დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1745 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 14/01/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.170.280.05.001.000.467 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/03/2007 - 11/07/2007)
საქართველოს კანონი
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ამ კანონის მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციის, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.
3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარის, სხვა თვითრეგულირებადი ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.
5. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შექმნის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით.
6. ფინანსური ინსტიტუტები უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო.
2. არსებითი (ფაქტი ან მოვლენა) – ფაქტი ან მოვლენა, რომელსაც, კეთილგონიერების ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტორი ან პოტენციური ინვესტორი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებისას.
3. აუდიტორი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი აუდიტორი. აუდიტორი ან ნებისმიერი აუდიტორული კომპანია, რომელთანაც იგი არის აფილირებული, დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი.
4. ბანკი – საბანკო დაწესებულება, რომელიც ორგანიზებულია „მეწარმეთა შესახებ“, ხოლო ლიცენზირებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.
5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:
ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;
ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;
გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;
დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;
ე) აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე.
6. ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.
7. გაზეთი – ნებისმიერი გაზეთი, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს კომისია.
8. გათვითცნობიერებული ინვესტორი – პირი, რომელიც გათვითცნობიერებულია ინვესტირების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებში, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. გაყიდვა – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან სხვაგვარი გასხვისების შესახებ.
10. ლიცენზია – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიცენზია.
11. დაკავშირებული პირი:
ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება;
ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;
გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
დ.ა) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
დ.ბ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე.
12. ემისიის პროსპექტი – წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება.
13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა კომისიას, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა.
14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ.
15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტ რაოდენობასა და ზუსტ ფასს; ხოლო თუ საბროკერო კომპანია/კომპანიები თანახმა არიან ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელების სახელით, – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.
16. ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს.
17. თვითრეგულირებადი ორგანიზაცია (თრო) – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის 41-ე მუხლის მიხედვით შეიმუშავებენ და ახორციელებენ კომისიის მიერ მოწონებულ წესებს აღნიშნული ორგანიზაციის მონაწილეთა თუ წევრთა მიმართ.
18. კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ – ეს კანონი, აგრეთვე სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებაზეც ზედამხედველობას ახორციელებს კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
19. კომისია – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.
20. კონტროლი – თუ კონტექსტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ვითარება, როდესაც პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა წრე საწარმოში ფლობს ხმების 10%-ზე მეტს.
21. მეორადი საჯარო ვაჭრობა – ფასიანი ქაღალდის იმგვარი ყიდვა ან გაყიდვა, რომელიც:
ა) არ ხორციელდება ემიტენტის სახელით ან არ წარმოადგენს ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მუხლების მიხედვით საჯარო შეთავაზების ნაწილს;
ბ) ღიაა პირდაპირი ან წარმომადგენლის საშუალებით მონაწილეობისათვის არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი წრისათვის.
22. მმართველი ორგანო –– დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭო.
23. პირი – იურიდიული ან ფიზიკური პირი.
24. რეგისტრირებული მფლობელი – ფასიანი ქაღალდების მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი, რომელიც რეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრში.
25. რეკლამა – განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.
26. საბროკერო კომპანია – პირი, ჩაბმული ამ კანონის 23-ე მუხლში აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების საჯარო ყიდვა-გაყიდვასთან. საბროკერო კომპანიებს არ მიეკუთვნება:
ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი საინვესტიციო ფონდები;
ბ) ამ კანონის 231 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პირი;
გ) ლიცენზიის მფლობელი ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც ახორციელებს ამ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საქმიანობას;
დ) ბანკები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საქმიანობას, დაკავშირებულს სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან.
27. სამეურნეო წელი – დროის პერიოდი ყოველი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
28. სამთავრობო ფასიანი ქაღალდი –– საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი.
29. საფონდო ბირჟა – ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვება, უზრუნველყოფს ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
30. (ამოღებულია).
31. უხეში დარღვევა – დარღვევა, რომელიც არ არის ტექნიკური ხასიათისა და წარმოადგენს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კანონების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების მოთხოვნათა განზრახ უგულებელყოფას.
32. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. ამ კანონით შემდეგი ინსტრუმენტები არ განიხილება და არ რეგულირდება როგორც ფასიანი ქაღალდები:
ა) ბანკების ვალდებულებები, დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან ფინანსირებასთან, რომლებსაც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი, შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა;
ბ) ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ენუიტური კონტრაქტი, გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი იურიდიული პირის მიერ;
გ) ჩეკები (რეგულირდება საქართველოს კანონით “ჩეკების შესახებ”);
დ) კომისიის წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა რეგულირებაც შესაბამისად ხორციელდება ამ ან სხვა კანონებით.
33. არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის სახელზე.
34. საინვესტიციო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით.
35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი.
37. ფასიანი ქაღალდების ემისია (გამოშვება) – პროცედურა, რომლის საშუალებითაც ემიტენტი განათავსებს ფასიან ქაღალდებს.
38. ფასიანი ქაღალდების კლასი – ემიტენტის ყველა ის ფასიანი ქაღალდი, რომლებიც, კომისიის წესების შესაბამისად ადასტურებს იდენტურ უფლება-მოვალეობებს.
39. წილობრივი ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში.
40. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე – ინვესტორი, ემიტენტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე, აუდიტორი.
41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, სხვა თრო, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.
42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობას უწევს კომისია დადგენილი წესის მიხედვით.
43. ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც ბენეფიციარი მესაკუთრე (ან სხვა ნომინალური მფლობელი) წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ბენეფიციარი მესაკუთრის (ან სხვა ნომინალური მფლობელის) ინტერესებისათვის ჩაებას ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში.
44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის, არ არის ემიტენტის ან ამ კანონის 29-ე მუხლის მიხედვით ლიცენზირებული პირის თანამშრომელი.
45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანია/კომპანიები კისრულობენ განათავსონ ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ ან არაგარანტირებულ საფუძველზე, კომისიის წესების შესაბამისად:
ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის პირობით;
ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გულისხმობს საბროკერო კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების ემისიის პირობით შესყიდვას იმ გარანტიის გარეშე, რომ ისინი დაიტოვებენ ან გადაყიდიან მთელ ემისიას.
47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.
48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კომისიაში წარდგენილი განაცხადი. რომელიც გულისხმობს მის ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია – უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითების გზით.
49. ჩანაწერი – ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ანგარიშის, კორესპონდენციის, მაგნიტურ ფირსა და კომპიუტერის დისკზე ჩანაწერებისა თუ სხვა სახით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ ან რაიმე ტექნიკური საშუალებებით.
50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – პირი, რომელიც უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.
51. წერილობითი ფორმა – კომუნიკაციის ნაბეჭდი, ლითოგრაფიული ან ნებისმიერი გრაფიკული ფორმა.
52. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს საჯარო ფასიან ქაღალდებს.
53. განვითარებული ქვეყნები – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები.
54. ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
თავი II
ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება
მუხლი 3. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების ცნება
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვის შესახებ არანაკლებ 100 პირისათვის ან პირთა წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობისათვის. საჯარო შეთავაზებად ჩაითვლება აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით წამოყენებული ამგვარი წინადადება იმ პირის სახელით, რომელიც არ არის ემიტენტი. არაემიტენტი პირის საჯარო შეთავაზება ბათილია, გარდა ამ კანონითა და კომისიის წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ემიტენტს უფლება აქვს საბროკერო კომპანიასთან დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.
3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები.
4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
5. საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და გასხვისების წესები განისაზღვრება ამ კანონით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ფასიანი ქაღალდების შესახებ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გათვითცნობიერებული ინვესტორებისათვის, რაც განისაზღვრება და წესრიგდება კომისიის წესებით, ამ თავის მიხედვით არ განიხილება როგორც საჯარო შეთავაზება.
მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი
1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და კომისიის წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან შემდეგ. თუ წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებული იყო ინვესტორებს შორის ამ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, არსებითი ფაქტებით განსხვავდება დამტკიცებული პროსპექტისაგან, ემიტენტმა დამტკიცებული პროსპექტი უნდა გაავრცელოს იმავე წესით, რა წესითაც წინასწარი პროსპექტი გავრცელდა, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების შესახებ პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს კომისიას და წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც ჩაითვლება საჯარო შეთავაზების განაცხადად:
ა) განაცხადი კომისიის წესების მიერ განსაზღვრული ფორმის მიხედვით;
ბ) წინასწარი პროსპექტის სამი ასლი, ხელმოწერილი ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრთა უმრავლესობის, უფროსი აღმასრულებელი პირის მიერ, როცა ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტების შემთხვევაში – ხელმოწერილი იმ პირების მიერ, რომლებიც კანონის მიხედვით აღიარებულნი არიან როგორც პასუხისმგებელნი ემიტენტის მართვაზე (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი, კომისიის წესების შესაბამისად, შეიცავს:
ბ.ა) ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, კერძოდ, მისი სახელის, რეგისტრირებული მისამართისა და მისი ძირითადი ოფისის ადგილმდებარეობის მითითების ჩათვლით, დაარსების თარიღსა და დეტალებს, საქმიანობის მიზნებს, მიმოქცევაში მყოფი მისი ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და სახეობას და მათ მიერ მინიჭებულ უფლებებს; ინფორმაციას ემიტენტის საკუთრებაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შესახებ; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და მთავარ აღმასრულებელ პირთა სახელებს, საჭიროებისამებრ – ემიტენტის მიერ არჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ზემოხსენებული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტსა და ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად არ ყოფილა განსაჯაროებული;
ბ.გ) ემიტენტის კომერციული საქმიანობის დახასიათებას უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს;
ბ.დ) სამომავლო ანგარიშებს, დასაბუთებულ დაგეგმვათა ჩათვლით, რომლებიც შეეხება მოსალოდნელ შემოსავალს, მოგებასა და სხვა ფინანსურ საკითხებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ნათლად გამოხატულ შესაბამის ფაქტებზე დაყრდნობით. შეიძლება გაკეთდეს ანგარიშები როგორც ემიტენტის მმართველი ორგანოს გეგმებსა და მიზნებზე, ასევე მომავალ ოპერაციებზე, დაფინანსებასა და წილების შეძენაზე;
ბ.ე) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ და კომისიის წესებით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს უკანასკნელი 2 სამეურნეო წლისათვის და მსგავს ინფორმაციას იმ იურიდიული პირების შესახებ, რომლებშიც ემიტენტის წილი 50%-ს აღემატება; მოითხოვება დამოუკიდებელი აუდიტორის წერილი იმის თაობაზე, რომ მან შეამოწმა ემიტენტის ანგარიშები და მისი თანხმობა, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნები გამოყენებულ იქნეს ემისიის პროსპექტში;
ბ.ვ) ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შესახებ, კერძოდ:
ბ.ვ.ა) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობასა და მათ მესაკუთრეთა უფლებებს ემიტენტის სხვა ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეებთან შედარებით;
ბ.ვ.ბ) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების მთლიან ფასს (ასეთი მთლიანი შეთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით რაოდენობასა და ამ ქაღალდების საორიენტაციო ან მიახლოებით ფასს);
ბ.ვ.გ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს ან, თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა შეთავაზების კონტრაქტს და დათანხმდა შეესყიდა მთელი ემისიის ყველა ფასიანი ქაღალდი ან მათი ნაწილი, – ასეთი გარიგების დაახლოებით დეტალებს;
ბ.ვ.დ) ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებსა და თითოეულის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;
ბ.ვ.ე) სასესხო ფასიანი ქაღალდებისათვის პროცენტის რაოდენობასა და მისი გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ფასიანი ქაღალდის ვადასა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობებს;
ბ.ვ.ვ) შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენებას;
გ) ემიტენტის პირველი საჯარო შეთავაზებისათვის – ნოტარიუსის მიერ დამოწმებული და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები ან, თუ ემიტენტს უკვე გამოცემული აქვს საბოლოო პროსპექტი ამ მუხლის მიხედვით,– უკანასკნელი საბოლოო პროსპექტის შემდეგ სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეტანილ ცვლილებათა ასლები, რომლებიც ასევე დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და რეგისტრირებულია საქართველოს სამეწარმეო რეესტრში;
დ) გადაწყვეტილებათა ასლები ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესახებ ემიტენტის სახელით ან/და როცა შეთავაზება კეთდება ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელის ინტერესებისათვის; იმ გადაწყვეტილებათა ასლები, რომლებიც უფლებამოსილს ხდის ასეთი ფასიანი ქაღალდების ჩართვას საჯარო შეთავაზებაში;
ე) საწარმოს რეორგანიზაციის ამსახველი დოკუმენტები, თუ ეს ცვლილებები გახდა ფასიანი ქაღალდების ემისიის მიზეზი;
ვ) იმ ექსპერტთა დასკვნების ხელმოწერილი ასლები, რომლებმაც მოამზადეს ან დაამოწმეს ემისიის პროსპექტში მოცემული ინფორმაცია.
3. ბანკები, რომლებიც აპირებენ მათ მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას, კომისიას შეთავაზების განაცხადს, ამ მუხლის მიხედვით, აბარებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ საექსპერტო შეფასების ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკიდან. ამ ანგარიშის დასკვნა ემისიის პროსპექტში უნდა შევიდეს. საექსპერტო შეფასების ანგარიშის ასლი წარდგენილ უნდა იქნეს როგორც შეთავაზების განაცხადის ნაწილი.
4. წინასწარ დამტკიცებული წესების შესაბამისად, კომისიას შეუძლია დააწესოს სხვადასხვა მოთხოვნა ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობებისა და ემიტენტის მიხედვით (მაგ., არარეზიდენტი ემიტენტი, საინვესტიციო ფონდი (კომპანია) როგორც ემიტენტი, ემიტენტი, რომელიც არ არის საწარმო) და, საჭიროების შემთხვევაში, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.
5. წესების შესაბამისად, კომისიას შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და ამ ანგარიშების მომზადებისას გამოსაყენებელი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები.
6. თუ ემიტენტი არის ანგარიშვალდებული საწარმო და მას წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, კომისიას შეუძლია, წინასწარ დამტკიცებული წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარმოდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილი.
7. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა კომისიას, იგი შეიძლება ჩაერთოს პროსპექტში მითითების სახით ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
8. შეთავაზების განაცხადის კომისიაში ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კომისია განიხილავს ამ დოკუმენტებს და, თუ:
ა) მიიჩნევს, რომ წარდგენილი წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონსა და კომისიის წესებს, ან/და, თუ ტექსტი გასაგები და თანამიმდევრული არ არის, ემიტენტს მიაწვდის წერილობით პასუხს მისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, რომელიც საჭიროა მოწოდებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და მოსთხოვს ემიტენტს წარადგინოს წინასწარ პროსპექტში მოყვანილი ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი საბუთები. მითითებულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები, რომლებიც ხელახლა იქნება განხილული;
ბ) ემიტენტი მოითხოვს წერილობითი ფორმით, მიაწოდებს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის 30 დღეში დამტკიცების შესახებ;
გ) კომისია მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან კომისიის წესებს, ანდა, თუ ემიტენტი უარს ამბობს წარადგინოს დოკუმენტები, მონაცემები ან ახსნა-განმარტებები, რომელთაც ეს მუხლი მოითხოვს, მაშინ კომისიამ შეიძლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წერილობითი ფორმით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;
დ) ემიტენტი არ იქნა ინფორმირებული წერილობითი ფორმით – ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მაშინ 30 დღის გასვლის შემდეგ პროსპექტი დამტკიცებულად ჩაითვლება.
9. ემისიის საბოლოო პროსპექტში მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია არ უნდა იყოს 9 თვეზე უფრო ადრინდელი. ტექსტში მოყვანილი აღწერები უნდა შეესაბამებოდეს უახლეს შესაძლო თარიღს.
10. 5 დღის ან კომისიის წესებით განსაზღვრული დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ემისიის პროსპექტი კომისიის მიერ დამტკიცებულად ჩაითვლება, ემიტენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ზუსტი ფასის პირველ გვერდზე მითითებით, ხოლო როცა საბროკერო კომპანიები ყიდიან ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით, – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.
11. კომისიისათვის საბოლოო პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ ცვლილებებად; თუ მთლიანი შესათავაზებელი ფასი ან ერთი ფასიანი ქაღალდის ფასი იცვლება 20%-ზე მეტად კომისიის მიერ დამტკიცებულ პროსპექტში მოცემულ საორიენტაციო ფასთან შედარებით, საბოლოო პროსპექტი განიხილება როგორც დამტკიცებულ პროსპექტზე დართული ცვლილება და იგი წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურის მიხედვით.
12. კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ფორმალურად შეესაბამება ამ კანონსა და მიღებულ წესებს, მაგრამ ეს არ ადასტურებს გაცხადებული ინფორმაციის სისწორეს და, ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს განხილული როგორც კომისიის რეკომენდაცია. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „კომისიის მიერ პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ”.
13. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის, გაუცხადებლობის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისათვის, ამ კანონის 55-ე მუხლითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ შემდეგ პირებს:
ა) ემიტენტს, უფროს აღმასრულებელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ყველა წევრს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;
ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მისი, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის, ავტორის მოხსენიებაზე, ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისა თუ გამოტოვების გამო.
14. არც ერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ იქნება პასუხისმგებელი ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:
ა) საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე იგი გადადგა ან შეწყვიტა ის ურთიერთობები, რომლებიც მოცემულია საბოლოო პროსპექტში მისი საქმიანობის ან საქმიანობაზე თანხმობის შესახებ, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა კომისიასა და ემიტენტს;
ბ) თუ პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეთანხმების გარეშე, ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე ის დაუყოვნებლივ ატყობინებს კომისიას ამის შესახებ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და აქვეყნებს წერილობით განცხადებას გაზეთში, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;
გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ, მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და ამიტომ მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მასში მოცემული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს ასეთი პირის განცხადებას, ანდა არ წარმოადგენს მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტ ასლსა თუ ნაწილს.
15. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს აქ დასახელებულ პირთა პასუხისმგებლობას, თუ ემისიის პროსპექტში დაშვებული არსებითი მოვლენის შეცდომით გადმოცემისა თუ გამოტოვების გამო დაზარალდა აქციის მფლობელი. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არაზუსტად გადმოცემით ან გაუცხადებლობით. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სხვა პირები, ანალოგიურად, პასუხისმგებელნი იქნებიან ასეთივე მყიდველთა წინაშე იმ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა შეთავაზებაც მოხდა მე-4 მუხლის პირველი ან მე-5 მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის წესებით.
16. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე კომისია რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და კომისიის წესებით დადგენილი პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 5. შეთავაზების პროცედურა
1. საბოლოო პროსპექტი მიეწოდება ინვესტორებს საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვის დაწყებამდე ან დაწყებისთანავე.
2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ოდენობის, ფასის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი მიმართავს შემდეგ პროცედურას:
ა) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კომისიას წარუდგენს პროსპექტში შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;
ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით;
გ) განუსაზღვრავს მყიდველებს 30 დღის ვადას გაუქმებაზე რეაგირებისათვის, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს შეცვლილი საჯარო შეთავაზება. თუ ემიტენტს წარმოადგენს ბანკი, პროსპექტში შესატანი ცვლილებების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.
3. თუ პროსპექტში შესწორება შეაქვთ ამა თუ იმ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელმომწერებს უფლება ეძლევათ უარი თქვან შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ხოლო ემიტენტი მოვალეა უკან დააბრუნოს ფასიანი ქაღალდების საფასური გამოუქვითავად ხელმომწერთა მიერ უარის განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში. ხელმომწერნი, რომლებიც უარს არ განაცხადებენ შესყიდულ ფასიან ქაღალდებზე, ექვემდებარებიან შეთავაზების ახალ პირობებს.
4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ კომისია შეიტყობს, რომ პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა ასახული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესრულება.
5. თუ პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პროცესში შეიცვალა, ემიტენტი მოვალეა კომისიას წარუდგინოს ამ ახალი ინფორმაციის (ცვლილების) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე მოცემულ ცვლილებას პროსპექტში შეიტანდეს კომისიის წესებით დადგენილი პროცედურის მიხედვით.
მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობა კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე
1. კომისიაში წარდგენილი პროსპექტის კომისიის მიერ დამტკიცებამდე წინასწარი პროსპექტი შეიძლება დაიგზავნოს:
ა) ემიტენტისა და მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ საწარმოსა და მისი იმ ფასიანი ქაღალდებით საზოგადოების დაინტერესების მიზნით, რომელთა ემისიაც დაიწყება კომისიის მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ;
ბ) პოტენციური ინვესტორებისათვის იმ პირობით, რომ კომისიის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე არ მოხდება ამ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შეთავაზება და თანხმობა მათი შესყიდვის თაობაზე. პოტენციურ ინვესტორებს არ უნდა მიეწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის წინასწარ პროსპექტში.
2. აკრძალულია შეთავაზების წინასწარი პროსპექტის წარდგენამდე მონაწილეთა მიერ შეთავაზებისადმი საჯარო ინტერესის გამოწვევის ყოველგვარი მცდელობა.
3. აკრძალულია კომისიისათვის პროსპექტის წარდგენიდან მის ოფიციალურ დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ სხვა ნებისმიერი პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.
4. წინასწარი პროსპექტი, რომელიც გავრცელებულია ამ მუხლის მიხედვით, უნდა შეიცავდეს პირველ გვერდზე გამორჩეული შრიფტით შესრულებულ შემდეგ განცხადებას:
„ამ წინასწარი პროსპექტით არ ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. პროსპექტი ამ ფასიანი ქაღალდების შესახებ დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიას და გამოქვეყნდება დამტკიცების შემდეგ. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან გაყიდვა ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე აკრძალულია და ისჯება კანონით”.
მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება
1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ან ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, მაშინ კომისიას შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების გაუქმება.
2. თუ კომისია შეაჩერებს ან გააუქმებს ემისიის დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით.
მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიის ანგარიში და სხვა ანგარიშები, რომელთა წარდგენაც მოეთხოვებათ ემიტენტებს
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი კომისიას წარუდგენს ანგარიშს ემისიისა და ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.
ა) თუ ემიტენტი საბანკო/საკრედიტო დაწესებულებაა, ანგარიში წარედგინება კომისიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ბ) ანგარიშის წარსადგენად საჭირო დოკუმენტების ნუსხა და მათი შედგენის პროცედურა განისაზღვრება კომისიის წესებით;
გ) კომისია წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარმოადგინოს ემიტენტმა;
დ) თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ და დოკუმენტებს რეალურად განთავსებული ემისიის დასამტკიცებლად.
2. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან კომისიას უნდა წარუდგინოს და ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები. ამ ანგარიშების შინაარსს, ფორმას, წარდგენისა და გავრცელების ვადებს და სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს კომისია.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
თავი III
საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 9. ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება
1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა) განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.
2. ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებისაგან თავის არიდების აცილების მიზნით კომისია უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესები.
3. ანგარიშვალდებულ საწარმოებს არ წარმოადგენენ საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რომელთა საქმიანობაც, ამ კანონის მიხედვით, წესრიგდება კომისიის წესებით.
4. კომისიის წესების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გაათავისუფლოს ანგარიშვალდებული საწარმო ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14, მე-15 და მე-17 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოს მიერ ასეთი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოს საკუთარი კაპიტალისა (კომისიის წესებით განსაზღვრულისა) და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ოდენობის გათვალისწინებით, შეუსაბამობაში აღმოჩნდება აღნიშნული მუხლებით დაცულ საჯარო ინტერესთან.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 10. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი გამოშვებულ უნდა იქნეს არამატერიალიზებული ფორმით. მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება დემატერიალიზაციას.
2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით კომისია იღებს შესაბამის წესებს. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ წესების მიხედვით. ამასთან, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაიშვება მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მეშვეობით, რომელსაც აქვს კომისიის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების საკვალიფიკაციო ატესტატი.
3. ემიტენტმა, რომლის რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, მათი საჯარო ფასიან ქაღალდებად ჩათვლიდან 60 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და მისი დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.
4. თუ ემიტენტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, რეგისტრატორს მას უნიშნავს კომისია დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს კომისიას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ბ) შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება (დასახელება);
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;
დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეულით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის მითითებით, ხოლო თუ იგი ანგარიშვალდებული საწარმოა – ასევე საწესდებო კაპიტალის ოდენობა;
ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის, – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
ვ) ემიტენტის იმ თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ურთიერთობაზე;
ზ) თუ ანგარიშვალდებული საწარმო რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, – მისი მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.
7. თუ ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში:
ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) კომისიას, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს;
ბ) ცვლილების განხორციელების დღის ბოლომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟას და მის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს წერილობით დაუდასტუროს მისი განხორციელება, ამასთან, შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებს 3 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფონდო ბირჟა და მისი მომსახურე ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულნი არიან იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების მიღებამდე შეაჩერონ შესაბამის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები.
9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღიდან. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს კომისიის წესების შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესები.
10. ფასიანი ქაღალდების რეესტრის თაობაზე ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ეს პასუხისმგებლობა წერილობით ემიტენტის სხვა თანამდებობის პირს არა აქვს დაკისრებული.
11. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ერთი რეგისტრატორი.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. ყველა ანგარიშვალდებული საწარმო მოვალეა მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:
ა) წლიური ანგარიში;
ბ) ნახევარი წლის ანგარიში;
გ) მიმდინარე ანგარიშები.
2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და შეიცავს ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების 5%-ზე მეტს; დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. ასეთი ანგარიშების მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო ანგარიშვალდებულ საწარმოდ ითვლება. პირველი ასეთი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს 90 დღის განმავლობაში იმ სამეურნეო წლის დამთავრებიდან, რომელშიც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. შემდგომში ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 90 დღის განმავლობაში.
3. სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ დგება ნახევარწლიური ანგარიშები. თუ საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მაშინ იმ ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ 6-თვიან პერიოდს, წარედგინება კომისიას ამ პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. შემდგომში ნახევარწლიური ანგარიში წარედგინება კომისიას 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. ნახევარწლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს, ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; კომისიის წესებით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.
4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია კომისიის წესებით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა ხდება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში და მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს კომისიის წესები.
5. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ფინანსური ანგარიშების ფორმა და შინაარსი და მათ მოსამზადებლად გამოსაყენებელი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპები და სტანდარტები.
6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ საწარმო წარუდგენს ამ მუხლში განსაზღვრულ ანგარიშებს ერთდროულად როგორც კომისიას, ასევე საფონდო ბირჟას.
7. კომისიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით კომისიას შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.
8. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს კომისიისათვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების გზით, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან რაიმე სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.
9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 12. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრების მიერ მათ საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ინფორმაციის ღიაობა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი კომისიას წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.
2. თუ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები ყიდვა-გაყიდვის საგანია საფონდო ბირჟაზე, მაშინ ანგარიში წარედგინება საფონდო ბირჟასაც.
3. კომისიას (საფონდო ბირჟას) წარედგინება აგრეთვე ანგარიში მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებათა შესახებ.
4. ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება კომისიის წესებით.
5. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 10 დღისა იმ დროიდან, როცა:
ა) საწარმო გახდა ანგარიშვალდებული;
ბ) პირი გახდა მმართველი ორგანოს წევრი.
მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ
1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია არ შეიტანოს კომისიისათვის წარდგენილ ანგარიშებში მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით. ამ კანონითა და კომისიის წესებით კომისიამ შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.
2. საწარმო კომისიას ცალკე, კონფიდენციალობის მითითებით წარუდგენს ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად დამატებით მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. კომისია დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობას. კომისია უფლებამოსილია სპეციალური ანგარიშის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში წესების შესაბამისად გადაწყვიტოს წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხი. ამასთან, თუ:
ა) კომისია წესების შესაბამისად ჩათვლის, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს, დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით, შეუძლია წერილობითი ფორმით სთხოვოს კომისიას გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში კომისიამ უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. კომისიას გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთხელ შეუძლია;
ბ) კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, მაშინ ანგარიშ-ვალდებული საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.
მუხლი 14. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
1. პირი ან პირთა ჯგუფი, კომისიის წესებით დადგენილი ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ აცნობებს კომისიას, ფასიანი ქაღალდების ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, სადაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.
2. მნიშვნელოვან შენაძენად მიიჩნევა ანგარიშვალდებული საწარმოს ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 10%-ის ან მეტის ბენეფიციარული მესაკუთრეობა, აგრეთვე ასეთი მესაკუთრეობის ცვლილება 10%-ით ან მეტით.
3. მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის წესებით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
4. ჯგუფად ჩაითვლებიან პირები, თუ მათ შორის არის შეთანხმება:
ა) ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო მიმოქცევაში მყოფი ფასიანი ქაღალდების შეძენის, ფლობისა და განკარგვის საერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ;
ბ) ამ ფასიან ქაღალდებთან მიმართებით მესაკუთრის ნებისმიერი უფლების, მათ შორის, ხმის უფლების გამოყენების შესახებ.
5. ასეთი შეთანხმების არსებობა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებს შორის იგულისხმება წერილობითი დადასტურების გარეშეც.
6. ჯგუფი კომისიის წინაშე პასუხისმგებელია შეასრულოს ამ კანონითა და კომისიის წესებით დადგენილი ვალდებულებანი.
7. თუ კომისია ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა არ შეატყობინა კომისიას, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, მაშინ პარტნიორთა უახლოეს კრებაზე ის კარგავს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებას.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 15. სატენდერო შეთავაზება
1. პირს, რომელიც აპირებს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენას იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტროლი საწარმოზე, ეს შეუძლია გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს განცხადების გაკეთებას საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფ შეძენაზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ კომისიის წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. შემთავაზებელი პირისათვის აკრძალულია სატენდერო შეთავაზება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიან ქაღალდებზე, თუ ამის შემდეგ ეს პირი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის ბენეფიციარი მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველ გამოქვეყნებამდე, ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის მათ გაგზავნამდე აღნიშნული პირი კომისიას წარუდგენს განცხადებას კომისიის წესებით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;
ბ) ეს პირი გამოაქვეყნებს ინფორმაციას სატენდერო შეთავაზების შესახებ გაზეთში, კომისიის წესების მიხედვით.
3. ნებისმიერი წინადადება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს კომისიის წესების მიხედვით.
4. სატენდერო შეთავაზების პირობები და შემთავაზებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთნაირი უნდა იყოს სათანადო ფასიანი ქაღალდების ყველა მესაკუთრისათვის.
5. ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც დათანხმდა შეთავაზების პირობებს, გაცხადებული შეთავაზების პერიოდში უფლება აქვს გააუქმოს თავისი თანხმობა შეთავაზების პირველად გამოქვეყნების ან/და მასში შესწორების შეტანის შემდეგ ნებისმიერ დროს, თუ ეს სხვაგვარად არ არის აღნიშნული კომისიის წესებში.
6. თუ შემთავაზებელი მიიღებს უფრო მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის თანხმობას, ვიდრე ეს აღნიშნული იყო სატენდერო შეთავაზებაში, იგი შეიძენს ფასიან ქაღალდებს პროპორციული გადანაწილების საფუძველზე. ეს მოთხოვნა ეხება აგრეთვე იმ თანხმობებსაც, რომლებიც მიღებულია ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის შეთავაზებული თანხის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განცხადების პირველად გამოქვეყნების შემდეგ, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით.
7. თუ პირი ცვლის სატენდერო შეთავაზების პირობებს შეთავაზების დამთავრებამდე და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს სთავაზობს გაზრდილ თანხას, იგი მოვალეა ეს თანხა გადაუხადოს ყოველ მფლობელს, რომელმაც თანხმობა განაცხადა სატენდერო შეთავაზების პირობებზე, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა ეს ცვლილების გამოქვეყნებამდე თუ გამოქვეყნების შემდეგ.
8. სატენდერო შეთავაზების პერიოდში შემთავაზებელს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეუძლია:
ა) სატენდერო შეთავაზების გარდა, სხვა ნებისმიერი გზით შეიძინოს, ან აწარმოოს მოლაპარაკება სატენდერო შეთავაზებაში განხილული ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც შეიძლება კონვერტირებულ იქნეს შეთავაზებაში განხილულ ფასიან ქაღალდებში;
ბ) გაყიდოს სატენდერო შეთავაზებაში აღნიშნული ემიტენტის ფასიანი ქაღალდები.
9. კომისიის წესებით შეიძლება დადგენილ იქნეს სხვა მოთხოვნებიც სატენდერო შეთავაზებათა მომზადების, განხორციელების, შემთავაზებელთა ქმედების, შემთავაზებლისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
მუხლი 16. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა:
ა) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის.
2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა ვალდებულებების განსაზღვრისა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით კომისია იღებს წესებს.
3. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსათვის მიყენებული ზიანისათვის.
4. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება, რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას.
5. თუ კომისია აღმოაჩენს, რომ მმართველი ორგანოს რომელიმე წევრი ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია კომისიის წესებით და რომლისგანაც მან ნახა მოგება ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერების ხარჯზე, მაშინ კომისია უფლებამოსილია:
ა) აუკრძალოს ასეთ პირს გარკვეული დროით იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრი;
ბ) მიმართოს სასამართლოს ყველა შესაბამისი გარიგების გაუქმების შესახებ;
გ) თუ ასეთი მოქმედება გამოიწვევს საწარმოს ან მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ფინანსურ ზარალს, მოსთხოვოს ამ პირს კომპენსაცია მიყენებული ზარალისათვის საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სასარგებლოდ.
6. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო უფლება აქვს სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ.
7. კომისია უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.
8. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში კომისია თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
მუხლი 161. ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის.
2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს (საწარმო, რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არის გარიგების მეორე მხარე;
ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის 20 ან მეტ პროცენტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;
გ) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი;
დ) დანიშნულია/არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელის (მფლობელების) წარდგინებით;
ე) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან;
ვ) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის, გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.
4. თუ პირმა არ იცოდა, რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ, თავისი დაინტერესების ფაქტის გაგებისთანავე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება. ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება, როგორც ხმათა სრული ოდენობა, და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50 პროცენტს, – მხოლოდ საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიას იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებ-გვერდზე ანდა კომისიის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, კომისიისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.
8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან აქციონერს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, თუ დამტკიცდება, რომ გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93
მუხლი 17. მინდობილობათა გაცემა
1. პირი, რომელიც ითხოვს ან თანახმაა მისი სახელით ითხოვონ ანგარიშვალდებული საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთაგან ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული მინდობილობები (ხმის უფლება, თანხმობა ან უფლებამოსილება), მოქმედებს კომისიის წესების მიხედვით. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა და ნომინალურმა მფლობელებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ აქციონერებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია, კომისიის წესების შესაბამისად.
2. პირს, რომელიც ითხოვს მინდობილობათა გადაცემას და ხელი არ მიუწვდება ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიაზე, უფლება აქვს მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს წერილობითი ფორმით. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, კომისიის წესების შესაბამისად, მიაწვდის ასეთ პირს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმდინარე სიას, ან დათანხმდება აღნიშნული პირის ხარჯზე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ფოსტით თავისი ფასიანი ქაღალდების მფლობელებს ინფორმაცია მინდობილობათა გადაცემის თხოვნის შესახებ.
თავი IV
ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა
მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე
1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟაზე, ისე მის გარეთ.
2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ.
3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონის, კომისიისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით.
4. საბროკერო კომპანია, რომელიც აპირებს დადოს გარიგება საფონდო ბირჟაზე, თავისი სახელით წარადგენს განაცხადს და გარიგების მეორე მხარისათვის უზრუნველყოფს გარიგების ანგარიშსწორების დღეს ფასიანი ქაღალდების საფასურის გადახდას ან მათ მიწოდებას.
5. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე.
6. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე.
7. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს, ამ შემთხვევაში:
ა) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით, საბროკერო კომპანია ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი;
ბ) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 19. გარიგებანი საჯარო ფასიანი ქაღალდებით
1. ამ კანონის მე-18 და ამ მუხლების მიზნებისათვის საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სახეები, მათი დადებისა და მათში საბროკერო კომპანიების მონაწილეობის მოთხოვნები განისაზღვრება კომისიისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესებით, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ნორმებს.
2. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა, – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით:
ა) შეზღუდოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გადაცემა, რომელთა ღირებულება სრულად არ არის დაფარული;
ბ) მოაწესრიგოს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე შესაბამის უფლებათა გადაცემა ერთი ან მეტი საფეხურის ნომინალური მფლობელებისათვის;
გ) განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები;
დ) ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის მოაწესრიგოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3–3.7 და 531 მუხლებით გათვალისწინებული საკითხები.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
თავი V
ლიცენზირება
მუხლი 20. ლიცენზიის სახეები
1. კომისია უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:
ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია;
გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 21. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 22.(ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 23. საბროკერო კომპანიის საქმიანობა
საბროკერო საქმიანობის ლიცენზია ლიცენზიის მფლობელ საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს:
ა) პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტით გარიგებებში;
ბ) განახორციელოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მათ ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევა და უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების ან/და საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გავრცელება;
გ) კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;
დ) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;
ე) მიიღოს და გადასცეს კლიენტების დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, კლიენტების სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;
ვ) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;
ზ) განახორციელოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;
თ) საკუთარი სახსრებით განახორციელოს ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;
ი) მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;
კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს კომისიის წესებით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“;
ლ) განახორციელოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვა.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 231. ზოგადი მოთხოვნები
1. ერთი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი საბროკერო კომპანიის მესაკუთრე (აქციონერი) ან თანამშრომელი. ეს შეზღუდვა მესაკუთრეობაზე არ ეხება იმ საბროკერო კომპანიას, რომელიც არის ან ხდება ანგარიშვალდებული საბროკერო კომპანია. თუ პირი ხდება რამდენიმე არაანგარიშვალდებული საბროკერო კომპანიის პარტნიორი ამა თუ იმ სახის რეორგანიზაციულ ქმედებათა შედეგად ან სხვა მიზეზით, მან დაუყოვნებლად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამის შესახებ და მიიღოს ზომები ვითარების გამოსასწორებლად. სანამ აღნიშნული ვითარება არ გამოსწორდება, პირმა არ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ერთზე მეტი საბროკერო კომპანიის მართვასა და საქმიანობაში.
2. ბირჟის, რეგისტრატორის ან ცენტრალური დეპოზიტარის ის თანამშრომელი, რომელსაც ხელი მიუწვდება კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, არ შეიძლება იმავდროულად იყოს საბროკერო კომპანიის თანამშრომელი.
3. ამ კანონით ნებადართულია ბანკების მონაწილეობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უშუალოდ ან მათი შვილობილი საწარმოების (საბროკერო კომპანიების) მეშვეობით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციე-ლონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული, გარდა სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობისა.
5. საწარმო, რომელიც არ არის ბანკი და რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ სამთავრობო ფასიან ქაღალდებთან ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში, ექვემდებარება რეგულირებას ამ კანონის შესაბამისად.
6. კომისიას შეუძლია წესებით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
7. საბროკერო კომპანიები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საბროკერო კომპანიებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლების ვინაობა, საქმიანობა და ამ საქმიანობის რისკის დონე. მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია. საბროკერო კომპანიებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.
8. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საბროკერო კომპანიის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანია“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები
1. საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულება;
გ) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის.
2. საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:
ა) ინფორმაცია საბროკერო კომპანიის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციების (წილის) 5 და 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით);
ბ) ინფორმაცია ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულების შესახებ;
გ) წესდება, შესაბამის ორგანოში რეგისტრირებული და ნოტარიუსის მიერ დადასტურებული სადამფუძნებლო დოკუმენტები;
დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ბალანსი (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დამოწმებულია აუდიტორის მიერ; პირი, რომელიც კომისიას მიმართავს დაფუძნებიდან არა უგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს.
3. კომისია უფლებამოსილია, დააწესოს საკუთარი კაპიტალის შესაბამისი მინიმუმი და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა საკუთარ კაპიტალთან.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 25. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 26. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 27. საფონდო ბირჟის სალიცენზიო პირობები
1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) მისი ყველა პარტნიორი (აქციონერი) არის საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრი მაინც ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
გ) მისი მართვა და გაუქმება ხორციელდება ამ კანონის 37-ე მუხლითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;
დ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;
ე) მის მესაკუთრე-წევრებს დამტკიცებული აქვთ ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების, ვაჭრობისა და სხვა წესები ამ მუხლის შესაბამისად;
ვ) ჩაბმულია მხოლოდ საფონდო ბირჟის საქმიანობაში;
ზ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:
ზ.ა) მხოლოდ პარტნიორებს (აქციონერებს) რთავს ნებას, გახდნენ წევრები, და შეიცავს ამ კანონის 34-ე მუხლში ჩამოთვლილ შეზღუდვებს საფონდო ბირჟის წევრების მიმართ;
ზ.ბ) ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟის მიზნებსა და ამოცანებს;
ზ.გ) კრძალავს მესაკუთრე-წევრებისათვის მოგების განაწილებას;
ზ.დ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა მესაკუთრე-წევრისა თუ მესაკუთრე-წევრობის კანდიდატისადმი;
ზ.ე) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად;
ზ.ვ) მისი ლიკვიდაციის პირობები და პროცედურა შეესაბამება ამ კანონის 37-ე მუხლს;
თ) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;
ი) მისი წესები, ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და თანამშრომელთა შტატი უნდა შეესაბამებოდეს კომისიის წესებს, რათა ზიანი არ მიადგეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ბაზრების განვითარებას ან ამ ბაზრებზე გარიგებათა ანგარიშსწორებებს.
2. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:
ა) საფონდო ბირჟის პირობითი მესაკუთრე-წევრების სახელწოდებები;
ბ) საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრთა მიერ მიღებული საფონდო ბირჟის წესდება, შინაგანაწესი და წესები;
გ) ფინანსური ანგარიშები კომისიის წესების შესაბამისად;
დ) საფონდო ბირჟის მმართველი ორგანოს წევრთა სახელები, მისამართები და ინფორმაცია მათი სათანადო პროფესიული გამოცდილების შესახებ;
ე) ინფორმაცია საფონდო ბირჟის ტექნიკური აღჭურვილობისა და მისი კუთვნილების შესახებ;
ვ) არანაკლებ 10 საბროკერო კომპანიის სახელწოდება, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, გახდნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები;
ზ) საფონდო ბირჟის ყველა წესის ასლი, კერძოდ, მესაკუთრე-წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვები, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესების ასლები, რომლებიც მოითხოვება ამ კანონსა და კომისიის წესებთან შესაბამისობისათვის.
3. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები:
ა) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მეთოდებსა და პროცედურებს;
ბ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცედურებსა და კონკრეტული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტის პირობებს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად;
გ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიების დღეებსა და საათებს;
დ) განსაზღვრავს საბირჟო ვაჭრობის მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებსა და ჯარიმებს ამ მოთხოვნათა დარღვევისათვის;
ე) განსაზღვრავს კოტირებისა და გამოცხადების პროცედურას, ასევე კოტირების ფორმასა და შინაარსს და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს (წესები უნდა ემსახურებოდეს სამართლიან და ინფორმაციულ კოტირებათა წარმოქმნას, არ უშვებდეს შეცდომაში შემყვან და ცრუ კოტირებებს და ხელს უწყობდეს კოტირებათა შეგროვებისა და გავრცელების მოწესრიგებულ პროცედურებს);
ვ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟის საინფორმაციო საშუალებებს;
ზ) განსაზღვრავს საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების აღრიცხვის წესებს, რომლებიც აუცილებელია მესაკუთრე-წევრებს შორის დადებულ გარიგებათა შესახებ ჩანაწერების შექმნისა და შემდგომი ანგარიშსწორებისათვის;
თ) განსაზღვრავს სავაჭრო ოპერაციების განსახორციელებლად ბროკერების საფონდო ბირჟაზე დაშვების პროცედურას, მათ შორის, საკვალიფიკაციო/საგამოცდო მოთხოვნებს, ბროკერთა საქმიანობაზე ზედამხედველობისა და მათი სავაჭროდ დაშვების დროებით ან სამუდამოდ გაუქმების პირობებს;
ი) უზრუნველყოფს გაყალბებისა და მანიპულირების თავიდან ასაცილებელ მექანიზმებს; ხელს უწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვაჭრობის პრინციპების დამკვიდრებას, აგრეთვე რეგულირებაში, კლირინგში, ანგარიშსწორებასა და ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას ფასიანი ქაღალდებით გარიგებებისათვის ხელის შეწყობის მიზნით;
კ) კრძალავს დისკრიმინაციას კლიენტებს, ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებსა და ბროკერებს შორის.
4. საფონდო ბირჟის სხვა წესები განსაზღვრავს:
ა) საფონდო ბირჟის მომსახურების სახეებს და ამ მომსახურების ფასებს;
ბ) მესაკუთრე-წევრთა კლიენტების საჩივართა მოგვარების პროცედურას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებს ეხება;
გ) პასუხისმგებლობას ამ კანონისა და შესაბამისი წესებისა თუ საფონდო ბირჟის წესების დარღვევისათვის, მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენებით;
დ) მესაკუთრე-წევრებისა და თანამშრომლების მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში ქცევის მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვის მოთხოვნას;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სტანდარტებსა და ნორმებს.
5. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საფონდო ბირჟის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ საფირმო სახელწოდება სიტყვებით „საფონდო ბირჟა“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 28. ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო პირობები
1. ცენტრალური დეპოზიტარი შეიძლება აგრეთვე ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიას. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;
გ) მისი წესები შედგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტის, ამ კანონის 38-ე და 39-ე მუხლებისა და კომისიის წესების შესაბამისად;
დ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:
დ.ა) ცენტრალურ დეპოზიტარს უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ამ კანონის მიხედვით, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული კომისიის წესებით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა;
დ.ბ) კრძალავს მესაკუთრეებისათვის მოგების განაწილებას;
დ.გ) საკუთრების უფლებას აძლევს მხოლოდ ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განსაზღვრულ მონაწილეებს. ამასთანავე, მონაწილეებს არა აქვთ უფლება, ფლობდნენ ცენტრალური დეპოზიტარის 10%-ზე მეტს;
დ.დ) ადგენს მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს;
დ.ე) მოითხოვს სამართლიან და არადისკრიმინაციულ მოპყრობას მონაწილეებისა და მონაწილეობის კანდიდატებისადმი;
დ.ვ) მოითხოვს, რომ ცენტრალური დეპოზიტარის სახელწოდება შეიცავდეს სიტყვებს „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები;
ვ) კომისიის წესების შესაბამისად, უნდა ჰყავდეს თანამშრომელთა შტატი, უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რათა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო ანგარიშსწორებანი.
3. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:
ა) მის მესაკუთრეთა სახელები;
ბ) მისი ხელმძღვანელი პირების სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
გ) ინფორმაცია დეპოზიტარის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;
დ) მისი წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლები;
ე) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კანონის, კომისიის წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.
4. დეპოზიტარის წესები უზრუნველყოფს:
ა) ბირჟების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, დეპოზიტარების (კასტოდიანების), ემიტენტების, საინვესტიციო კომპანიებისა და საბროკერო კომპანიების შესაძლებლობას, გახდნენ მონაწილენი, დეპოზიტარის წესების შესაბამისად;
ბ) მესაკუთრეთა სამართლიან წარმომადგენლობას მენეჯმენტის შერჩევისას და მათი საქმიანობის განხორციელებისას;
გ) საწევროებისა და სხვა გადასახადების სამართლიან დაკისრებას მის მონაწილეთათვის;
დ) დეპოზიტარის პასუხისმგებლობას ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დროული და ზუსტი კლირინგისა და ანგარიშსწორებისათვის;
ე) დეპოზიტარის წესების დარღვევისათვის მონაწილეთა გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა სათანადო სანქციების გამოყენების საშუალებას;
ვ) წევრებისა და თანამშრომლების მიერ ქცევის მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას, აღნიშნული სტანდარტებისა და ნორმების განსაზღვრას.
5. ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოში შეიძლება შედიოდნენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნებისმიერ მონაწილეთა წარმომადგენლები.
6. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;
ბ) უნდა ჰქონდეს კომისიის წესების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამშრომელთა შტატი ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესახებ ნათელი, სწრაფი და საიმედო ჩანაწერების წარმოება;
გ) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; იგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; მას ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;
დ) მისი წესები შედგენილია ამ მუხლისა და კომისიის წესების შესაბამისად;
ე) არც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და არც მისი მმართველი ორგანოს წევრები არ არიან იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრეები, რომლისთვისაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი აწარმოებს რეესტრს. ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრებს კომისიამ, თავისი წესების შესაბამისად, შეიძლება დართოს ამგვარი ფასიანი ქაღალდების შეზღუდული რაოდენობის ბენეფიციარული მესაკუთრეობის ნება – იმ პირობით, რომ სათანადო პროცედურები უზრუნველყოფს რეესტრის დაცულობას და წესიერ წარმოებას, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრატორის მიერ თავისი, როგორც ცენტრალური დეპოზიტარის, მოვალეობის შესრულებისას მის მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდები გამონაკლისია;
ვ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:
ვ.ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, უკრძალავს ყოველგვარ საქმიანობას, გარდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორობისა, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებს, როგორც ემიტენტთა აგენტი;
ვ.ბ) უკრძალავს მისი წილის 10%-ზე მეტის ფლობას ან მის ეკონომიკურ საქმიანობაზე სხვაგვარი ზეგავლენის მოხდენას ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს (გარდა ლიცენზიის მფლობელი საფონდო ბირჟისა, ცენტრალური დეპოზიტარისა ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა, რომელიც ამავდროულად ფლობს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიას), ასევე იმ ემიტენტებს, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებს ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ პირებს;
ვ.გ) ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას უკრძალავს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ფლობდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტს;
ზ) მისი საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს კომისიის წესებით განსაზღვრულ სიდიდეზე ნაკლები.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს:
ა) რეგისტრატორის პარტნიორების (აქციონერთა) სახელები და თითოეული მათგანის საკუთრებითი წილის ოდენობა; საქმიანობა (დამქირავებლის გვარი და ა.შ.), ადრინდელი (ბოლო 5 წლის განმავლობაში) საქმიანობები და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;
ბ) თანამდებობის პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;
გ) მონაცემები შევსებული საწესდებო კაპიტალისა და მისი სტრუქტურის შესახებ;
დ) ინფორმაცია შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ;
ე) კომისიის წესების მიხედვით მომზადებული, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლი;
ვ) მისი წესების ასლი;
ზ) იმ თანამშრომლის სახელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობაზე.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:
ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია კომისიის წესების შესაბამისად;
ბ) განსაზღვრავს წესებს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, კომისიის წესების შესაბამისად;
გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, კომისიის წესების შესაბამისად;
დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, კომისიის წესების შესაბამისად.
4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, მიაწოდონ ვინმეს, გარდა კომისიისა, არასაჯარო კონფიდენციალური ინფორმაცია, მიღებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.
5. პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია, უფლება არა აქვთ, საქმიანობასა და რეკლამირებაში გამოიყენონ სიტყვები „რეგისტრატორი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი“ ან სხვა სიტყვები თუ მათი კომბინაცია, რომლებიც შინაარსობრივად ამგვარ საქმიანობას გამოხატავს.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 30. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 31. საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმება
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, კომისია უფლებამოსილია, გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:
ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;
ბ) თუ არ დაკმაყოფილებულა ან განმეორებით დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები;
გ) თუ ამ კანონის 41-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, კომისია აღმოაჩენს, რომ საფონდო ბირჟა ან ცენტრალური დეპოზიტარი ჯეროვან ზედამხედველობას ვერ უწევდა ამ კანონის, კომისიის წესების ან საფონდო ბირჟისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის წესების დაცვას;
დ) თუ კომისია დაადგენს, რომ უგულებელყოფილ იქნა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მართვისა და კონტროლის მოთხოვნები;
ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მფლობელს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანებები.
3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისიამ სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.
4. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი ახორციელებს მართვასა და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
თავი VI
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი
მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ჩანაწერები, ანგარიშები და მათი შემოწმება
1. ყოველი ლიცენზირებული საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი მოვალეა აწარმოოს კომისიის წესებით დადგენილი ჩანაწერები და მათი ასლები, მოამზადოს და გაავრცელოს ანგარიშები. შენახვის ვადა განისაზღვრება კომისიის წესებით.
2. ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი მოვალეა აწარმოოს და შეინახოს დოკუმენტები, მათი ასლები და გაავრცელოს ანგარიშები. დოკუმენტებისა და ანგარიშების ნუსხა და შენახვის ვადა, ცენტრალური დეპოზიტარის კონტროლისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი ფასიანი ქაღალდებისა და სახსრების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, განისაზღვრება კომისიის წესებით.
3. ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებთან დაკავშირებით კომისია თავისი წესებით განსაზღვრავს ჩანაწერების, ანგარიშებისა და ნომინალური მფლობელის საქმიანობის წარმოების პროცედურას. ამ წესების შესრულებას ბანკების მიერ, რომლებიც არ ექვემდებარებიან კომისიის მხრივ ლიცენზირებას, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.
4. ამ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით, მოცემულ მუხლში აღნიშნულ პირთა ყველა ჩანაწერი ექვემდებარება, კომისიის წესების შესაბამისად, ნებისმიერ დროს დასაბუთებულ, პერიოდულ, სპეციალურ ან სხვა სახის შემოწმებას კომისიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, თუ კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონთან შესაბამისობის დასადგენად.
5.(ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 33. საბროკერო კომპანიათა და ბროკერთა მოვალეობანი
1. (ამოღებულია).
2. საბროკერო კომპანიამ, თავისი აქტივების კლიენტების ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრებისაგან გამიჯვნის მიზნით, უნდა იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. კომისია ადგენს ამ ანგარიშების მართვის წესებს.
3. ყველა ხელშეკრულება საბროკერო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ფორმდება წერილობით კომისიის წესების შესაბამისად.
4. კომისიის წესების საფუძველზე, საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად თავიანთი კლიენტების დავალების შესრულების პრიორიტეტს: მათ არ უნდა გაუწიონ კონკურენცია თავიანთი კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ კლიენტის დავალების შესრულების მანიპულირება, ან არ გადაწყვიტონ კლიენტის დავალების შესრულება ისეთი ფასითა და დავალების შესრულების ხარჯებით, რომლებიც ნაკლებად ხელსაყრელია კლიენტისათვის ამ საქმეში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალთან შედარებით. თუ რამდენიმე კლიენტი ახდენს ერთი და იმავე ფასის შეთავაზებას, პრიორიტეტი უნდა მიეცეს იმ განხორციელებად განკარგულებებს, რომლებიც პირველად გამოიგზავნა, თუკი იმ საფონდო ბირჟის სავაჭრო წესები, სადაც იგზავნება განკარგულება, არ მოითხოვს სხვაგვარად ქმედებას.
5. ბროკერს, კომპანიის სახელით, ეკრძალება კლიენტებისათვის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიცემა. საბროკერო კომპანია კომისიის წესების შესაბამისად იძლევა ინფორმაციას, ინვესტიციების ვარგისობის, საბროკერო კომპანიის ან ბროკერისათვის ინტერესთა პოტენციური კონფლიქტისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
6. საბროკერო კომპანია ვალდებულია, დაიცვას კომისიის წესებით განსაზღვრული მოთხოვნები კაპიტალზე, აწარმოოს დოკუმენტები ამ კანონის 32-ე მუხლისა და კომისიის წესების მიხედვით, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვა – საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, წარუდგინოს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა დამადასტურებელი დოკუმენტები, პირად ანგარიშთა ამონაწერები და ანგარიშები მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მოამზადოს წლიური და პერიოდული ანგარიშები თავის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე საერთაშორისო საფინანსო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.
7. კომისიის წესების შესაბამისად, საბროკერო კომპანიამ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ფასიანი ქაღალდებით გარიგებები მათი განხორციელების თანამიმდევრობის მიხედვით, გარიგებაში მონაწილე თითოეული მხარის სახელი, ასევე გარიგების დრო და კომისიის წესებით დადგენილი სხვა მონაცემები.
8. (ამოღებულია).
9. 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობათა გარდა, საბროკერო კომპანია შესაბამისი მოვლენის დადგომიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არა უგვიანეს 7 დღისა მოვალეა წერილობით აცნობოს კომისიას:
ა) ფილიალების გახსნა ან დახურვა;
ბ) თუ ეს გონივრულობის ფარგლებშია, იმ პირის სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები, რომელმაც პირადად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით შეიძინა საბროკერო კომპანიის ხმის უფლების მქონე აქციათა 5% -ზე მეტი, ან მისი სხვა რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, რაც პირს მისცემს საშუალებას კონტროლი გაუწიოს საბროკერო კომპანიას, ასევე ამ პირის შემდგომი შენაძენები;
გ) ცვლილებები საბროკერო კომპანიის მართვის ორგანოების პირთა სიაში, იმ ბროკერთა სახელებში, რომლებიც მუშაობენ საბროკერო კომპანიისათვის, აგრეთვე ყოველი ბროკერის განთავისუფლების მიზეზები;
დ)(ამოღებულია).
ე) ცვლილებები ლიცენზირებული საწარმოს სახელში.
10. საბროკერო კომპანიამ უნდა მიიღოს კომისიის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ფორმის შეცვლასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებით. კომისიამ შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაციის შემდეგ საწარმო არ დააკმაყოფილებს კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონითა და კომისიის წესებით, ან თუ აღნიშნული რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.
11. საბროკერო კომპანიამ წერილობით უნდა ჩამოაყალიბოს, შეინარჩუნოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა, რომელიც, ამგვარი საბროკერო კომპანიების საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით, ეცდება თავიდან აიცილოს ამ კანონისა და შესაბამისი წესების დარღვევა, ასევე იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების დარღვევა, რომლის წევრიც არის აღნიშნული საბროკერო კომპანია. კომისიას შეუძლია ამ კანონის განსახორციელებლად მიიღოს წესები, რომლებიც მოითხოვს სპეციფიკური პოლიტიკისა და პროცედურების ჩამოყალიბებას ამ კანონის დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 34. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები
1. მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიები შეიძლება იყვნენ საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრები.
2. საბროკერო კომპანია შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრი. საფონდო ბირჟის არც ერთ მესაკუთრე-წევრს უფლება არა აქვს პირდაპირ ან დაკავშირებული პირების მეშვეობით ფლობდეს საფონდო ბირჟის ხმათა 10%-ზე მეტს. საფონდო ბირჟაზე იმ საბროკერო კომპანიების (მესაკუთრე-წევრების) ხმათა ჯამური რაოდენობა, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მესაკუთრეთა სპეციალური საქმიანობაც ლიცენზირებულია ერთი და იმავე ორგანოს მიერ, გარდა კომისიისა, არ უნდა აღემატებოდეს საფონდო ბირჟაზე ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარს.
3. საფონდო ბირჟა უფლებამოსილია უარი განაცხადოს ყველა იმ პირის მესაკუთრე-წევრობაზე, რომელთაც არა აქვთ საბროკერო კომპანიის ლიცენზია. თუ ამ პირს შეტანილი აქვს განაცხადი ლიცენზიის მისაღებად, იგი შეიძლება მიღებულ იქნეს პირობით მესაკუთრე-წევრად ამ ლიცენზიის მიღებამდე.
4. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს ან პირობითს გახდის ნებისმიერი პირის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობას, კომისიის წესების მიხედვით დაწესებული კაპიტალის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაბამისად, ან თუ ბროკერი, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით, არ აკმაყოფილებს განათლების დონით, გამოცდილებითა და კომპეტენტურობით იმ სტანდარტებს, რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით განისაზღვრება. საფონდო ბირჟა არ დაუშვებს იმ საბროკერო კომპანიის მესაკუთრე-წევრობას, რომელიც წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე, ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით.
5. საბროკერო კომპანიამ უარი მესაკუთრე-წევრად მიღებაზე შეიძლება გაასაჩივროს კომისიაში.
6. საფონდო ბირჟა შეწყვეტს საბროკერო კომპანიის საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობის უფლებამოსილებას ამ კანონის 34-ე მუხლის მე-10–11 პუნქტების შესაბამისად, თუ კომისია გააუქმებს საბროკერო კომპანიის ლიცენზიას.
7. საფონდო ბირჟის წევრები მოქმედებენ ამ კანონისა და საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად.
8. საფონდო ბირჟის წევრის მიერ საფონდო ბირჟის საქმიანობის მომწესრიგებელი წესების დარღვევის შემთხვევაში საფონდო ბირჟას უფლება აქვს 3 თვემდე ვადით შეაჩეროს საფონდო ბირჟის ვაჭრობებში მისი მონაწილეობის უფლება. საფონდო ბირჟის სავაჭრო წესებში მოცემული უნდა იყოს ამგვარ დარღვევათა სია. თუ საფონდო ბირჟის წევრი, რომელმაც დაარღვია საფონდო ბირჟის საქმიანობის წესები, მონაწილეობს საფონდო ბირჟის მართვაში (თვითონ ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით), საფონდო ბირჟის საბჭოს შეუძლია შეაჩეროს მისი უფლებები ზემოხსენებული პერიოდით ან გადააყენოს წევრი მმართველი ორგანოს წევრობიდან.
9. თუ საფონდო ბირჟის წევრი განმეორებით არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს, საფონდო ბირჟას შეუძლია წამოაყენოს მესაკუთრე-წევრთა საერთო კრებაზე ასეთი მესაკუთრე-წევრის საფონდო ბირჟიდან გარიცხვის საკითხი და შეაჩეროს მისი ვაჭრობებში მონაწილეობის უფლება საერთო კრების გადაწყვეტილებამდე.
10. თუ საბროკერო კომპანია გარიცხულია საფონდო ბირჟიდან, მისი მესაკუთრე-წევრობის უფლება უნდა მიეყიდოს სხვა საბროკერო კომპანიას. მიღებული თანხები, გარდა კლიენტებისა და საფონდო ბირჟის წინაშე ვალდებულებების დასაფარავად საჭირო თანხისა, უბრუნდება გარიცხულ საბროკერო კომპანიას.
11. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრმა თავისი, როგორც საბროკერო კომპანიის, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ არა უგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა მიჰყიდოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრობის უფლება სხვა პირს, რომელსაც უფლება აქვს გახდეს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრი. თუკი საბროკერო კომპანია ვერ მოახერხებს მესაკუთრე-წევრობის უფლების გასხვისებას ზემოაღნიშნულ პერიოდში, მან უნდა მიმართოს საფონდო ბირჟას, რომელიც დაეხმარება მას მესაკუთრე-წევრობის უფლების გაყიდვაში ამ დროისათვის შესაფერის საბაზრო ფასად.
12. საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საფონდო ბირჟის საბჭოსა და საერთო კრების მიერ მისი მესაკუთრე-წევრობის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
მუხლი 35. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო
1. საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყოველი მონაწილის წარმომადგენელი.
2. საფონდო ბირჟის მმართველი ორგანო მოვალეა:
ა) მიიღოს, უარყოს ან შეასწოროს საფონდო ბირჟის წესები ამ კანონის 42-ე მუხლის მიხედვით;
ბ) გასცეს შესაბამისი განკარგულებები და მიიღოს გადაწყვეტილებები;
გ) უზრუნველყოს ამ კანონის, თავისი შინაგანაწესის, წესდებისა და საფონდო ბირჟის წესების დაცვა და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრების საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა;
დ) მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება მისი მმართველი ორგანოს წევრების, თანამშრომლებისა თუ სტრუქტურული ერთეულებისათვის – იმ პირობით, რომ მხარეს, რომელსაც ამგვარი გადაწყვეტილება შეეხება, შეუძლია მოსთხოვოს საფონდო ბირჟის მმართველ ორგანოს გადაწყვეტილების ხელმეორედ განხილვა;
ე) განმარტოს საფონდო ბირჟის წესები. ყველა ამგვარი განმარტება საბოლოოა;
ვ) დაუშვას სავაჭროდ გარკვეული ფასიანი ქაღალდები, დროებით ან საერთოდ შეაჩეროს ზოგიერთი ფასიანი ქაღალდით ვაჭრობა;
ზ) დაუშვას მესაკუთრე-წევრები საფონდო ბირჟაზე საქმიანობისათვის, საფონდო ბირჟის წესებისა და ამ კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, და დროებით ან საერთოდ აუკრძალოს დარბაზში ვაჭრობა საბროკერო ფირმის ბროკერებს საფონდო ბირჟის წესების შესაბამისად;
თ) უზრუნველყოს კანონიერი და სწორი საქმიანობა და კოტირებების, ფასებისა და მათთან დაკავშირებული საბაზრო ინფორმაციის გამოქვეყნება;
ი) ყოველდღიურად მიაწოდოს საფონდო ბირჟის მესაკუთრე-წევრებს ან მათ მიერ ამორჩეულ სტრუქტურას დადებულ გარიგებათა სია;
კ) გამოიყენოს სანქციები მისი მესაკუთრე-წევრების მიმართ ამ კანონის, კომისიის წესების, საფონდო ბირჟის წესდების, შინაგანაწესისა და წესების დარღვევის შემთხვევაში;
ლ) გამოიყენოს სხვა ნებისმიერი უფლება, რომელიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონით, მისი წესდებით, შინაგანაწესითა და საფონდო ბირჟის წესებით;
მ) აირჩიოს საფონდო ბირჟის მთავარი აღმასრულებელი პირი, რომელიც იქნება: პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მმართველი ორგანოს სხვა წევრების წინაშე მათი გადაწყვეტილებების განხორციელებისა და მოქმედების გამო; საფონდო ბირჟის ოფიციალური წარმომადგენელი მის ყველა საზოგადოებრივ საქმეში. მან უნდა დანიშნოს საფონდო ბირჟის თანამშრომლები და ექსპერტები თუ მრჩევლები და იმავდროულად განსაზღვროს მათი მოვალეობანი, პასუხისმგებლობა, სამუშაო პირობები და ვადები.
მუხლი 36. ვაჭრობის რეგულირება საფონდო ბირჟაზე
1. საფონდო ბირჟა უფლებამოსილია შეაჩეროს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, თუ :
ა) მოცემული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე არ გამართულა 6 თვის განმავლობაში;
ბ) ფასიანი ქაღალდების ემიტენტი აღარ აკმაყოფილებს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დასაშვები ფასიანი ქაღალდებისადმი მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ საფონდო ბირჟამ არსებული ხარვეზების შესახებ წერილობით აცნობა ემიტენტს და ამ უკანასკნელმა შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში არ გამოასწორა აღნიშნული ხარვეზები;
გ) საფონდო ბირჟა ან კომისია გადაწყვეტს, რომ საჭიროა ვაჭრობის შეჩერება ინვესტორთა დაცვის მიზნით.
2. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში საფონდო ბირჟამ იმავე დღეს უნდა აცნობოს ამის შესახებ კომისიასა და მოცემული ფასიანი ქაღალდების ემიტენტს. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როდესაც საფონდო ბირჟას დაუსაბუთებენ, რომ ვაჭრობის შეჩერების მიზეზები აღმოფხვრილია. თუ მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი ვაჭრობის შეჩერების დღიდან 3 თვის განმავლობაში, საფონდო ბირჟას შეუძლია ვაჭრობიდან მოხსნას აღნიშნული ფასიანი ქაღალდები.
3. საფონდო ბირჟამ ამ მუხლის შესაბამისად წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის განახლების ან/და ვაჭრობიდან მათი მოხსნის შესახებ.
4. საფონდო ბირჟამ ყოველ სავაჭრო დღეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს ვაჭრობის სრული დღიური ბრუნვა, ფასები და გაყიდული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საბაზრო ინფორმაცია.
მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაუშვებელია ლიცენზირებული საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე.
2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, კომისიის წესების, საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.
3. საფონდო ბირჟისათვის კომისიის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა ამ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საფუძველს.
4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომისიას აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე.
5. საფონდო ბირჟის ერთი ლიკვიდატორი მაინც ინიშნება კომისიის მიერ.
მუხლი 38. ცენტრალური დეპოზიტარის მოვალეობანი
1. ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციებია:
ა) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეთა ანგარიშები თავისი წესების შესაბამისად;
ბ) მოამზადოს და დანერგოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კანონის 39-ე მუხლის მიხედვით მიღებული დეპოზიტარის წესებით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის სისტემის მთლიანობასა და უსაფრთხოებას;
გ) შეამოწმოს, იცავენ თუ არა მონაწილენი ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის ინსტრუქციებსა და წესებს;
დ) უზრუნველყოს სხვა მომსახურება მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მომსახურების მიზნით;
ე) მისცეს მონაწილეს ამონაწერი ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მდგომარეობის შესახებ მისი წესების შესაბამისად;
ვ) ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა ანგარიშსწორებას ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების ფიზიკური მიწოდების გარეშე, რისთვისაც უზრუნველყოფს ტექნიკურ საშუალებებს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებულ მონაცემთა შედარებისათვის.
2. კომისიის მიერ დამტკიცებული ცენტრალური დეპოზიტარის წესების შესაბამისად, ცენტრალურ დეპოზიტარს შეუძლია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან დახუროს იმ მონაწილის ანგარიში:
ა) რომლის საქმიანობაც შეჩერებულია ამა თუ იმ თვითრეგულირებადი ორგანიზაციის მიერ;
ბ) რომელსაც არ შეუსრულებია აღებული ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ან ფინანსური სახსრების მიწოდების შესახებ;
გ) რომელიც განიცდის ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს, რომ ცენტრალური დეპოზიტარი იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს კომისიას, რომ ანგარიშების ასეთი შეჩერება და დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 39. ფასიანი ქაღალდების ანგარიშები ცენტრალურ დეპოზიტარში
ცენტრალურ დეპოზიტარში მონაწილეები ხსნიან, მართავენ და ხურავენ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს დეპოზიტარის წესების თანახმად.
მუხლი 40. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მოვალეობანი
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს კომისიისა და თავისი წესების შესრულება.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესში განსაზღვრულ დებულებებს, ამ კანონს, კომისიის წესებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ყოველი ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.
3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია კომისიის წესების მიხედვით შედგენილი წერილობითი შეთანხმების პირობებზე. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე აკურატული სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე ამ კანონის მე-15 და მე-17 მუხლების მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. საფასური ასეთი სახის მომსახურებებზე უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული და უნდა შეესაბამებოდეს კომისიის წესებს.
4. ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მესაკუთრის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ასეთ რეგისტრირებულ მესაკუთრეს უნდა მიაწოდოს მისი ანგარიშის ამონაწერის ასლი.
5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიწოდებული ამონაწერი უნდა შეიცავდეს:
ა) მკაფიო მითითებას, რომ მოცემული ამონაწერი არ არის ფასიანი ქაღალდი, არ საჭიროებს წარდგენას რეგისტრატორისათვის და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი მასში მითითებული თარიღისათვის;
ბ) ანგარიშის მფლობელის/მფლობელების სახელს, ამონაწერის გაცემის დღესა და დროს, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სახელს, ემიტენტის იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს რეგისტრატორისა და კომისიის წესები.
6. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ანგარიშის მფლობელებს შეიძლება მოსთხოვონ გარკვეული ანაზღაურება ამონაწერის დამატებითი ასლების მიწოდებისათვის. რეგისტრატორების მიერ დაწესებული შესაბამისი ტარიფები უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და არადისკრიმინაციული უნდა ასახავდეს რეალურ დანახარჯებს და წინასწარ ცნობილი უნდა იყოს კომისიისათვის.
მუხლი 41. თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარება
1. ლიცენზირებული საფონდო ბირჟა და ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ამ კანონის მიხედვით, აღიარებული უნდა იქნენ თვითრეგულირებად ორგანიზაციებად.
2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა ნებისმიერმა ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ პირად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შეიძლება მოითხოვოს თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარება ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით.
3. ამგვარი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:
ა) წესების მომზადება თავისი წევრებისათვის და ამ წესების დაცვისა და შესრულების კონტროლი;
ბ) შინაგანაწესსა და წესებში ან წესდებაში მოცემული სანქციების გამოყენება თავისი წევრების მიმართ ორგანიზაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.
4. კანდიდატი თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მისი მმართველი ორგანოს არც ერთ წევრს: ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების უხეში დარღვევისათვის;
ბ) მისმა მესაკუთრეებმა მიიღეს წესები, რომლებიც:
ბ.ა) უზრუნველყოფს უთანხმოებათა მოგვარებას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების დარღვევისათვის წევრების სათანადო პასუხისმგებლობას მათი გარიცხვის, საქმიანობისა და ფუნქციების შეჩერებისა და შეზღუდვის, საყვედურის გამოცხადების, დაჯარიმებისა და სხვა შესაბამისი სანქციების გამოყენებით;
ბ.გ) მოითხოვს წევრებისაგან მაღალეთიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში;
ბ.დ) იძლევა რჩევებსა და დახმარებას აღნიშნული სტანდარტებისა და ნორმების განსაზღვრაში;
გ) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები:
გ.ა) განსაზღვრავს თვითრეგულირებადი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს;
გ.ბ) არ აძლევს მესაკუთრეებს მოგების განაწილების უფლებას;
გ.გ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას ყველა წევრისადმი.
5. ორგანიზაციამ თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებისათვის უნდა წარადგინოს განაცხადი კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. განაცხადი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელწოდებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) წევრთა სახელებს;
გ) მისი წესდების, შინაგანაწესისა და წესების ასლებს;
დ) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მოითხოვოს კომისიამ თავისი წესების შესაბამისად.
6. ორგანიზაცია არ იქნება აღიარებული თვითრეგულირებად ორგანიზაციად, თუ კომისია არ დაადგენს, რომ:
ა) ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის, გეოგრაფიული განაწილებისა და მათი გარიგებების მასშტაბებიდან გამომდინარე, ის შეძლებს თავისი ფუნქციების განხორციელებას;
ბ) ორგანიზაცია ჩამოყალიბებულია და აქვს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი ფუნქციები ამ კანონის შესაბამისად; უზრუნველყოფს თავისი წევრების შესაბამისობას თავის წესებსა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან;
გ) არ არსებობს სხვა აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს იმავე როლს, და არსებობს ეკონომიკური საფუძველი ასეთი ორგანიზაციის არსებობისა.
7. ამ კანონის 22-ე მუხლში მოცემული პროცედურა გამოიყენება ამ მუხლის მიხედვით თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების განაცხადის განხილვისას.
8. ორგანიზაციის წევრობის პირობები და პროცედურა განისაზღვრება მისი წესდებით. ორგანიზაციის წესდებასა და მასში შემავალ ცვლილებებს ადასტურებს კომისია ორგანიზაციის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარებამდე.
9. ორგანიზაციამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება არსებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების აღიარებისა და მათი შესრულების შესახებ.
10. თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ შესაძლოა დააკისროს ჯარიმები და სხვა პასუხისმგებლობა თავისი წესების დარღვევების გამო. მან ყოველი უხეში დარღვევისა და დაკისრებული ჯარიმის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას. კომისიამ თავისი წესებით შეიძლება მოითხოვოს უფრო დეტალური ანგარიშები და უზრუნველყოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც მოხდება დაკისრებული პასუხისმგებლობის გასაჩივრება კომისიაში.
11. კომისიამ შეიძლება შეაჩეროს ან გამოითხოვოს გადაწყვეტილება მის მიერ ორგანიზაციის, მათ შორის, საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების შესახებ, თუ იგი აღმოაჩენს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები:
ა) არღვევენ ამ კანონის 42-ე მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სათანადოდ ვერ აკონტროლებენ ამ კანონის, კომისიის წესებისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციის საკუთარი წესების შესრულებას.
მუხლი 42. აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესები
1. აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესები, წესდება და შინაგანაწესი (ერთობლიობაში “წესები”), რომლებიც კომისიის მიერ არის დამტკიცებული, არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს კომისიის წინასწარი დასტურის გარეშე.
2. აღიარებულმა თვითრეგულირებადმა ორგანიზაციამ არ უნდა მიიღოს რაიმე ახალი წესი კომისიის წინასწარი დასტურის გარეშე. კომისიას შეუძლია ახალ წესად ჩათვალოს ამა თუ იმ წესის ყოველგვარი განმარტება, რომელიც არსებითად განსხვავდება იმისაგან, რაც კომისიის მიერ ადრე იყო დადასტურებული.
3. როდესაც აღიარებული თვითრეგულირებადი ორგანიზაცია გადაწყვეტს მიიღოს ან შეცვალოს თავისი რომელიმე წესი, მან წერილობით უნდა აცნობოს კომისიას ამგვარი წესის მიღების, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ.
4. კომისიამ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითრეგულირებადი ორგანიზაციისგან შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულ ორგანიზაციას ამგვარი წესისა თუ ცვლილების ნებადაურთველობის თაობაზე ამ გადაწყვეტილების გამამართლებელი მიზეზების განმარტებით, ან აღიაროს ასეთი წესი თუ ცვლილება. თუკი ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში კომისია არ განაცხადებს უარს წესისა თუ ცვლილების აღიარებაზე, მაშინ ამგვარი წესი თუ ცვლილება ნებადართულად ჩაითვლება.
5. თუ თვითრეგულირებადი ორგანიზაცია არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზემოთ მითითებული 30 დღის გასვლის შემდეგ ის აამოქმედებს აღნიშნულ წესებსა თუ ცვლილებებს.
6. ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ზოგიერთი ცვლილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესებში, რომლებიც შესაძლებელია განისაზღვროს კომისიის წესებით მას შემდეგ, რაც ამის შესახებ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, წერილობით ეცნობება კომისიას, შეიძლება დაუყოვნებლივ შევიდეს ძალაში, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კომისიამ, ამ კანონის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შესაძლოა ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უარყოს და არ მიიღოს აღნიშნული წესები თუ ცვლილებები.
7. კომისიის მიერ დადგენილი წესების მიღების პროცედურის დარღვევისათვის კომისიას შეუძლია გააუქმოს შესაბამისი წესი ან ცვლილება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 43. კომისიის დამატებითი უფლებამოსილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიმართ
1. კრიტიკულ სიტუაციაში კომისია უფლებამოსილია შეცვალოს, დაამატოს, შეაჩეროს ან დააკისროს ახალი მოთხოვნები თუ შეზღუდვები ნებისმიერ საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, კომისიის წესების ან თვითრეგულირებადი ორგანიზაციის წესების რეგულირების სფეროშია, თუკი ამ კანონის თანახმად, აღნიშნულს საჭიროდ ჩათვლის კომისია იმისათვის, რომ:
ა) შეინარჩუნოს ან აღადგინოს სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
ბ) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო კლირინგი და ანგარიშსწორება.
2. ამ მუხლის მიხედვით გაცემული განკარგულება ძალაში იქნება კომისიის მიერ განსაზღვრული პერიოდისათვის, მაგრამ კომისიის ამგვარი ქმედება არ უნდა გაგრძელდეს 30 დღეზე უფრო მეტ ხანს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ უფრო მოკლე ვადაზე მეტ ხანს.
თავი VII
ფასიანი ქაღალდების გარიგებებში გაყალბებებისა და მანიპულაციების აკრძალვა
მუხლი 44. გაყალბება და მანიპულაცია
1. აკრძალულია ყოველგვარი საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ან ორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებული საქმიანობის მოჩვენებითი აქტივობის შექმნის მიზნით:
ა) ფასიანი ქაღალდებით ისეთი გარიგებების დადება, რომლებიც არ იწვევს ცვლილებებს ბენეფიციარულ მესაკუთრეობაში;
ბ) ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის შესახებ ბრძანების გაცემა, როდესაც მონაწილისათვის ცნობილია, რომ შესაბამისი საწინააღმდეგო ბრძანება გაცემულია ან გაიცემა მის ან სხვა მონაწილეთა მიერ.
2. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის საშუალებით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მანიპულირება ან მოტყუებითი ქმედება, მიმართული კომისიის წესების მოთხოვნათა წინააღმდეგ, რომელიც იცავს ინვესტორთა ინტერესებს. კომისიას შეუძლია თავის წესებში აღნიშნოს, თუ როდის და რა პირობებში წარმოიშობა ვალდებულება კანონის დარღვევით დაზარალებული პირების მიმართ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 45. ინსაიდერული ინფორმაცია და მისი ბოროტად გამოყენება
1. ინსაიდერული ინფორმაცია ნიშნავს არასაჯარო, არსებით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან.
2. ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ ინფორმაციაზე. ინსაიდერად ჩაითვლებიან აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც მიიღეს ინსაიდერული ინფორმაცია და, ჩანს, რომ ამ ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.
3. ინსაიდერს ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაციას, ეკრძალება:
ა) თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;
ბ) მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
გ) ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად.
თავი VIII
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
მუხლი 46. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამ კანონის მიხედვით აწესრიგებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. კომისიას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება.
2. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს კომისიაზე რაიმე ზეგავლენა ან ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.
3. კომისია სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებით, აქვს საკუთარი ბეჭედი, საბანკო ანგარიში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი.
4. . კომისიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
მუხლი 47. კომისიის დაფინანსება
კომისიის დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დადგენილი წესით
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
მუხლი 48. წევრები
1. კომისია შედგება ხუთი წვრისაგან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის, იურიდიული ან სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ანდა წარმოადგენდნენ ექსპერტებს ამ სფეროში. კომისიის ხუთივე წევრს, აგრეთვე მათგან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარედ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე
2. კომისიის თავმჯდომარე და წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორი ვადით. თუ წევრი არასრული ვადით არის დანიშნული, იგი შეიძლება დაინიშნოს 5-წლიანი ვადით მხოლოდ ერთხელ, არასრული ვადის გასვლის შემდეგ.
3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომისიის თავმჯდომარე და წევრები თანამდებობებიდან თავისუფლდებიან:
ა) ამ მუხლის შესაბამისად, საკუთარი წერილობითი განცხადების საფუძველზე;
ბ) დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მიერ ქცევის წესების (ეთიკის წესები) მოთხოვნების მნიშვნელოვანი დარღვევის გამო;
დ) როცა ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას 6 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში.
4. თუ კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის წევრი, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, ვადაზე ადრე წყვეტს თავის უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს სხვა პირს არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დარჩენილი ვადით.
5. კომისიის წევრს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა და ეწეოდეს სხვა საქმიანობას, გარდა საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ უნდა იღებდეს სხვა ანაზღაურებას, გარდა კომისიის წევრის ხელფასისა და საგანმანათლებლო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიღებული შემოსავლისა.
6. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
7. კომისიის წევრი, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განხორციელებულ იმ ოპერაციებსა თუ გარიგებებში, რომლებიც რეგულირდება კომისიის მიერ ამ კანონის მიხედვით.
8. კომისიის წევრმა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია კომისიის მიერ ამა თუ იმ საკითხზე მისაღები გადაწყვეტილებით, ამგვარი დაინტერესების შესახებ უნდა განაცხადოს კომისიის სხდომაზე, რომელზედაც მიიღება გადაწყვეტილება. ეს განცხადება ფიქსირდება სხდომის ოქმში და ამ წევრს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მოცემულ საკითხზე კომისიის გადაწყვეტილების მომზადებასა და მიღებაში და დაესწროს ასეთ სხდომას ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
მუხლი 49. კომისიის ფუნქციები
1. ამ კანონის მიზნებისათვის კომისიის ფუნქციებია:
ა) მოამზადოს, მიიღოს, შეიტანოს ცვლილებები და გააუქმოს კომისიის წესები მოცემული კანონის მიხედვით და ზედამხედველობა გაუწიოს ამგვარი წესების შესრულებას;
ბ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტები ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისათვის და უზრუნველყოს ემიტენტთა მიერ მასში მოცემული პირობებისა და მოვალეობების შესრულება;
გ) წარადგინოს ოფიციალური განმარტებები და რეკომენდაციები საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებულ საკითხებზე; რჩევა მისცეს და კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ყველა საკითხზე; წარადგინოს წინადადებები კანონმდებლობასა და მასში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას;
დ) გასცეს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გამოითხოვოს ლიცენზიები ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებისგან;
ე) განახორციელოს მონიტორინგი, შემოწმებები, გამოკვლევები და ზედამხედველობა გაუწიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობას, მისი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
ვ) თავისი უფლებების ფარგლებში უზრუნველყოს კომისიის საქმიანობის უშიშროება და თანამშრომლების დაცვა მათ მიერ თავიანთ ოფიციალურ მოვალეობათა განხორციელების პერიოდში;
ზ) მიიღოს და გამოითხოვოს გადაწყვეტილება იურიდიული პირის თვითრეგულირებად ორგანიზაციად აღიარების შესახებ;
თ)(ამოღებულია).
ი) მოიწონოს ან უარყოს თვითრეგულირებადი ორგანიზაციების მიერ მიღებული წესები და შესწორებები;
კ) დადგენილი წესით გამოიყენოს სანქციები ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ასეთი დარღვევებისა და მათზე პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) ორგანიზაცია გაუწიოს სასწავლო კურსებს, გამოსცეს ან მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურის გამოცემაში, რომელიც შინაარსობრივად ზოგადი ხასიათისაა ან კონკრეტულად შეეხება საქართველოში ფასიანი ქაღალდების ფუნქციონირებასა და რეგულირებას;
მ) კომისიის წესების თანახმად მოაწყოს:
მ.ა)(ამოღებულია).
მ.ბ) ატესტაცია ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და გასცეს მათზე საკვალიფიკაციო ატესტატები;
ნ) გასწიოს დახმარება ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ საჭირო საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად;
ო) ხელი შეუწყოს ინვესტორების დასაცავად სპეციალური სადაზღვევო ფონდის შექმნა-განვითარებას, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს არ შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებანი ინვესტორი კლიენტების დასაკმაყოფილებლად;
პ) გამოიყენოს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობითა და სხვა იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, ფასიან ქაღალდებს ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებებს;
ჟ) პერიოდულად გამოსცეს ბიულეტენი;
რ) განავითაროს ურთიერთობები უცხოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთგაგების მემორანდუმისა და შეთანხმების საფუძველზე, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების მიზნით;
ს) გამოავლინოს, თავიდან აიცილოს და აღკვეთოს დარღვევები ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში და ამ მიზნით ჩაატაროს შემოწმებები კომისიის წესების შესაბამისად;
ტ) მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და მათ საქართველოს კანონმდებლობაში ჩართვაში.
უ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დებულებების დაცვაზე.
2. კომისია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სამეურნეო წელს მომხდარი ძირითადი მოვლენების შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 50. კომისიის საქმიანობის ორგანიზება
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების რეგულარულ მოწვევას, სხდომებზე განსახილველი საკითხების განსაზღვრას, კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებას, სხდომებს შორის პერიოდში წევრებისათვის მითითება-განკარგულებათა გაცემასა და მათი შესრულების კონტროლს;
ბ) ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს, განსაზღვრავს კომისიის აპარატის სტრუქტურას და მის საშტატო განრიგს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს
გ) ხელმოწერით ადასტურებს კომისიის გადაწყვეტილებებს;
დ) წარმოადგენს კომისიას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
ე) უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს.
3. კომისიის სხდომები ტარდება დადგენილი წესით. კომისია ატარებს ღია და დახურულ სხდომებს. კომისიის წევრებისა და თანამშრომლების გარდა, დახურულ სხდომებს, კომისიის წევრის მოთხოვნით, შეიძლება დაესწრონ სხვა პირებიც. საკითხები, რომლებიც ამ კანონის ან კომისიის წესების დარღვევასა და ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობაზე გადაწყვეტილების გადასინჯვასთანაა დაკავშირებული, განიხილება დახურულ სხდომებზე. სხვა საკითხები, რომლებიც ბაზრის ერთი მონაწილის ინტერესებს ეხება, განიხილება დახურულ სხდომებზე, დამსწრე წევრთა მინიმუმ ორი მესამედის გადაწყვეტილებით. დანარჩენი საკითხები განიხილება ღია სხდომებზე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია შედგეს, თუ მას ესწრება 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიიღება, იცვლება ან უქმდება კომისიის წესი. ამ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს არანაკლებ 3 წევრი. კომისიის წევრებს ხმის თანაბარი უფლება აქვთ. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის თუნდაც მხოლოდ ერთი წევრის მოთხოვნით შეიძლება მოეწყოს ღია კენჭისყრა. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – მოადგილე. კომისიის წევრებს აქვთ უფლება მათი ინდივიდუალური მოსაზრებები აისახოს სხდომის ოქმში.
5. კომისიის წესების შესაბამისად, კომისია რეგულარულად აქვეყნებს თავის საბოლოო გადაწყვეტილებებს.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
მუხლი 51. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მოვალეობანი
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კომისია შეიმუშავებს კომისიის წევრთა და თანამშრომელთა ქცევის წესებს, რომლებიც მოაწესრიგებს მოქმედ თუ ყოფილ წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ეს წესები ძალაში შედის კომისიის მიერ მათი მიღებისთანავე.
2. მოქმედ თუ ყოფილ წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ ან გაავრცელონ კომისიაში მუშაობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
3. ამგვარი ინფორმაცია, კომისიის წესების შესაბამისად, შეიძლება გაუმჟღავნდეს მხოლოდ:
ა) კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს – მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ბ) თვითრეგულირებადი ორგანიზაციის თანამდებობის პირებს – მათ მიერ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მოთხოვნათა განსახორციელებლად;
გ) სამართალდამცავ ორგანოებს – სამართალდამრღვევთა მხილების მიზნით;
დ) სასამართლოებს;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომწესრიგებელ ორგანოებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ან საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად.
4. პირი, რომელსაც ამ კანონის მიხედვით უფლება აქვს მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია კომისიის წევრებისა თუ თანამშრომლებისაგან, ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
5. მოქმედმა წევრებმა და თანამშრომლებმა კომისიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით, რათა თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი კომისიასთან.
6. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
7. კომისიის წევრთა და თანამშრომელთა უკანონო ქმედებით ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 52. შემოწმება
1. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად.
2. შემოწმების ჩატარებისას კომისიის წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური მოწმობის წარდგენის შემდეგ კომისიის თანამშრომელს შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დავთრები და ჩანაწერები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს მათი ასლები, მოსთხოვოს რეგულირებად მონაწილეს, გამოითხოვოს ბანკიდან ამ ჩანაწერების ასლები, და რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის თანამდებობის პირებისა და სხვა თანამშრომლებისაგან მიიღოს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
3. თუ შემოწმების პერიოდში კომისიამ აღმოაჩინა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა, იგი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს ან ემიტენტს, აღმოფხვრას დარღვევა, ამ მიზნით გასცეს ბრძანებები (მითითებები) და დირექტივები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;
ბ) დარღვევის შესახებ შეადგინოს ოქმი და იმ პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აწარმოოს მოკვლევა დადგენილი წესით.
4. შემოწმების პროცესში ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისი ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
5. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობის შემოწმების შედეგად კომისია დაადგენს, რომ მისი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კომისია შემოწმების მასალებს უგზავნის მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
6. კომისია უფლებამოსილია შემოწმების მასალები ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცეს სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს.
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
მუხლი 53. უფლებამოსილებათა დელეგირება
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი წევრის ან თანამშრომლისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე კომისიის ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად, გარდა კომისიის წესების მიღების, შეცვლის, შეჩერებისა თუ გაუქმებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის არაკონფიდენციალურად ჩათვლის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა.
2. კომისია უფლებამოსილია გადასინჯოს ან შეასწოროს ნებისმიერი დელეგირებული ქმედება. კომისიის ერთი წევრის ხმაც კი საკმარისია იმისათვის, რათა ამგვარი ქმედება კომისიას წარედგინოს განსახილველად. თუ კომისია უარს იტყვის აღნიშნული ქმედების განხილვაზე ან არ განიხილავს მას კომისიის წესებით განსაზღვრულ ვადაში, მაშინ იმ პირის ქმედება, რომლისთვისაც დელეგირებული იყო კომისიის უფლებამოსილება, ჩაითვლება კომისიის მიერ განხორციელებულ ქმედებად.
მუხლი 54. საჯარო ჩანაწერების წარმოება და კომისიის მიერ მიღებული ზომების გამოქვეყნება
1. კომისია მოვალეა აწარმოოს საჯარო ჩანაწერები და შეინახოს:
ა) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი იმ ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ, რომლებმაც დამტკიცებული პროსპექტები გამოუშვეს ან რომელთა ფასიანი ქაღალდებიც საჯარო მიმოქცევაშია;
ბ) დოკუმენტები, წარდგენილი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ღიაობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ემისიის პროსპექტების, ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის დარიგებული აქციონერთა კრებებთან დაკავშირებული მასალების (მინდობილობების მასალების) და პერიოდული ფინანსური ანგარიშების ჩათვლით; ამ კანონის მე-12, მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
გ) ყველა დოკუმენტი, წარდგენილი ლიცენზიის მოსაპოვებლად ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიერ, რომლებიც განსაზღვრავენ საჭირო კვალიფიკაციას, აგრეთვე ადასტურებენ კომისიის წესებთან მათ შესაბამისობას.
2. კომისია უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს მასალებს და დოკუმენტებს, გადაიღოს მათი ასლები სამუშაო საათების განმავლობაში კომისიის ადგილსამყოფელ შენობაში.
3. კომისია უზრუნველყოფს, თავისი წესებით დადგენილი პროცედურის დაცვით, ამ კანონის მეცხრე თავში მითითებული სამართალდარღვევებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოაქვეყნებას
თავი IX
პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 55. ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სახეები, სახდელები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. პირის მიერ ამ კანონის, კომისიის წესების, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია თავისი განკარგულებით:
ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირებსა და მათ თანამონაწილეებს მიიღონ საჭირო ზომები თავიანთი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომისიის მიერ დადგენილ ვადაში;
ბ) შეატყობინოს საზოგადოებრიობას სამართალდარღვევებისა და მათ გამო დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ;
გ) შეაჩეროს 6 თვემდე, ან მუდმივი ვადით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს;
დ) უარი განაცხადოს ფასიანი ქაღალდების ახალი ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება ან გააუქმოს გადაწყვეტილება მისი დამტკიცების თაობაზე;
ე) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს ამ მონაწილის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები;
ვ) (ამოღებულია).
ზ) გააუქმოს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია;
თ) ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა დროის გარკვეული პერიოდით;
ი) გამოითხოვოს გადაწყვეტილება თვითრეგულირებადი ორგანიზაციის აღიარების შესახებ ამ კანონის მიხედვით.
კ) დააკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დამამძიმებელ გარემოებებში დარღვევისათვის შეიძლება დადგენილ იქნეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
თავი X
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 56. უფლებამონაცვლეობა, კომისიისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია იქმნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდების ეროვნული და საფონდო ბირჟების ინსპექციის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს.
2. ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის პირველი შემადგენლობის შექმნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. კომისიის სამი წევრის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისად 5, 4 და 3 წლის ვადით. კომისიის ფუნქციონირების დაწყების მიზნით კომისიის პირველი შემადგენლობის სრულ ფორმირებამდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს 5 წლის ვადით დანიშნული კომისიის წევრი. კომისია მუშაობას იწყებს ამ სამი წევრის დანიშვნისთანავე .
4. კომისიის პირველ შემადგენლობაში კომისიის ორ წევრად, შესაბამისად არა უმეტეს 1 და 2 წლის ვადით, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, დროებითი ღონისძიების სახით, თანამდებობაზე პირდაპირ დანიშნოს მაღალგანვითარებული ფინანსური და საფონდო ბაზრის რეგულირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების მქონე და კონკურსის საფუძველზე შერჩეული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
5. კომისიის ხუთივე წევრის დანიშვნისთანავე კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
6. ემიტენტებმა, რომლებიც ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას, ამ კანონის მე-3–8 მუხლების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ამასთან, ბოლო 2 წლის ფინანსური ანგარიშები, დადასტურებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი წესით, წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში.
7. იმ ემიტენტების მიმართ, რომელთა მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობა 100-ს არ აღემატება და ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებული არ არის საფონდო ბირჟაზე, ამ კანონის:
ა) მე-10, მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაში შედის 2003 წლის 1 სექტემბრიდან და აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული ვადების დენა იწყება შესაბამის მოთხოვნათა ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაში შედის 2003 წლის 1 ნოემბრიდან, აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული საანგარიშგებო ვადების შესაბამისად;
გ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ძალაში შედის 2004 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული საანგარიშგებო ვადების შესაბამისად.“. 8. საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანია თუ ბროკერი, რომელიც ლიცენზირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში ექვემდებარება ხელახალ ლიცენზირებას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ბანკს, რომელსაც ამ კანონის მიღებამდე აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ლიცენზია, უფლება ეძლევა საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის იურისდიქციის ქვეშ გააგრძელოს ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ექვემდებარება ხელახალ ლიცენზირებას ამ კანონის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
10. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას სურს შეინარჩუნოს ლიცენზია, მისმა მესაკუთრეებმა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 27-ე მუხლში მოცემულ მოთხოვნებს, 1 წლის განმავლობაში უნდა აიღონ საბროკერო კომპანიის ლიცენზია ან გაასხვისონ თავისი საკუთრების უფლება იმ პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამგვარ მოთხოვნებს.
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
თავი XI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 57. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №412 ბრძანებულება „სააქციო საზოგადოებების აქციათა რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბების ზოგიერთ ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“.
3. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილების „ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების“ ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე“.
საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 24 დეკემბერი.
№1745–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59
2.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111
3.საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168
4.საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156
5.საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85
6.საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93
დოკუმენტის კომენტარები