დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6022-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.016697 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე;“;
ბ) 52-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ (საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტად) მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა).“.
3. მე-10 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ემიტენტი, რომელიც არის ანგარიშვალდებული საწარმო, ვალდებულია მისი ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიჩნევიდან 60 დღის ვადაში შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს მას ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.
4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი გადასცეს დამოუკიდებელ რეგისტრატორს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, რეგისტრატორს მას უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი;
ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;
დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის მითითებით;
ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა;
ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 10 აპრილი.
№6022-I ს
დოკუმენტის კომენტარები