიკას.

    მუხლი 10

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოების ასოციაციის წევრის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ.

    მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასთან, ხოლო ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მოთხოვნით ვალდებული არიან მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლიან ნაოსნობას და/ან სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.

    მუხლი 12

კოდექსის მიხედვით „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ:

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

ე) სხვა მიზნებისათვის.

    მუხლი 13

კოდექსის მიხედვით „თევზსაჭერი გემი“ არის ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. გემის განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი. სხვა გემის მიერ მისი დაზიანება განიხილება, როგორც საზღვაო ინციდენტი.

    მუხლი 14

1. გემთმფლობელად იწოდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განაგებს გემს, განურჩევლად იმისა, გემის მესაკუთრეა, თუ სარგებლობს ამ გემით სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე.

2. გემის მესაკუთრეა სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მარეგისტრირებელი სახელმწიფოს გემების რეესტრში შეტანილია როგორც გემის მესაკუთრე, თუ არ არსებობს პირდაპირი მითითება სხვა რამეზე.

3. ყოველ სანაოსნო კომპანიას ჰყავს მმართველი, რომელიც პასუხისმგებელია ზღვაოსნობის უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე.

    მუხლი 15

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) II თავში – „გემი“ (ამ კოდექსის 42-ე მუხლში აღნიშნულის გარდა) იგულისხმება საქართველოში რეგისტრირებული გემები თევზსაჭერი გემების ჩათვლით;

ბ) IV თავში – „საზღვაო ნავსადგური“ იგულისხმება საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური, სამხედროს გარდა;

გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით;

დ) VI თავში – „საზღვაო სალოცმანო სამსახური“ იგულისხმება სანაოსნო ურთიერთობა, რომელსაც ადგილი აქვს საქართვ ელოს სახელმწიფო საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, ნავსადგურების შიგა წყლების ფარგლებში, ასევე ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;

ე) VII თავში – „ზღვაში ჩაძირული ქონება“ - იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობა;

ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ - იგულისხმება გემთმფლობელი, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სა ხელმწიფო ალმით მცურავი გემი.

უცხო ქვეყნის ალმით მცურავი ბირთვული გემების გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსისაზე დაბალია, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის მოთხოვნები;

ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში;

თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს;

ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს;

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 16

1. საქართველოს საზღვრებს გარეთ მცურავი გემების საკუთრების ან სხვა ქონებრივი უფლებების, აგრეთვე ამ უფლებათა წარმოქმნის, შეცვლისა თუ შეწყვეტის საკითხი განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფო კანონმდებლობით.

2. უფლება მშენებარე გემზე განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ეს გემი შენდება, თუ გემის მშენებლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 17

1. გემის ეკიპაჟის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, გემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკიპაჟის წევრთა ურთიერთობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონით.

2. გემის ეკიპაჟის წევრთა და გემთმფლობელთა ურთიერთობა განისაზღვრება გემის დროშის სახელმწიფოს კანონით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს.

    მუხლი 18

1. უფლება ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი, მისი ნამსხვრევები, აღჭურვილობა, ტვირთი და ა.შ.), აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობა განისაზღვრება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიულ ან შიგა წყლებშიც მდებარეობს ჩაძირული ქონება.

2. ღია ზღვაში ჩაძირული გემის, მასზე არსებული ტვირთისა და სხვა ნივთების მიმართ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი.

    მუხლი 19

1. საერთო ავარიასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ნავსადგურშიც შევიდა გემი საერთო ავარიის გამომწვევი შემთხვევის შემდეგ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ მხარეები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო საერთო ავარია, არიან საქართველოს რეზიდენტები, მაშინ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთო ავარიის მატერიალური პასუხისმგებლობა ნაწილდება ამ კოდექსის 273 - 289-ე მუხლებით.

    მუხლი 20

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა შეჯახება.

2. თუ შეჯახება მოხდა ღია ზღვაში და შეჯახებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოში, გამოიყენება კოდექსის XVII თავში მოცემული წესები.

3. თუ შეჯახებული გემები ნაოსნობენ ერთსა და იმავე ქვეყნის დროშით და შეჯახება არ ეხება მესამე მხარის ინტერესებს, მაშინ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი განურჩევლად იმისა, თუ სად მოხდა შეჯახება.

    მუხლი 21

საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბირთვულ-ენერგეტიკული მოწყობილობით აღჭურვილი გემით (შემდეგში – „ბირთვული გემი“) ბირთვული ზიანის მიყენების შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIX თავის წესები.

    მუხლი 22

თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის მე-20 და 32-ე მუხლებით, ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც ადგილი ჰქონდა ზიანის გამომწვევ ქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელმაც შექმნა საფუძველი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ხოლო, თუ ზიანი მიყენებულია ღია ზღვაში, ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს გემის დროშის სახელმწიფოს კანონი.

    მუხლი 23

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემის ან სხვა ობიექტის გადარჩენისათვის დაჯილდოების საქმეს არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გადარჩენა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო თუ ეს მოხდა ღია ზღვაში და გადარჩენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა განიხილება საქართველოში, – გამოიყენება კოდექსის XX თავის წესები.

2. თუ გადარჩენილი და გადამრჩენი გემები ერთი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობენ, საქმე განიხილება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, გადარჩენის ადგილის განურჩევლად.

3. გემთმფლობელსა და გადამრჩენი გემის ეკიპაჟს, ასევე ამ ეკიპაჟის წევრებს შორის გადარჩენისათვის გამოყოფილი ჯილდო განაწილდება გემის დროშის სახელმწიფოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24

უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და სავაჭრო ნაოსნობის წეს-ჩვეულებათა გამოყენება კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებში შესაძლებელია, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამის შესახებ, მაგრამ არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

    მუხლი 25

ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა, რომელშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების ფიზიკური თუ იურიდიული პირები, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟს.

    მუხლი 26

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან კონვენცია, რომლის წევრიც საქართველოა, შეიცავს ამ კოდექსისაგან განსხვავებულ წესებს, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან კონვენციის წესები.

    მუხლი 27

საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი.

თავი II.

გემი

    მუხლი 28

1. გემი, რომელიც სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო ალმით, არის საქართველოს ეროვნული კუთვნილება.

2. გემის ეროვნული კუთვნილება განისაზღვრება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში სახელმწიფო რეგისტრაციით.

3. საქართველოს გემის მიმართ მოქმედებს საქართველოში დაკანონებული საკუთრების ყველა ფორმა.

4. საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება აქვს გემს, რომელიც წარმოადგენს:

ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას;

ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებას;

გ) უცხოელ გემთმფლობელთა საკუთრებას, რომელთაც საქართველოში ჰყავთ თავიანთი უფლებამოსილი წარმომადგენლები;

დ) ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფ გემს.

    მუხლი 29

1. საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება გემს ეძლევა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საზღვარგარეთ შეძენილი გემი საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას იძენს საქართველოს კონსულის მიერ ამ უფლების დამადასტურებელი დროებითი მოწმობის გაცემის შემდეგ.

3. დროებითი მოწმობა ძალაშია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში გემის რეგისტრაციამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

4. სათანადო უფლების გარეშე გემზე საქართველოს სახელმწიფო ალმის აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 30

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელსაც ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოების ასოციაციის წევრი.

2. თუ გემი არ ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, მისი რეგისტრაცია ხდება საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში.

3. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრისა და საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნის წარმოების წესებს ადგენს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

    მუხლი 31

1. გემის რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დასტურდება მოწმობით „საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ“ (გემის პატენტი), ხოლო საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში რეგისტრაცია – „გემის ბილეთით“.

2. გემის რეგისტრაციისათვის დაწესებულია გადასახადი.

    მუხლი 32

1. გემის რეგისტრაციის მომენტიდან საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გემების რეესტრში ამ გემთან დაკავშირებით ადრე გაკეთებულ ჩანაწერს.

2. საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გემების რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი დადგენილი წესის დაცვით არ იქნება მოხსნილი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ან საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნიდან.

3. უეკიპაჟოდ გემის გარკვეული ვადით დაფრახტვის შემთხვევაში (ბერბოუტ-ჩარტერი), ეს გემი შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს საქართველოში, თუ იგი დაქირავების მომენტში სხვა ქვეყნის გემების რეესტრში არ იყო რეგისტრირებული.

4. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის გემების რეესტრში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მისი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ჩანაწერის შეჩერების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა სხვა ქვეყანაში ნებადართულია გემის რეგისტრაცია რამდენიმე ქვეყნის რეესტრში, ასეთ მოთხოვნაზე შესაძლებელია უარის თქმა.

5. გემი მოიხსნება რეგისტრაციიდან, თუ:

ა) ჩამოწერეს;

ბ) ცნეს უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისა და რემონტისათვის;

გ) ჩამოერთვა საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება;

დ) დაიღუპა.

6. გემი საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას ჰკარგავს, თუ:

ა) არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს;

ბ) გავიდა ბერბოუტ-ჩარტერის ვადა, რომელიც გემს ანიჭებდა საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის უფლებას;

გ) გემის მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტა.

7. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავ გემს სხვა ქვეყნის ალმით ცურვის უფლება მიეცემა:

ა) ბერბოუტ-ჩარტერის უფლების მიღების შემდეგ;

ბ) სპეციალური ორგანოს გადაწყვეტილებით, როცა საქმე ეხება თევზსარეწ გემს (არა უმეტეს ორი წლისა).

    მუხლი 33

გემს აქვს სახელწოდება, რომელსაც ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც ეცვლება მფლობელის შეცვლასთან ერთად.

    მუხლი 34

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მისი ზედამხედველი საკლასიფიკაციო საზოგადოება დაადგენს, რომ იგი აკმაყოფილებს ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობას დაუქვემდებარებელი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს მცირეტონაჟიანი გემების სახელმწიფო ინსპექცია საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესით.

    მუხლი 35

შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებს და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

    მუხლი 36

1. გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:

ა) საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლება (გემის პატენტი);

ბ) გემის საკუთრების მოწმობა;

გ) გემის ზომათა მოწმობა (სატონაჟო სერტიფიკატი);

დ) მოწმობა უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ;

ე) მოწმობა ზღვის ნავთობით დაბინძურებისათვის სამოქალაქო და ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია (ეკიპაჟის განრიგი);

ზ) გემის ჟურნალი;

თ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემებისათვის);

ი) გემის რადიოსადგურის ჟურნალი;

კ) სანიტარიული ჟურნალი;

ლ) გემის სანიტარიული მოწმობა;

მ) იმ საერთაშორისო საზღვაო კონვენციებიდან გამომდინარე სხვა საბუთები, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო;

ნ) მეზღვაურის პირადობის მოწმობა (მეზღვაურის წიგნაკი).

2. გემის ეკიპაჟისა (ეკიპაჟის განრიგი) და გემზე მყოფ მგზავრთა სიების შედგენა, გემის, რადიოსადგურისა და სამანქანო ჟურნალის წარმოება ხდება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 3. სანიტარიული ჟურნალის წარმოება ხდება იმ ფორმითა და წესების დაცვით, რომელთაც ადგენს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში რეგისტრირებულ გემებს კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საბუთების ნაცვლად უნდა ჰქონდეთ გემის ბილეთი.

    მუხლი 37

კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი საბუთები:

ა) მგზავრთა გადაყვანის მოწმობა თუ გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი;

ბ) გემის რადიოსადგურის ლიცენზია და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

გ) მოწმობა სატვირთო მარკის (წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის) შესახებ, თუ გემი გამოიყენება კოდექსის მე-12 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

    მუხლი 38

1. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ განზომილებათა მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის ტევადობა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

2. გემი, რომელიც ნაოსნობს სანავსადგურო ან სანაპირო წყლებში, არ არის ვალდებული ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 39

1. საზღვარგარეთ სანაოსნოდ გამსვლელ გემს ამ კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა ჰქონდეს იმ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული საბუთები, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

2. თევზსაჭერ გემს უნდა ჰქონდეს თევზსაჭერი გემის უსაფრთხოების დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობა. ეს დებულება არ ეხება გემებს, რომლებიც გამოიყენება:

ა) სპორტისა და დასვენებისათვის;

ბ) თევზისა და ზღვის სხვა რესურსების გადასამუშავებლად;

გ)სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესასრულებლად და სწავლებისათვის;

დ) თევზის გადასაზიდად.

    მუხლი 40

1. საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლებას, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის ლიცენზიას გასცემს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

2. გემის ბილეთს გასცემს კაპიტანი იმ ნავსადგურისა, სადაც გემი რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში.

3. განზომილებათა მოწმობას, სამგზავრო მოწმობას, მოწმობას სატვირთო მარკის შესახებ, აგრეთვე გემის სხვა საბუთებს, რომლებიც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, გასცემს საკლასიფიკაციო საზოგადოება.

4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.

    მუხლი 41

კოდექსის 36-ე მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე. გემის საკუთრების მოწმობა და გემის ბილეთი გემზე შეიძლება ინახებოდეს სანოტარო წესით დამტკიცებული ასლის სახით.

    მუხლი 42

1. საქართველოს ნავსადგურში უცხო ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის მოწმობებისა და გემის რადიოსადგურის ლიცენზიის აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

2. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსანი გემების თანაბარ საფუძველზე.

    მუხლი 43

1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ „საზღვაო სარჩელის“ უზრუნველსაყოფად.

2. „საზღვაო სარჩელი“ გამომდინარეობს გემის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

3. გემის დაპატიმრება ან გათავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს, საარბიტრაჟო სასამართლოს ან საზღვაო არბიტრაჟის კომისიის თავმჯდომარის მიერ.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება ან რაიმე სასჯელის დადება შეიძლება მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით.

    მუხლი 44

საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყნისათვის, უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით.

თავი III.

გემის კაპიტანი და ეკიპაჟი

    მუხლი 45

1. გემის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიან გემის კაპიტანი, მეთაურთა შემადგენლობის სხვა წევრები და გემის რიგითი შემადგენლობა.

2. გემის მეთაურთა შემადგენლობაში, კაპიტნის გარდა, შედიან კაპიტნის თანაშემწეები, გემის მექანიკოსები, ელექტრომექანიკოსები, რადიოსპეციალისტები, გემის ექიმები და ბოცმანი. გემთმფლობელს შეუძლია მეთაურთა შემადგენლობაში შეიყვანოს გემის სხვა სპეციალისტებიც.

3. გემის ეკიპაჟი შედგება საგემბანო და სამანქანო რაზმებისაგან, აგრეთვე სხვა წევრებისაგან, რომლებიც არ შედიან გემის მეთაურთა შემადგენლობაში.

    მუხლი 46

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ან საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში რეგისტრირებული გემის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქენი.

    მუხლი 47

1. გემის კაპიტნის, კაპიტნის თანაშემწეების, გემის მექანიკოსების, ელექტრომექანიკოსების და რადიოსპეციალისტების თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან შესაბამისი წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „საქართველოს საზღვაო გემების მეთაურთა შემადგენლობისათვის წოდების მინიჭების შესახებ “ დებულების შესაბამისად.

2. წოდებების მინიჭება ხდება საზღვაო ადმინისტრაციაში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.

3. წოდებების ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ.

4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების ჩაბარებისა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის სპეციალური კოლეგიის მიერ დამტკიცების შემდეგ.

    მუხლი 48

1. მთელი რეისის განმავლობაში გემის კაპიტანს ევალება:

ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;

გ) ნაოსნობის უსაფრთხოება;

დ) გემის მართვა;

ე) გემის მმართველობა;

ვ) ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა;

ზ) გემზე წესრიგის უზრუნველყოფა;

თ) ზღვის დაბინძურების თავიდან აცილება;

ი) ადამიანებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

კ) საჭიროების შემთხვევაში ნავსადგურში შესვლა.

2. გემის კაპიტნის განკარგულებები მისი უფლებამოსილების ფარგლებში უსიტყვოდ უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პირთა მიმართ კაპიტანი იღებს სათანადო ზომებს.

3. თუ გემზე მყოფი პირის მოქმედება საშიშროებას უქმნის გემის უსაფრთხოებას ან გემზე მყოფ პირებსა და ქონებას, კაპიტანს უფლება აქვს მოათავსოს ეს პირი განსაკუთრებულ სადგომში და გააჩეროს იქ რეპატრიაციისათვის მოხერხებულ პირველსავე ნავსადგურში შესვლამდე.

4. განსაკუთრებულ სადგომში ვისიმე უკანონოდ მოთავსებისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 49

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გემის კაპიტანი განიხილავს ეკიპაჟის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს, გამოაქვს დისციპლინური სასჯელი, აჯარიმებს ადმინისტრაციული წესით.

2. გემის კაპიტანს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში გემის ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი გადააყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან.

    მუხლი 50

გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის სხვა წევრების ურთიერთობა საქართველოს კონსულთან განისაზღვრება საქართველოს კანონით „საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“.

    მუხლი 51

გემის კაპიტანი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ითვლება გემთმფლობელისა და ტვირთმფლობელის წარმომადგენლად ყველა გარიგებაში, რომელიც დაკავშირებულია გემთან, ტვირთთან ან ნაოსნობასთან, აგრეთვე მისთვის მინდობილ ქონებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხის მოგვარებისას, თუ გემთმფლობელის ან ტვირთმფლობელის წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება .

    მუხლი 52

1. გემზე ბავშვის დაბადების ან ქორწინებისას გემის კაპიტანი ვალდებულია შეადგინოს აქტი ორი მოწმის თანდასწრებით და გააკეთოს ჩანაწერი გემის ჟურნალში.

2. გემის კაპიტნის მიერ შედგენილ აქტს წარადგენენ სამოქალაქო მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში დაბადების ან ქორწინების მოწმობის გასაცემად.

    მუხლი 53

 1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს კონსულს უცხოეთის ნავსადგურში.

2. გემზე ადამიანის გარდაცვალებისას კაპიტანი ვალდებულია შეადგინოს აქტი ორი მოწმის თანდასწრებით, თუ გემზე იმყოფება ექიმი ან ექთანი, ასევე მათი თანდასწრებით, გააკეთოს ჩანაწერი გემის ჟურნალში და შეატყობინოს გემთმფლობელს. გარდაცვალების აქტს თან დაერთვის გარდაცვლილის გემზე არსებული ქონების ნუსხა. გემის კაპიტანი იღებს ზომებს გარდაცვლილის ქონების შესანახად.

3. გემის კაპიტანი გარდაცვალების აქტს და ქონების ნუსხას გადასცემს საქართველოს კონსულს უცხოეთის ნავსადგურში ან საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს, თუ გემი შედის საქართველოს ნავსადგურში.

4. გემის კაპიტანი გემთმფლობელის ხარჯზე იღებს ზომებს მიცვალებულის დასაკრძალავად. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გემის ღია ზღვაში ხანგრძლივი ყოფნის დროს, როდესაც მიცვალებულის გვამის შენახვა შეუძლებელია, კაპიტანს უფლება აქვს, საზღვაო ტრადიციების თანახმად დაკრძალოს გვამი ზღვაში, ამასთან შეადგინოს სათანადო აქტი და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი გემის ჟურნალში.

    მუხლი 54

1. თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის გემს, ეკიპაჟსა და მგზავრებს, გემის კაპიტანი ვალდებულია:

ა) დახმარება აღმოუჩინოს ზღვაში დაღუპვის საფრთხეში მყოფ ნებისმიერ ადამიანს;

ბ) შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით გაეშუროს კატასტროფაში მოხვედრილთა დასახმარებლად, თუ კაპიტანს აქვს ინფორმაცია, რომ კატასტროფაში მოხვედრილნი საჭიროებენ დახმარებას და ასეთი მოქმედება გონივრულია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის ასეთ ქმედებაზე.

    მუხლი 55

1. იმ შემთხვევაში, თუ გემს, მასზე მყოფ ხალხსა და ტვირთს საფრთხე ემუქრება ან შეიქმნა სხვა გამოუვალი მდგომარეობა, გემის კაპიტანმა უნდა მოიწვიოს გემის საბჭო საკონსულტაციოდ.

2. გემის საბჭო არ ზღუდავს კაპიტნის უფლებებს, გემზე შექმნილი ნებისმიერ ვითარებაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გემის კაპიტანი.

    მუხლი 56

1. გემზე არსებული სასიცოცხლო რესურსების – მათ შორის სურსათის ხელშეუხებელი მარაგის – გამოლევის შემთხვევაში, კაპიტანი უფლებამოსილია მოახდინოს გემზე მყოფ პირთა განკარგულებაში არსებული საჭირო რაოდენობის სურსათის, აგრეთვე ტვირთის სახით გემზე მოთავსებული სურსათის რეკვიზიცია, რის შესახებაც უნდა შედგეს აქტი.

2. რეკვიზირებული სურსათისა და ტვირთის ღირებულებას ანაზღაურებს გემთმფლობელი.

    მუხლი 57

 1. თუ, კაპიტნის აზრით, გემს ემუქრება გარდაუვალი დაღუპვა, მგზავრთა სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ღონისძიების განხორციელების შემდეგ იგი ნებას რთავს ეკიპაჟის წევრებს დატოვონ გემი.

2. კაპიტანი უკანასკნელი ტოვებს გემს მას შემდეგ, რაც მიღებულია მასზე დამოკიდებული ყველა ზომა გემის, რადიო - და სამანქანო ჟურნალების, ამ რეისის რუკის, საბუთების, ფასეულობისა და სალაროს გადასარჩენად.

3. გემის დაღუპვის შემთხვევაში კაპიტანი ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობას მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის მიმართ იმის მიუხედავად, თუ სად შეაფარა თავი ეკიპაჟმა.

4. გემის კაპიტნის სიკვდილის ან ავადმყოფობის შემთხვევაში გემსა და ეკიპაჟს ხელმძღვანელობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე.

    მუხლი 58

სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს გემზე მყოფი ადამიანების გადასარჩენად, არ დაუშვას გემის, მასზე არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა ხელში ჩაგდება.

    მუხლი 59

1. თუ გემის კაპიტანს რეისის დროს ნაოსნობის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით გემის შესაკეთებლად და ეკიპაჟის შესანახად გადაუდებლად ესაჭიროება გარკვეული რაოდენობის თანხა და არა აქვს დრო ან შესაძლებლობა გემთმფლობელის განკარგულების მიღებისა, ის უფლებამოსილია გაყიდოს მისთვის მინდობილი ქონების ნაწილი, თუ ეს უკანასკნელი არ არის აუცილებელი ნაოსნობის შემდგომ გასაგრძელებლად.

2. გემის კაპიტანი უფლებამოსილია ნაოსნობის გასაგრძელებლად აირჩიოს სახსრების გამონახვის ისეთი საშუალება, რომელიც ნაკლებად დააზარალებს გემისა და ტვირთის მფლობელს.

3. სავალდებულოა გაყიდული ტვირთის საფასურის ანაზღაურება მისი მფლობელისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი ხასიათდება საერთო ავარიისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, ან გაყიდვა განხორციელდა მხოლოდ ტვირთის ინტერესებიდან გამომდინარე.

    მუხლი 60

1. ნაოსნობაში მყოფ გემებზე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ასრულებს მოკვლევის ორგანოს ფუნქციას. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და ნაოსნობაში მყოფ საზღვაო გემებზე მოკვლევის წარმოების ინსტრუქციით.

2. ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით.

3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტანს უფლება აქვს აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.

    მუხლი 61

1. როდესაც გემის კაპიტანი მოქმედებს ზღვაზე უსაფრთხოების და ზღვის გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით და ამ სფეროში ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გემთმფლობელს, გემის დამქირავებელს ან ნებისმიერ სხვა პირს არ აქვს უფლება შეზღუდოს მისი მოქმედება.

2. გემთფლობელს, გემის დამქირავებელს ან სხვა რომელიმე პირს არა აქვს უფლება უსაფუძვლოდ გაათავისუფლოს ან მიიღოს სხვა უსამართლო გადაწყვეტილება გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თავისი პროფესიული გამოცდილების მიხედვით სათანადოდ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში გემის კაპიტანს აქვს გასაჩივრების უფლება.

    მუხლი 62

1. საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია ზღვაოსნობის უსაფრთხოებისათვის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ შემადგენლობას, რომლის შემდეგაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.

2. ეკიპაჟის მინიმალური დასაშვები შემადგენლობა განისაზღვრება საერთო ტონაჟის და გემის დანიშნულების მიხედვით იმ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

    მუხლი 63

გემი კომპლექტდება სპეციალურად მომზადებული ეკიპაჟით, რომლის თითოეული წევრის კვალიფიკაციაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი დიპლომით ან საკვალიფიკაციო მოწმობით.

    მუხლი 64

გემზე სამსახურისათვის დაიშვებიან ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას იძლევა საზღვაო სამედიცინო კომისია.

    მუხლი 65

ადამიანის გემზე სამუშაოდ მიღება-დათხოვნის წესი, მისი უფლება-მოვალეობანი, გემზე მუშაობის პირობები, შრომის ანაზღაურება, მისი სოციალური დაცვა განისაზღვრება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის, ამ კოდექსის, დისციპლინური წესდებისა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 66

გემის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაიშვება გემზე სამუშაოდ კაპიტნის თანხმობის გარეშე. კაპიტნის უარი გემის ეკიპაჟის შემადგენლობაში გემთმფლობელის მიერ წარდგენილი პირის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იყოს.

    მუხლი 67

ავარიის შედეგად ეკიპაჟის წევრის ქონების დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს მას მიყენებული ზიანი.

    მუხლი 68

1. ეკიპაჟის წევრთა რეპატრიაცია გემთმლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებისას;

ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში;

გ) გემის დაღუპვისას;

დ) როდესაც გემთფლობელს არ შეუძლია შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი;

ე) შვებულებაში გასვლისას;

ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას.

2. გემთმფლობელი ვალდებულია ორგანიზაცია გაუწიოს რეისის შემდეგ მეზღვაურის რეპატრიაციას კონტრაქტით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნავსადგურში, ხოლო თუ კონტრაქტში ან ხელშეკრულებაში არ არის ასეთი მითითება,– იმ ნავსადგურში, სადაც იგი სამუშაოდ აიყვანეს .

3. გემთმფლობელი პასუხს აგებს მგზავრობის (როგორც წესი, თვითმფრინავით), სასტუმროს, კვების, ხელფასისა და ფულადი დახმარების, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის ბარგის გადატანისა და მკურნალობის ორგანიზაციაზე და ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს.

4. თუ გემთმფლობელს არ შესწევს უნარი ორგანიზაცია გაუკეთოს მეზღვაურის რეპატრიაციას და აანაზღაუროს ხარჯები, მაშინ ამ ვალდებულებას კისრულობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო გაწეული ხარჯების გემთმფლობელისათვის შემდგომი გადახდევინებით.

    მუხლი 69

საერთაშორისო კონვენციებისა და ეროვნული კანონმდებლობის ნორმების თანახმად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას, ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების საქმეში ასრულებდეს კაპიტნის განკარგულებებს და მოთხოვნებს, ხელმძღვანელობდეს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით.

თავი IV.

საზღვაო ნავსადგური

    მუხლი 70

1. საზღვაო ნავსადგურს აქვს საზღვაო აკვატორია და სახმელეთო ტერიტორია, ემსახურება მგზავრებს და გემებს, ასრულებს დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, უზრუნველყოფს ნავსადგურის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისათვის.

2. ნუსხას საქართველოს იმ ნავსადგურებისა, რომლებიც ღიაა უცხოეთის გემებისათვის, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. ნუსხა ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.

3. სამხედრო ნავსადგურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 71

1. საზღვაო ნავსადგურს ჰყავს ადმინისტრაცია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას.

2. საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

3. საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს ნავსადგურის ტერიტორიაზე საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მოღვაწეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ნავსადგურის წესებით.

    მუხლი 72

1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიას წარმოადგენს მისთვის გამოყოფილი სახმელეთო ტერიტორია, ნავსადგურის აკვატორიას კი ნავსადგურისთვის გამოყოფილი წყლის სივრცე.

2. ნავსადგურის ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია სახელმწიფოს საკუთრებაა.

3. მიწისა და აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 73

საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის გამოუყოფს ნავსადგურის ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბნებს, ასევე დანადგარებსა და მოწყობილობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 74

საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო საბაჟო, საიმიგრაციო, სანიტარიულ სამსახურებს, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.

    მუხლი 75

1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში წარმოებს შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, საწყობში მოთავსების ოპერაციები, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე ტვირთის გადაცლა, აგრეთვე მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადატანის ოპერაციები.

2. გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა წარმოებს მათი შემოსვლის თანმიმდევრობის მიხედვით. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას რეგულარულ ხაზებზე მოძრავი, უბედურებაში ჩავარდნილი ან ავარიული გემებისათვის.

3. საქართველოს ნავსადგურში შესაძლებელი სამუშაოებისა და მომსახურების ნუსხას აცხადებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

4. საზღვაო ნავსადგურში სანავსადგურო მომსახურების საფასურის აკრეფა ხდება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული წესით.

5. ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება ეძლევა შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 76

საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნავსადგურებში წესრიგის დამყარებისათვის ორგანიზაციას უწევს:

ა) გემების უსაფრთხო დგომას და დამუშავებას;

ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულ მდგომარეობას;

გ) ნავსადგურის მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულ მდგომარეობას;

დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების წესრიგში ყოფნას;

ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებას;

ვ) ბუქსირის აუცილებელი გამოყენების რაიონების განსაზღვრას;

ზ) აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებას;

თ) გემიდან ნავთობშემცველი და ფეკალური წყლების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებას;

ი) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენას.

    მუხლი 77

1. საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია, თავისი წესდებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებს სანავსადგურო წესების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

2. ნავსადგურის ფარგლებში ნავსადგურის ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთზე მისი მიღების მომენტიდან მიმღებისათვის, სხვა უფლებამოსილი პირის ან გადამზიდველისათვის გადაცემამდე.

3. ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთის დაკარგვით, დაყოვნებით ან დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის.

    მუხლი 78

1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო მომსახურებას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული სპეციალური სააგენტო კომპანიები, რომლებიც შეესაბამებიან სააგენტო კომპანიების მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს მაინც.

2. სააგენტო კომპანია ვალდებულია მოკრიბოს ყველა სანავსადგურო გადასახდელი, წარუდგინოს გემთმფლობელს ერთიანი სადისბურსმენტო ანგარიში და აწარმოოს შემდგომი ანგარიშსწორება.

    მუხლი 79

1. ნავსადგურებში სურვეირულ მომსახურებას ეწევიან საზღვაო სპეციალისტებით დაკომპლექტებული საქართველოში რეგისტრირებული სპეციალური კომპანიები.

2. საქართველოს ნავსადგურებში სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებას ეწევიან საქართველოში რეგისტრირებული სპეციალური საწარმოები.

თავი V.

საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი

    მუხლი 80

1. ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი, რომელიც ხელმძღვანელობს ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურს, შედის საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უშუალო დაქვემდებარებაში და მოქმედებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული დებულებით, აქვს ვიმპელი, ბეჭედი და თავისი ბალანსი .

2. ნავსადგურის კაპიტანს ეკისრება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის შემდეგი ფუნქციები:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობა ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო კონვენციების, გემებზე საქართველოს კანონებისა და წესების შესრულებაზე, მათ შორის თევზსაჭერ და სპეციალურ გემზე, განურჩევლად დროშის კუთვნილებისა;

ბ) საქართველოს გემების სახელმწიფო წიგნში შეიტანოს ის გემი, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში;

გ) გემის დოკუმენტების, დიპლომების, აგრეთვე, ეკიპაჟის მოწმობების შემოწმება;

დ) გემის (მათ შორის თევზსაჭერი გემის) საბუთების გაფორმება ნავსადგურში შესვლა-გასვლისას, განურჩევლად ალმისა და კუთვნილებისა;

ე) სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელობა;

ვ) ნებართვის გაცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების, აგრეთვე ნავსადგურის სახმელეთო ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში სამშენებლო, ჰიდროტექნიკური და სხვა სამუშაოების საწარმოებლად;

ზ) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთობა საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად;

თ) ნავსადგურში სახიფათო ტვირთის სწორად შენახვისა და სატვირთო ოპერაციების კონტროლი.

    მუხლი 81

1. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 1600 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და კაპიტნად მუშაობის 5 წლის სტაჟი მაინც.

2. საზღვაო ნავსადგურის კაპიტანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი.

    მუხლი 82

1. ყოველი გემი, განურჩევლად ალმისა და კუთვნილებისა, ვალდებულია ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ნავსადგურის კაპიტნისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი ნებართვა.

2. ნავსადგურის კაპიტანი არ გასცემს ნავსადგურიდან გემის გასვლის ნებართვას, თუ:

ა) გემი უვარგისია სანაოსნოდ;

ბ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები, არსებობს გემთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებანი, რომლებიც საშიშროებას უქმნიან გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას და გარემოს დაბინძურებას;

გ) არასწორადაა შედგენილი გემის საბუთები;

დ) გადაუხდელია დადგენილი გადასახდელი ან ჯარიმა.

    მუხლი 83

1. ნავსადგურში მდგომი გემები და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან ნავსადგურის კაპიტანს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი მცურავი ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ.

2. ნავსადგურის კაპიტნის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად გაცემული განკარგულებები სავალდებულოა შეასრულოს ნავსადგურში მყოფმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და გემმა.

3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 84

1. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს საზღვაო ნავსადგურში დააკავოს გემი ან ტვირთი:

ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე, თუ ეს დაკავშირებულია საერთო ავარიასთან, გადარჩენასთან, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებასა და გემების შეჯახებასთან, გადასახადის გადაუხდელობასთან ან სხვა ზიანთან;

ბ) ნავსადგურის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თუ მწყობრიდანაა გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობანი;

გ) ვიდრე გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას.

2. გემის ან ტვირთის უსაფუძვლოდ დაკავებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, რომელთა მოთხოვნითაც არის დაკავებული გემი ან ტვირთი.

    მუხლი 85

1. ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს სამი დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. დაუშვებელია ქონებრივი ხასიათის მოთხოვნათა გამო დაკავებულ იქნეს უცხო ქვეყნის გემი, რომელიც ასრულებს მხოლოდ სახელმწიფო სამსახურს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 86

1. ნავსადგურის კაპიტანი ადგენს ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნაოსნობის წესებს, საზღვაო ნავსადგურთან მისასვლელს, შესასვლელსა და გასასვლელს.

2. საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი სამხედრო ნავსადგურების, გემთმშნებებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულებთან ერთად ადგენს გემის მოძრაობის წესებს ნავსადგურებსა და მათ მისასვლელებში.

თავი VI.

საზღვაო სალოცმანო სამსახური

    მუხლი 87

1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილება საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო საზღვაო ლოცმანის მიერ.

2. საზღვაო სალოცმანო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია. სალოცმანო სამსახური ექვემდებარება ნავსადგურის კაპიტანს, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს ლოცმანს.

    მუხლი 88

სახელმწიფო-საზღვაო ლოცმანად (შემდეგში „ლოცმანი“) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს 1600 სარეგისტრაციო ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის დიპლომი, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის საკვალიფიკაციო კომისიას ჩააბარებს გამოცდა ს დადგენილი პროგრამით, აქვს გემზე მუშაობისათვის საჭირო ჯანმრთელობა და იცის გემის სამართავად საკმარისი ინგლისური ენა.

    მუხლი 89

1. საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან შეთანხმებით ადგენს სავალდებულო და არასავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებს, გემების კატეგორიებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან აუცილებელ სალოცმანო გაცილებას და საყოველთაო გაცნობისათვის აქვეყნებს ლოციებსა და ზღვაოსანთა უწყებებში “.

2. სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებში აკრძალულია ნაოსნობა ლოცმანის გარეშე.

3. გემის კაპიტანს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში აიყვანოს გემზე ლოცმანი არასავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებში ნაოსნობისას. ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს სალოცმანო მომსახურებაზე, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

    მუხლი 90

1. გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია თვალყური ადევნოს ცვლილებებს ფარვატერზე, აგრეთვე სანაპირო სანავიგაციო ნიშნების მდგომარეობას და დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს გასაცილებელ გემთან დაკავშირებული ყველა საზღვაო ინციდენტი და ყოველგვარი ცვლილება ფარვატერზე.

2. გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია მიუთითოს გემის კაპიტანს ნაოსნობის წესების, სავალდებულო დადგენილებებისა და სხვა წესების დარღვევათა ფაქტების გამო, მოითხოვოს ამ დარღვევათა აღმოფხვრა და გემის კაპიტნის მიერ ამ მოთხოვნათა უგულებელყოფა დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეაჩეროს გემის მოძრაობა.

    მუხლი 91

გემის სალოცმანო გაცილების დროს ადგენს და სანავსადგურო წესებში აქვეყნებს ნავსადგურის კაპიტანი. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს აკრძალოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვა, შტორმი, მიწისძვრა და სხვა), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელ და სხვა განსაკუთრებულ პირობებში.

    მუხლი 92

1. პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანის მიზეზით მომხდარი ავარიული საზღვაო შემთხვევებისათვის ეკისრება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს, რომელსაც ლოცმანი ექვემდებარება.

2. პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმ საავარიო ფონდის ფარგლებში, რომელიც შექმნილია სალოცმანო მოსაკრებლის 10 პროცენტის ხარჯზე ავარიამდე გასული კალენდარული წლის განმავლობაში.

    მუხლი 93

1. ლოცმანის გემზე გამოძახებისას სალოცმანო სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გაგზავნოს იგი გემზე, რის შესახებაც აუწყებს გემის კაპიტანს. თუ რაიმე მიზეზით ლოცმანის გემზე დაუყოვნებლივ გაგზავნა შეუძლებელია, სალოცმანო სამსახური ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ გემის კაპიტანს და აცნობოს ლოცმანის გემზე გამოცხადების დრო.

2. გემზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანს შესაძლებელია ახლდეს პირი, რომელიც გადის ლოცმანის პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო მომზადებას (სტაჟიორი).

    მუხლი 94

გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს ლოცმანისა და სტაჟიორის დაუყოვნებლივ და უსაფრთხო მიღება , გემის გაცილების მთელ პერიოდში უფასოდ უზრუნველყოს ისინი ცალკე მოსასვენებელი ოთახითა და კვებით მეთაურთა შემადგენლობის თანაბრად.

    მუხლი 95

1. გემზე მისვლისას ლოცმანი ვალდებულია კაპიტანს წარუდგინოს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სალოცმანო მოწმობა და სალოცმანო ქვითარი.

2. კაპიტანს უფლება არა აქვს გემზე მიიღოს ლოცმანი, რომელიც მას არ წარუდგენს სალოცმანო მოწმობასა და სალოცმანო ქვითარს.

3. გემის კაპიტანი ქვითარში აღნიშნავს სალოცმანო გაცილების დაწყებისა და დამთავრების ადგილსა და დროს, ტვირთისა და გემის ზუსტ მონაცემებს; აუცილებლობის შემთხვევაში შეაქვს შენიშვნები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც თან ახლავს სალოცმანო გაცილებას, რასაც ადასტურებს ხელის მოწერით.

    მუხლი 96

ლოცმანს უფლება არა აქვს კაპიტნის თანხმობის გარეშე მიატოვოს გემი ღუზის ჩაშვებამდე, უსაფრთხო ნავმისადგომთან ბაგირით დაბმამდე, ზღვაში გაყვანამდე ან შემცვლელი ლოცმანის მოსვლამდე.

    მუხლი 97

გემზე ლოცმანის ყოფნა არ ათავისუფლებს კაპიტანს გემის მართვის პასუხისმგებლობისაგან. განსაკუთრებულ შემთხვევაში გემის ხიდურის დატოვებისას იგი ვალდებულია ლოცმანთან დატოვოს პირი, რომელიც პასუხისმგებელია გემის მართვაზე კაპიტნის არყოფნის პერიოდში.

     მუხლი 98

1. თუ გემის კაპიტანი არ ითვალისწინებს ლოცმანის რეკომენდაციებს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს მესამე პირის თანდასწრებით უარი თქვას გემის შემდგომ გაცილებაზე და მოითხოვოს ჩაწერონ ეს სალოცმანო ქვითარში, ამასთან, მიუხედავად გემის გაცილებაზე ლოცმანის უარისა, ის ვალდებულია დარჩეს გემის ხიდურზე და მიაწოდოს კაპიტანს გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის საჭირო მონაცემები. თუ კაპიტანი მოითხოვს სალოცმანო გაცილების განახლებას, ლოცმანი ვალდებულია გააგრძელოს გაცილება.

2. თუ კაპიტანს ეჭვი ეპარება ლოცმანის რეკომენდაციების სისწორეში, უფლება აქვს უარი თქვას მის მომსახურებაზე. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში კაპიტანი შეძლებისდაგვარად აჩერებს გემის მოძრაობას გემზე ახალი ლოცმანის მიღებამდე.

     მუხლი 99

გემი, რომელიც სარგებლობს ლოცმანის მომსახურებით, სალოცმანო მომსახურებისათვის იხდის საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

    მუხლი 100

კაპიტანი, რომელიც გემზე ლოცმანის გამოძახებისა და ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ უარს ამბობს სალოცმანო მომსახურებაზე, ვალდებულია მთლიანად გადაიხადოს სალოცმანო მომსახურების ფასი.

    მუხლი 101

1. სალოცმანო ქვითარში მცდარი მონაცემების შეტანისათვის კაპიტანი იხდის ჯარიმას სალოცმანო მომსახურების საფასურის ორმაგი ოდენობით. მასვე ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ მონაცემებით გამოწვეული შედეგებისათვის.

2. სალოცმანო ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გემის დასახელება;

ბ) გემის სახელმწიფოს დროშა;

გ) გემთმფლობელის დასახელება, მისი მისამართი;

დ) საერთო სარეგისტრო ტევადობა და წმინდა სარეგისტრო ტევადობა;

ე) დეტვეიტი (ტვირთამწეობა);

ვ) გემის საერთო სიგრძე, სიგანე და ბორტის სიმაღლე;

ზ) გემის წყალშიგი;

თ) ტვირთის დასახელება და რაოდენობა;

ი) შესრულებული სამუშაო.

    მუხლი 102

გემის კაპიტანი ვალდებულია გადაიხადოს განსაკუთრებული გასამრჯელო ორმაგი სალოცმანო განაკვეთის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ლოცმანი სალოცმანო გაცილების დაწყებამდე იძულებულია ორ საათზე მეტი დაჰყოს გემზე გემისა და აგენტის მიზეზით და არა დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) მოქმედების შედეგად.

    მუხლი 103

თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანი (ლოცმანი და სტაჟიორი) გემით გასცდებიან მათი მომსახურების ზონის ფარგლებს, კაპიტანი ვალდებულია ლოცმანსა და სტაჟიორს აუნაზღაუროს უკან დასაბრუნებელი ხარჯები (მგზავრობა, სადღეღამისო ხარჯი, სასტუმროს ღირებულება) და სალოცმანო გაცილების გასამრჯელო ყოველი დღე(ღამისათვის.

    მუხლი 104

საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით გემის აგენტი აწარმოებს სალოცმანო მომსახურების საფასურის, განსაკუთრებული გასამრჯელოსა და ჯარიმების ამოღებას, რაც ჩაირიცხება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის ანგარიშზე.

თავი VII.
ზღვაში ჩაძირული ქონება

    მუხლი 105

საქართველოს ტერიტორიული ზღვის ან შიგა საზღვაო წყლების ფარგლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და ა.შ. გამორიყული გემის, მისი ნამსხვრევების, მოწყობილობათა, ტვირთის (ზღვაში ჩაძირული ქონების) ამოღება, გამოტანა ან განადგურება წარმოებს ამ კოდექსის დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 106

1. ჩაძირული ქონების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ქონების ჩაძირვის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის კაპიტანს.

2. ნავსადგურის კაპიტანი შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, დაცვისა და სამუშაოების წარმოების წესს, რის შესახებაც აცნობებს მის მფლობელს.

    მუხლი 107

1. როდესაც ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ნორმალურ პირობებს, ხელს უშლის საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკურ და სხვა სამუშაოთა წარმოებას, ასევე შესაძლებელია შექმნას გარემოს დაბინძურების საშიშროება, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოესი ნავსადგურის კაპიტანს და ნავსადგურის კაპიტნის მოთხოვნით უმოკლეს ვადაში ამოიღოს ჩაძირული ქონება.

2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, ნავსადგურის კაპიტანი „ზღვაოსანთა უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამ ოღების ვადის შესახებ. თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, ნავსადგურის კაპიტანი ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 108

ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი და/ან მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება ანდა მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ქონების ამოღების ორგანიზაციას ახდენს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯზე.

    მუხლი 109

თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ უქმნის საშიშროებას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შესაძლებელია გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ ვადაში, ნავსადგურის კაპიტანი ვალდებულია დაავალოს საზღვაო ნავსადგურს დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით მოსაცილებლად.

    მუხლი 110

ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, მოცილებას ან განადგურებას ახდენენ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

    მუხლი 111

ჩაძირული ქონების მფლობელი კარგავს უფლებას ქონებაზე, თუ არ ამოიღებს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში ან არ გამოითხოვს ქონებას 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადისა და პირობების დაცვით.

    მუხლი 112

1. მესაკუთრეს შეუძლია ამოღებული ქონება გამოითხოვოს ამ ქონების ამოღებიდან ორი წლის ვადაში. ამასთან, იგი ვალდებულია ნავსადგურს აუნაზღაუროს ამოღების დროს მიყენებული ზიანი და ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. თუ ამოღებული ქონება რეალიზებულია ნავსადგურის მიერ იმის გამო, რომ მისი შენახვა არ იყო შესაძლებელი ან მიზანშეწონილი, ქონების მფლობელს უბრუნდება რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა იმ ხარჯებისა და ზიანის გამოკლებით, რომლებიც ნავსადგურმა გაიღო ქონების ამოღების, შენახვის და რეალიზაციის დროს. ამასთან, თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ ფარავს ნავსადგურის მიერ გაწეულ ხარჯებსა და ზიანს, ქონების მფლობელი ვალდებულია ნავსადგურს აუნაზღაუროს დანაკლისი.

3. ჩაძირულ ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მფლობელს ნავსადგურისათვის მიყენებული ყველა ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

    მუხლი 113

ჩაძირული ქონება, რომელიც შემთხვევით ამოიღეს, უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საზღვაო ნავსადგურს. ქონების წარმდგენი პირი მიიღებს ამოღებული ქონების ღირებულების ნახევარს.

თავი VIII.

ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ

    მუხლი 114

1. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გამგზავნი ან დამფრახტველი კისრულობს გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი).

2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი).

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები “) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“).

    მუხლი 115

1. ჩარტერში ძირითადი რეკვიზიტების სახით აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მხარეების დასახელება;

ბ) გემის დასახელება;

გ) ტვირთის დასახელება;

დ) დატვირთვისა და დანიშნულების ნავსადგურები (გემის მოძრაობის მიმართულება);

ე) გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი);

 ვ) მხარეთა ძირითადი მოვალეობანი და გადაზიდვის პირობები.

2. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ჩარტერში შეიძლება შეიტანონ სხვა დამატებითი პირობები.

3. ჩარტერს ხელს აწერენ გამფრახტველი და დამფრახტველი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები.

    მუხლი 116

1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციამ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პრეზიდენტს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.

3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერებისა და/ან შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში“.

    მუხლი 117

ამ თავში აღნიშნული წესები გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებულ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 118

1. სამართლებრივი ურთიერთობები ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის განისაზღვრება კონოსამენტით ან საზღვაო ზედნადებით.

2. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში, აუცილებელია შეასრულოს ტვირთის მიმღებმა, თუ კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში მითითებულია საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელშიც ეს პირობებია ჩამოყალიბებული.

    მუხლი 119

კონოსამენტი არის ტვირთის განმკარგავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებას და გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებას ან დატვირთვას. კონოსამენტის წარდგენისას გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი.

    მუხლი 120

 1. ტვირთის გემზე მიღების შემდეგ გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადასცეს მას კონოსამენტი (ან საზღვაო ზედნადები), რომელიც ადასტურებს, რომ გადამზიდავმა მიიღო კონოსამენტში მითითებული ტვირთი.

2. ტვირთის გადამზიდავს შეუძლია კონოსამენტის ან საზღვაო ზედნადების ნაცვლად გასცეს სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს გადასაზიდად ტვირთის მიღებას. ასეთი საბუთი წარმოადგენს გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებისა (როგორც ეს საბუთშია აღწერილი) და საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების უპირველეს დოკუმენტს.

3. კონოსამენტის შედგენა ხდება ტვირთის გამგზავნის მიერ ხელმოწერილი საბუთის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კოდექსის 121-ე მუხლის „ა“ - „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს.

4. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდავის წინაშე საბუთში არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგებზე.

    მუხლი 121

კონოსამენტში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ტვირთის საერთო მახასიათებლები, ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი მარკები, ტვირთის სახიფათო ან განსაკუთრებული თვისებების პირდაპირი მითითება, ადგილებისა ან საგნების და ტვირთის წონა ან რაოდენობა. ამასთან, ყველა მონაცემი მითითებული უნდა იყოს ტვირთის გამგზავნის მიერ წარმოდგენილი სახით;

ბ) ტვირთის გარეგნული სახე;

გ) ტვირთის გადამზიდავის დასახელება და მისი ძირითადი საწარმოს მისამართი;

დ) ტვირთის გამგზავნის დასახელება;

ე) ტვირთის მიმღების დასახელება (სახელობითი კონოსამენტი), ტვირთის გაცემა დასახელებული პირის ბრძანებით (საორდერო კონოსამენტი) ან ტვირთის გაცემა კონოსამენტის წარდგენაზე (კონოსამენტი წარმდგენზე).

ვ) დატვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად და გადამზიდავის მიერ ტვირთის გემზე მიღების თარიღი;

ზ) გადმოტვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად;

თ) კონოსამენტის დედნების რაოდენობა, თუ ის ერთზე მეტია;

ი) მითითება იმის შესახებ, გადაზიდვა რეგულირდება „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენციით“ („ჰააგა-ვიზბის წესები“), თუ „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენციით („ჰა მბურგის წესები “).

კ) გარკვეულ შემთხვევაში მითითება იმის შესახებ, რომ ტვირთი უნდა განლაგდეს ან შეიძლება განლაგდეს გემბანზე;

ლ) ფრახტის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაიხადოს ტვირთის მიმღებმა ან მის მიერ ფრახტის გადახდასთან დაკავშირებული სხვა მითითება;

მ) კონოსამენტის გაცემის ადგილი და თარიღი;

ნ) ტვირთის გადამზიდავის ან მისი სახელით მოქმედი პირის ხელმოწერა.

    მუხლი 122

გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის გამგზავნს გადასცეს ერთი და იმავე კონოსამენტის რამდენიმე ეგზემპლარი. თითოეულ მათგანში აღინიშნება კონოსამენტების საერთო რაოდენობა. კონოსამენტის ერთ-ერთი დედნით ტვირთის გაცემის შემდეგ ყველა სხვა ეგზემპლარი ბათილია.

    მუხლი 123

კონოსამენტის გადაცემა ხდება შემდეგი წესების დაცვით:

ა) სახელობითი კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სხვა რომელიმე ფორმით, რომელიც შეესაბამება სასესხო მოთხოვნის გადაცემისათვის დადგენილ წესს;

ბ) საორდერო კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი ან საბლანკო გადასაცემი წარწერით;

გ) კონოსამენტი წარმდგენზე გადაიცემა ჩვეულებრივად.

    მუხლი 124

1. ტვირთის გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს:

ა) ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ტვირთის უკან დაბრუნება;

ბ) ტვირთის გაცემა შუალედურ ნავსადგურში;

გ) გაცემა იმ პირზე, რომელიც არ არის მითითებული კონოსამენტში, იმ პირობით, რომ იგი წარმოადგენს ტვირთის გამგზავნისათვის გაცემული კონოსამენტების ყველა ეგზემპლარს და დაიცავს საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის შესახებ ამ კოდექსის ყველა დებულებას ან წარმოადგენს შესაბამის უზრუნველყოფას.

2. ასეთივე უფლებით სარგებლობს კონოსამენტის კანონიერ საფუძველზე მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს კონოსამენტის ყველა ეგზემპლარს ან საზღვაო ზედნადებს.

    მუხლი 125

1. ტვირთი, რომლის დაკარგვის, დანაკლისისა თუ დაზიანების გარეშე გადაზიდვა აუცილებლად მოითხოვს ტარასა და შეფუთვას, უნდა მოთავსდეს სათანადოდ გაწყობილ ტარაში და კარგად შეიფუთოს, რათა გადაზიდვისა და გადატვირთვის დროს უზრუნველყოფილ იქნეს მისი დაუზიანებლად და სრულად შენახვა.

2. ყოველ ერთეულ სატვირთო ადგილს უნდა გაუკეთდეს საზღვაო გადაზიდვის წესების შესაბამისი სრული და მკაფიო მარკირება.

    მუხლი 126

1. გადამზიდავი ვალდებულია წინასწარ, რეისის დაწყებამდე, გემი:

ა) მოიყვანოს სანაოსნო მდგომარეობაში;

ბ) უზრუნველყოს მისი ტექნიკური მზადყოფნა ზღვაოსნობისათვის;

გ) სათანადოდ აღჭურვოს და მოამარაგოს;

დ) დააკომპლექტოს ეკიპაჟით;

ე) მოაწესრიგოს ტრიუმები და ყველა სხვა სათავსო, რომლითაც ხდება ტვირთის გადაზიდვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის სათანადოდ მიღება, გადაზიდვა და შენახვა.

2. გადამზიდავი პასუხს არ აგებს გემის არასანაოსნო მდგომარეობაზე, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია ნაკლოვანებებით, რომელთა გამოვლენაც, გამოჩენილი სათანადო მზრუნველობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო (ფარული დეფექტები).

3. მხარეების შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ ნაწილს, ბათილია.

    მუხლი 127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია დროულად გადასცეს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, საბაჟოს, სანიტარიული და სხვა ადმინისტრაციული წესების მოთხოვნათა შესაბამისად და პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე საბუთების დაგვიანებით გადაცემის, არასწორად ან არასრულად შედგენის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის.

    მუხლი 128

ტვირთის გადასაზიდად ადრე შერჩეული გემის ნაცვლად სხვა გემზე დატვირთვა შეიძლება მხოლოდ გამგზავნის ან დამფრახტველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადატვირთვა გამოწვეულია გემის დატვირთვის დაწყების შემდეგ წარმოქმნილი ტექნიკური აუცილებლობით.

    მუხლი 129

გემზე ტვირთი ლაგდება გემის კაპიტნის შეხედულებისამებრ. ამასთან, დაუშვებელია ტვირთის გემბანზე მოთავსება გამგზავნის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ტვირთი, რომლის გემბანზე დატვირთვაც დაშვებულია მოქმედი წესებითა და ჩვევებით. გადამზიდავი პასუხისმგებელია გემზე ტვირთის სწორად განლაგების, დამაგრებისა და სეპარაციისათვის. გადამზიდავის განკარგულებები დატვირთვის, დამაგრებისა და სეპარაციის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აწარმოებენ სატვირთო სამუშაოებს.

    მუხლი 130

ტვირთი შეიძლება გადაიზიდოს გამგზავნის მიერ დალუქული ლიხტერით, გემის ცალკე სათავსოთი ან კონტეინერით.

    მუხლი 131

დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა (სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების უქონლობისას კი დატვირთვისა და გადმოტვირთვის ნავსადგურებში მიღებული ნორმებით.

    მუხლი 132

1. მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიური დროის განმავლობაში ტვირთის გადამზიდავისათვის გემის მოცდენის გამო საფასურის ოდენობა (დემერეჯი), აგრეთვე ჯილდო (დისპაჩი) სტალიური დროის გასვლამდე გემის დატვირთვა - გადმოტვირთვის დამთავრებისათვის.

2. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტველის ან გამგზავნისათვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამის ნავსადგურში ჩვეულებრივ მიღებული ვადისა და განაკვეთების შესაბამისად.

3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.

    მუხლი 133

გემის დატვირთვისას კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ გადამზიდავს უფლება აქვს შემდგომი დაყოვნებისას მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გაგზავნოს გემი ნაოსნობაში, თუნდაც გემზე მთლიანად არ იყოს ატანილი წინასწარ განსაზღვრული ტვირთი გადამზიდავისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ამ შემთხვევაში გადამზიდავს აქვს სრული ფრახტის მიღების უფლება.

    მუხლი 134

1. თუ გამგზავნის მიერ გემი მთლიანადაა დაქირავებული, გემის კაპიტანს სტალიური და კონტრსტალიური დროის გასვლამდე უფლება არა აქვს უარი თქვას მიტანილი ტვირთის მიღებაზე, თუ მხარეებს შორის არსებობდა ამის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტვირთის მიღებას და დაწყობას შეიძლება დასჭირდეს გემის დადგენილ დროზე მეტი ხნით მოცდენა.

2. კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ გემის მოცდენის ყოველ დღეზე გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

3. თუ ტვირთის გადასაზიდად გემის მხოლოდ გარკვეული ნაწილია გამოყოფილი, სტალიური (ან სტალიური და კონტრსტალიური) დროის გასვლამდე გემის კაპიტანს უფლება აქვს უარი თქვას დაგვიანებით მიტანილი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის დაწყობა გამოიწვევს გემის დამატებით დაყოვნებას, რითაც ზიანი მიადგება დანარჩენ ტვირთს. ამასთან, გადამზიდავი ინარჩუნებს ფრახტის სრულად მიღების უფლებას.

    მუხლი 135

თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემი მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გემის გარკვეული სათავსოები, ტვირთის გამგზავნს შეუძლია მოითხოვოს გემიდან ან სათავსოებიდან გარეშე ტვირთის ამოღება გაგზავნის ნავსადგურში, ხოლო თუ გემი მთლიანადაა დაქირავებული – ნებისმიერ ნავსადგურში შესვლისას. თუ გარეშე ტვირთი დროულად არ იქნა ამოღებული გემიდან, გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს ფრახტის შესაბამისი შემცირება, აგრეთვე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 136

1. თუ ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთი ჩაბარებულია არასწორი დასახელებით და მიღებისას გადამზიდავს არ შეეძლო გარეგანი დათვალიერებით ტვირთის თვისებების გარკვევა, მას უფლება აქვს, ვითარების გათვალისწინებით, ნებისმიერ დროს გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს იგი ტვირთის გამგზავნისათვის ზიანის აუნაზღაურებლად.

2. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს ყველა ზიანისათვის, რომელიც მან მიაყენა გადამზიდავს ან მესამე პირს ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთის გადაზიდვით. ასეთ შემთხვევაში ფრახტის უკან დაბრუნება არ ხდება, ხოლო თუ ტვირთის გაგზავნისას ფრახტი გადახდილი არ არის, გადამზიდავს უფლება აქვს მთლიანად გადაახდევინოს იგი.

    მუხლი 137

თუ კოდექსის 136-ე მუხლში დასახელებული ტვირთი გემზე მიღებულია გადამზიდავის თანხმობით და საშიშროებას უქმნის გემს, მასზე მყოფ ადამიანებსა და ტვირთს, გადამზიდავს უფლება აქვს იმოქმედოს კოდექსის 136 - ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნი პასუხს არ აგებს გადამზიდავის წინაშე ამ ტვირთის გადაზიდვის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, გარდა საერთო ავარიის შემთხვევისა. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს ფრახტის ის რაოდენობა, რომელიც პროპორციულია გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილისა მისი შეწყვეტის მომენტამდე.

    მუხლი 138

თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი, გადამზიდავი ვალდებულია გამგზავნის მოთხოვნისთანავე გაუშვას გემი ნაოსნობაში, თუნდაც ტვირთი მთლიანად არ იყოს მიღებული. ამასთან, გადამზიდავი ინარჩუნებს სრული ფრახტის მიღების უფლებას.

    მუხლი 139

თუ გემზე არსებული ტვირთის ღირებულება ვერ ანაზღაურებს ფრახტს და გადამზიდავის სხვა სატვირთო ხარჯებს, ხოლო გამგზავნს გემის გასვლის წინ სრულად არა აქვს გადახდილი ფრახტის ღირებულება და წარმოდგენილი არა აქვს დამატებითი უზრუნველყოფა, გადამზიდავს უფლება აქვს გემის გასვლამდე გააუქმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დათქმული ფრახტის ნახევარი, გემის მოცდენის საფასური (თუ ასეთი რამ მოხდა), აგრეთვე სხვა ხარჯების ანაზღაურება. ასეთი ტვირთის გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის ხარჯზე.

    მუხლი 140

1. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი, გამგზავნს ან დამფრახტველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რისთვისაც უნდა გადაიხდოს:

ა) სრული ფრახტის ნახევარი, გემის მოცდენის (თუ ასეთი რამ მოხდა) საფასური, გადამზიდავის სატვირთო ხარჯები, ფრახტში ჩაუთვლელი თანხები, თუ გამგზავნმა უარი განაცხადა სტალიური ან კონტრსტალიური დროის ამოწურვამდე ან გემის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ ორი მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე;

ბ) სრული ფრახტი და სხვა თანხები ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ ერთ რეისზე;

გ) შესრულებული რეისის სრული ფრახტი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სხვა თანხები და დანარჩენი რეისების ნახევარი ფრახტი, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო რამდენიმე რ ეისზე.

2. გემის რეისში გასვლამდე გამგზავნის მიერ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისას გადამზიდავი ვალდებულია დაუბრუნოს ტვირთი გამგზავნს, თუნდაც გადმოტვირთვამ გამოიწვიოს გემის შეჩერება დადგენილ ვადაზე მეტი ხნით.

3. თუ გამგზავნმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა გემის რეისში ყოფნისას, მას ტვირთის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნულ დანიშნულების ნავსადგურში ან სხვა ნავსადგურში, სადაც გემი შევა აუცილებლობის გამო.

    მუხლი 141

1. თუ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით ტვირთის გამგზავნის განკარგულებაშია გემის ნაწილი, მას შეუძლია უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე იმ პირობით, თუ გადაიხდის სრულ ფრახტს, გემის მოცდენის (თუ ასეთი რამ მოხდა) საფასურს და გადამზიდავს აუნაზღაურებს სატვირთო ხარჯებს, რომლებიც არ იყო ჩათვლილი სრულ ფრახტში.

2. ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი მისი დანიშნულების ნავსადგურში მიტანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით არ დაზარალდებიან თავად გადამზიდავი და სხვა ტვირთის გამგზავნები.

    მუხლი 142

1. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია ორივე მხარეს ამასთან დაკავშირებული ხარჯების მეორე მხარისათვის ანაზღაურების გარეშე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამხედრო ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს, როდესაც შეიძლება გაჩნდეს გემის ან ტვირთის სხვის ხელში ჩაგდების საშიშროება;

ბ) გაგზავნის ან დანიშნულების ნავსადგურების ბლოკადაში ყოფნისას;

გ) ხელშეკრულების მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებით გემის დაკავებისას;

დ) დროშის ან ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ გემის სპეციალური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში;

ე) როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ აკრძალულია გადასაზიდი ტვირთის გაგზავნის ნავსადგურიდან გატანა ან დანიშნულების ნავსადგურში შეტანა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევები არ წარმოადგენს ტვირთის საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძველს მეორე მხარისათვის ზიანის აუნაზღაურებლად, თუ ასეთი დაყოვნება ხანმოკლეა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდავი არ გაიღებს გადატვირთვის ხარჯებს.

    მუხლი 143

ამ კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა დადგომისას ყოველ მხარეს აქვს უფლება რეისის დროსაც თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში გამგზავნი უნაზღაურებს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის გადმოტვირთვის ხარჯებს, აგრეთვე ფრახტს ტვირთის გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად.

    მუხლი 144

1. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება უპირობოდ კარგავს ძალას და მხარეები არ არიან ვალდებული ერთმანეთს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და დატვირთვის ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ხელშეკრულების მხარეებისაგან დამოუკიდებლად ადგილი ექნება შემდეგ გარემოებებს:

ა) გემი დაიღუპება ან მას ძალით დაიპყრობენ;

ბ) გემს მიიჩნევენ ნაოსნობისათვის გამოუსადეგარად;

გ) განსაზღვრული კონკრეტული ტვირთი დაიღუპება;

დ) დასატვირთად ჩაბარების შემდეგ ტვირთი დაიღუპა, ხოლო გამგზავნი ვერ ასწრებს მის მაგიერ სხვა ტვირთის მიწოდებას.

2. აღნიშნულ გარემოებათა გამო ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება ძალას კარგავს გემის რეისში ყოფნის დროსაც. ამასთან, გადამზიდავს ერგება ფრახტი გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად, თავის მიერ გადარჩენილი ან ჩაბარებული ტვირთის ოდენობიდან გამომდინარე.

    მუხლი 145

1. თუ გემს არ შეუძლია დანიშნულების ნავსადგურში შესვლა ხელისუფლების მიერ აკრძალვის, სტიქიური მოვლენებისა ან გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, გადამზიდავი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს.

2. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი და შეტყობინების გაგზავნიდან გონივრულ ვადაში არ მოვიდა ტვირთის გამგზავნის განკარგულება, თუ როგორ მოექცნენ ტვირთს, გემის კაპიტანს უფლება აქვს იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ და მიიღოს ტვირთის გამგზავნისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება უახლოეს ნავსადგურში გადმოტვირთვის შესახებ ან დააბრუნოს ტვირთი გაგზავნის ნავსადგურში.

3. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემის ნაწილი და ამასთან არ არის დანიშნულების ნავსადგურში გემის შესვლის საშუალება, კაპიტანი ვალდებულია სხვა ნავსადგურში გადმოტვირთოს ტვირთი მისი გამგზავნის განკარგულების შესაბამისად. თუ გემის კაპიტანი შეტყობინების გაგზავნიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში ვერ მიიღებს ასეთ განკარგულებას ტვირთის გამგზავნისაგან, მას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გადმოტვირთოს ტვირთი უახლოეს ნავსადგურში და შეატყობინოს ეს ტვირთის გამგზავნს. გემის კაპიტანს უფლება აქვს მიიღოს ასეთივე გადაწყვეტილება, თუ ტვირთის გამგზავნის განკარგულების შესრულება შეუძლებელია გემზე არსებული სხვა ტვირთის მფლობელებისათვის ზიანის მიუყენებლად.

4. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამზიდავს განკარგულების მოლოდინში გაწეული ხარჯი, ასევე ტვირთთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ფრახტი ტვირთის გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად.

    მუხლი 146

ტვირთის გადამზიდავი ვალდებულია გადაზიდოს ტვირთი დადგენილ ვადაში, ხოლო თუ ასეთი რამ არ არის დადგენილი, – ჩვეულებრივად მიღებულ ვადაში.

    მუხლი 147

გემის მიერ დადგენილი კურსიდან გადახვევა ზღვაზე ადამიანის, გემის ან ტვირთის გადარჩენის მიზნით, ასევე სხვა გონივრული გადახვევა, თუ იგი გამოწვეული არ არის გადამზიდავის არასწორი მოქმედებით, ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების დარღვევად არ ჩაითვლება.

    მუხლი 148

ტვირთი დანიშნულების ნავსადგურში გადაეცემა კონოსამენტის დედნის მფლობელს:

ა) სახელობითი კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს, რომელიც მითითებულია კონოსამენტში ან პირს, რომელსაც გადაეცა კონოსამენტი სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სასესხო მოთხოვნათა გადაცემისათვის დადგენილი სხვა ფორმით;

ბ) საორდერო კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს ან გამგზავნს, იმის მიხედვით, კონოსამენტი შედგენილია „გამგზავნის ბრძანებით“ თუ „მიმღების ბრძანებით“, ხოლო თუ კონოსამენტში არის გადასაცემი ჩანაწერები – პირს, რომელიც მითითებულია უწყვეტი რიგის გადასაცემი წარწერის ბოლოს ან ბოლო საბლანკოწარწერიანი კონოსამენტის წარმდგენს;

გ) წარმდგენზე გაცემული კონოსამენტის მიხედვით – „კონოსამენტის წარმდგენს“.

    მუხლი 149

1. ტვირთის მიმღებსა და გადამზიდავს უფლება აქვთ ტვირთის გაცემამდე მოითხოვონ მისი დათვალიერება და რაოდენობის შემოწმება. ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ის მხარე, რომელმაც მოითხოვა ტვირთის დათვალიერება ან რაოდენობის შემოწმება.

2. თუ აღმოჩნდა ტვირთის ისეთი ნაკლი, რომელზეც პასუხს აგებს გადამზიდავი, ხარჯები მანვე უნდა აანაზღაუროს.

    მუხლი 150

1. თუ კონოსამენტით გადასაზიდი ტვირთის მიღებისას ტვირთის მიმღებმა წერილობით არ განუცხადა გადამზიდავს ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ ტვირთი მიმღებს ჩაბარდა კონოსამენტის შესაბამისად, ვიდრე დამტკიცებული არ იქნება საწინააღმდეგო რამ.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის მიმღებმა და გადამზიდავმა ერთობლივად დაათვალიერეს და შეამოწმეს ტვირთი, წერილობითი განცხადება დანაკლისის ან დაზიანების შესახებ სავალდებულო არ არის.

3. თუ ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების აღმოჩენა ჩვეულებრივი მეთოდით შეუძლებელი იყო, მიმღებმა ამის შესახებ შეიძლება განაცხადოს ტვირთის მიღებიდან სამი დღის ვადაში.

    მუხლი 151

გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში ფრახტი გადაიხდება მთლიანად. 137-ე, 144-ე, 145-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრახტი გადაიხდება გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად.

    მუხლი 152

1. გადამზიდავისათვის განკუთვნილ მთლიან თანხას გადაიხდის ტვირთის გამგზავნი (დამფრახტველი). ტვირთის გამგზავნსა და გადამზიდავს შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საკაბოტაჟო გადაზიდვისას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტზე მოქმედი წესების შესაბამისად, დასაშვებია გადაზიდვის საფასური გადაიხადოს ტვირთის მიმღებმა.

2. მიმღები ვალდებულია ტვირთის მიღებისთანავე გადაიხადოს ფრახტი (თუ ის ადრე არ იყო გადახდილი), გემის მოცდენის საფასური (თუ ასეთი რამ მოხდა) და სატვირთო ხარჯები, ხოლო საერთო ავარიის შემთხვევაში გადაიხადოს საავარიო შესატანი ან წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა.

3. გადამზიდავს უფლება აქვს არ ჩააბაროს ტვირთი გადაზიდვის საფასურის ანაზღაურებამდე ან უზრუნველყოფის წარმოდგენამდე.

4. თუ გადამზიდავი ჩააბარებს ტვირთს, მას აღარა აქვს უფლება მოითხოვოს მიუღებელი ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას არ შეეძლო ტვირთის დაკავება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

    მუხლი 153

1. თუ გადაზიდვისათვის გამოყენებულია გემის ნაწილი, ხოლო დანიშნულების ნავსადგურში მიმღებმა არ გამოითხოვა ტვირთი, არ გასცა რაიმე განკარგულება მის შესახებ, ან უარი თქვა ტვირთის მიღებაზე, გადამზიდავს უფლება აქვს ტვირთი შეინახოს საიმედო ადგილას გამგზავნის რისკით და ხარჯზე და ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ტვირთის გამგზავნს.

2. თუ ტვირთის გადასაზიდად გემი გამოყენებულია მთლიანად, ხოლო ტვირთის მიმღები არ გამოცხადდა დანიშნულების ნავსადგურში ან უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს. კაპიტანმა ნავსადგურში ტვირთი უნდა გადმოცალოს და საწყობში ჩააბაროს მხოლოდ გადმოტვირთვის ვადის დამთავრებისა და კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ, თუ ამ დროის განმავლობაში მიღებული არ არის ტვირთის გაგზავნის სხვა განკარგულება. გადამზიდავის მიერ ტვირთის ჩაბარებისათვის დახარჯული დრო ჩაითვლება გემის მოცდენად.

3. თუ შესანახად ჩაბარებული ტვირთი არ იქნა მოთხოვნილი ნავსადგურში გემის შესვლიდან ორი თვის განმავლობაში და გამგზავნი არ აუნაზღაურებს გადამზიდავს ამ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გადამზიდავს უფლება აქვს გაყიდოს ეს ტვირთი და შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს. მალფუჭებადი მოუკითხავი ტვირთი შეიძლება გაიყიდოს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამის შესახებ გადამზიდავი ატყობინებს ტვირთის გამგზავნს.

4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

    მუხლი 154

1. საქართველოს ნავსადგურებში საკაბოტაჟო გადაზიდვის დროს მიმღების მიზეზით ტვირთის დაგვიანებით გატანის შედეგად დაგროვილი ტვირთის ნავსადგურში შენახვის ხარჯები შეიძლება სამმაგად გაიზარდოს.

2. ტვირთის შენახვის გაზრდილი საფასურის აკრეფა იწყება არა უადრეს ერთი დღე-ღამის გასვლისა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ წერილობით ეცნობება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც უნდა გადაახდევინონ გაზრდილი საფასური.

    მუხლი 155

1. ტვირთის გაყიდვით ამოღებული თანხა, გადამზიდავის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ჩაირიცხება გადამზიდავის დეპოზიტზე კუთვნილების მიხედვით გაცემის მიზნით.

2. თუ ტვირთის გაყიდვით ამოღებული თანხა არ არის საკმარისი ტვირთის გაყიდვისა და შენახვის ხარჯების, აგრეთვე სხვა ხარჯების დასაფარავად, გადამზიდავს უფლება აქვს აანაზღაურებინოს დანაკლისი ტვირთის გამგზავნს.

3. თუ ტვირთის გაყიდვიდან ექვსი თვის განმავლობაში არავინ განაცხადებს თავის უფლებას გაყიდვით ამოღებულ თანხაზე, მაშინ დებეტზე არსებული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. უსაბუთო ტვირთის გაყიდვით მიღებული თანხა ჩაირიცხება გადამზიდავის ზიანის დასაფარავად.

4. უსაბუთო ტვირთის გაყიდვით მიღებული თანხა ჩაირიცხება გადამზიდავის ანგარიშზე იმ ზიანის დასაფარავად, რომელიც მას მიადგა ტვირთის დანაკლისის ანაზღაურების შედეგად.

    მუხლი 156

1. გადამზიდავი პასუხს აგებს გემზე მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისისა ან დაზიანებისათვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისი ან დაზიანება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ:

ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად (ფორს-მაჟორი);

ბ) ხიფათის შექმნითა და შემთხვევითობით ზღვებსა და სხვა სანაოსნო წყლებში;

გ) ხანძრით, რომელშიც გადამზიდავს ბრალი არ მიუძღვის;

დ) ადამიანის სიცოცხლის, გემისა და ტვირთის გადარჩენით ან გადარჩენის მცდელობით;

ე) ხელისუფლების მიერ გაცემული განკარგულებით ან მისი მოქმედების (დაკავება, დაპატიმრება, კარანტინი და სხვა) შედეგად;

ვ) სამხედრო მოქმედებით, ტერორისტული აქტით, სახალხო მღელვარებით;

ზ) ტვირთის გამგზავნის ან მიმღების დაუდევრობით ან სხვა მოქმედებით;

თ) ტვირთის ფარული ნაკლით, მისი თვისებრივი ან ბუნებრივი დანაკლისით, რაც არ აღემატება დადგენილ ნორმებს;

ი) ტვირთის ტარისა და შეფუთვის გარეგნულად შეუმჩნეველი დეფექტებით;

კ) ტვირთის არასაკმარისი ან გაურკვეველი მარკირებით;

ლ) გაფიცვის შემთხვევაში ან სხვა გარემოებათა გამო, რამაც გამოიწვია მუშაობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება ან შეზღუდვა.

2. ამ მუხლის მიხედვით გადამზიდავს პასუხისმგებლობა ეკისრება გადასაზიდი ტვირთის მიღებისთანავე და ეხსნება გაცემის მომენტში.

3. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის წესებს, გარდა ტვირთის მიღებიდან გემზე დატვირთვამდე და გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის ჩაბარებამდე პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებისა, ბათილია.

    მუხლი 157

1. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭებისათვის, გარდა კაბოტაჟით გადასაზიდი ტვირთისა, გადამზიდავი პასუხს არ აგებს, თუ დაამტკიცებს, რომ ეს მოხდა გემის ნაოსნობის ან მართვის პერიოდში კაპიტნის, გემის ეკიპაჟის სხვა წევრებისა ან ლოცმანის დაუდევრობისა თუ სხვა მოქმედების შედეგად.

2. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭებისათვის, რაც გამოიწვია პირველ ნაწილში ჩამოთვლილი პირების მოქმედებამ ან დაუდევრობამ დატვირთვის, განლაგების, გადაზიდვის, გადმოცლის ან ტვირთის ჩაბარების დროს, გადამზიდავი პასუხს აგებს ამ კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 158

გადამზიდავი პასუხს არ აგებს დანიშნულების ნავსადგურში ჩატანილი ტვირთის დანაკლისისათვის, თუ:

ა) გემის სათავსოები, ლიხტერები, კონტეინერები გამართულია, ხოლო ტვირთის გამგზავნის მიერ დადებული პლომბები – დაუზიანებელი;

ბ) ტარა მთელია, წესიერ მდგომარეობაშია და არ არსებობს გზაში მისი გახსნის ნაკვალევი;

გ) ტვირთს აცილებს გამგზავნის ან მიმღების წარმომადგენელი და ტვირთის მიმღები ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთის დანაკლისი გამოწვეულია გადამზიდავის მიზეზით.

    მუხლი 159

1. ტვირთის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზიანს გადამზიდავი ანაზღაურებს შემდეგნაირად:

ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისისათვის – ტვირთის დანაკლისის ღირებულებას;

ბ) ტვირთის დაზიანების ან გაფუჭებისათვის – იმ თანხის ოდენობით, რამდენითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.

2. გადამზიდავი აბრუნებს მიღებულ ფრახტს, თუ იგი არ შედის დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულებაში.

    მუხლი 160

1. დაკარგული ან დანაკლისი ტვირთის ღირებულება განისაზღვრება დანიშნულების ნავსადგურში გემის შესვლის ან ყოფნის დროს ამ ნავსადგურში მოქმედი ფასებით. თუ ნავსადგურში მოქმედი ფასების დადგენა შეუძლებელია, გაგზავნის ნავსადგურში იმ დროისათვის მოქმედი ფასებით, რომელსაც დაემატება გადაზიდვის ხარჯები.

2. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ანაზღაურების თანხიდან დაიქვითება ტვირთის გადაზიდვის ხარჯები (ფრახტი, ბაჟი და სხვა), რომელიც უნდა გადაეხადა ტვირთის გამგზავნს, მაგრამ ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების გამო ეს ვერ მოხერხდა.

    მუხლი 161

1. თუ ტვირთის ღირებულება არ იყო გაცხადებული და შეტანილი კონოსამენტში, დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ანაზღაურება ტვირთის ერთეულზე არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 666.67 საანგარიშო ერთეულს (SDR) ან დაკარგული, დაკლებული, დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის ერთ კილოგრამ ბრუტო – მასაზე 2.0 საანგარიშო ერთეულს, იმის მიხედვით, თუ კონტეინერის ღირებულების ან გამგზავნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა ღირებულების გამოკლების შედეგად რომელი თანხაა მეტი. ამ თანხას გამოაკლდება გამგზავნის კუთვნილი კონტეინერის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება.

2. შეთანხმება ამ თანხების შემცირების შესახებ ბათილია.

3. გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება, ან გაფუჭება უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

4. გადამზიდავის აგენტის ან მოსამსახურის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ თავში გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება ან გაფუჭება გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით.

5. თუ კონოსამენტში აღნიშნულია კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ამ მუხლის მიზნებისათვის ეს რაოდენობა მიიღება კონოსამენტის მიხედვით.

6. თუ კონოსამენტში აღნიშნული არ არის კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ტვირთის რაოდენობა ჩაითვლება ტვირთის ერთ ადგილად ან ტვირთის ერთ ერთეულად.

    მუხლი 162

კონტეინერის ან სხვა მოწყობილობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გადამზიდავი პასუხს აგებს შემდეგ ფარგლებში:

ა) კონტეინერის ან სხვა დამხმარე მოწყობილობის დაკარგვისათვის-კონტეინერის ან დამხმარე მოწყობილობის ღირებულების ფარგლებში, დაკარგვის მომენტისათვის მათი ფაქტობრივი ცვეთის გათვალისწინებით;

ბ) კონტეინერის ან მოწყობილობის დაზიანებისათვის – დანიშნულების ნავსადგურში მისი შეკეთების ღირებულების ოდენობით, თუ იგი გადამზიდავმა დამოუკიდებლად და/ან საკუთარი სახსრებით არ შეაკეთა მიმღებისათვის ჩაბარებამდე.

    მუხლი 163

ფრახტი და სხვა გადასახდელები, რომლებიც ერგება გადამზიდავს, აგრეთვე გადახდის ვადა განისაზღვრება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით. გამგზავნი ან მიმღები ვადაგადაცილებული ფრახტისათვის საურავს იხდის ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების ან საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი განაკვეთების შესაბამისად.

    მუხლი 164

გემის მოცდენის, ტვირთის დაგვიანებით მიწოდების ან მიუწოდებლობის, ტვირთის გამგზავნის ან მიმღების ძალებით განხორციელებული დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოების გაჭიანურების, გამგზავნის ან მიმღების მოქმედებით განპირობებული სხვა დარღვევებისათვის, ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად, პასუხს აგებს ტვირთის გამგზავნი ან მიმღები.

თავი I.

ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)

    მუხლი 165

1. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების მიხედვით გადამყვანი ვალდებულია უსაფრთხოდ გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ნავსადგურში. მგზავრის მიერ ბარგის ჩაბარების შემთხვევაში გადამყვანი ვალდებულია გადაზიდოს ბარგი დანიშნულების ნავსადგურში და ჩააბაროს ბარგის მიღების უფლების მქონე პირს.

2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობის, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში - მისი გადაზიდვის საფასურიც.

3. მგზავრის საზღვაო გადაყვანა მოიცავს მგზავრის გემზე ყოფნისა და ჩასხდომა-გადასხდომის დროს, აგრეთვე ნაპირიდან სანაოსნო გზით გემამდე მიყვანისა და უკან დაბრუნების დროს, თუ ამ სახეობის მომსახურების საფასური შედის სამგზავრო ბილეთის ღირებულებაში ან თუ მგზავრის მისაყვანად გამოყენებულია გემი, რომელიც გადამყვანმა წარმოადგინა.

    მუხლი 166

მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების დადების და მგზავრობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელია გადამყვანის მიერ გაცემული ბილეთი. გადამყვანისათვის ბარგის ჩაბარება დამოწმებულია საბარგო ქვითრით.

    მუხლი 167

1. ამ თავში მოცემული მომდევნო წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მხარეთა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ამ თავით გათვალისწინებულ მგზავრის უფლებებს, ბათილია.

    მუხლი 168

ნაოსნობისა და მგზავრის უსაფრთხო გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია, საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე გემი მოიყვანოს შესაბამის მდგომარეობაში, დროულად და სათანადოდ აღჭურვოს და მოამარაგოს იგი ყველა საჭირო საშუალებით, დააკომპლექტოს ეკიპაჟი და ასეთ მდგომარეობაში იქონიოს გემი მგზავრთა საზღვაო გადაყვანის მთელი დროის განმავლობაში.

    მუხლი 169

1. მგზავრს უფლება აქვს:

ა) გადაიყვანოს ბავშვები უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით;

ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი დადგენილი ნორმის ფარგლებში;

გ) გადასატანად ჩააბაროს ბარგი საფასურის გადახდით.

2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

    მუხლი 170

1. მგზავრს უფლება აქვს გემის გასვლამდე ნებისმიერ დროს, ხოლო მგზავრობის დაწყების შემდეგ ნებისმიერ ნავსადგურში, რომელშიც გემი შევა მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის, შეწყვიტოს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება.

2. მგზავრს, რომელმაც აცნობა გადამყვანს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ , უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მგზავრობის და ბარგის გადაზიდვის საფასური საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესის, ვადისა და ოდენობის ფარგლებში.

3. მგზავრს მთლიანად დაუბრუნდება მგზავრობისა და ბარგის გადატანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი:

ა) საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულებას შეწყვეტს დადგენილი ვადის გასვლამდე;

ბ) ვერ გამოცხადდება გემზე ავადმყოფობის გამო ან ამავე მიზეზით უარს განაცხადებს მგზავრობაზე და წარმოადგენს ავადმყოფობის ცნობას;

გ) უარს განაცხადებს მგზავრობაზე გადამყვანის ქმედებიდან გამომდინარე მიზეზის გამო.

    მუხლი 171

1. მგზავრების გადამყვანს უფლება აქვს შეწყვიტოს მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამო.

2. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ადგილი აქვს ამ კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილში ( „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების გარდა) აღნიშნულ შემთხვევებს.

3. გემის გასვლამდე მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების გაუქმებისას მგზავრს სრულად უნაზღაურდება მგზავრობისა და ბარგის გადატანის საფასური, მგზავრობის დაწყების შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი საფასურის ნაწილი გასავლელი მანძილის პროპოციულად.

4. თუ სტიქიური უბედურების, გასვლისა და დანიშნულების ნავსადგურებში ან მგზავრობის მარშრუტზე არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ეპიდემიური პირობების, ასევე სხვა მოვლენების გამო, რომლებიც დამოკიდებული არ არის გადამყვანზე, შეუძლებელი ხდება მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შესრულება, გადამყვანს უფლება აქვს შეაჩეროს გემის გასვლა, შეცვალოს გადაყვანის მარშრუტი, მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის ადგილი.

    მუხლი 172

1. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების მიხედვით გადამყვანი ვალდებულია აუცილებლად დააზღვიოს მგზავრი და მისი ბარგი უბედური შემთხვევისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მგზავრის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხა შედის ბილეთის ღირებულებაში.

3. თუ მგზავრი გარდაიცვალა ან დაშავდა გემის დაღუპვის, გემების შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომის, აფეთქების, ხანძრის ან გემის წუნის შედეგად, იგულისხმება გადამყვანის, მისი თანამშრომლების ან აგენტების, რომლებიც მოქმედებდნენ თავიანთი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, განზრახი ქმედობა ან დაუდევრობა, თუ ამის საწინააღმდეგო სხვა რამ არ არის დამტკიცებული.

4. გადამყვანის პასუხისმგებლობის ფარგლები მგზავრის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევის შემთხვევაში, ასევე ბარგისათვის მიყენებული ზიანის გამო, განისაზღვრება ამ კოდექსის 175-ე მუხლით.

5. თუ საქართველოს მონაწილეობით დადებულია საერთაშორისო ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის შესახებ, მგზავრის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევის შემთხვევაში გადამყვანის პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

6. მტკიცება დაზიანების სიდიდისა და ის, რომ ინციდენტი მოხდა გადაზიდვისას, ეკისრება მოსარჩელეს.

    მუხლი 173

თუ შესანახად ჩაბარებული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი გემის ნავსადგურში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში, იგი შეიძლება გაიყიდოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 174

1. გადამყვანი პასუხს აგებს მიღებული ბარგის დანაკლისის, დაზიანების ან დაგვიანებით მიტანისათვის, თუ ყოველივე ეს გამოწვეულია გადამყვანის, მისი თანამშრომლებისა და აგენტების მიზეზით.

2. ხელბარგის დანაკლისის ან დაზიანებისას გადამყვანი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი დაამტკიცებს, რომ ეს გადამყვანის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

3. ბარგის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა ეს დაუყოვნებლივ, ხოლო ფარული ნაკლისშემთხვევაში – 3 დღის ვადაში, წერილობით უნდა განუცხადოს გადამზიდავს ან მის აგენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მგზავრმა ბარგი მიიღო დაუზიანებლად, ვიდრე საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.

    მუხლი 175

1. გადამყვანის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება:

ა) მგზავრის სიკვდილის ან სხეულის დაზიანებისათვის46666 საანგარიშო ერთეულის (SDR) ფარგლებში;

ბ) ავტომობილის დაკარგვის ან დაზიანებისათვის (ბარგიანად) 3333 საანგარიშო ერთეულის ფარგლებში თითოეულ ავტომობილზე;

გ) კაიუტაში არსებული ბარგის დაკარგვის ან დაზიანებისათვის 833 საანგარიშო ერთეულის ფარგლებში თითოეულ მგზავრზე;

დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ქვეპუნქტებში აღუნიშნავი ბარგის დაკარგვისა და დაზიანებისათვის - 1200 საანგარიშო ერთეულის ფარგლებში;

2. მგზავრთა საზღვაო გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად სარჩელის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

3. SDR საერთაშორისო სპეციალური სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულია, როგორც საანგარიშო ერთეული. ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტებში მითითებული თანხა გადაიყვანე ბა იმ ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსზე, რომლის სასამართლოშიც განიხილება საქმე.

თავი X.
საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება

    მუხლი 176

1. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებით კრუიზის ორგანიზატორი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს ზღვაზე კოლექტიური მოგზაურობა გარკვეული პროგრამით (კრუიზი) და კრუიზის მონაწილენი უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურებით (ზღვით გადაყვანა, კვება, საყოფაცხოვრებო და საექსკურსიო მომსახურება და ა.შ.).

2. კრუიზის მონაწილე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

    მუხლი 177

1. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტია კრუიზის ორგანიზატორის მიერ გაცემული საგზური ან მისი ტოლფასი სხვა საბუთი.

2. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გემის სახელწოდება და ტიპი;

ბ) კრუიზის ორგანიზატორის სახელი, გვარი და მისამართი;

გ) მგზავრის სახელი, გვარი და მისამართი;

დ) კაიუტის ნომერი და კლასი, კრუიზის ღირებულება, რომელშიც შედის სხვა გაწეული ხარჯებიც;

ე) ჩასხდომისა და გადმოსხდომის ნავსადგურები;

ვ) გასვლისა და ჩასვლის დრო;

ზ) შესვლის ნავსადგურები;

თ) კრუიზის პერიოდში მომსახურების სახეობები.

    მუხლი 178

კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია კრუიზის დაწყებამდე მოამზადოს გემი ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად და იქონიოს იგი ასეთ მდგომარეობაში მთელი კრუიზის განმავლობაში.

    მუხლი 179

1. ამ თავში მოცემული მომდევნო წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მხარეთა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ზღუდავს ამ თავით გათვალისწინებულ კრუიზის მონაწილის უფლებებს, ბათილია.

    მუხლი 180

1. კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს კრუიზის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უარი თქვას საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაზე და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადაში დაიბრუნოს კრუიზის საფასური.

2. თუ კრუიზის ორგანიზატორმა კრუიზის მონაწილე ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილით გემზე ან მისი თანხმობის საფუძველზე ასეთივე ადგილით სხვა გემზე, რომელიც კომფორტით არ ჩამოუვარდება მანამდე გათვალისწინებულ გემს, კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მთლიანად დაიბრუნოს კრუიზის საფასური.

    მუხლი 181

1. კრუიზის ორგანიზატორს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა “-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა გამო შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე კრუიზის დაწყებამდე.

2. თუ ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის “-„ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება შეიქმნა კრუიზის დაწყების შემდეგ და კრუიზი შეწყდა, ხელშეკრულება უქმდება. ამ შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს კრუიზის მონაწილეს გადახდილი საფასურის ნაწილი და მისი მოთხოვნის თანახმად დააბრუნოს იგი მოგზაურობის საწყის ნავსადგურში.

    მუხლი 182

გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო კრუიზის ვადის გაგრძელების შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია კრუიზის მონაწილეს თავის ხარჯზე გაუწიოს ყველა მომსახურება.

    მუხლი 183

კრუიზის ორგანიზატორი პასუხს აგებს კრუიზის მონაწილის სიკვდილის, ჯანმრთელობის შერყევის, ნივთების დანაკლისის ან დაზიანებისათვის ამ კოდექსის 172-ე, 174-ე, 175-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე კრუიზის ხელშეკრულებაში აღნიშნული სხვა პირობების შეუსრულებლობისათვის.

თავი XI.
გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)

    მუხლი 184

გემის გარკვეული ვადით დაქირავების ხელშეკრულებით (ტაიმ-ჩარტერი) გემთმფლობელი კისრულობს ვალდებულებას გარკვეული ვადით და საფასურით მიაქირაოს გემი დამქირავებელს (დამფრახტავს) ტვირთის გადასატანად, მგზავრთა გადასაყვანად ან სავაჭრო ზღვაოსნობის სხვა მიზნით.

    მუხლი 185

1. ტაიმ-ჩარტერი ფორმდება წერილობით.

2. ამ თავში მოცემული მომდევნო წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 186

ტაიმ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეთა დასახელება, გემის სახელწოდება, მისი ტექნიკური და საექსპლუატაციო მონაცემები (ტვირთამწეობა, ტვირთტევადობა, სიჩქარე და ა.შ.), ნაოსნობის რაიონი, დაქირავების (დაფრახტვის) მიზანი, ფრახტის ოდენობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გემის მიღებისა და ჩაბარების ადგილი.

    მუხლი 187

1. ტაიმ-ჩარტერით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, გემის დამფრახტველს შეუძლია თავისი სახელით დამოუკიდებლად გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან გემის გარკვეული ვადით დაფრახტვის შესახებ. ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან.

2. კოდექსის ამ თავის წესები ვრცელდება გემის დამფრახტველის მიერ მესამე პირთან დადებულ საფრახტო ხელშეკრულებაზეც.

    მუხლი 188

1. გემთმფლობელი ვალდებულია დამფრახტველს გადასცეს ტექნიკურად გამართული გემი, მისი ტაიმ-ჩარტერში აღნიშნული მიზნით შეუფერხებელი გამოყენების გათვალისწინებით.

2. ტაიმ-ჩარტერის საფუძველზე დაფრახტვის დროს გემთმფლობელი ვალდებულია გემი აღჭურვოს და დააკომპლექტოს ეკიპაჟით, ასევე ტაიმ-ჩარტერის პერიოდში შეინარჩუნოს გემის სანაოსნო მდგომარეობა, გაიღოს გემის დაზღვევისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯები.

    მუხლი 189

 1. დამფრახტველი ვალდებულია გემი გამოიყენოს მხოლოდ ტაიმ-ჩარტერით გათვალისწინებული პირობებითა და მიზნით.

2. დამფრახტველი ვალდებულია ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო (ბუნებრივი ცვეთის გამოკლებით).

3. გემის დაგვიანებით მიღების შემთხვევაში დამფრახტველი ვალდებულია აანაზღაუროს გემის დაყოვნების ხარჯები.

    მუხლი 190

 1. თუ გემი დაფრახტულია ტვირთის გადასაზიდად, დამფრახტველს უფლება აქვს თავისი სახელით გააფორმოს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება, ხელი მოაწეროს ჩარტერს, გასცეს კონოსამენტები და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

2. დამფრახტველი პასუხს აგებს ამ დოკუმენტებით, კერძოდ, კონოსამენტით და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

3. დამფრახტველი ასევე აგებს პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს კონოსამენტიდან ან გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებიდან, რომლებსაც ხელს აწერს გემის კაპიტანი.

    მუხლი 191

გემის ტაიმ-ჩარტერის საფუძველზე დაფრახტვის დროს გემის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები ასრულებენ დამფრახტველის განკარგულებას გემის კომერციულ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, გარდა იმ ბრძანებებისა, რომლებიც ეხება გემის მართვას, შინაგანაწესსა და ეკიპაჟის შემადგენლობას.

    მუხლი 192

დამფრახტველი პასუხისმგებელია დაფრახტული გემის გადარჩენით, დაზიანებით ან დაღუპვით გამოწვეული ზიანისათვის, თუ ეს ზიანი მისი მიზეზით მოხდა.

    მუხლი 193

1. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გადაუხადოს საფასური ტაიმ-ჩარტერით დადგენილი წესითა და ვადით.

 2. დამფრახტველი თავისუფლდება ფრახტისა და გემთან დაკავშირებული ხარჯებისაგან იმ დროის განმავლობაში, როცა გაუმართაობის გამო გემი უვარგისია ზღვაოსნობისათვის.

 3. თუ გემის გაუმართაობა გამოწვეულია დამფრახტველის ბრალით, იგი ვალდებულია გადაიხადოს სრული ფრახტი და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

4. ფრახტის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში გემთმფლობელი უფლებამოსილია ჩამოართვას გემი დამფრახტველს და მოსთხოვოს დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 194

გემის დაღუპვის შემთხვევაში ფრახტი გადაიხდება დაღუპვის დღის ჩათვლით, ხოლო თუ ამ დღის დადგენა შეუძლებელია, მაშინ გემის შესახებ უკანასკნელი ცნობის მიღების დღის ჩათვლით.

    მუხლი 195

ტაიმ-ჩარტერით დაფრახტული გემის ეკიპაჟის მიერ ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლამდე ზღვაზე განხორციელებული სამაშველო ოპერაციებისათვის გამოყოფილი გასამრჯელო თანაბრად უნაწილდებათ გემთმფლობელსა და დამფრახტველს, გემისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხისა და გემის ეკიპაჟის წევრების წილის გამოკლებით.

თავი XII.
უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)

    მუხლი 196

1. უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულებით (ბერბოუტ-ჩარტერი) გემის მესაკუთრე იღებს ვალდებულებას უეკიპაჟოდ გადასცეს გემი დამქირავებელს (დამფრახტველს) ნაოსნობისათვის გარკვეული ვადით.

2. ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი შეიძლება გადაეცეს დამფრახტველს საკუთრებაში, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გემის გამოსყიდვის უფლება, დამფრახტველი ასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს და დაფარული აქვს ფრახტის ბოლო გადასახადი.

3. ბერბოუტ-ჩარტერი შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 44-ე მუხლის გათვალისწინებით.

    მუხლი 197

ბერბოუტ-ჩარტერი ფორმდება წერილობით.

    მუხლი 198

1. ბერბოუტ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) ხელშეკრულების მიზანი;

გ) გემის სახელწოდება;

დ) გემის აგების წელი;

ე) გემის კლასი;

ვ) ტვირთამწეობა და ტვირთტევადობა;

ზ) ძრავების სიმძლავრე;

თ) სვლის სიჩქარე და საწვავის ხარჯი;

ი) გემით სარგებლობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამფრახტველს შეიძლება გადაეცეს გემის მფლობელის უფლება;

კ) ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის შეტანის ოდენობა და ვადები;

ლ) დამფრახტველისათვის გემის გადაცემის დრო და ადგილი;

მ) დამფრახტველის მიერ გემის ეკიპაჟის არჩევის უფლება;

ნ) ვის ეკისრება რეგისტრაციის ხარჯები;

ო) სხვა აუცილებელი მონაცემები.

2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამფრახტველს, ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან ბერბოუტ-ჩარტერის მთელი დროით ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სუბბერბოუტ-ჩარტერი). ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 199

1. გემთმფლობელი ვალდებულია დამფრახტველს გადასცეს სანაოსნოდ გამართული გემი ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

2. გემთმფლობელი პასუხს აგებს ყველა იმ ნაკლოვანებისთვის, რაც გააჩნდა გემს (ფარული ნაკლის ჩათვლით) მისი გადაცემის მომენტში.

3. პრეტენზია გემის გაუმართაობის ან სხვა ნაკლოვანებათა გამო დამფრახტველს შეუძლია განაცხადოს გემის გადაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

    მუხლი 200

ამ თავში მოცემული მომდევნო მუხლების წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 201

 1. დამფრახტველი ვალდებულია შეინარჩუნოს გემი გამართულ მდგომარეობაში და გაიღოს მისი შენახვისა და შეკეთების ხარჯები.

2. დამფრახტველზე გემის გადაცემასთან ერთად გადადის შემთხვევით დაღუპვის ან შემთხვევით დაზიანების რისკი.

3. გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (ბერბოუტ-ჩარტერი) შემთხვევაში, ბერბოუტ-ჩარტერის მოქმედების პერიოდში, დაფრახტული გემის მიერ ზღვაზე სამაშველო სამუშაოების შესრულების გასამრჯელო ეკუთვნის დამფრახტველს.

    მუხლი 202

1. დამფრახტველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ:

ა) გემთმფლობელი დამფრახტველს გემს არ გადასცემს ბერბოუტ-ჩარტერით განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ამ კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულ ნაკლოვანებათა გამო დამფრახტველი ვერ გამოიყენებს გემს ბერბოუტ-ჩარტერის შესაბამისად.

2. გემთმფლობელს უფლება აქვს უარი თქვას ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს გემის უკან დაბრუნება, თუ გადახდის ყოველი ვადის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში დამფრახტველმა არ შეიტანა ბერბოუტ-ჩარტერის საფასური.

    მუხლი 203

1. გემის დაბრუნების შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა მიიღოს ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის .

2. ამ შემთხვევაში დამფრახტველს უბრუნდება სახელშეკრულებო ფასის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის.

3. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გემი დაუბრუნოს მისი მიღებისას არსებული სახით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. გემის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დამფრახტველი გემთმფლობელს ზიანს უნაზღაურებს.

4. თუ დამფრახტველმა გააუმჯობესა გემის მდგომარეობა, გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი. თუ გემთმფლობელი უარს იტყვის გაუმჯობესებულის ანაზღაურებაზე, დამფრახტველს უფლება აქვს გამოაცალკეოს ის, რაც გააუმჯობესა, თუკი ეს შესაძლებელია.

თავი XIII.
საზღვაო იპოთეკა

    მუხლი 204

1. ნებისმიერი გემი, მათ შორის მშენებარეც, ან უფლება მასზე შეიძლება გემთმფლობელმა (დამგირავებელმა) დააგირაოს (იპოთეკა) სესხით ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფით იპოთეკის მიღების გზით.

2. მოგირავნე შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნების ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია გირაოდ გადაეცეს გემი.

    მუხლი 205

1. იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნული უნდა იყოს:

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) მხარეთა მისამართები;

გ) გირავნობის მოთხოვნების უზრუნველყოფის არსი;

დ) იპოთეკის ფორმა;

ე) ვალდებულების შესრულების ვადა;

ვ) გემის შეფასება და მისი ყოფნის ადგილი;

ზ) იპოთეკის რეგისტრაცია, მისი გადაცემა, ცვლილებების შეტანა ან შეცვლა;

თ) რეგისტრირებული იპოთეკის თანამიმდევრობა;

ი) სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც წამოაყენა ერთ-ერთმა მხარემ და მიღწეულია შეთანხმება.

2. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა უფლება-მოვალეობა და ხელშეკრულების გაფორმების წესი განისაზღვრება მოგირავნის ქვეყნის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. იპოთეკა არ ნიშნავს მოგირავნისათვის გემის გასხვისებას, ისევე, როგორც დამგირავებელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ პირად, რომელიც კარგავს დაგირავებულ გემზე საკუთრების უფლებას.

    მუხლი 206

1. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადოდ უნდა დამოწმდეს და აუცილებლად გატარდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი გემის საკუთრების მოწმობაში.

2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

3. იპოთეკის რეგისტრაციისათვის დამგირავებელმა უნდა წარმოადგინოს გემის იპოთეკის ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი.

4. საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია ვალდებულია დამგირავებელს მიაწოდოს ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან, მოთხოვნისას კი–ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.

5. იპოთეკის რეგისტრაცია და საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ფასიანია.

    მუხლი 207

1. თუ იპოთეკის საგანს წარმოადგენს გემი, რომელიც უკვე გადაცემულია იპოთეკით და წარმოადგენს საგირავნო ვალდებულებათა უზრუნველყოფის საგანს, ძალაში რჩება წინა იპოთეკის მოგირავნის უფლებებიც.

2. მომდევნო მოგირავნის მოთხოვნები კმაყოფილდება გემის ღირებულებიდან წინა იპოთეკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

3. მოგირავნეთა შორის უპირატესობის უფლება მოთხოვნათა შესრულებაზე კმაყოფილდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მათი რეგისტრაციის თარიღისა და საათის მიხედვით.

4. იპოთეკით დამგირავებელი ვალდებულია აცნობოს ყოველ მომდევნო იპოთეკით მოგირავნეს ყველა არსებული იპოთეკის, აგრეთვე იპოთეკის ხასიათისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის ფორმირების შესახებ. იპოთეკით დამგირავებელი, ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, ვალდებულია ნებისმიერ მოგირავნეს აუნაზღაუროს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ზიანი.

    მუხლი 208

იპოთეკით მოგირავნეს ენიჭება უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ იპოთეკის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებები არ შესრულდა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, თუ გირავნობის შესახებ კანონით ან ხელშეკრულებით ასეთი უფლება წარმოიშობა მოგვიანებით ან შეიძლებოდა განხორციელებულიყო ადრე.

     მუხლი 209

იპოთეკით მოგირავნეს უფლება აქვს დაგირავებული გემის ხარჯზე სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, კერძოდ, ვალდებულებათა გადავადებით მიყენებული ზიანი და პროცენტები, ხოლო იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირგასამტეხლო. უნდა ანაზღაურდეს აგრეთვე მოგირავნის აუცილებელი ხარჯები იპოთეკის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 210

1. დაგირავებული გემი ჯარიმდება იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად.

2. რეალიზაცია იმ დაგირავებული გემისა, რომელსაც დაეკისრა ჯარიმა, ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 211

1. იპოთეკა უქმდება:

ა) ვალის დაფარვისას;

ბ) ვალის დაფარვის სხვა გზით (გემის იძულებითი გაყიდვა და სხვა) ფულადი ვალდებულების შეწყვეტისას;

გ) გემის დაღუპვისას, დაზღვევის ანაზღაურების გამოკლებით;

დ) სპეციალური ხელშეკრულების არსებობისას.

2. დამგირავებლის მოთხოვნით მოგირავნე ვალდებულია მისცეს მას ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთი.

3. დამგირავებლისაგან ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთის მიღებისას იპოთეკის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში.

    მუხლი 212

თუ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ გემის დამგირავებელი გაკოტრდა, რეგისტრაციაში გატარებული გირავნობის ვალდებულებები შეუსრულებლად ჩაითვლება.

    მუხლი 213

1. იმ შემთხვევაში, როცა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მოგირავნე იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს უთმობს მესამე პირს, ან იპოთეკის უზრუნველყოფის გარემოებიდან გამომდინარე, დამგირავებელს სხვა პირზე გადააქვს ვალი, იპოთეკა ძალაში რჩება.

2. მოგირავნის მიერ გირაოს უზრუნველყოფის მოთხოვნების ან დამგირავებლის მიერ ვალის გადაცემის უფლების სხვა პირზე გადატანის შესახებ სათანადო წესით დამოწმებული საბუთების მიღებისას გემების სახელმწიფო რეესტრში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა იმ პირის შესახებ, რომელზეც გადადის მოგირავნის ყველა უფლება ან დამგირავებლის ყველა ვალდებულება.

    მუხლი 214

1. თუ რომელიმე კანონიერი გზით, მაგალითად, გარდაცვალების ან გაკოტრების შემთხვევაში, მოგირავნის უფლებები გადავიდა სხვა პირზე, ამას სათანადოდ დამოწმებული დეკლარაციით ამოწმებს ის პირი, რომელსაც გადაეცემა ეს უფლებები. დეკლარაციაში დასაბუთებული უნდა იყოს ქონების გადაცემის კანონიერება და იმ პირის უფლებამოსილება, რომლის საკუთრებაშიც გადადის იპოთეკა.

2. ამ საბუთების საფუძველზე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება იმ პირის სახელი, რომელსაც გადაეცა მთელი გემის ან მისი ნაწილის მოგირავნის უფლებები.

თავი XIV.
ბუქსირზიდვის ხელშეკრულება

    მუხლი 215

საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულების თანახმად გემის მფლობელი გასამრჯელოს საფასურად კისრულობს ვალდებულებას:

ა) გემი ან სხვა მცურავი ობიექტი ბუქსირით გადაიყვანოს ერთი ნავსადგურიდან მეორეში;

ბ) გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულ მანძილზე ბუქსირით გადაიყვანოს გემი ან სხვა მცურავი ობიექტი;

გ) აწარმოოს მანევრირება ან მორიგეობა აუცილებლობის შემთხვევაში.

    მუხლი 216

1. საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით.

2. ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გაგზავნისა და დანიშნულების ნავსადგურები;

ბ) ბუქსირზიდვის დრო;

გ) მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

დ) პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;

ე) საბუქსირო ობიექტების თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ბუქსირზიდვის უსაფრთხოებაზე;

ვ) სხვა გარემოებები, რომელთა აღნიშვნაც მხარეებს აუცილებლად მიაჩნიათ.

    მუხლი 217

1. ბუქსირზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით მხარეები ვალდებული არიან გემი ან სხვა მცურავი ობიექტი დროულად მოიყვანონ სათანადო მდგომარეობაში.

2. გემისა და/ან ბუქსირის მფლობელი პასუხს არ აგებს თავისი გემისა და/ან ბუქსირის ნაკლოვანებისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო სათანადო ყურადღების გამოჩენის შემთხვევაშიც კი (ფარული ნაკლი).

    მუხლი 218

ბუქსირზიდვისას საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ან მათზე არსებული ქონებისა და ტვირთის დაზიანებისას, როცა ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი მართავს საბუქსირო გემს ან სხვა მცურავ ობიექტს, პასუხისმგებლობა ეკისრება ბუქსირმზიდი გემის მეპატრონეს, თუ მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს, ამასთან, თუ მეპატრონე თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს.

    მუხლი 219

ბუქსირზიდვისას ბუქსირმზიდი გემის ან მასზე არსებული ქონებისა და ტვირთის დაზიანებისას, როცა ბუქსირზიდვის ოპერაციებს წარმართავს საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის კაპიტანი, პასუხისმგებლობა ეკისრება საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის მფლობელს, თუ მხარეთა შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს, ამასთან, თუ მეპატრონე თავის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებს.

    მუხლი 220

ბუქსირმზიდის მფლობელი პასუხს არ აგებს საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ან მათზე არსებული ქონებისა და ტვირთის დაზიანებისათვის, თუ ბუქსირზიდვა მიმდინარეობს ყინულის პირობებში და არ დამტკიცდება, რომ ზიანი მიყენებულია ბუქსირმზიდი გემის მიზეზით.

    მუხლი 221

საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულების მიხედვით ბუქსირმზიდის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება გემის ან სხვა მცურავი ობიექტის საწყის პუნქტში ბუქსირზე აყვანის მომენტიდან და ეხსნება საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვის საბოლოო პუნქტში ნავმისადგომთან დაყენებით ან ღუზაზე დადგომით .

    მუხლი 222

საზღვაო ბუქსირზიდვას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი, რომელსაც არა აქვს უფლება ჩაერიოს საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის შინაგანაწესში.

    მუხლი 223

თუ გემთმფლობელმა ბუქსირზიდვის ხელმძღვანელობა დააკისრა პირს, რომელიც არ არის ბუქსირის კაპიტანი, მაშინ ამ პირის სამართალურთიერთობა ბუქსირმზიდი გემისა და საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის კაპიტნებთან განისაზღვრება საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებით.

    მუხლი 224

ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ბუქსირის გასვლის პუნქტში გამოცხადების შემდეგ ბუქსირის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და საბუქსირო ობიექტის მფლობელს აანაზღაურებინოს ბუქსირმზიდის გასვლის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მისვლის, ასევე ბაზირების პუნქტში (ან სხვა პუნქტში, არა უშორეს ბაზირების ნავსადგურისა) , უკან დაბრუნებისათვის გაწეული ხარჯი, ასევე გადაახდევინოს შესაძლო შემოსავალი (ხელიდან გაშვებული სარგებელი).

    მუხლი 225

გასვლის ნავსადგურში ბუქსირის არასანაოსნო ან ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებელ მდგომარეობაში შესვლის შემთხვევაში საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ბუქსირის მფლობელს მის მიერ გაწეული ხარჯებისა და შესაძლო შემოსავლის ანაზღაურება.

    მუხლი 226

საქართველოს ნავსადგურებს შორის, ასევე უცხო ქვეყნების ნავსადგურებამდე ან უკან საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემების მიერ ბუქსირზიდვა რეგულირდება ამ კოდექსით.

    მუხლი 227

თუ საბუქსირო გემი ან სხვა მცურავი ობიექტი ბუქსირმზიდი გემისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით აღმოჩნდება საზღვაო ინციდენტის მდგომარეობაში, ბუქსირმზიდის კაპიტანი ვალდებულია მიაწოდოს საბუქსირო გემს ან სხვა მცურავ ობიექტს სამაშველო საშუალებები და აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება მანამ, ვიდრე დაზარალებულს აღარ დასჭირდება მაშველი ძალა. ამ შემთხვევაში ბუქსირმზიდ გემს აუნაზღაურდება მხოლოდ ფაქტობრივი დანახარჯები სამაშველო გასამრჯელოს გარეშე.

    მუხლი 228

1. სანავსადგურო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებით ბუქსირის მფლობელს გასამრჯელოს საფასურად სანავსადგურო წყლებში შეჰყავს ან გამოჰყავს გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, ატარებს სანავსადგურო წყლებში საბუქსირო გემის მანევრირებას, გემის ბაგირით მიბმასა და სხვა ოპერაციებს.

2. სანავსადგურო ბუქსირზიდვის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას წარმოადგენს კაპიტნის განაცხადი.

    მუხლი 229

1. სანავსადგურო ბუქსირზიდვას მართავს საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის კაპიტანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ბუქსირმზიდი გემის კაპიტნისათვის ბუქსირზიდვის ხელმძღვანელობის დაკისრება შეიძლება მხოლოდ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 230

სანავსადგურო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნავსადგურის კაპიტანს შეუძლია დაადგინოს ბუქსირის აუცილებელი გამოყენება ნავსადგურის აკვატორიაში შესვლის, გასვლისა და გადაადგილებისათვის, მანევრირების, გემის ბაგირით მიბმისა და სხვა ოპერაციების შესასრულებლად, ასევე, განსაზღვროს ბუქსირზიდვის პირობები.

თავი XV.
საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება

    მუხლი 231

საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად მზღვეველი სათანადო საზღაურის (სადაზღვევო პრემია) მიღებით კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებაში აღნიშნული საშიშროების ან შემთხვევის დროს (სადაზღვევო შემთხვევა), აუნაზღაუროს ზიანი დამზღვევს ან სხვა პირს, ვის სასარგებლოდაც არის გაფორმებული ხელშეკრულება.

    მუხლი 232

საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით.

    მუხლი 233

1. ამ თავში მოცემული მომდევნო წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

2. ამ თავში პირდაპირ მითითებული შემთხვევების საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

    მუხლი 234

1. საზღვაო დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა, მაგალითად, გემი (მათ შორის მშენებარე), ტვირთი, ფრახტი, მგზავრობის საფასური, საიჯარო ქირა, მოგება, აგრეთვე გემით, ტვირთით ან ფრახტით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები, კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების ხელფასი ან სხვა გასამრჯელო, გემთმფლობელისა და ტვირთის გადამზიდავის ქონებრივი ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აგრეთვე მზღვეველის მიერ თავის თავზე აღებული რისკი (გადაზღვევა) .

2. დაზღვევის ობიექტი მითითებული უნდა იყოს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში.

    მუხლი 235

1. ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს გარემოებათა რისკის ხარისხის დადგენისათვის საჭირო მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ან ის ინფორმაცია, რომელიც მას უნდა სცოდნოდა, აგრეთვე სხვა ცნობები მზღვეველის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. დამზღვევი თავისუფლდება ვალდებულებისაგან, რომ მზღვეველს მიაწოდოს საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო .

3. დამზღვევის მიერ სათანადო ცნობების მიუწოდებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

    მუხლი 236

მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს თავისი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება საზღვაო დაზღვევის პირობები (პოლისი, სადაზღვევო სერტიფიკატი და ა.შ.).

    მუხლი 237

დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს დათქმულ ვადაში გადაუხადოს სადაზღვევო პრემია. სადაზღვევო პრემიის გადახდამდე საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში არ შედის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 238

დამზღვევს შეუძლია საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება გააფორმოს თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.

    მუხლი 239

თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებას აფორმებენ სხვა პირის სასარგებლოდ, დამზღვევი მოვალეა შეასრულოს ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება. ასევე მოვალეა ის პირიც, რომლის სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება, თუ ის დადებულია მისი მითითებით ან თუნდაც მითითების გარეშე, თუკი მან შემდგომში თანხმობა განაცხადა დაზღვევაზე.

    მუხლი 240

სხვა პირის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი სარგებლობს დაზღვევის ხელშეკრულებით მინიჭებული ყველა უფლებით ამ პირისაგან შესაბამისი მინდობილობის მიღების გარეშეც.

    მუხლი 241

სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისას მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ დაზღვევის დროს გაცემული პოლისის ან სხვა სადაზღვევო საბუთების წარმოდგენა.

    მუხლი 242

1. დაზღვეული ტვირთის გასხვისების შემთხვევაში ძალაში რჩება დაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევის ყველა უფლება-მოვალეობა გადადის ტვირთის შემსყიდველზე.

2. თუ ტვირთის გასხვისებამდე სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, მისი ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება როგორც დამზღვევს, ისე იმ პირს, ვინც ტვირთი შეიძინა. ამასთან, თუ პოლისში ან სხვა სადაზღვევო საბუთში აღნიშნული არ არის პრემიის გადაუხდელობა, მისი მფლობელის მიმართ პრემიის გადახდის მოთხოვნა ბათილია.

    მუხლი 243

1. დაზღვეული გემის გასხვისებისას საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება გასხვისების მომენტიდან. გამონაკლისია გემის გასხვისება რეისის დროს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს რეისის დამთავრებამდე და დამზღვევის ყველა უფლება-მოვალეობა გადადის გემის შემძენზე.

2. ეს მუხლი გამოიყენება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაშიც.

    მუხლი 244

1. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი ვალდებულია განაცხადოს თანხა, რომლითაც იგი აზღვევს შესაბამის ინტერესს (სადაზღვევო თანხა).

2. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვეული ინტერესის ნამდვილ ღირებულებაზე (დაზღვევის ღირებულება), მზღვეველი ზიანისათვის პასუხს აგებს სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულად.

3. თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებული სადაზღვევო თანხა აღემატება დაზღვევის ღირებულებას, ხელშეკრულება ითვლება ძალადაკარგულად სადაზღვევო თანხის იმ ნაწილში, რომელიც აღემატება დაზღვევის ღირებულებას.

    მუხლი 245

თუ ინტერესი დაზღვეულია რამდენიმე მზღვეველისაგან თანხით, რომელიც ჯამში აღემატება დაზღვევის ღირებულებას, ყოველი მზღვეველი პასუხს აგებს მხოლოდ დაზღვევის ღირებულების ფარგლებში, ამასთან, ყოველი მათგანი პასუხს აგებს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის პროპორციულად.

    მუხლი 246

1. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში რჩება მაშინაც, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში აუცილებლად ასანაზღაურებელი ზიანის წარმოქმნის საშიშროება აღარ არსებობს ან ზიანი უკვე წარმოიშვა.

2. თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას მზღვეველმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნის შესაძლებლობა გამორიცხულია ან თუ დამზღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა უკვე მომხდარი ზიანის შესახებ, მაშინ იმ მხარისათვის, რომელმაც ეს არ იცოდა, დაზღვევის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულება აუცილებელი არ არის.

3. მზღვეველს სადაზღვევო პრემია ეკუთვნის იმ შემთხვევაშიც, თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების შესრულება მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.

    მუხლი 247

განსაკუთრებული შეთანხმებით (გენერალური პოლისით) შეიძლება დაზღვეულ იქნეს ყველა ტვირთი, რომელსაც დამზღვევი გარკვეული დროის განმავლობაში იღებს ან გზავნის.

    მუხლი 248

1. დამზღვევი ვალდებულია გენერალური პოლისით გაფორმებული ყოველი ტვირთის გაგზავნის ცნობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მზღვეველს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ:

ა) ტვირთის გადამტანი გემის სახელწოდება;

ბ) ტვირთის გადატანის მარშრუტი;

გ) სადაზღვევო თანხა.

2. დამზღვევი არ თავისუფლდება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოვალეობისაგან მაშინაც კი, როცა ის მიიღებს ცნობას, რომ ტვირთი დაუზიანებლად მივიდა დანიშნულების ადგილზე.

3. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში, მზღვეველს უფლება აქვს უარი განაცხადოს შესაბამის ტვირთთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა, თუ დამზღვევი ვერ დაამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან დაგვიანებით მიწოდება არ იყო მისი განზრახი ქმედობა.

4. თუ დამზღვევმა განზრახ დააყოვნა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საერთოდ არ მიაწოდა ან შეგნებულად მიაწოდა მცდარი მონაცემები ტვირთისა და სადაზღვევო თანხის შესახებ, მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას გენერალური პოლისით დაზღვევაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულების შემთხვევაში.

     მუხლი 249

1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევის მოთხოვნით გენერალურ პოლისს დაქვემდებარებული ტვირთის ცალკეული გაგზავნისას გასცეს პოლისი ან სადაზღვევო სერტიფიკატი.

2. პოლისის ან სადაზღვევო სერტიფიკატის შინაარსის გენერალური პოლისის შინაარსთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ პოლისსა და სადაზღვევო სერტიფიკატს.

    მუხლი 250

მზღვეველი პასუხს არ აგებს ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია დამზღვევის, ტვირთის გამგზავნის, მიმღების ან მათი წარმომადგენლის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახი ქმედობით.

    მუხლი 251

1. მზღვეველი გემის დაზღვევისას, ამ კოდექსის 250-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევების გარდა, პასუხს არ აგებს არასანაოსნო მდგომარეობაში მყოფი გემის რეისში გაგზავნის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, თუ ეს მდგომარეობა ფარული ნაკლის შედეგი არ იყო.

2. მზღვეველი პასუხს არ აგებს ასევე გემისა და მისი აღჭურვილობის სიძველით, ბუნებრივი ცვეთით, ისევე, როგორც ფეთქებადი და თვითაალებადი ნივთიერებებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ ასეთი დატვირთეს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის ნებართვით მზღვეველთან შეუთანხმებლად.

    მუხლი 252

 ტვირთის ან მოსალოდნელი მოგების დაზღვევისას, კოდექსის 250-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევების გარდა, მზღვეველი პასუხს არ აგებს თვით ტვირთის ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე (შიდა გაფუჭება, დაკლება, დაჟანგვა, დაობება, გატეხვა ან გაჟონვა, თვითაალება და ა. შ.) და არასათანადო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის.

    მუხლი 253

ფრახტის დაზღვევის დროს გამოიყენება ამ კოდექსის 250-ე, 251-ე და 252-ე მუხლები.

    მუხლი 254

მზღვეველი პასუხს არ აგებს ბირთვული აფეთქებისას რადიაციით ან რადიაქტიული დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 255

მზღვეველი პასუხს არ აგებს სამხედრო მოქმედებით ან სამხედრო ღონისძიებებით გემის შეპყრობით, მეკობრეთა თავდასხმით, სახალხო მღელვარებით, გაფიცვით, აგრეთვე სამხედრო ან სამოქალაქო ხელისუფლების ბრძანებით ტვირთის ან გემის კონფისკაციით, რეკვიზიციით, დაპატიმრებით, ან გემისა და ტვირთის განადგურებით გამოწვეული ზიანისათვის.

    მუხლი 256

1. დამზღვევი ვალდებულია დაზღვევის ობიექტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება (ზედმეტად დატვირთვა, ტვირთის გადაზიდვის საშუალების, ჩამოტვირთვის ნავსადგურის, დათქმული ან ჩვეული მარშრუტის შეცვლა, გამოზამთრებისათვის დატოვება და ა.შ.), დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს.

2. დასაზღვევი ობიექტის მიმართ საშიშროების გაძლიერების შემთხვევაში, თუ ეს არ არის დაკავშირებული ადამიანების, გემის, ტვირთის გადარჩენასთან, მზღვეველს უფლება ეძლევა გადასინჯოს ხელშეკრულების პირობები და მოითხოვოს დამატებითი პრემია. თუ დამზღვევი ამას არ ეთანხმება, საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება აღნიშნული ცვლილების წარმოქმნისთანავე.

    მუხლი 257

1. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მიიღოს ყველა მასზე დამოკიდებული ზომა ზიანის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და თუ მზღვეველისაგან აქვს მიღებული მითითება, შეასრულოს იგი.

2. თუ დამზღვევმა უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედობით არ მიიღო ღონისძიება ზიანის თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, მზღვეველი თავისუფლდება მიღებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან.

     მუხლი 258

დამზღვევის მოთხოვნით მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო თანხის ფარგლებში წარმოადგინოს საერთო ავარიის შესატანის გადახდის უზრუნველყოფა.

    მუხლი 259

საერთო ავარიის დისპაშის შედგენისას დამზღვევი ვალდებულია დაიცვას მზღვეველის ინტერესები.

    მუხლი 260

1. სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს სრული სადაზღვევო თანხის გადახდის გზით გათავისუფლდეს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობისაგან. იგი ვალდებულია ამ უფლების გამოყენების სურვილი აცნობ ოს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ უკანასკნელი ცნობის მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში, აგრეთვე ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ცნობის მიღებამდე დამზღვევის მიერ ზიანის შემცირებისა და თავიდან აცილების მიზნით გაწეული ხარჯები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხის გადახდით მზღვეველი არ იღებს უფლებას დაზღვეულ ქონებაზე.

    მუხლი 261

1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს აუნაზღაუროს ზიანის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯები, რომელზეც პასუხისმგებელია მზღვეველი, აგრეთვე ხარჯები, რომლებიც გაწეულია მზღვეველის მითითებათა შესასრულებლად, იმ ზიანის სიდიდის გასარკვევად და დასადგენად, რომელიც უნდა აანაზღაუროს მზღვეველმა, ასევე საერთო ავარიის დისპაშის შესადგენად.

2. ამ მუხლში მითითებული ხარჯების ანაზღაურება ხდება სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულად.

    მუხლი 262

 1. მზღვეველი ზიანისათვის პასუხს აგებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ამასთან, ამ კოდექსის 261-ე მუხლში მითითებულ ხარჯებსა და საერთო ავარიის გადასახადს ანაზღაურებს მზღვეველი, მიუხედავად იმისა, ზემოაღნიშნული თანხა და ზიანი ერთად გადააჭარბებს თუ არა სადაზღვევო თანხას.

2. მზღვეველი პასუხს აგებს აგრეთვე ერთმანეთის მომდევნო რამდენიმე სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი საერთო თანხა აღემატება სადაზღვევო თანხას.

    მუხლი 263

სრული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისას, კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მზღვეველზე მისი თანხმობით გადადის:

ა) სრული ღირებულებით დაზღვევისას ყველა უფლება დაზღვეულ ქონებაზე;

ბ) არასრული ღირებულებით დაზღვევისას უფლება დაზღვეული ქონების ნაწილზე, სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულად.

    მუხლი 264

1. გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში მზღვეველი პასუხს აგებს სრული სადაზღვევო თანხით.

2. გემი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს სამი თვის განმავლობაში, ხოლო თუ ცნობის მიღებას ხელი შეუშალა მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა, მაშინ ეს ვადა ექვს თვემდე იზრდება.

3. თუ გემი გარკვეული ვადითაა დაზღვეული, საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი პასუხს აგებს გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვისათვის, თუ გემის შესახებ უკანასკნელი ცნობა მიღებულია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და თუ მზღვეველი ვერ დაამტკიცებს, რომ გემი დაიღუპა ვადის გასვლის შემდეგ.

    მუხლი 265

1. დამზღვევს შეუძლია უარი უთხრას მზღვეველს დაზღვეულ ქონებაზე მის უფლებაზე (აბანდონი) და მოსთხოვოს მას სრული სადაზღვევო თანხა, თუ:

ა) გემი უგზო-უკვლოდ დაიკარგა;

ბ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული გემის აღდგენა ან რემონტი (სრული კონსტრუქციული დაღუპვა);

გ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული ტვირთის დაზიანების მიზეზის აღმოფხვრა ან მისი დანიშნულების ადგილზე მიტანა;

დ) გემი ან ტვირთი შეპყრობილია, ორივე კი დაზღვეულია აღნიშნული საფრთხისაგან, ხოლო ძალადობა გრძელდება ორი თვის განმავლობაში.

2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.

3. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, ბათილია.

    მუხლი 266

1. დამზღვევმა აბანდონის შესახებ უნდა განაცხადოს კოდექსის 264-ე და 265-ე მუხლებში მითითებული ვადის დამთავრების მომენტიდან (გარემოებათა დასაწყისი) ექვსი თვის განმავლობაში.

2. ექვსი თვის გასვლის შემდეგ დამზღვევი კარგავს აბანდონის უფლებას, მაგრამ შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საერთო საფუძველზე.

3. დამზღვევის მიერ აბანდონის შესახებ განცხადება არ შეიძლება იყოს პირობითი და დაუშვებელია შემდეგ მასზე უარის თქმა.

4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, ბათილია.

    მუხლი 267

თუ მზღვეველისაგან ანაზღაურების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ გემი არ დაღუპულა ან შეპყრობილი გემი და ტვირთი გათავისუფლდა, მზღვეველს შეუძლია დაზღვეულისაგან, მისთვის ქონების დატოვებით, დაიბრუნოს სადაზღვევო ანაზღაურება ზიანის გამოკლებით, თუკი დამზღვევმა ასეთი რამ განიცადა.

    მუხლი 268

1. მზღვეველს, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადახდილი თანხის ფარგლებში ენიჭება უფლება მოთხოვნებზე, რომლებიც დამზღვევს (ან სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებ სხვა პირს) შეუძლია წარუდგინოს ზიანისათვის პასუხისმგებელ პირს. ამ უფლებას მზღვეველი ახორციელებს ანაზღაურების მიმღები პირისათვის დადგენილი წესებით.

2. თუ დამზღვევი უარს განაცხადებს გამოიყენოს თავისი უფლებები იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის ან თუ ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი ხდება მისივე მიზეზით, მზღვეველი მთლიანად ან შესაბამისი ნაწილით თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურებისაგან.

    მუხლი 269

ამ კოდექსის 263-ე, 265-ე და 268-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს გადასცეს ყველა საბუთი და ნივთმტკიცება, მიაწოდოს საჭირო ცნობები მასზე გადასულ უფლებათა გამოყენების მიზნით.

    მუხლი 270

თუ დამზღვევს ზიანი აუნაზღაურა მესამე პირმა, მზღვეველი იხდის მხოლოდ სხვაობას დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელ თანხასა და მესამე პირისაგან მიღებულ თანხას შორის.

თავი XVI.

საერთო ავარია

    მუხლი 271

1. საერთო ავარიად იგულისხმება ზიანი, რომელიც გამოწვეულია საერთო საფრთხეში მყოფი გემის, ფრახტისა და გადასაზიდი ტვირთის გადარჩენის მიზნით განზრახ და შეგნებულად საგანგებო ხარჯების გაღების ან შეწირვის შედეგად.

2. საერთო ავარია ნაწილდება გემს, ფრახტსა და ტვირთს შორის მათი ღირებულების, ამ რეისის დამთავრების ადგილისა და დროის მიხედვით.

3. ამ თავში ფრახტად იგულისხმება, აგრეთვე, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის ღირებულება.

    მუხლი 272

ამ კოდექსის 273–283-ე მუხლები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 273

საერთო ავარიას, თუ არსებობს 271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები, განეკუთვნება:

ა) ბორტს იქით ტვირთის ან გემის მოწყობილობათა გადაგდებით მიყენებული ზიანი, ასევე საერთო სამაშველო ღონისძიებათა ჩატარებისას გემის ან ტვირთის დაზიანებისგან მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გადასაგდებად გაღებული ლიუკებიდან ან ამ მიზნით გაკეთებული ხვრელებიდან ტრიუმში წყლის შეღწევის შედეგად;

ბ) გემზე ხანძრის ჩაქრობით გამოწვეული გემის და/ან ტვირთის ზიანი, ამ მიზნით ცეცხლმოდებული გემის განზრახ დატბორვის ან ნაპირზე გამორიყვის ჩათვლით;

გ) გემის მეჩეჩზე განზრახ დაჯდომითა და მოხსნით გამოწვეული ზიანი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელი იყო გემის მეჩეჩზე თვითნებურად დაჯდომაც;

დ) გემის მეჩეჩიდან მოხსნის მცდელობისას ძრავების, გემის სხვა მანქანებისა და საქვაბეების დაზიანებით გამოწვეული ზიანი;

ე) გემის მეჩეჩზე დაჯდომისას ტვირთის, საწვავის ან სხვა მარაგის ლიხტერებში გადატვირთვის, მათი გემზე უკან გადმოტვირთვის და ლიხტერების დაქირავების საგანგებო ხარჯები;

ვ) ტვირთის, საწვავის ან მარაგის დაღუპვის ან დაზიანების შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია მათი გემზე გადაადგილების, გემიდან გადმოტვირთვის, ხელმეორედ დატვირთვის ან დალაგების, აგრეთვე შენახვის შედეგად, თუ ამ ოპერაციების შესასრულებლად გაწეული ხარჯები აღიარებულია საერთო ავარიად;

ზ) ხარჯი, რომელიც გაღებულია დახმარების აღმოსაჩენად როგორც ხელშეკრულებით, ისე უამისოდ, იმ მოცულობით, რომლითაც სამაშველო ოპერაციები ხორციელდება გემის, ფრახტის და ტვირთის საფრთხისაგან დასაცავად;

თ) ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ფრახტის დაკარგვა – იმ შემთხვევაში, როცა ტვირთის დაკარგვა ანაზღაურდება საერთო ავარიის განაწილების წესით, ფრახტს გამოაკლდება ხარჯი, რომელიც უნდა გაეღო ტვირთის გადამზიდს ფრახტის მიღების მიზნით, მაგრამ შეწირვის გამო ასეთ ხარჯს ადგილი არ ჰქონია.

    მუხლი 274

საერთო ავარიას განეკუთვნება ან უთანაბრდება ასევე:

ა) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევის გამო გემის თავშესაფარში იძულებითი შესვლით ან დატვირთვის ადგილზე დაბრუნებით ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო გამოწვეული ხარჯი, როდესაც ასეთი შესვლის აუცილებლობა ან დაბრუნება საერთო უსაფრთხოებითაა განპირობებული;

ბ) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია გემის პირველსაწყისი ტვირთით ან მისი ნაწილით თავშესაფრიდან ან გასვლის ნავსადგურიდან გასვლით, სადაც იგი იძულებული იყო დაბრუნებულიყო;

გ) შესვლისა და გასვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მარაგის გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც გაიღეს საერთო უსაფრთხოების მიზნით ან დაბრუნებული გემის შესაკეთებლად, რაც გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით ან სხვა განსაკუთრებული გარემოებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელი იყო რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის;

დ) შენახვის ხარჯი, რომელიც გამოწვეულია, დასაბუთებული დაზღვევის ჩათვლით, ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების პირობებში გადმოტვირთული და გადაადგილებული საწვავის, ტვირთის ან მომარაგების საგნების ხელახლა დასატვირთად და დასაწყობად, – თუ გემი მიჩნეულ ია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი. შენახვის ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან ამ თარიღამდე უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე;

ე) ამ მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებებში გემის თავშესაფარში შესვლის ან ნავსადგურში დაბრუნების შედეგად რეისის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელფასის, გემის ეკიპაჟის შენახვის, საწვავის და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯი, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი; აღნიშნული ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე ამ თარიღამდე;

ვ) საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უბედური შემთხვევის შედეგად ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო, ან ასეთი გარემოებების გამო დაზიანებული გემის შეკეთებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის; გემის რომელიმე ადგილას შეყოვნებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ხელფასისა და ეკიპაჟის შენახვის, ნავსადგურის, საწვავისა და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯები, წარმოშობილი შეყოვნების გამო, ანაზღაურდება საერთო ავარიის განახლების წესის მიხედვით, იმ ხარჯების გამოკლებით, რომელიც წარმოიშვა გემის საერთო ავარიას მიუკუთვნებელი შეკეთებით;

ზ) გემის დროებითი რემონტი, რომელიც საერთო უსაფრთხოების გამო ჩატარდა დატვირთვის, შესვლის ან თავშესაფარ ადგილზე, ასევე იმ დაზიანებათა დროებითი რემონტი, რომელიც შედის საერთო ავარიაში. ამასთან, შემთხვევით დაზიანებათა დროებითი შეკეთების, რომელიც აუცილებელი იყო მხოლოდ აღნიშნული რეისის დამთავრებისათვის, ღირებულების ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული იმ ხარჯების ფარგლებში, რომელიც უნდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას, თუ აღნიშნული შეკეთება არ ჩატარდებოდა;

თ) ყველა საგანგებო ხარჯი, რომელიც გაწეულ იქნა სხვა ხარჯების მაგივრად და რომელიც შეიძლებოდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას. ამასთან, მისი ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული ხარჯის ფარგლებში საერთო ავარიის რომელიმე მონაწილისაგან ასეთი ხარჯის შედეგად მიღებული ეკონომიის შეუფარდებლად.

    მუხლი 275

ზიანი, რომელიც არ ეხება კოდექსის 271-ე, 273-ე და 274-ე მუხლებს, მიეკუთვნება კერძო ავარიას. ასეთი ზიანი არ ნაწილდება გემს, ტვირთსა და ფრახტს შორის. მას ანაზღაურებს ის, ვინც დაზიანდა, ან ის, ვინც პასუხს აგებს ზიანის მიყენებისათვის.

     მუხლი 276

271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის მიუხედავად, საერთო ავარიად არ ჩაითვლება:

ა) ღირებულება ბორტს იქით გადაგდებული თვითაალებადი ტვირთისა, რომელიც იწვის, და ისეთი ტვირთისა, რომელიც გადააქვს გემს სავაჭრო ზღვაოსნობის წესებისა და ჩვეულებების შეუსაბამოდ;

ბ) გემის ბორტზე ხანძრის ჩაქრობისას კვამლით ან სიმხურვალით მიყენებული ნებისმიერი ზიანი;

გ) ზიანი, რომელიც მიყენებულ იქნა საერთო საფრთხისაგან გადარჩენის მიზნით შეწირულობათა გაღებამდე გემის ნაწილების ან ნამსხვრევების ჩამოჭრით, რომლებიც წაღებულია ან დაიკარგა უბედური შემთხვევის გამო;

დ) გასვლის და შესვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მომარაგების საგნების გადაადგილების ან გადმოტვირთვისათვის გაწეული ხარჯი, როცა გემის დაზიანება გამომჟღავნდა შესვლის ან გასვლის ნავსადგურში და რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არავითარი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა, ასევე, როცა ხარჯი გაწეულია რეისის პროცესში ტვირთის გადაადგილება-გადაცვენის გამო მხოლოდ მისი გადაწყობის მიზნით, თუ ასეთი გადაწყობა საერთო უსაფრთხოებისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს;

ე) შეკეთების პერიოდში გაწეული დანახარჯები ხელფასზე ან გემის ეკიპაჟის შესანახად, საწვავზე და მომარაგების საგნებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის და როცა დაზიანება გამომჟღავნდა გასვლის ან შესვლის ნავსადგურში, მხოლოდ იმ პირობით, თუ რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არცერთი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა;

ვ) ნებისმიერი ზიანი ან დანაკარგი, რომელიც განიცადა გემმა ან ტვირთმა რეისის ხანგრძლივობის გაზრდის შედეგად (ზიანი მოცდენის, ფასის ცვლილების გამო და ა.შ.).

    მუხლი 277

საერთო ავარია ნაწილდება კოდექსის 271-ე მუხლში მითითებული წესების მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა საგანგებო ხარჯების ან შეწირვის გამომწვევი საფრთხე წარმოიქმნა გემით, ფრახტით ან ტვირთით ქონებრივად დაინტერესებული პირის დანაშაულის გამო. ამასთან, ასეთი განაწილება საერთო ავარიის დანარჩენ მონაწილეებს არ ართმევს უფლებას აანაზღაურებინონ პასუხისმგებელ პირს მიყენებული ზიანი ისევე, როგორც ამ დროს ამ პირს არ ერთმევა დაცვის შესაძლო საშუალებანი.

    მუხლი 278

1. გემზე გემთმფლობელის ან მისი აგენტის ნებართვის გარეშე მიღებული ან გადასაზიდად შეგნებულად არასწორი დასახელებით ჩაბარებული ტვირთის დაზიანებით ან დაღუპვით გამოწვეული ზიანი არ ნაწილდება ამ კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად. თუ ტვირთი გადარჩა, მისი მფლობელი ვალდებულია საერთო საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს საერთო ავარიის შენატანებში.

2. თუ ტვირთის ღირებულება გადასაზიდად ჩაბარებისას გამოცხადებულია მის ნამდვილ ღირებულებაზე ნაკლებად, მისი მფლობელი საერთო ავარიის შენატანებში მონაწილეობს ტვირთის ნამდვილი ღირებულების შესაბამისად, ხოლო ზიანის საზღაურს იღებს მის მიერ გამოცხადებული ღირებულების შესაბამისად.

    მუხლი 279

1. გემის, მისი მანქანებისა და აღჭურვილობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება საერთო ავარიის წესით ანაზღაურებას, განისაზღვრება:

ა) გემის შეკეთების ან მისი ნაწილების შეცვლისას შეკეთების ან შეცვლის ნამდვილი ღირებულებით;

ბ) დანარჩენ შემთხვევაში ღირებულების შემცირებით, რომელიც გამოწვეულია ასეთი დაზიანებით, მაგრამ არა უმეტეს შეკეთების შეფასებითი ღირებულებისა.

2. თუ თხუთმეტ წელზე მეტი ხნის გემზე ძველი მასალები ან ნაწილები იცვლება ახლით, – შეკეთების ღირებულებიდან, რომელიც საერთო ავარიად არის მიჩნეული, „ძველის ნაცვლად ახლისათვის“ ჩამოფასდება ერთი მესამედით.

3. გემის ნამდვილი ან სრული კონსტრუქციული დაღუპვის შემთხვევაში – საერთო ავარიის მიხედვით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სხვაობას დაუზიანებელი გემის ღირებულებას გამოკლებული დაზიანების აღსადგენად საჭირო ღირებულება, რომელიც არ მიეკუთვნება საერთო ავარიას, – და დაზიანებული გემის ღირებულებას შორის, რომელიც შეიძლება იყოს განსაზღვრული გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგებით, თუ გემი გაყიდულია.

    მუხლი 280

1. ტვირთის დაზიანებით ან დაკარგვით გამოწვეული ზიანი, რომელიც ანაზღაურდება საერთო ავარიის წესით, დგინდება გადმოტვირთვის მომენტისათვის ტვირთის მიმღებისათვის წარდგენილი ანგარიშით განსაზღვრული ფასით, ხოლო ანგარიშის უქონლობის შემთხვევაში - წარმოების ადგილზე ტვირთის ფასის შესაბამისად. გადმოტვირთვის მომენტის ღირებულებაში შედის დაზღვევისა და ფრახტის ღირებულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფრახტი ტვირთის გარდა იმყოფება სხვა ინტერესების რისკზე.

2. დაზიანებული ტვირთის გაყიდვის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანი განისაზღვრება დაზიანებამდე გემის ღირებულებასა და გაყიდვის შედეგად მიღებულ წმინდა ამონაგებს შორის არსებული სხვაობით.

    მუხლი 281

საერთო ავარიის დროს ასანაზღაურებელი ხარჯების თანხას, გარდა რეისის განმავლობაში ეკიპაჟის შენახვისა და ხელფასის, აგრეთვე საწვავისა და მომარაგების საგნებისა, რომლებიც არ შეცვლილა რეისის დროს, დაერიცხება ორი პროცენტი ხარჯის გამწევი მხარის სასარგებლოდ.

    მუხლი 282

გაწეული ხარჯის თანხასა და სხვა თანხებს, რომლებიც ანაზღაურდება საერთო ავარიის წესით, დაერიცხება წლიური შვიდი პროცენტი ხარჯის გაწევის მომენტიდან დისპაშის შედგენის დამთავრებამდე. თუ რაიმე თანხა გადახდილია დისპაშის შედგენის დამთავრებამდე ხარჯისა და ზიანის ანაზღაურების საერთო ავარიის წესით, მაშინ გადახდილ თანხაზე პროცენტები დაერიცხება მისი გადახდის დღის ჩათვლით.

    მუხლი 283

1. საერთო ავარიის წესით საკონტრიბუციო შენატანები ხორციელდება ქონების წმინდა ღირებულებიდან რეისის დამთავრების მომენტისათვის, გარდა სატვირთო შენატანებისა, რომლებიც განისაზღვრება გადმოტვირთვის მომენტისათვის ტვირთის ღირებულებიდან ტვირთის მიმღების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ხოლო ანგარიშის უქონლობისას – წარმოების ადგილზე ტვირთის ფასის მიხედვით. გადმოტვირთვის მომენტის ღირებულებაში შედის დაზღვევისა და ფრახტის ღირებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფრახტი იმყოფება ტვირთისაგან განსხვავებული ინტერესების რისკზე. ასეთ პირობებში ტვირთის ღირებულებას აკლდება გადმოტვირთვის მომენტისათვის არსებული დანაკარგისა და დაზიანების ღირებულება.

2. გემის ღირებულება განისაზღვრება დიმაიზის ან ტაიმ-ჩარტერის დადებითი ან უარყოფითი ეფექტის გაუთვალისწინებლად.

3. გემის ღირებულებას ემატება თანხა, რომელიც ითვალისწინებს საერთო ავარიით შეწირული ქონების ანაზღაურებას, თუ იგი მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, ფრახტის თანხას ან გადაზიდვის საფასურს, რომელიც გემთმფლობელის რისკზე იმყოფება, აკლდება ხელფასი და ეკიპაჟის შესანახი ხარჯი, რომელსაც არ გადაიხდიდნენ, თუ გემი და ტვირთი მთლიანად დაიღუპებოდა იმ პირობებში, რამაც გამოიწვია საერთო ავარია და იგი საერთო ავარიას არ მიაკუთვნეს.

4. ქონების ღირებულებას აკლდება ყველა დამატებითი ხარჯი, რომლებიც გაწეულ იქნა ამ ქონებაზე საერთო ავარიის შემდეგ, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება საერთო ავარიას.

5. მგზავრთა ქონება და ბარგი, რომლებზეც კონოსამენტი არ იყო გაცემული, საერთო ავარიის შენატანებში არ შედის.

    მუხლი 284

საერთო ავარიას ადგენს და მის განაწილებას დაინტერესებულ პირთა განცხადების საფუძველზე ანგარიშობს დისპაშორი, რომელსაც ნიშნავს გემთმფლობელი საქართველოში რეგისტრირებული საზღვაო სურვეირული კომპანიების მოსამსახურე პირთაგან. დისპაშორს უნდა გააჩნდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება კერძო საზღვაო სამართლისა და სავაჭრო ნაოსნობის სფეროში.

    მუხლი 285

1. საერთო ავარიის განაწილების მომთხოვნ მხარეს ევალება დაამტკიცოს, რომ გაცხადებული ზიანი ან ხარჯები ნამდვილად იყო აღიარებული საერთო ავარიად.

2. ყველა ის მასალა, რომლის საფუძველზეც ხდება დისპაშის შედგენა, მიმოხილვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დისპაშორი ვალდებულია დაინტერესებულ პირებს მოთხოვნისას მისცეს ამ მასალების დამოწმებული ასლები მათივე ხარჯზე.

    მუხლი 286

დისპაშის შედგენისათვის იხდიან საფასურს, რომელიც შედის დისპაშში და უნაწილდება ყველა დაინტერესებულ პირს საერთო ავარიაში მათი მონაწილეობის პროპორციულად.

    მუხლი 287

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ დისპაში 6 თვის განმავლობაში, რის შესახებაც უნდა ეცნობოს დისპაშორს და გაეგზავნოს სასარჩელო განცხადების ასლი.

    მუხლი 288

თუ დისპაში არ გასაჩივრდა 287-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ან გასაჩივრდა, მაგრამ სასამართლომ იგი ძალაში დატოვა, მისი ზღვევინება შეიძლება სანოტარო საშემსრულებლო წარწერის საშუალებით, რისთვისაც სანოტარო კანტორაში წარდგენილ უნდა იქნეს დისპაში და დისპაშორის ცნობა იმის შესახებ, რომ სასამართლოს დისპაში არ გაუუქმებია და არ შეუცვლია.

    მუხლი 289

ავარიის სახეობის დადგენის, საერთო ავარიის ოდენობის გამოთვლისა და დისპაშის შედგენისას, თუ კანონი სრული არ არის, დისპაშორი ხელმძღვანელობს სავაჭრო ნაოსნობის საერთაშორისო ჩვევებით.

თავი XVII.

გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

    მუხლი 290

1. ამ თავის წესები გამოიყენება ზღვაში ან სხვა წყლებში გემების შეჯახების დროს.

2. ამ თავის მიხედვით გემების შეჯახებას უტოლდება შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმა გემმა მეორეს ან მასზე მყოფ ხალხს, ტვირთს ან სხვა ქონებას გემის მანევრის შესრულებით ან შეუსრულებლობით, ან ნაოსნობის წესების დაუცველობით მიაყენა ზიანი, მაშინაც კი, თუ ეს გემები ფიზიკურად არ შეხებიან ერთმანეთს.

    მუხლი 291

შეჯახების მონაწილე არც ერთი გემი არ ჩაითვლება დამნაშავედ მისი დანაშაულის დამტკიცებამდე.

    მუხლი 292

თუ შეჯახება გამოწვეულია ერთ-ერთი გემის არასწორი ქმედებით ან დაუდევრობით, ზიანს ანაზღაურებს ის მხარე, რომლის მიზეზითაც მოხდა შეჯახება.

     მუხლი 293

თუ შეჯახება გამოწვეულია შეჯახების მონაწილე ყველა გემის მიზეზით, მაშინ მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება შეჯახებაში მათი ბრალის შესაბამისად. ბრალის ხარისხის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხარეებზე თანაბრად ნაწილდება.

     მუხლი 294

1. თუ შეჯახება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორი) გამო, აგრეთვე თუ შეუძლებელია შეჯახების მიზეზის დადგენა, ზიანს ანაზღაურებს ის, ვინც ზიანი განიცადა.

2. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ გემები, ან ერთ-ერთი მაინც, შეჯახების მომენტში ღუზაზე იდგა ან სხვაგვარად იყო დამაგრებული.

    მუხლი 295

1. ამ კოდექსის 293-ე მუხლში აღნიშნულ შემთხვევაში ადამიანის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევით მიყენებული ზიანის გამო გემთმფლობელები ერთად (სოლიდარულად) აგებენ პასუხს მესამე პირის წინაშე, ამასთან გემთმფლობელს, რომელმაც გადაიხადა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ევალება, აქვს სხვა გემთმფლობელისათვის უკუმოთხოვნის წაყენების უფლება.

2. მესამე პირისთვის მიყენებული ყველა სხვა ზიანი ანაზღაურდება 293-ე მუხლის შესაბამისად, ოღონდ სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშე.

    მუხლი 296

ამ კოდექსის 292-ე, 293-ე და 295-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა შეჯახება გამოწვეულია ლოცმანის ან ნაოსნობის მართვის სისტემის მიზეზით.

    მუხლი 297

1. შეჯახების მონაწილე თითოეული გემის კაპიტანი ვალდებულია, შეჯახების შემდეგ, თავისი მგზავრების, ეკიპაჟის და გემის სერიოზულ საფრთხეში ჩაგდების გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში მიეშველოს სხვა გემს, ეკიპაჟს და მგზავრებს.

2. გემის კაპიტნები ვალდებული არიან შეძლებისდაგვარად აცნობონ ერთმანეთს თავიანთი გემის სახელწოდება, მიწერის ნავსადგური, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ნავსადგურები ან უახლოესი ნავსადგური, რომელშიც გემი შევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.

თავი XVIII.

გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

     მუხლი 298

1. გემის მესაკუთრე ან ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირი პასუხს აგებს ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გემიდან ნავთობის გაჟონვით ან გადასხმით ან ზღვაში გემიდან იმ ნივთიერებათა ჩაყრით (შემდგომში – დამაბინძურებელი ნივთიერება), რომელიც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისა და ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს 299-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევა.

2. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული დანაკლისი არის ზიანი, რომელიც მიაყენა გემის გარე დამაბინძურებელმა საზღვაო გარემოს, სანაპიროს ან სხვა რომელიმე ობიექტს (გემებს, თევზსარეწ აღჭურვილობას და ა.შ.). ის მოიცავს ნებისმიერი პირის მიერ იმ გონივრულ ღონისძიებათა გატარებისათვის დახარჯულ თანხას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ან უკვე გამოიწვია გაჟონვა ან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაყრა, დაბინძურების გამო ზიანის აღსაკვეთად ან შესამცირებლად, ასევე ზიანს, რომელიც მიყენებულია იმავე ღონისძიებებით.

    მუხლი 299

გემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურება გამოიწვია:

ა) თავისი ხასიათით განსაკუთრებულმა, გადაულახავმა და გარდაუვალმა სტიქიურმა მოვლენამ;

ბ) სამხედრო მოქმედებამ, მტრულმა ქმედებამ ან სახალხო მღელვარებამ;

გ) მესამე პირმა, რომელიც მოქმედებდა ან უმოქმედოდ იყო ზიანის განზრახ მიყენების მიზნით;

დ) მაშუქ ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა გაუმართაობამ, რაც გამოიწვია ამ საშუალებების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა დაუდევრობამ ან სხვა გაუმართლებელმა მოქმედებამ;

ე) ნავსადგურის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებათა მიუღებლობის შემთხვევაში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ წყალში.

    მუხლი 300

თუ გემთმფლობელი დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანი ნაწილობრივ ან მთლიანად წარმოიქმნა სხვა პასუხისმგებელი მხარის და/ან დაზარალებულის გამიზნული ან დაუდევარი მოქმედებით, მაშინ პასუხისმგებელი მხარისა და/ან დაზარალებულის ბრალის ხარისხის შესაბამისად გემთმფლობელს უმცირდება ზიანის ანაზღაურების ოდენობა ან მთლიანად თავისუფლდება მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.

    მუხლი 301

თუ ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანი წარმოიქმნა ორი ან რამდენიმე გემიდან მავნე ნივთიერებათა გაჟონვით ან ზღვაში ჩაშვებით და ვერ მოხერხდა დანაშაულში თითოეული გემის მფლობელის პასუხისმგებლობის წილის დადგენა, გემის მესაკუთრეები ზიანისათვის სოლიდარულად აგებენ პასუხს.

    მუხლი 302

1. გემიდან ზღვაში მავნე ნივთიერებების გაჟონვის ან ჩაშვების შედეგად ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეულ ერთ და რამდენიმე შემთხვევასთან მიმართებით შემოიფარგლება საერთო თანხით გემის ტევადობის ყოველი ერთეულისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის 133 საანგარიშსწორებო ერთეულთან. ეს საერთო თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 14 მლნ საანგარიშსწორებო ერთეულს.

2. გემის ტევადობა არის გემის წმინდა ტევადობას დამატებული სამანქანო განყოფილების მოცულობა. თუ გაზომვის ჩვეულებრივი წესებით შეუძლებელია გემის ტევადობის განსაზღვრა, მაშინ მიიჩნევენ, რომ გემის ტევადობა ტოლია ნავთობის ან სხვა ნივთიერების იმ რაოდენობის (ტონებში) 40 პროცენტისა, რომლის გადაზიდვაც გემს შეუძლია.

    მუხლი 303

302-ე მუხლში აღნიშნული დაბინძურებისათვის თავისი პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნით გემის მესაკუთრეს სასამართლოში ან არბიტრაჟში, სადაც მას წაუყენეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, შეუძლია შექმნას ფონდი, რომელიც ტოლი იქნება მისი პასუხისმგებლობის საზღვრის თანხისა. ფონდი იქმნება თანხის გადარიცხვით (დეპოზიტით) ან სხვა სახის უზრუნველყოფით, რომელსაც სასამართლო ან არბიტრაჟი მისაღებად და საკმარისად აღიარებს.

    მუხლი 304

1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით.

2. ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს, რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი, რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი, როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს შეედავოს დაზარალებულს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც შეიძლება დაყრდნობოდა თვით გემის მესაკუთრე, გარდა გემთმფლობელის გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე.

3. სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს:

ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს;

ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი;

გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს;

დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების მითითებით.

4. მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება.

    მუხლი 305

1. გემს, რომელსაც გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, უნდა ჰქონდეს ნავთობით ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი შესაბამისი მოქმედი მოწმობა კოდექსის 304-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

    მუხლი 306

ზღვის დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 337–ე, 341–ე, 342–ე, 343–ე, 348–ე მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 307

სიტყვა „ნავთობი“ გულისხმობს ნებისმიერ მდგრად ნავთობს, კერძოდ, ნავთობის ნედლეულს, მაზუთს, დიზელის მძიმე საწვავსა და საპოხ ზეთებს, აგრეთვე ვეშაპისა და თევზის ქონს.

თავი XIX.

ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა

     მუხლი 308

1. ბირთვული გემის ოპერატორი პასუხს აგებს ბირთვულ გემთან დაკავშირებული ბირთვული ინციდენტით მიყენებული ბირთვული ზიანისათვის, გარდა ამ თავის 310-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა.

2. ბირთვული ზიანი პიროვნებას ან ქონებას შეიძლება მიადგეს რადიაქტიური თვისებების ან რადიაქტიური და ტოქსიკური, ფეთქებადი და სხვა საშიში თვისებების მქონე ბირთვული საწვავით, ბირთვული გემის რადიაქტიური პროდუქტებით ან სხვა ნარჩენებით, აგრეთვე ზიანის აღკვეთის ან მისი ოდენობის შემცირების მიზნით გაწეული ხარჯებით.

3. თუ ბირთვულთან ერთად მიყენებულია სხვა ზიანი, რომლის ბირთვულისაგან გამოყოფა არ ხერხდება, მაშინ მიყენებული ზიანი მთლიანად ბირთვულად ჩაითვლება.

4. ბირთვულ ზიანად არ ითვლება თვით ბირთვული გემის, მისი აღჭურვილობის, ბირთვული საწვავის, საწვავის და სურსათის მარაგისათვის მიყენებული ზიანი.

5. ბირთვულ ინციდენტად ითვლება შემთხვევა ან ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული ნიშან-თვისებების მიხედვით.

    მუხლი 309

1. 314-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ბირთვული ზიანისათვის პასუხს აგებს უშუალოდ ბირთვული გემის ოპერატორი.

2. ბირთვული გემის ოპერატორად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გემის ექსპლუატაციის უფლება მიანიჭა გემის დროშის სახელმწიფომ, ან რომელიც უშუალოდ აწარმოებს გემის ექსპლუატაციას.

    მუხლი 310

1. ბირთვული გემის ოპერატორი ვალდებულია აანაზღაუროს ბირთვული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია სამხედრო მოქმედების, მტრული ქმედების, სახალხო მღელვარების ან დაუძლეველი ძალების შედეგად.

2. თუ ოპერატორი დაამტკიცებს, რომ ბირთვული ზიანი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიწვია თვით დაზარალებულის გამიზნულმა მოქმედებამ, იგი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდება დაზარალებულის წინაშე პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 311

1. ბირთვული გემის ოპერატორს, რომელმაც აანაზღაურა ბირთვული ზიანი, უფლება აქვს რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს:

ა) პირს, რომელმაც გამიზნულად გამოიწვია ბირთვული ზიანი;

ბ) პირს, რომელმაც ოპერატორის ან გემის დროშის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე განახორციელა ჩაძირული ბირთვული გემის ამოღება, თუ ზიანი მისი ქმედების შედეგია.

2. რეგრესული სარჩელი შეიძლება წაეყენოს აგრეთვე პირს, რომელმაც ბირთვული გემის ოპერატორთან შეთანხმებით იკისრა ბირთვული ზიანის ანაზღაურება. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგრესული მოთხოვნა შეიძლება წაეყენოს იმ პირსაც, რომელმაც ამ კოდექსის 317-ე მუხლის საფუძველზე აანაზღაურა ზიანი.

    მუხლი 312

1. ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა ბირთვული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ გემთან დაკავშირებული ერთი ბირთვული ინციდენტით, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 81,97 მლნ საანგარიშო ერთეულით, სასამართლო ხარჯების ჩათვლით.

2. თუ ბირთვული ინციდენტის შედეგად ფიზიკური პირის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წაყენებულია მოთხოვნა, მაშინ ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი თანხიდან ერთი ნაწილი 57,38 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მეორე 24,59 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით ქონებისათვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ასანაზღაურებლად.

3. თუ აღნიშნული თანხის პირველი ნაწილი არ აღმოჩნდა საკმარისი ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანისათვის მოთხოვნის ასანაზღაურებლად, მაშინ დარჩენილი თანხა გადაიხდება თანხის მეორე ნაწილიდან პროპორციულად, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან ერთად.

4. თანხა, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნების ასანაზღაურებლად, ნაწილდება მოსარჩელეთა შორის მათი მოთხოვნების დამტკიცებული ოდენობის პროპორციულად.

    მუხლი 313

1. თუ ბირთვული ზიანი მიყენებულია რამდენიმე ბირთვული გემის ოპერატორის მიერ, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, პასუხისმგებლობა ბირთვული გემის ოპერატორისა, რომელსაც წაეყენა სარჩელი, მთელი მოცულობით აანაზღაუროს ბირთვული ზიანი, არ შეიძლება აღემატებოდეს 312-ე მუხლის პირველ ნაწილში დადგენილ ზღვარს.

2. ბირთვული გემის ოპერატორს, რომელმაც ზიანი აანაზღაურა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს სხვა ბირთვული გემების ოპერატორებს მოსთხოვოს ანაზღაურება თითოეული მათგანის მიერ მიყენებული ზიანის პროპორციულად, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, თანაბარწილად.

    მუხლი 314

თუ ბირთვული გემის მიერ ბირთვული ზიანის მიყენებისას, ბირთვული ინციდენტის მომენტში გემს არა აქვს გემის დროშის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, პასუხისმგებლობა ეკისრება გემის მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა არ იზღუდება.

     მუხლი 315

1. თუ ბირთვული ინციდენტის შემთხვევაში ზიანდება მუშაკი თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას, მაშინ პასუხისმგებლობა გემის ოპერატორს ეკისრება. გემის ოპერატორი ასევე ვალდებულია დაზარალებულს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი.

2. თუ დაზარალებული იღებს დახმარებას ან პენსიას სპეციალური დაზღვევით, მაშინ ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 316

1. ბირთვულ გემს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელიც ადასტურებს ბირთვული ავარიის შემთხვევაში გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას ამ კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების, აღიარების პირობებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია.

    მუხლი 317

1. ბირთვული გემის მიერ მიყენებული ბირთვული ზიანისთვის სარჩელი შეიძლება წარედგინოს უშუალოდ მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბირთვული გემის ოპერატორს.

2. ბირთვული გემის ოპერატორისათვის ბირთვული ზიანის ანაზღაურებისათვის სარჩელის წარდგენისას, მზღვეველს ან ფინანსურად უზრუნველმყოფ სხვა პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში.

    მუხლი 318

1. თუ ბირთვული ზიანის ოდენობა აღემატება ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის ზღვარს, რომელიც კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით არის განსაზღვრული, ბირთვული გემის ოპერატორის, მოსარჩელის ან ბირთვული გემის ექსპლუატაციის ნებართვის გამცემი სახელმწიფოს სასამართლოში ან არბიტრაჟში იქმნება ფონდი შეზღუდული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად ამ ზომის ფარგლებში ოპერატორის მიერ სასამართლოში ან არბიტრაჟში ფულადი სახსრების (დეპოზიტის) შეტანის გზით ან სხვა უზრუნველყოფის წარდგენით, რომელსაც სასამართლო ან არბიტრაჟი მისაღებად და საკმარისად აღიარებს.

 2. ამ ფონდის შექმნისა და განაწილებისას გამოიყენება კოდექსის 343-ე, 344-ე, 345-ე და 347-ე მუხლები.

    მუხლი 319

ბირთვული გემის ოპერატორის მიერ გამოწვეული ბირთვული ზიანისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა განისაზღვრება 339-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე და 348-ე მუხლებით.

    მუხლი 320

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებს საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

თავი XX.

დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის

    მუხლი 321

1. სამაშველო ოპერაციად ითვლება საფრთხეში მყოფი ადამიანების, გემის ან სხვა ქონების გადასარჩენად ნებისმიერ წყლებში გაწეული ნებისმიერი ქმედება.

2. ამ თავის წესები ეხება აგრეთვე იმ გემებს, რომლებიც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ალმით დაცურავენ.

    მუხლი 322

1. საფრთხეში ჩავარდნილი გემის, მასზე მყოფი ადამიანების, ტვირთისა და სხვა ნივთების, აგრეთვე ფრახტის გადასარჩენად, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის ან სხვა ქონების საფასურის შესანარჩუნებლად, ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გაწეული დადებითი შედეგის მქონე ყოველგვარი ქმედება იძლევა სამართლიანი ჯილდოს მიღების უფლებას.

2. ჯილდო არ გაიცემა, თუ ქმედებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

    მუხლი 323

არ ჯილდოვდება:

ა) სამაშველო მომსახურება, რომელიც ჩაუტარდა საფრთხეში ჩავარდნილ გემს მისი კაპიტნის მიერ აღნიშნული მომსახურების პირდაპირი და გონივრული აკრძალვის მიუხედავად;

ბ) საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მაშველი ქმედება.

     მუხლი 324

1. გადარჩენილი ადამიანები არ არიან ვალდებული გადაიხადონ ფულადი ჯილდო გადარჩენისათვის.

2. ადამიანების გადამრჩენებს უფლება აქვთ ქონების გადამრჩენთა თანაბრად მიიღონ სამართლიანი წილი ქონების გადარჩენისათვის დაწესებული ჯილდოდან, თუ ადამიანებისა და ქონების გადარჩენა ერთი და იმავე შემთხვევის დროს მოხდა.

    მუხლი 325

ჯილდო გაიცემა მაშინაც, როდესაც მაშველი ღონისძიებების მწარმოებელი გემი გადარჩენილი გემის მფლობელს ეკუთვნის.

    მუხლი 326

1. ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ.

2. გადარჩენის შესახებ ყოველგვარი შეთანხმება, რომელიც შედგა საფრთხის მომენტში და მისი ზეგავლენით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ან შეიცვალოს სასამართლოსა და არბიტრაჟის მიერ, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი აღიარებს, რომ შეთანხმების პირობები უსამართლოა.

    მუხლი 327

ჯილდო გადარჩენისათვის მოიცავს:

ა) გადამრჩენის მომსახურების ანაზღაურებას;

ბ) გადასარჩენად გაწეულ ხარჯს;

გ) გადარჩენილი ქონების შენახვის საზღაურს;

დ) სპეციალურ კომპენსაციას, თუ გადამრჩენმა თავიდან აიცილა ან მინიმუმამდე შეამცირა გარემოს დაბინძურება.

    მუხლი 328

1. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ჯილდოს ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ან არბიტრაჟი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვემოთ წარმოდგენილი თანამიმდევრობის მიუხედავად:

ა) გადამრჩენის მიერ მიღწეული წარმატების ხარისხი;

ბ) გადარჩენილი გემისა და სხვა ქონების ღირებულება;

გ) საფრთხე, რომელიც განიცადა გადარჩენილმა გემმა, მისმა ეკიპაჟმა, მგზავრებმა და ტვირთმა;

დ) გემის, ადამიანებისა და სხვა ქონების გადასარჩენად გადამრჩენთა ძალისხმევა და ოსტატობა;

ე) გადამრჩენის მიერ დახარჯული დრო, გაწეული ხარჯი და დანაკარგები;

ვ) გადამრჩენის შესაძლო პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ;

ზ) პასუხისმგებლობის რისკი და სხვა რისკი, რომლებიც განიცადეს გადამრჩენებმა და მათმა ქონებამ;

თ) გადამრჩენთა ქონების ღირებულება, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა;

ი) მაშველი გემის სპეციალური დანიშნულება;

კ) გადამრჩენთა ძალისხმევა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

2. დადგენილი ჯილდოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ყველა ინტერესით (გემის ან სხვა გადარჩენილი ქონების) გადარჩენილი ღირებულების პროპორციულად.

    მუხლი 329

ჯილდოს ოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გადამრჩენებს უარი ეთქვათ მასზე, თუ გადარჩენის აუცილებლობა გამოწვეულია მათივე მიზეზით ან ჩაიდინეს ქურდობა, ქონების მითვისება ან დაუდევრად განახორციელეს ქმედება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ოპერაციის შედეგები.

    მუხლი 330

1. გემთმფლობელი გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ან მის მინიმუმამდე შესამცირებლად გადამრჩენს უხდის სპეციალურ კომპენსაციას გადამრჩენის მიერ გაწეულ ხარჯებზე ამ ხარჯების არა უმეტეს 30 პროცენტის დამატებით.

2. თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქმის გარემოებათა და კოდექსის 328–329-ე მუხლების გათვალისწინებით სამართლიანად მიიჩნევს, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სპეციალური კომპენსაცია გადამრჩენის მიერ გაწეული ხარჯების 100 პროცენტამდე გაიზარდოს.

    მუხლი 331

გადარჩენის ჯილდო არ უნდა აღემატებოდეს გადარჩენილი ქონების ღირებულებას.

    მუხლი 332

გადარჩენილი ქონების ღირებულებად მიიჩნევა მისი შეფასების თანხა, ხოლო თუ ქონება გაიყიდა – მისი გაყიდვით ამოღებული თანხა, ამასთან, ორსავე შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას აკლდება ბაჟი და მოსაკრებელი, ასევე დატვირთვისა და შენახვის, ქონების შეფასებისა და გაყიდვის დანახარჯები.

    მუხლი 333

რამდენიმე გადამრჩენს შორის ჯილდო ნაწილდება მათი შეთანხმებისამებრ, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს, განაწილება ხდება სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, 328–329-ე მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 334

გემთმფლობელს, ეკიპაჟის წევრებს და სხვა პირებს შორის ჯილდო გადანაწილდება გადარჩენის შედეგებში თითოეული მათგანის წილის შესაბამისად და მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს, ჯილდოს განაწილების საკითხს წყვეტს სასამართლო ან არბიტრაჟი.

    მუხლი 335

მაშველთა დაჯილდოება ხდება იმ ვალუტით, რომელიც მიღებულია გადარჩენისათვის.

თავი XXI.

გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა

    მუხლი 336

გემთმფლობელი თავისი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს იმ კუთვნილი ქონებით, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაეკისროს ანაზღაურება.

     მუხლი 337

1. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. ესენია:

ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია გარდაცვალებასთან ან დაშავებასთან, ასევე ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან პირდაპირ კავშირშია მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან;

ბ) გემზე არსებული ტვირთის მოშორებასთან, განადგურებასთან ან უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

გ) ზღვით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის შეფერხებით გამოწვეული ზიანი;

დ) ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი უფლებების ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გემის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან;

ე) ჩაძირული, ნამსხვრევებად ქცეული, მეჩეჩზე დამჯდარი ან მიტოვებული გემის ამოღებასთან, მოშორებასთან, განადგურებასა და უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ვ) გემზე არმყოფი ადამიანების ან ქონებისათვის გემის ნაოსნობის ან ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზიანი გამოიწვია პირმა, რომელიც არ იმყოფება გემზე, მაშინ ამ პირის ქმედებისა და დაუდევრობისათვის პასუხისმგებელ გემთმფლობელს შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ქმე დება ან პასუხისმგებლობა გემის ტარებასთან ან მართვასთან ან ტვირთის, ბარგის ან ხელბარგის დატვირთვასთან, გადაზიდვასთან ან გადმოტვირთვასთან, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან იყო დაკავშირებული.

    მუხლი 338

გემთმფლობელის პასუხისმგებლობა არ შეიზღუდება, თუკი დამტკიცებულია, რომ ზიანი გამოწვეულია მისი პირადი ქმედებით ან დაუდევრობით, რაც განხორციელდა ასეთი ზიანის განზრახ მიყენებით ან ზიანის მიყენების შესაძლებლობის გააზრებული თვითდაიმედებით.

    მუხლი 339

ამ კოდექსის 337-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ეხებათ:

ა) გადარჩენის ან საერთო ავარიის შესატანით გამოწვეულ მოთხოვნებს;

ბ) ეკიპაჟის და გემთმფლობელის მომსახურე სხვა წევრების მოთხოვნებს, რომელთა მოვალეობა დაკავშირებულია გემთან, აგრეთვე მემკვიდრეთა ან მოქალაქეთა მოთხოვნებთან, რომელთაც აქვთ დახმარების მიღების უფლება, თუ გემთმფლობელთან ამ პირთა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მათი პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნებზე არ შეიზღუდება ან არ გადააჭარბებს 331-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს;

გ) ჩაძირული ქონების ამოღების ან მოშორების მოთხოვნებს;

დ) მოთხოვნებს ადამიანების ან ზღვის ცოცხალი რესურსების სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი სხვადასხვა მავნე ნივთიერებებითა და ნავთობით გარემოს დაბინძურებაზე, როცა ამ ზიანზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XVIII თავის შესაბამისად;

ე) ბირთვული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებს, რაზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XIX თავის შესაბამისად.

    მუხლი 340

1. ამ კოდექსის 337-ე მუხლში აღნიშნული და ერთი და იმავე შემთხვევით წარმოქმნილი მოთხოვნებისათვის პასუხისმგებლობის საზღვრებია:

ა) სიკვდილით ან დაშავებით გამოწვეული მოთხოვნების მიმართ:

333000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის;

თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება:

501-დან 3000 ტონამდე – 500 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

3001-დან 30000 ტონამდე – 333 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

30001-დან 70000 ტონამდე – 250 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

70000 ტონის ზემოთ – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

ბ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნათა მიმართ:

167 000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის;

თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება:

501-დან 30000 ტონამდე – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

30 001-დან 70 000 ტონამდე – 125 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

70 000 ტონას ზემოთ – 83 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე.

2. როცა შემთხვევამ გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მოთხოვნები, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანი ს ანაზღაურების მოთხოვნის გადასახდელად, მაშინ ასეთ მოთხოვნათა აუნაზღაურებელი ნაწილი პროპორციულად დაიფარება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ნაჩვენები თანხიდან სხვა მოთხოვნებთან ერთად.

3. ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განეკუთვნება სიკვდილის ან ადამიანთა ჯანმრთელობის შერყევის შედეგებით წარმოქმნილ მოთხოვნას.

4. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრების დასადგენად 300 ერთეულზე ნაკლები ტევადობის გემი ითვლება 300 ერთეულის ტევადობის მქონე გემად.

    მუხლი 341

კოდექსის 340-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საზღვრები მიიღება ერთობლიობაში ყველა იმ მოთხოვნასთან, რომლებიც წარმოიშვა რომელიმე ერთი შემთხვევის გამო და წაუყენეს ერთ გემთმფლობელს და ამ თავის 347-ე მუხლში აღნიშნულ პირებს.

    მუხლის 342

თუ გემთმფლობელს, რომლის პასუხისმგებლობა იზღუდება კოდექსის 337-ე მუხლის საფუძველზე, იმავე შემთხვევიდან გამომდინარე, აქვს შემხვედრი მოთხოვნის უფლება – მისი პასუხისმგებლობა იზღუდება მხოლოდ იმ სხვაობით, რომელიც წარმოიშვა ურთიერთმოთხოვნათა თანხის ჩათვლის შედეგად.

    მუხლი 343

1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს, შეუძლია შექმნას ფონდი.

2. ფონდი იქმნება იმ თანხის ოდენობით, რაც არ სცილდება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ეს ფონდი იქმნება ფულადი შენატანების გზით (დეპოზიტით) ან სხვაგვარი უზრუნველყოფით, რომელიც აღიარებულია მისაღებად და საკმარისად სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, რომელშიც იქმნება ფონდი.

    მუხლი 344

კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი ფონდი განკუთვნილია მხოლოდ იმ მოთხოვნათა გადასახდელად, რომლის მიმართ პასუხისმგებლობა შეიძლება შეზღუდული იყოს.

    მუხლი 345

1. ამ კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, სადაც ფონდი შეიქმნა, განსაკუთრებულად კომპეტენტურია გადაწყვიტოს ფონდის განაწილების ნებისმიერი საკითხი.

2. ფონდი ნაწილდება კრედიტორებს შორის სასამართლოს მიერ დადგენილი მათი მოთხოვნების პროპორციულად.

    მუხლი 346

საანგარიშო ერთეული წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადგენილ „სესხების სპეციალური უფლების" ერთეულს, რომლის კურსსაც განსაზღვრავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ თავის 340-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული თანხები გადაიყვანება იმ სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაზე, რომლის სასამართლოში ან არბიტრაჟშიც განიხილეს სარჩელი.

    მუხლი 347

თუ რომელიმე მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიზღუდოს გემთმფლობელის პასუხისმგებლობა, წაუყენებენ უშუალოდ პირს, რომლის ქმედების ან დაუდევრობისათვის პასუხს აგებს გემთმფლობელი, ამ პირს უფლება აქვს ისარგებლოს გემთმფლობელისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის შეზღუდვის ყველა წესით, თუ არ არის დამტკიცებული, რომ ამ პირმა ზიანი განზრახ მიაყენა.

    მუხლი 348

შეზღუდული პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად მიმართული ქმედება, კერძოდ, ფონდის შექმნა ან ასეთ უზრუნველყოფაზე დაყრდნობა, არ ნიშნავს პასუხისმგებლობის აღიარებას.

     მუხლი 349

ამ თავის წესებით განსაზღვრული შეთანხმება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის შემცირების თაობაზე ბათილია.

თავი XXII.

პრივილეგიური მოთხოვნები

    მუხლი 350

1. სხვადასხვა, მათ შორის გირაოთი უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უნდა დაკმაყოფილდეს უპირველესი მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) შრომის სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დასახიჩრებით, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მათი სრული დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური დაზღვევის მოთხოვნები, რამდენადაც ყველა ეს მოთხოვნა ეხება შესაბამის გემს;

ბ) ბირთვული ზიანიდან და ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე მოთხოვნა;

გ) სანავსადგურო საფასურის მოთხოვნა;

დ) გადარჩენის ჯილდოსა და საერთო ავარიის შენატანების საერთო მოთხოვნა;

ე) ზღვაზე გემების შეჯახებით ან სხვა საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული ზიანის, ნავსადგურის ნაგებობათა, ნავსადგურის სხვა ქონების, აგრეთვე სანავიგაციო მოწყობილობათა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;

ვ) გემის კაპიტნის უფლებამოსილების ფარგლებში გემის შენარჩუნების ან რეისის გაგრძელებისათვის ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მოთხოვნა;

ზ) ტვირთთან ან ბარგთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;

თ) ფრახტისა და ტვირთის გადასაზიდად გადასახდელი სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნა.

2. ნავსადგურში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დააკმაყოფილებენ მათ.

    მუხლი 351

ამ კოდექსის 350–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნები ექვემდებარება უპირატეს დაკმაყოფილებას, გამომდინარე:

ა) გემის ღირებულებიდან;

ბ) ფრახტიდან და მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის საფასურიდან, რომელიც ერიცხება იმ რეისისათვის, რომლის განმავლობაშიც წარმოიქმნა ძირითადი მოთხოვნები;

გ) საერთო ავარიის შენატანიდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს ამ გემიდან;

დ) ანაზღაურებიდან, რომელიც ეკუთვნის გემთმფლობელს ფრახტის დაკარგვის გამო, აგრეთვე გემისათვის მიყენებული ჯერ კიდევ აღუდგენელი ზიანისათვის;

ე) ჯილდოდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს რეისის დამთავრებამდე გემის გადარჩენისათვის, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც გემთმფლობელმა კოდექსის 332-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაიხადოს.

    მუხლი 352

350-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ექვემდებარება პრივილეგიურ დაკმაყოფილებას შემდეგი წყაროებიდან:

ა) მიმღებისათვის ჩაუბარებელი ტვირთის ღირებულებიდან;

ბ) ტვირთის დაზიანებისათვის კუთვნილი ანაზღაურებიდან;

გ) ტვირთის მფლობელის კუთვნილი საერთო ავარიის შენატანებიდან.

    მუხლი 353

350-ე მუხლში აღნიშნული მოთხოვნები კმაყოფილდება რიგითობის მიხედვით და მოთხოვნათა საერთო ოდენობის პროპორციულად ყოველი მათგანის ფარგლებში. ამასთან, 350–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნები კმაყოფილდება ამ რიგითობის ფარგლებში მათი წარმოშობის დროის უკუპროპორციულად. თუ რამდენიმე მოთხოვნა შეეხება ერთ შემთხვევას, მაშინ მათი წარმოშობა ერთდროულად ჩაითვლება.

    მუხლი 354

1. ბოლო რეისთან დაკავშირებული მოთხოვნები კმაყოფილდება უპირატესად წინა რეისის ასეთსავე მოთხოვნებთან შედარებით.

2. ამასთან, 350-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე რეისთან, უთანაბრდება ბოლო რეისის ასეთსავე მოთხოვნებს.

     მუხლი 355

პრივილეგიური დაკმაყოფილების უფლება შეწყდება მოთხოვნის წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, გარდა 350-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნებისა, რომელთა პრივილეგიური დაკმაყოფილების უფლება წყდება მოთხოვნის წამოჭრის დღიდან 6 -თვიანი ვადის გ ასვლის შემდეგ.

თავი XXIII.

საზღვაო პროტესტი

    მუხლი 356

1. თუ გემის ნაოსნობის ან დგომის პერიოდში მოხდა ინციდენტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს გემთმფლობელისათვის ქონებრივი მოთხოვნის წაყენების საფუძვლად, მაშინ გემთმფლობელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მტკიცებათა უზრუნველყოფის მიზნით გემის კაპიტანი აცხადებს საზღვაო პროტესტს დადგენილი წესით.

 2. საზღვაო პროტესტის განცხადებაში აღწერილი უნდა იყოს შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები, ასევე გემის კაპიტნის მიერ მასზე მინდობილი ქონების დასაცავად გატარებული ღონისძიებები.

    მუხლი 357

საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება წარედგინება:

ა) საქართველოს ნავსადგურებში – ნოტარიუსს ან სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება ნოტარიალური საქმიანობის წარმოება;

ბ) საზღვარგარეთის ნავსადგურებში – საქართველოს კონსულს ან ადგილობრივ კომპეტენტურ თანამდებობის პირს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 358

საქართველოს ნავსადგურში განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ კეთდება ნავსადგურში შესვლის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. თუ საზღვაო პროტესტის განცხადების აუცილებლობის გამომწვევი შემთხვევა ნავსადგურში მოხდა, პროტესტის განცხადება უნდა გაკეთდეს შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში.

    მუხლი 359

1. პროტესტის დადგენილ ვადაში განცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში მიზეზები განცხადებაში უნდა აისახოს.

2. თუ მომხდარი შემთხვევის დროს არის გემზე არსებული ტვირთის დაზიანების საფუძველი, მაშინ განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ უნდა გაკეთდეს ლიუკების გახსნამდე. საზღვაო პროტესტის განცხადებამდე ტვირთის გადმოტვირთვა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

    მუხლი 360

საზღვაო პროტესტის განცხადებაში მოყვანილ გარემოებათა დასამტკიცებლად გემის კაპიტანი ვალდებულია ნავსადგურში გემის შესვლის მომენტიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა ან შემთხვევის მომენტიდან, თუ მას ადგილი ჰქონდა ნავსადგურში, განცხადებასთან ერთად ნოტარიუსს ან სხვა თანამდებობის პირს განსახილველად წარუდგინოს გემის ჟურნალი და გემის კაპიტნის მიერ დამოწმებული ამონაწერი ამ ჟურნალიდან.

    მუხლი 361

ნოტარიუსი ან სხვა თანამდებობის პირი გემის კაპიტნის განცხადების, გემის ჟურნალის მონაცემებისა და გემის კაპიტნის გამოკითხვის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის ეკიპაჟის წევრთაგან სხვა მოწმეების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ადგენს საზღვაო პროტესტის აქტს და მას თავისი ხელმოწერით და გერბიანი ბეჭედით ამოწმებს.

     მუხლი 362

საზღვარგარეთის გემის კაპიტნებისაგან საზღვაო პროტესტის განცხადება შეიძლება მიიღონ საქართველოში მყოფმა უცხოეთის სახელმწიფოთა შესაბამისი საკონსულოს წარმომადგენლობებმა ურთიერთქმედების პირობებში ან კოდექსის 357-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირებმა.

თავი XXIV.

პრეტენზია და სარჩელი

    მუხლი 363

1. გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ტვირთის გამგზავნის, გადამზიდავის და მიმღების, ასევე მგზავრთა გადამყვანის მიმართ, უნდა დადასტურდეს წერილობით, დამოუკიდებელი სურვეირის პატაკით ან აქტით.

2.საზღვარგარეთის ნავსადგურში ამ გარემოებათა წერილობითი დამოწმება ხდება ადგილობრივი წესების შესაბამისად.

3. პატაკი ან აქტი უნდა შედგეს შემდეგ გარემოებათა დასამოწმებლად:

ა) შეუსაბამობა ტვირთის ან ბარგის ფაქტობრივ დასახელებას, მასას, ტვირთის ან ბარგის ადგილების რაოდენობას და გადატვირთვის საბუთებში შეტანილ მონაცემებს შორის;

ბ) ტვირთის ან ბარგის დაზიანება ან გაფუჭება;

გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან იმ საბუთების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავთ ტვირთი და ბარგი;

დ) გადამზიდავისათვის მოპარული ტვირთისა და ბარგის დაბრუნება;

4. პატაკის ან აქტის ფორმა, მისი შედგენის წესი, აგრეთვე ის გარემოებები, რომელიც აქტის შედგენას არ საჭიროებს, განისაზღვრება დამოუკიდებელი სურვეიერის მიერ მიღებული წესების ან რეკომენდაციების შესაბამისად.

    მუხლი 364

1. ტვირთის ზღვით გადაზიდვისას გადამზიდავისათვის სარჩელის წარდგენამდე აუცილებელია მის მიმართ წაყენებულ იქნეს პრეტენზია.

2. პრეტენზია წარედგინებათ იმ პირებს, რომლებიც აწარმოებდნენ ტვირთის დატვირთვა–გადმოტვირთვისას ზღვით გადაზიდვას, ხოლო თუ ტვირთი არ გადაზიდულა, პრეტენზია შეეხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ტვირთის ზღვით გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად უნდა გადაეზიდათ იგი.

3. ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზია შესაძლებელია წარედგინოს ტვირთის გადამზიდავს, გასვლის ან დანიშნულების ნავსადგურებს პრეტენზიის განმცხადებლის შეხედულებისამებრ.

    მუხლი 365

1. შერეული და პირდაპირი საზღვაო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზია განეცხადება ტვირთის იმ გადამზიდავს, რომლის სატრანსპორტო საშუალებებითაც ტვირთი გადაზიდეს ან უნდა გადაეზიდათ დანიშნულების ნავსადგურში.

2. იმ შემთხვევაში, როცა ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია სარკინიგზო ან საავტომობილო სადგური ან აეროპორტი, პრეტენზია წარედგინება შესაბამის გადამზიდავს სათანადო სახეობის ტრანსპორტის მიმართ დადგენილი წესებით.

    მუხლი 366

1. პრეტენზიისა და სარჩელის განცხადების უფლება აქვთ:

ა) ტვირთის გამგზავნს გემის დაგვიანებით მიწოდების ან მიუწოდებლობის შემთხვევაში;

ბ) ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპედიტორს (ფორვადერს), ტვირთის მიმღებს ან გამგზავნს, იმ პირობით, თუ ის წარადგენს კონოსამენტს, აგრეთვე წერილობით ცნობას ან სათანადო საბუთს მოქმედი წესების შესაბამისად;

გ) ტვირთის მიმღებს ტვირთის დაგვიანებით მიტანის ან გაცემის დაყოვნების შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს კონოსამენტს;

დ) ბარგის დაკარგვის ან დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში – საბარგო ქვითრის წარმდგენს, ხოლო ბარგის დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში – წერილობითი ცნობის წარმდგენს;

ე) გადატანის ხარჯების გადამეტების შემთხვევაში – ტვირთის გამგზავნს ან მიმღებს, თუ ისინი წარმოადგენენ კონოსამენტს.

2. თუ ტვირთის გადატანა ხდება საზღვაო ზედნადების საფუძველზე, მაშინ პრეტენზიის განმცხადებელმა კონოსამენტის ნაცვლად უნდა წარადგინოს საზღვაო ზედნადები, ხოლო ზედნადებით გადასატანი ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში ქვითარი.

3. წერილობითი ცნობის უქონლობა არ ართმევს მოცემულ პირს პრეტენზიის განცხადებისა და სარჩელის წაყენების უფლებას, თუ დამტკიცდა, რომ წერილობითი ცნობის შედგენაზე მას უარი ეთქვა და ეს უარი გასაჩივრდა.

    მუხლი 367

1. შეიძლება გამგზავნმა პრეტენზიისა და სარჩელის უფლება გადასცეს ტვირთის მიმღებს ან პირიქით, ტვირთის მიმღებმა ან გამგზავნმა – ტვირთის მესაკუთრეს, საექსპედიტორო ორგანიზაციას ან მზღვეველს, უფლებამოსილ ადვოკატებს ან აგენტებს.

2. პრეტენზიებისა და სარჩელის უფლების გადაცემა დასტურდება კონოსამენტზე, საზღვაო ზედნადებზე, ზედნადებსა და ქვითარზე გადამცემის ხელმოწერით ან წერილობით.

     მუხლი 368

1. პრეტენზიის განცხადება ხდება წერილობით.

2. პრეტენზიის განცხადებას უნდა დაერთოს დამამტკიცებელი საბუთები. გადასაზიდი ტვირთის საბუთები უნდა წარადგინონ დედნის, დედნის უქონლობის შემთხვევაში კი – ასლის სახით.

3. ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების შესახებ პრეტენზიის წარდგენისას პრეტენზიის წაყენების უფლების დამადასტურებელ საბუთებს უნდა დაერთოს ტვირთის ღირებულების დამადასტურებელი საბუთებიც.

    მუხლი 369

1. საქართველოს იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია სარჩელის ხანდაზმულობის ორწლიანი, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ – სამწლიანი ვადა.

ეს ვადა აითვლება:

ა) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის ტვირთის გაცემის დღიდან, ხოლო თუ ტვირთი არ გაცემულა იმ დღიდან, როცა იგი უნდა გაეცათ;

ბ) ტვირთის გადაზიდვიდან გამომდინარე ჯარიმის ან პრემიის გადახდის მოთხოვნისას – იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც დაიწყო ან უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. სტალიურ დროზე მეტი ხნით დაყოვნებისათვის ჯარიმის დარიცხვის მოთხოვნისას იმ დღიდან, როცა გამგზავნმა ტვირთის გადამზიდავისაგან მიიღო ფულადი გადასახადის მოთხოვნის ასლი (ანგარიში) ჯარიმის დარიცხვის შესახებ;

გ) გემის დროებით დაქირავების (დაფრახტვის), ბერბოუტ–ჩარტერის, გემის იპოთეკის, საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან, გემის კაპიტნის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში განხორციელებულ გარიგებისა და სალოცმანო მომსახურების, ასევე ამ კოდექსის 304-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან;

დ) მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით იმ დღიდან, როცა მგზავრმა დატოვა ან უნდა დაეტოვებინა გემი, ხოლო თუ მოთხოვნა წაყენებულია გადაყვანის დროს მგზავრის ჯანმრთელობის შერყევით, რამაც გამოიწვია სიკვდილი – მგზავრის გარდაცვალების დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სამი წლისა მგზავრის მიერ გემის დატოვების დღიდან;

ე) ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებით იმ დღიდან, როცა გაიცა ან უნდა გაცემულიყო ბარგი;

ვ) გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე შეჯახების დღიდან;

ზ) ზღვაზე გადარჩენისათვის ჯილდოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე მაშველი სამუშაოების დამთავრების დღიდან;

თ) საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პრეტენზია ტვირთის გადამტანს შეიძლება წაუყენონ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

3. ტვირთის გადამტანი ვალდებულია განიხილოს წაყენებული პრეტენზია და მისი დაკმაყოფილების ან აცილების შესახებ აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში.

4. ტვირთის გადამტანისათვის პრეტენზიის წარდგენის დღიდან ხდება სარჩელის ხანდაზმულობის დროის შეჩერება პრეტენზიაზე პასუხის მიღებამდე ან პასუხის მიღების ვადის ამოწურვამდე.

    მუხლი 370

1. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის და ბირთვული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია სასარჩელე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნები წამოიჭრა საქართველოს იურიდიულ პირებს შორის - სასარჩელე ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის დღიდან.

    მუხლი 371

იმ მოთხოვნებზე, რომლებისთვისაც კოდექსით განსაზღვრული არ არის სასარჩელე ხანდაზმულობის ვადა, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი საერთო ვადა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ამ მოთხოვნებისათვის სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 372

1. კოდექსში მითითებულ სასარჩელე ხანდაზმულობის ვადაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესები სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, შეჩერებისა და განახლების შესახებ.

2. თუ სასარჩელე თანხის დარიცხვა დამოკიდებულია საერთო ავარიასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებზე, ამ შემთხვევაში ხდება სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის დროებით შეჩერება, დისპაშორის მიერ საერთო ავარიის შესახებ დადგენილების მიღების დღიდან დაინტერესებული პირის მიერ დისპაშის მიღების დღემდე.

    მუხლი 373

ამ კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნებისათვის დადგენილი სასარჩელე ხანდაზმულობის ვადა სამი წლით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ გემი, რომელსაც ეს მოთხოვნები წაეყენა, სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში არ შემოსულა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

     მუხლი 374

1. კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გადასახდელ თანხას დაერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ფარგლებში.

2. პროცენტები დაირიცხება მოცემული თანხის გადახდის წერილობითი მოთხოვნის დღიდან მისი გადახდის დღემდე.

3. ამ მუხლის წესები არ ეხება ჯარიმას და პრემიებს, აგრეთვე ზიანის შესახებ მოთხოვნებს, რომელთა ანაზღაურება ხდება საერთო ავარიის განაწილების გზით.

თავი XXV.

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 375

ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 15 მაისი.

№715 - IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239

34. 17/09/2019 - საქართველოს კანონი - 4944-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4923-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 32. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4106-რს - ვებგვერდი, 10/01/2019 31. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3569-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 30. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3072-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 29. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1664-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 28. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4622-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 27. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2397-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1286-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 459-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6546-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6545-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 21. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6386-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 20. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6171-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 19. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5961-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 18. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4421-Iს - ვებგვერდი, 110317051, 17/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4222-Iს - ვებგვერდი, 110310011, 10/03/2011 16. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 15. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3750 - სსმ, 62, 05/11/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 13. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1923 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 851 - სსმ, 40, 29/12/2008 11. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 833 - სსმ, 40, 29/12/2008 10. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 784 - სსმ, 40, 29/12/2008 9. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 69 - სსმ, 12, 14/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5301 - სსმ, 31, 03/08/2007 7. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4598 - სსმ, 11, 10/04/2007 6. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3541 - სსმ, 36, 04/08/2006 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1361 - სსმ, 19, 28/04/2005 4. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 490 - სსმ, 28, 24/07/2000 3. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 2. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.