საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 14/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.05.001.003.211
  • Word
69
27/06/2008
სსმ, 12, 14/07/2008
310.020.000.05.001.003.211
საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ.“.

3. მე-11 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.“.

4. მე-14 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება;

ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;

გ) გემის ტექნიკური გამართულობა;

დ) ეკიპაჟის წევრებისათვის შრომის უსაფრთხო პირობები;

ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალით მომარაგება;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.“.

5. 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გემის საქართველოსადმი ეროვნული კუთვნილება განისაზღვრება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით.“.

6. 29-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლება გემს ეძლევა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაციამდე, არა უმეტეს ერთი წლის ვადით.“.

7. 30-ე და 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30

1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.

2. ადმინისტრაცია აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.

    მუხლი 31

100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის რეგისტრაცია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დასტურდება საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობით, ხოლო 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისა – გემის ბილეთით.“.

8. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის გემების რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან.“;

ბ) მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს ან/და გემის რეგისტრაციის პირობებს;“.

9. 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესით. ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

10. 36-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) იმ საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვა საბუთები, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო;“;

ა.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“–„ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო) მგზავრთა გადაყვანის მოწმობა (თუ გადაჰყავს 12-ზე მეტი მგზავრი);

პ) გემის რადიოსადგურის სერტიფიკატი და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

ჟ) მოწმობა გემის სატვირთო მარკის (წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის) შესახებ, თუ იგი გამოიყენება ამ კოდექსის მე-12 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გემის, რადიოსადგურის, სანიტარიული და სამანქანო ჟურნალების წარმოება ხორციელდება საერთაშორისო საზღვაო ნორმებისა და აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.“;

გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

11. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

13. მე-40 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს ადმინისტრაცია თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

14. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქენი.“.

15. 70-ე და 71-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 70

1. საზღვაო ნავსადგური შედგება საზღვაო აკვატორიისაგან, მისთვის განსაზღვრული ტერიტორიისაგან და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან. საზღვაო ნავსადგურს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

2. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო ნავსადგურის აკვატორია – ნავსადგურისათვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.

3. საზღვაო ნავსადგური უზრუნველყოფს ნავსადგურის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისათვის.

4. საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური უნდა აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით, რომელთა ოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ ადმინისტრაციის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

5. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, ტვირთის შენახვის, დაგროვების, შეფუთვის, საწყობში განთავსების ოპერაციები, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე ტვირთის გადატვირთვა, აგრეთვე მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები, გემების საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და სხვა.

6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. აღნიშნული ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

7. სამხედრო ნავსადგურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 71

1. საზღვაო ნავსადგური ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის გამოუყოფს ნავსადგურის ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის ცალკეულ უბანს, ასევე დანადგარებსა და მოწყობილობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.

3. საზღვაო ნავსადგურს არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ნავსადგურის ტერიტორიაზე საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები.“.

16. 72-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

17. 73-ე და 74-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

18. 75-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

19. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76

1. საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში მომსახურების დადგენილ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია:

ა) ნავმისადგომებთან და რეიდზე გემების უსაფრთხო დგომაზე;

ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულობაზე;

გ) ნავსადგურის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობაზე;

დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობაზე;

ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე;

ვ) ნავსადგურის წესების დაცვაზე;

ზ) ნავსადგურის აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებაზე;

თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებაზე;

ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებასა და უტილიზაციაზე;

კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენაზე;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციისა და სახელმწიფო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს.

2. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.

20. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია. საზღვაო ნავსადგური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.“.

21. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 78

1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიების შესახებ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდება ადმინისტრაციას.

2. სააგენტო კომპანია ვალდებულია გემთმფლობელის ან დამფრახტავის სახელით და მისი დავალებით განახორციელოს ანგარიშსწორება გაწეულ ყველა სახის მომსახურებაზე და წარუდგინოს გემთმფლობელს ან დამფრახტავს ერთიანი სადისბურსმენტო ანგარიში.“.

22. 79-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება“.

24. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საზღვაო ნავსადგური.

2. საზღვაო ნავსადგური უსაფრთხო ნაოსნობისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გ) უზრუნველყოს ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურში ყველა რესურსის მობილიზება;

დ) უზრუნველყოს ნავსადგურში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.

3. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვის ადმინისტრაციის წერილობითი მოთხოვნები.“.

25. 81-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

26. 82-ე და 83-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 82

1. ყოველი გემი, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა, ვალდებულია საზღვაო ნავსადგურიდან გემის გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.

2. საზღვაო ნავსადგურში გემის ან ტვირთის დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს, თუ:

ა) გემი სანაოსნოდ უვარგისია;

ბ) მწყობრიდან არის გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობა;

გ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები, არსებობს გემთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებანი, რომლებიც საშიშროებას უქმნის გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას და გარემოს;

დ) არასწორად არის შედგენილი გემის საბუთები;

ე) არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება საერთო ავარიის, გადარჩენის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების, გემების შეჯახების, გადასახადის გადაუხდელობის ან სხვა ზიანის შესახებ;

ვ) გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას (ჯარიმის, გადასახდელის გადაუხდელობის ან ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში).

3. საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდება.

4. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის დაკავება, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 83

1. საზღვაო ნავსადგურში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის) კაპიტანი და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან ადმინისტრაციის დავალების შესაბამისად საზღვაო ნავსადგურს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ.

2. ადმინისტრაციისა და საზღვაო ნავსადგურის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნავსადგურში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.

3. ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

27. 84-ე და 85-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

28. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86

1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია.

2. ადმინისტრაცია სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს.“.

29. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

    მუხლი 861

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს ადმინისტრაცია თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

2. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე;

ე) საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია;

ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი.

3. ადმინისტრაციას თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) დააკავოს გემი ან ტვირთი;

ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;

გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

30. 87-ე და 88-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 87

1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საზღვაო ლოცმანი (შემდგომში – ლოცმანი) ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო ნავსადგურსა და აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება.

3. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის სახით. დამოუკიდებელი სალოცმანო სამსახური თავის საქმიანობას საზღვაო ნავსადგურში ახორციელებს ნავსადგურთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 88

ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.“.

31. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

32. 91-ე და 92-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 91

ადმინისტრაციას უფლება აქვს შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს.

    მუხლი 92

1. პასუხისმგებლობა გემის მიერ მომხდარი ავარიული საზღვაო შემთხვევისათვის ეკისრება გემის კაპიტანს, ხოლო თუ ეს მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანის მიზეზით – სალოცმანო სამსახურსაც.

2. ლოცმანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით.“.

33. 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გემზე ასვლისას ლოცმანი ვალდებულია გემის კაპიტანს წარუდგინოს ლოცმანის სერტიფიკატი და სალოცმანო ქვითარი.

2. გემის კაპიტანს უფლება არა აქვს გემზე მიიღოს ლოცმანი, რომელიც მას არ წარუდგენს ლოცმანის სერტიფიკატს და სალოცმანო ქვითარს.“.

34. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაცია შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რის შესახებაც აცნობებს მის მფლობელს. ამ სამუშაოების საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შესრულებას ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“.

35. 107-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, ადმინისტრაცია „ზღვაოსანთა უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამოღების ვადის შესახებ. თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

36. 108-ე და 109-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 108

ადმინისტრაციას საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე უფლება აქვს მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.

    მუხლი 109

თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შესაძლებელია გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ ვადაში, ადმინისტრაციის მითითების საფუძველზე საზღვაო ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით მოსაცილებლად.“.

37. 230-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 230

1. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუქსირის გამოყენების აუცილებლობა საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შესვლისათვის, გასვლისა და გადაადგილებისათვის, მანევრირებისათვის, გემის ბაგირით მიბმისა და სხვა ოპერაციების შესრულებისათვის განისაზღვრება ნავსადგურის წესებით.

2. 500 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი განთავისუფლებულია ბუქსირის გამოყენებისგან, თუ გემის კაპიტანი არ მოითხოვს მის გამოყენებას.“.

38. 357-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 357

საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება აღრიცხვის მიზნით რეგისტრაციისთვის უნდა წარედგინოს:

ა) საქართველოს ნავსადგურში – ადმინისტრაციას ნოტარიალურად დამოწმებული წესით;

ბ) უცხო ქვეყნის ნავსადგურში – საქართველოს კონსულს ან ადგილობრივ კომპეტენტურ პირს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“.

39. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი:

„საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი

საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები

1. ხომალდი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება.

2. გემი – საზღვაო ხომალდი.

3. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს, კარჭაპი.

4. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი.

5. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირმზიდის მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს).

6. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა.

7. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა.

8. დაფრახტვა – გემის დაქირავება გარკვეული ვადით.

9. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი.

10. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი.

11. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის იჯარით აღების შესახებ.

12. ბერბოუტ-ჩარტერი – გემის დაქირავება უეკიპაჟოდ.

13. ტაიმ-ჩარტერი – გარკვეული დროით გემის დაქირავება ეკიპაჟით.

14. გემის იპოთეკა – გემის დაგირავება.

15. ოპერატორი:

ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას;

ბ) ბერბოუტ-ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა;

გ) სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია.

16. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა.

17. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ.

18. დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის.

19. დემერეჯი – თანხის რაოდენობა, რომელსაც გადამზიდავი იხდის გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით.

20. დისპაში – ავარიის შემთხვევაში ზარალის გაანგარიშება, რომელიც მოდის ტვირთსა და გემზე.

21. ნავსადგურის კაპიტანი – ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი.

22. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირი ანდა საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

23. საზღვაო ლოცმანი – კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს გემის გაცილებას საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან.

24. კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამართლებრივი ურთიერთობა ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები).

25. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის კონკრეტული მიმღები, აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი.

26. კაბოტაჟი – ნაოსნობა ნაპირის სიახლოვეს ერთი და იმავე ზღვის ან ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის.

27. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება გემთმფლობელსა და ნავსადგურს შორის.

28. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემის აზომვა, მისი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა.შ.

29. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს კონტროლი ეკიპაჟსა და კომპანიაზე, რომლის დროშითაც დაცურავს გემი.

30. პორტის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე.

31. ეროვნული ნაოსნობა – სახელმწიფოს დროშით ნაოსნობა.

32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა.

33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესებისა და ზედამხედველობის შესაბამისად ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა.შ.

34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის გადაზიდვა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით.

35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა დატვირთვის გარეშე წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით და შავი ზღვით).

36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებს, გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებსა და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო-კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა.

37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი ცურვა.

38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“, „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად.

39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი ნებისმიერი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება. „ჩაძირულ ქონებაში“ იგულისხმება ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, ნებისმიერი გემი და ქონება, რომელიც გადაიზიდებოდა გემით ან მისი მეშვეობით, და ა.შ.“.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:

ა) შესაბამისი დაფინანსებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნა და აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის ნავსადგურის და ფოთის ნავსადგურის არსებული კაპიტნის სამსახურების მიმართ სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ბათუმის ნავსადგურის და ფოთის ნავსადგურის არსებული კაპიტნის სამსახურების მფლობელობაში არსებული რადიოტექნიკური და მეტეოაღჭურვილობის, აგრეთვე ტექნიკური დოკუმენტების (ნავსადგურში შემოსული გემების შესახებ, ნავსადგურის ნახაზები) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისათვის გადაცემა და ადმინისტრაციის დებულებაში სათანადო ცვლილებების შეტანა;

გ) ერთი თვის ვადაში:

გ.ა) საზღვაო სფეროში ადმინისტრაციის მიერ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცება;

გ.ბ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს განსაზღვრა.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2008 წლის 20 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 27 ივნისი.

№69–Iს