საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4622-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.018021
4622-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
400010020.05.001.018021
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

საქართველოს ნავსადგურებს შორის გადაზიდვა და ბუქსირზიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემით. უცხო ქვეყნის გემს საქართველოს ნავსადგურებს შორის სამუშაოს შესრულება შეუძლია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.“.

2. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;“.

3. მე-14 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება.“.

4. მე-15 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება იმ სანაოსნო ურთიერთობის განმახორციელებელი სამსახური, რომელიც არსებობს საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, ნავსადგურების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები;“.

5. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს.“.

6. 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე ან ვადიან რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.“.

7. 31-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აღიარებულ აგენტზე – მხოლოდ  დროებითი რეგისტრაციის მოწმობების გაცემის მიზნებისათვის.“.

8. 35-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.“.

9. 36-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;“;

ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

10. მე-40 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.“.

11. 441 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) IMO-ს A.1070 (28) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 4 დეკემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების საიმპლემენტაციო კოდექსის (III კოდექსის) შესახებ;“.

12. 44მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO-ს A.1070 (28) რეზოლუციის შესაბამისად.“.

13. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45

1. გემის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიან გემის კაპიტანი, ოფიცერთა შემადგენლობა და რიგითი.

2. გემის ეკიპაჟის შემადგენლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის შემადგენლობა განისაზღვრება „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

14. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47

1. გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. თევზსაჭერ გემზე შკიპერის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.

3. პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად.“.

15. 63-ე და 64-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 63

გემი კომპლექტდება სპეციალურად მომზადებული ეკიპაჟით. ამ ეკიპაჟის თითოეული წევრის კვალიფიკაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.

მუხლი 64

გემზე  სამუშაოდ  დაიშვებიან  ის  პირები,  რომელთა  ჯანმრთელობის  მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას იძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უფლებამოსილი ექიმი.“.

16. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გემთმფლობელი ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს მეზღვაურის რეპატრიაციას კონტრაქტით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ.“.

17. 70-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის სისტემის ფუნქციონირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.“.

18. 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობებისთვის;“.

19. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სალოცმანო სამსახური“.

20. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 87

1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი (შემდგომ – ლოცმანი).

2. საზღვაო ნავსადგური ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოს საზღვაო ნავსადგურსა და მის აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება.

3. საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო სამსახური შეიქმნას საზღვაო ნავსადგურის/საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლის მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი.

4. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს ყველა ნავსადგური ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების თაობაზე. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ.

5. სალოცმანო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი), რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. ტექნიკური რეგლამენტი ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს – 2003 წლის 5 დეკემბრის A.960 (23) რეზოლუციას „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები“ (შემდგომ – რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციას (შემდგომ – კონვენცია), ამ კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებს.

6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სააგენტო. ამ ზედამხედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, აგრეთვე საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახური და სერტიფიცირებული ლოცმანი ექვემდებარებიან ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს.

7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ხორციელდება 5 წლის ვადით. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.

8. თუ სალოცმანო სამსახურის ან/და ნავსადგურის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

9. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სახელმწიფო ინტერესების დაცვის და საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე შეასრულოს სააგენტოს მითითება სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო გაცილების უზრუნველსაყოფად. სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის საფუძველია. ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.

10. სალოცმანო სამსახურს საკუთრებაში/მფლობელობაში უნდა ჰქონდეს მცურავი საშუალება, რომელიც აყვანილია სააგენტოს მიერ  აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი. სალოცმანო კატარღა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტო მცურავ საშუალებას სალოცმანო კატარღის სტატუსს ანიჭებს გემის რეგისტრაციის მოწმობაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. გემის რეგისტრაციის მოწმობაში ასევე მიეთითება იმ ნავსადგურის დასახელება, რომელში სანაოსნოდაც აღნიშნული კატარღაა სერტიფიცირებული. სააგენტო არ ახდენს სალოცმანო კატარღების ცალკე სერტიფიცირებას. თუ მცურავი საშუალება არ არის აშენებული, როგორც სალოცმანო კატარღა, საკლასიფიკაციო საზოგადოება დამატებით ამოწმებს მის ამ ტიპის მცურავი საშუალებისთვის აუცილებელ ტექნიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. საკლასიფიკაციო საზოგადოებას ამ ქმედების განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს სალოცმანო კატარღის ტექნიკური შემოწმების სტანდარტი. ამ სტანდარტს ამტკიცებს სააგენტო.“.

21. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94

გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს ლოცმანისა და ლოცმან-სტაჟიორის დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ მიღება, აგრეთვე გემის გაცილების მთელ პერიოდში უფასოდ უზრუნველყოს ისინი ცალკე მოსასვენებელი ოთახითა და კვებით ოფიცერთა შემადგენლობის მსგავსად.“.

22. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა ნავსადგურის აკვატორიაში.“.

23. 106-ე–110-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 106

1. ქონების ზღვაში ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს.

2. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას და ითანხმებს მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას. აღნიშნული ვადისა და გეგმის შესახებ სააგენტო ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს აცნობებს.

3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა ასევე უნდა შეთანხმდეს საზღვაო ნავსადგურთან. საზღვაო ნავსადგურმა ხელი უნდა შეუწყოს ამ გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას.

4. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას, საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, საზღვაო-სამაშველო ან/და სხვა, მსგავსი სამუშაოების წარმოებას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. ქონების ამოღების ვადა ნავსადგურის კაპიტანთან უნდა შეთანხმდეს.

5. ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ნავსადგურის მიერ ამოღებისას, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ჩაძირული ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, ნავსადგური ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე, ნავსადგურს უფლება აქვს, გაწეული ხარჯის ანაზღაურება ამოღებული ქონების რეალიზაციის შედეგად მოახდინოს.

6. საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ ნავსადგური საკუთარი ხარჯით.

7. ნავსადგურის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებისას, თუ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, ნავსადგური ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ნავსადგური ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. 

8. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ზღვაში ჩაძირული ქონების მესაკუთრეს, მის ამოღებასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებით ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა არცერთი პირის მიმართ. ეს ნორმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავად არის ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ინიციატორი.

მუხლი 107

1. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უცნობია, სააგენტო მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ზღვაში ჩაძირული ქონება გემია, მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად აღნიშნული გემის დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან, გარემოებათა გათვალისწინებით, ასეთი შეტყობინების გადასაცემად პირდაპირ შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უკავშირდება.

3. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ქონების ამოღება ან, ამ თავით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, განახორციელოს მისი რეალიზაცია, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − მიიღოს ზომები ქონების გასანადგურებლად.

მუხლი 108

1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან იმავე ვადაში. ამასთანავე, იგი ვალდებულია სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს აუნაზღაუროს ქონების ზღვაში ჩაძირვის შედეგად მიყენებული ზიანი და მისი ამოღების ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება.

3. თუ საზღვაო ნავსადგურმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, იმ ხარჯებისა და ზიანის თანხის გამოკლებით, რომლებიც საზღვაო ნავსადგურმა ან სააგენტომ გასწია/რომელიც საზღვაო ნავსადგურს ან სააგენტოს მიადგა ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.

4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა  ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და საზღვაო ნავსადგურისთვის დამდგარი ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

მუხლი 109

თუ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს ქონება დადგენილ ვადაში არ ამოაქვს, საზღვაო ნავსადგური ვალდებულია სააგენტოს მითითებით დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვაგვარად მოსაცილებლად.

მუხლი 110

სააგენტოს უფლება აქვს, საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს ქონების ამოღება მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მათი წარმოების ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ზღვაში ჩაძირული ქონება მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით ამოიღოს ან ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიის გამოყენება მოსთხოვოს.“.

24. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 113

1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე კარგავს უფლებას ქონებაზე, თუ მას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში არ ამოიღებს ან არ გამოითხოვს ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადისა და პირობების დაცვით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ამ კოდექსის შესაბამისად სააგენტო ან საზღვაო ნავსადგური ახორციელებს.“.

25. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა განისაზღვრება, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

26. 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 226

საქართველოს ნავსადგურებს შორის, აგრეთვე უცხო ქვეყნების ნავსადგურებამდე ან უკან საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების მიერ ბუქსირზიდვის განხორციელება რეგულირდება ამ კოდექსით.“.

27. 321-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის წესები ვრცელდება იმ გემზედაც, რომელიც საქართველოს სამხედრო-საზღვაო დროშით დაცურავს.“.

28. კოდექსის დანართის:

ა) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.“;

ბ) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა ნავსადგურის აკვატორიაში.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ზღვაში ჩაძირულ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2016 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საზღვაო  კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით განსაზღვრული გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით სავალდებულო მომსახურებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ტექნიკურ რეგლამენტში „სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესი“ შესაბამისი ცვლილების შეტანა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საზღვაო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული წესები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4622-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.