დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2831 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 13/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.05.001.003.967 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე – საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანგარიშვალდებული საწარმო, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი.“;
ბ) 64-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე და 66-ე პუნქტები:
„65. შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას.
66. ფილიალი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან მისი ნაწილი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა
1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ან საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან ჯეროვნად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:
ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ან საბროკერო კომპანიის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს თავისი ფილიალის და შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი ან საბროკერო კომპანიისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.
3. 551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 551. დარღვევები და სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია:
ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები;
ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) ლიცენზიის წესები;
დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები;
ე) საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა;
ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის ან მათი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.
4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2831–Iს
დოკუმენტის კომენტარები