საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4222-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310011, 10/03/2011
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016190
  • Word
4222-Iს
22/02/2011
ვებგვერდი, 110310011, 10/03/2011
400010020.05.001.016190
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9

სააგენტო:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლსა და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან და სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.“.

3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.

2. სააგენტო აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.“.

 4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35

შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება სააგენტოსთან შეთანხმებით.“.

5. მე-40 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და სააგენტოსთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.“.

6. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წოდების მინიჭება ხდება სააგენტოში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების ჩაბარებისა და სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ.“.

7. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ შემადგენლობას, რომლითაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.“.

8. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეკიპაჟის წევრის რეპატრიაცია გემთმლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სააგენტოს ინიციატივით გათავისუფლებისას;

ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში;

გ) გემის დაღუპვისას;

დ) როდესაც გემთფლობელს არ შეუძლია შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი;

ე) შვებულებაში გასვლისას;

ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას.“.

9. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით.“.

10. 70-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური უნდა აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით, რომელთა ოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ სააგენტოს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.

11. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საგადასახადო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.“.

12. 76-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.

13. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. საზღვაო ნავსადგური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.“.

14. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მომსახურებების გამწევი კომპანიების შესახებ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს.“.

15. მე-80 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გ) უზრუნველყოს ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურში ყველა რესურსის მობილიზება;“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.“.

16. 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის) კაპიტანი და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან, სააგენტოს დავალების შესაბამისად, საზღვაო ნავსადგურს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ.

2. სააგენტოს და საზღვაო ნავსადგურის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნავსადგურში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.“.

17. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86

1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვის, და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.

2. სააგენტო სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს.“.

18. 861 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 861

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

2. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის, გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) გემის (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

 დ) ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობის მიცემა;

 ე) საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურის გამოყენების კოორდინაცია;

ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების კონტროლი.

3. სააგენტოს თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) დააკავოს გემი ან ტვირთი;

ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შესული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;

გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

 19. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საზღვაო ლოცმანი (შემდგომ – ლოცმანი) სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

20. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88

ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.“.

21. 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 91

სააგენტოს უფლება აქვს, შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს.“.

22. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რასაც აცნობებს მის მფლობელს. ამ სამუშაოების საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შესრულებას ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“.

23. 107-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო „ზღვაოსანთა უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამოღების ვადის შესახებ. თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, სააგენტო ამას ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

24.108-ე−110-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 108

სააგენტოს საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე უფლება აქვს, მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.

    მუხლი 109

თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ ვადაში, სააგენტოს მითითების საფუძველზე საზღვაო ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით მოსაცილებლად.

    მუხლი 110

ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, განადგურებას ან მოცილებას ახდენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო სააგენტოსთან შეთანხმებით.“.

25. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116

1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამას დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამას სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.

3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში“.“.

26. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

27. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს სააგენტო.“.

28. 206-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.

29. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.

30. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.

31. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

32. 357-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ნავსადგურში – სააგენტოს ნოტარიულად დამოწმებული წესით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4222I