დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4536 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 31/03/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.05.001.002.779 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161. ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის.
2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს (საწარმო, რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არის გარიგების მეორე მხარე;
ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის 20 ან მეტ პროცენტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;
გ) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი;
დ) დანიშნულია/არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელის (მფლობელების) წარდგინებით;
ე) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან;
ვ) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის, გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.
4. თუ პირმა არ იცოდა, რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ, თავისი დაინტერესების ფაქტის გაგებისთანავე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება. ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება, როგორც ხმათა სრული ოდენობა, და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50 პროცენტს, – მხოლოდ საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიას იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, ასევე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებ-გვერდზე ანდა კომისიის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, კომისიისათვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.
8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან აქციონერს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, თუ დამტკიცდება, რომ გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი.
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4536–Iს
დოკუმენტის კომენტარები