საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4944-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019605
4944-Iს
17/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
400010020.05.001.019605
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. IX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1641 მუხლი:

„მუხლი 1641

ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადამყვანი − პირი, რომელმაც დადო ან რომლის სახელითაც დაიდო მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ახორციელებს თვითონ თუ გადაყვანის განმახორციელებლის მეშვეობით;

ბ) გადაყვანის განმახორციელებელი − პირი (გარდა გადამყვანისა), რომელიც არის გემის მესაკუთრე, დამფრახტავი ან ოპერატორი და რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს;

გ) გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს − გადაყვანის განმახორციელებელი ან, თუ გადამყვანი ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ტვირთის გადაზიდვას, − გადამყვანი;

დ) ბარგი − საგანი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამყვანი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა:

დ.ა) იმ საგნისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის ან იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია საქონლის გადაზიდვა;

დ.ბ) ცოცხალი ცხოველისა;

ე) კაიუტაში არსებული ბარგი − ბარგი, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში ან მისი მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ, აგრეთვე ბარგი, რომელსაც მგზავრი თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ინახავს, გარდა ამ კოდექსის 175-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ვ) ინციდენტი − გემის ჩაძირვა, გადაყირავება, მეჩეჩზე დაჯდომა ან სხვა გემთან შეჯახება, გემზე მომხდარი აფეთქება ან ხანძარი, გემის ხარვეზი.“.

2. 168-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 168

1. ნაოსნობისას მგზავრის უსაფრთხოდ გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე უზრუნველყოს, რომ გემი იმყოფებოდეს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, დააკომპლექტოს გემის ეკიპაჟი და აღნიშნულ მდგომარეობაში ჰყავდეს გემი მგზავრის საზღვაო გადაყვანის მთელი დროის განმავლობაში.

2. გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას.

3. სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას.

5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა.

6. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნავსადგურში შესვლისას ან აღნიშნული ნავსადგურიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.

7. სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის  გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო.“.

3. 175-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 175

გადამყვანის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება:

ა) მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის – 400 000 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, ბარგის) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 12 700 საანგარიშო ერთეულით თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის;

გ) კაიუტაში არსებული ბარგის დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 2 250 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის;

დ) ბარგის (გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარგისა) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის − 3 375 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1751 მუხლი:

„მუხლი 1751

1. მგზავრის საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, ვალდებულია მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაუხადოს მას ავანსი ამ ზიანის პროპორციულად, გადაუდებელი ეკონომიკური საჭიროებებისთვის. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში აღნიშნული ავანსის თანხა მისი გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად განსაზღვრულ ლარში 21 000 ევროს ეკვივალენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავანსი არ არის იმ გადამყვანის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარება, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, და იგი შეიძლება გაიქვითოს ამ თავით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემდგომ გადახდილ ანაზღაურებაში. აღნიშნული ავანსის თანხა არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო:

ა) მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით;

ბ) ომით, საბრძოლო მოქმედებით, სამოქალაქო ომით, ამბოხებით ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური მოვლენით;

გ) მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვაც იყო ინციდენტის გამოწვევა.

3. გადამყვანმა ან/და გადაყვანის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ  თავით გათვალისწინებული მგზავრის უფლებების თაობაზე.

4. თუ გადაყვანა საქართველოში იწყება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გემში ჩაჯდომამდე, ხოლო თუ მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოში იდება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას (ბილეთის შეძენისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრმა ბილეთი ინტერნეტით ან ტელეფონით შეიძინა).“.

5. 369-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა მისი ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები განისაზღვრება „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში დაადგინოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საზღვაო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესები და პირობები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 სექტემბერი 2019 წ.

N4944-Iს