საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4165-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.102255
4165-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 29/05/2024
400010020.05.001.102255
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 70-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5და 5ნაწილები:

„51. სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლითაც განმცხადებელი ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას. განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის  სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევის კოორდინაციისა და ადმინისტრირებისთვის. ყველა სხვა კომპეტენტური ორგანო მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებაში და ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინირებას სააგენტოსთან. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოა საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი.

52. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესს“.“. 

2. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სააგენტო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გემის შესახებ მონაცემების საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდება. სააგენტო კომპანია პასუხისმგებელია ამ მონაცემთა სისწორისთვის, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მისი განახლებისთვის.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 78მუხლი:

„მუხლი 781

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომპეტენტური ორგანო − საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში;

ბ) განმცხადებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის;

გ) საზღვაო ერთი ფანჯარა − ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება;

დ) სანავსადგურო მომსახურება − მომსახურება,  რომელიც შეთავაზებულია საქართველოს ნავსადგურებში, მათ შორის, საწვავით მომარაგება, ტვირთის განკარგვა, გემის მიბმა, მგზავრების მომსახურებით უზრუნველყოფა, ნარჩენების ჩაბარება, სალოცმანო გაცილება, ბუქსირება;

ე) ანგარიშგების ვალდებულება − ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი;

ვ) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი − ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისგან არის შექმნილი და რომელსაც სააგენტო თავმჯდომარეობს;

ზ) სააგენტო კომპანია − პირი, რომელიც გემთმფლობელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.“.

მუხლი 2. 2024 წლის 1 ოქტომბრამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა.ა) „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება;

ა.ბ) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის შექმნა;

ბ) შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უზრუნველყონ სატესტო რეჟიმში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში ჩართვა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4165-XIVმს-Xმპ