საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1547-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.020563
1547-VIIIმს-Xმპ
10/05/2022
ვებგვერდი, 24/05/2022
400010020.05.001.020563
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

სააგენტო:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლსა და სანავსადგურე ერთეულის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს/მოვალეობებს.“.

2. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით.“.

3. მე-15 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ამ კოდექსის მიზნებისთვის − „სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება სამსახური, რომელიც ახორციელებს სანაოსნო ურთიერთობას საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;“.

4. 70-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული.

2. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო აკვატორია − მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.

3. სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისთვის.“;         

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, შენახვის, დაგროვების, შეფუთვისა და საწყობში განთავსების ოპერაციები, მისი ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადატვირთვა, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები და სხვა.“.

5. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71

1. სანავსადგურე ერთეული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის, აკვატორიის ან ნავმისადგომის ცალკეულ უბნებს, დანადგარებსა და მოწყობილობებს.

2. სანავსადგურე ერთეული სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ და სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.

3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს შესაბამისი ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 74მუხლი:

„მუხლი 741

1. საქართველოს ნავსადგურში მოქმედ სანავსადგურე ერთეულებს აქვთ თანაბარი უფლებები და წვდომა საერთო შესასვლელ არხზე ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილზე.

2. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის.

3. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა სანავსადგურე ერთეულებს ეკისრებათ.

4. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები.

5. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ კოდექსითა და ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

6. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს აღნიშნული არხის სიღრმეების შენარჩუნება ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ხარჯის გაწევისთვის.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან.

8. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით ამტკიცებს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესს.“.

7. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 76

1. სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში მომსახურების დადგენილ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია:

ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობების დაცვისთვის;

ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობისთვის;

გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობისთვის;

დ) სანავსადგურე ერთეულის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობისთვის;

ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის;

ვ) ნავსადგურის წესების დაცვისთვის;

ზ) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებისთვის;

თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებისთვის;

ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებისა და უტილიზაციისთვის;

კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის;

ლ) ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებისთვის.

2. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.

8. 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად. ნავსადგურის წესებს ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.

2. სანავსადგურე ერთეულში ნავსადგურის ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთზე მისი მიღების მომენტიდან მიმღებისთვის, სხვა უფლებამოსილი პირისთვის ან გადამზიდავისთვის გადაცემამდე.“.

9. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანავსადგურე ერთეულში გემის სააგენტო მომსახურება, სტივიდორული მომსახურება, სურვეირული მომსახურება და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება გაიწევა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებული არიან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წარუდგინონ სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია.“.

10. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სანავსადგურე ერთეული.

2. სანავსადგურე ერთეული საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისა და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება;

დ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.

3. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისთვის განსაზღვრული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.“.

11. 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენება) კაპიტანი და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან, სააგენტოს დავალების შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულის მოთხოვნისთანავე გადასცენ მას მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებები საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისთვის.

2. სააგენტოს და სანავსადგურე ერთეულის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისთვის.“.

12. 861 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება.“;

ბ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სანავსადგურე ერთეულს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;“.

13. 87-ე მუხლის:

ა) მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება.

3. საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო სამსახური შეიქმნას სანავსადგურე ერთეულის/სანავსადგურე ერთეულის თანამშრომლის მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი.

4. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს სანავსადგურე ერთეული ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სალოცმანო სამსახურის ან/და სანავსადგურე ერთეულის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი. აღნიშნული ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.“.

14. 106-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე შესაბამის სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას.“;

ბ) მე-5−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის მიერ ამოღებისას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან მან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე, სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯი ამოღებული ქონების რეალიზაციით აანაზღაუროს.

6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე ერთეული საკუთარი ხარჯით.

7. თუ სანავსადგურე ერთეულის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებისას ამ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია.“.

15. 108-ე−110-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108

1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში. ამასთანავე, იგი ვალდებულია სააგენტოს ან სანავსადგურე ერთეულს აუნაზღაუროს აღნიშნული ქონების ზღვაში ჩაძირვით მიყენებული ზიანი და მისი ამოღების ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება.

3. თუ სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა, იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ გასწია, და იმ ზიანის თანხის გამოკლებით, რომელიც სანავსადგურე ერთეულს ან სააგენტოს მიადგა აღნიშნული ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.

4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და სანავსადგურე ერთეულისთვის გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისგან.

მუხლი 109

თუ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დადგენილ ვადაში არ ამოაქვს, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს მითითებით დაუყოვნებლივ ამოიღოს ეს ქონება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვაგვარად მოსაცილებლად.

მუხლი 110

სააგენტოს უფლება აქვს, სანავსადგურე ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს მისი ამოღება ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მათი წარმოების ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ზღვაში ჩაძირული ქონება მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით ამოიღოს ან აღნიშნული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიის გამოყენება მოსთხოვოს.“.

16. 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ამ კოდექსის შესაბამისად სააგენტო ან სანავსადგურე ერთეული ახორციელებს.“.

17. 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131

დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა (სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ამ შეთანხმების არარსებობისას – გემის დატვირთვისა და გადმოტვირთვის ნორმებით, რომლებიც სანავსადგურე ერთეულშია მიღებული.“.

18. 132-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტავისთვის ან გამგზავნისთვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება იმ ვადისა და განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებულია შესაბამის სანავსადგურე ერთეულში.“.

19. 168-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან სანავსადგურე ერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.“.

20. 299-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სანავსადგურე ერთეულის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიუღებლობის შემთხვევაში წყალში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ.“.

21. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 320

ბირთვული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში შეიძლება შევიდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

22. 350-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დაკმაყოფილდება ისინი.“.

23. 357-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სანავსადგურე ერთეულში – სააგენტოს ნოტარიულად დამოწმებული წესით;“.

24. 358-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 358

საქართველოს სანავსადგურე ერთეულში საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება კეთდება სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. თუ საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადების გაკეთების აუცილებლობის გამომწვევი შემთხვევა სანავსადგურე ერთეულში მოხდა, ეს განცხადება უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში.“.

25. 360-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 360

საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადებაში მითითებულ გარემოებათა დასამტკიცებლად გემის კაპიტანი ვალდებულია არაუგვიანეს სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 7 დღისა ან შესაბამისი შემთხვევისა, თუ ის სანავსადგურე ერთეულში მოხდა, ამ განცხადებასთან ერთად ნოტარიუსს ან სხვა თანამდებობის პირს განსახილველად წარუდგინოს გემის ჟურნალი და გემის კაპიტნის მიერ დამოწმებული ამონაწერი ამ ჟურნალიდან.“.

26. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართის (საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები):

ა) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და სანავსადგურე ერთეულს შორის ანგარიშსწორება.“;

ბ) 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა სანავსადგურე ერთეულის აკვატორიაში.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

10 მაისი 2022 წ.

N1547-VIIIმს-Xმპ