საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 683-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.102646
683-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
400010020.05.001.102646
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცე და მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღოს, გადაიტანოს ან გადააკეთოს შენობა-ნაგებობები, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებების მოქმედებას.

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.“.

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“−„ბ5“ ქვეპუნქტები:

„ბ2) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − საზღვაო შემთხვევა, რომელიც გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვით, ადამიანის გარდაცვალებით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით/დაზიანებით დასრულდა;

3) სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, და გულისხმობს გემზე ხანძარს ან აფეთქებას, მის შეჯახებას, შეხებას, მეჩეჩზე დაჯდომას, უამინდობით ან ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, გემის კორპუსის გაბზარვას ან სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას ან სხვა შემთხვევას:

3.ა) რომელიც იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და სხვა შედეგებს;

3.ბ) რომელიც გემის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის ან იწვევს გარემოს დაბინძურებას (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა) ან რომლის დროსაც გემს ბუქსირება ან სანაპიროდან დახმარება ესაჭიროება;

4) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ არის ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან სერიოზული საზღვაო შემთხვევა;

5) საზღვაო ინციდენტი − მოკვლევის მიზნებისთვის − მოვლენა ან მოვლენათა თანხვდენა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, ზემოქმედებას ახდენს საზღვაო უსაფრთხოებაზე. საზღვაო ინციდენტი შეიძლება გულისხმობდეს გემის ტექნიკურ გაუმართაობას, მისი აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეს, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გემი ან საფრთხე შეუქმნას მას, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ არ გამოიწვიოს ზიანი ან სერიოზული ზარალი;“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი:

„მუხლი 272

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე.

2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.

4. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ:

ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება;

ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის;

გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი;

დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება.

5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის. ამ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევას/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და მოკვლევის ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს მოკვლევის ანგარიშს.

7. ისეთი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს ეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8. საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისას სათანადო შეტყობინება ეგზავნება ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებს გაუგზავნოს შეტყობინება მომხდარი ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

9. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი, შკიპერი, გემთმფლობელი, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

10. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13. მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებულ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. მოკვლევის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3746 მუხლი:

„მუხლი 3746

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე), მათ შორის, ახალი ხელშეკრულებების დადებამდე.

3. 2025 წლის 1 აგვისტომდე:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 3746 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 3746 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N683-IIმს-XIმპ