„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 441-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.018332
441-IIს
10/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
040170280.05.001.018332
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გაზეთი – გაზეთი ან ოფიციალური გამოცემა, რომელსაც ამ კანონის მიზნებისათვის ასეთად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.“;

ბ) მე-13–მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. წინასწარი პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ ჯერ არ დამტკიცებულა მის მიერ.

14. დამტკიცებული პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და შეიცავს შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ხოლო თუ საბროკერო კომპანია (საბროკერო კომპანიები) თანახმა არის (არიან) ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით – აგრეთვე ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“;

გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ეს კანონი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“;

დ) 191 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 32-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული გამონაკლისი ხელშეკრულებები ან ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც რეგულირდება შესაბამისად ამ კანონით ან სხვა კანონებით.“;

ვ) 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია ან სხვა შუამავალი, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით.“;

ზ) 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით.“;

თ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც საბროკერო კომპანია (საბროკერო კომპანიები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ საფუძველზე ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:

ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;

ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.“;

ი) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„48. შეთავაზების განაცხადი – ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი განაცხადი, რომელიც გულისხმობს მის  ნებისმიერ შესწორებას და ნებისმიერ ემისიის პროსპექტს, ანგარიშს ან დოკუმენტს, რომელიც ამ განაცხადის ნაწილია, უშუალოდ ან ჩართული მასზე მითითებით.“;

კ) 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„50. ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია რეგისტრირებული მესაკუთრის ან ნომინალური მფლობელის დავალებით აწარმოოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური კლირინგი და ანგარიშსწორება, აგრეთვე განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით განსაზღვრული სხვა მომსახურება.“;

ლ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“;

მ) 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„57. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – პირი,  რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური  ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.“;

ნ) 62-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება არანაკლებ 100 პირისათვის ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის პირთათვის ემიტენტის სახელით ფასიანი  ქაღალდების პირდაპირი  ან  არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით იმ პირის სახელით წამოყენებული ამგვარი წინადადება, რომელიც ემიტენტი არ არის. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და მიაწვდის ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დაადგინოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მოთხოვნები ემისიის პროსპექტისადმი

1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან მისი გამოქვეყნების შემდეგ.

2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც საჯარო შეთავაზების განაცხადად მიიჩნევა:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილ განაცხადს;

ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლს, რომელიც ხელმოწერილია ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტის შემთხვევაში – იმ პირების მიერ, რომლებიც კანონით ემიტენტის მართვისთვის პასუხისმგებლებად არიან აღიარებული (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს:

ბ.ა) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას), მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საჭიროების შემთხვევაში – ემიტენტის მიერ შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სახელს, ინფორმაციას ზემოაღნიშნული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;

ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის;

ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისათვის. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის;

ბ.დ) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:

ბ.დ.ა) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასისა და საორიენტაციო რაოდენობის შესახებ;

ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა მთელი ემისიის ფასიანი ქაღალდების ნაწილი – ასეთი გარიგების მიახლოებით დეტალებს;

ბ.დ.გ) იმის შესახებ ინფორმაციას, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებს და თითოეული მათგანის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას;

ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ინფორმაციას ფასიანი ქაღალდის ვადისა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობების შესახებ;

ბ.დ.ე) ინფორმაციას შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენების შესახებ.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს გამარტივებული მოთხოვნები ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდის ვადიანობის მიხედვით.

4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას ბოლო 2 წლის განმავლობაში წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა.

5. თუ ემისიის პროსპექტისათვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი შეიძლება პროსპექტში ჩაირთოს მასზე მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

6. ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, შეუძლია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელოს საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, დამატებითი რეგულირების გარეშე. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს შეტყობინება ფასიანი ქაღალდების ემისიის შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში ფასიან ქაღალდებს მიანიჭებს ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.

7. შეთავაზების განაცხადის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და თუ:

ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს უგზავნის წერილობით პასუხს, რომლითაც მოსთხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და ემიტენტს მოსთხოვს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები. ეს შესწორებები ხელახლა განიხილება;

ბ) დაამტკიცებს ემისიის პროსპექტს, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში აძლევს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების, მონაცემების ან ახსნა-განმარტებების წარდგენაზე, უფლებამოსილია წერილობით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე;

დ) ემიტენტს არ მიეწოდა ინფორმაცია წერილობით ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.

8. საბოლოო პროსპექტში მითითებული მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია 18 თვეზე უფრო ადრინდელი არ უნდა იყოს. ტექსტში მოცემული აღწერა შესაძლო უახლეს თარიღს უნდა შეესაბამებოდეს.

9. იმ დღიდან 10 დღის ვადაში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, როდესაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, ხოლო როცა ფასიან ქაღალდებს ემიტენტის ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით საბროკერო კომპანიები ყიდიან   –  ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.

10.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საბოლოო  პროსპექტის წარდგენა არ უნდა ჩაითვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.

11. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის  პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციად. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.

12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითებისათვის ამ კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შემდეგ პირებს:

ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად;

ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;

გ)  ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე – ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან გამოტოვებისათვის.

13. არცერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ არის პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თუ ემისიის პროსპექტში მითითებულია ამის შესახებ ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ:

ა)  იგი  საბოლოო  პროსპექტის  ძალაში  შესვლამდე  გადადგა  ან  შეწყვიტა საბოლოო პროსპექტში მითითებული ის ურთიერთობები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან საქმიანობაზე თანხმობას, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ემიტენტს;

ბ) საბოლოო პროსპექტის შესაბამისი ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, მან ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინა ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად;

გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მითითებული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს შესაბამისი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი.

14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ მითითებული არ არის ემისიის პროსპექტის გარეკანზე), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო აქციის მფლობელი დაზარალდა. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა მათი შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ პროსპექტში ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სხვა პირები ანალოგიურად პასუხისმგებელი არიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, შეიძლება  გაუქმდეს  მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით.

15. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის (კერძოდ, ემისიის პროსპექტში ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის) შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ემიტენტი ასრულებს შემდეგ პროცედურას:

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს შეთავაზების განაცხადის შესწორებას, რომელშიც განიმარტება მასში შეტანილი ყველა ცვლილება;

ბ) აქვეყნებს შეტყობინებას გაზეთში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საშუალებით; აცხადებს არსებული ფორმით შეთავაზების გაუქმების შესახებ და ახორციელებს შეთავაზებას მითითებულ თარიღამდე ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ყველა ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საჯარო შეთავაზების დაწყების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი შეიტყობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში ესა თუ ის არსებითი მოვლენა არასწორადაა გადმოცემული ან გამოტოვებულია, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ემიტენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულება.

5. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში მითითებული სხვა ინფორმაცია საჯარო შეთავაზების პერიოდში შეიცვალა, ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ ცვლილების (ახალი ინფორმაციის) ამსახველი დოკუმენტის ასლი, ვიდრე აღნიშნულ ცვლილებას ემისიის პროსპექტში შეიტანდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით.“.

6. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. შეთავაზების საჯაროობის აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე

1.  აკრძალულია  საქართველოს  ეროვნული  ბანკის  მიერ  ემისიის  პროსპექტის დამტკიცებამდე მისი გავრცელება.

2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.

მუხლი 7. დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა თუ მათ მიერ ემისიის პროსპექტში მითითებული ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება.

2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შეაჩერებს ან გააუქმებს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედებას, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება აკრძალულია და მყიდველებს უფლება აქვთ, უარი თქვან თავიანთ შესყიდვებზე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით.

მუხლი 8. ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში

1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შეთავაზებული და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ზუსტი რაოდენობისა და ფასის შესახებ. თუ ემისიით გამოსაშვები ფასიანი ქაღალდები სრულად არ არის განთავსებული, ემიტენტი წარადგენს ანგარიშს ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილ ანგარიშს განიხილავს მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის განმარტება ან მასში ცვლილებების შეტანა, რომლებიც უნდა მოამზადოს და წარადგინოს ემიტენტმა.

3. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი საწარმო არ არის, მან საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს და რეგისტრირებულ მფლობელთათვის უნდა გაავრცელოს ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე ანგარიშები.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესი.

3.  საქართველოს ეროვნული ბანკი  ადგენს  წესს,  რომლითაც გარკვეული ტიპის ანგარიშვალდებული საწარმოები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისაგან, თუ საწარმოთა მიერ შესაბამისი ანგარიშების მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, საწარმოთა საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.“.

8. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან,  ამ წესის მიხედვით იმოქმედონ.“;

ბ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი დამოუკიდებელ რეგისტრატორს გადასცეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, ემიტენტს რეგისტრატორს უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება) და იურიდიული მისამართი;

ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა;

გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;

დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;

ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ ემიტენტი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელები, გვარები, თანამდებობები;

ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი.

6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.“;

გ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების შეტანამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და შეტანის თარიღის მითითებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს);“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.“.

9. მე-11 მუხლის პირველი–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს:

ა) წლიური ანგარიში;

ბ) ნახევარი წლის ანგარიში;

გ) მიმდინარე ანგარიში.

2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; ინფორმაციას ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას  შემდეგ, რაც  საწარმო გახდა  ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წლიური ანგარიში წარუდგინოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადის დაცვით წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში.

3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6  თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადის დაცვით. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას.

4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება ანგარიშში ასახული მოვლენის მოხდენიდან 15 დღის ვადაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი.

5. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი.

6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა საფონდო ბირჟაზე ხდება, საწარმო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საფონდო ბირჟას ერთდროულად წარუდგენს.

7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი ფინანსური ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ დამატებით დოკუმენტში ასახვის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება.

  8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი.“.

10. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშს ამ საწარმოს იმ ფასიანი ქაღალდების პროცენტული ოდენობის შესახებ, რომელთა რეგისტრირებული მესაკუთრეც ან/და ბენეფიციარი მესაკუთრეც ის არის.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. კონფიდენციალური ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს შესახებ

1. ანგარიშვალდებულ საწარმოს შეუძლია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშებში არ შეიტანოს თავის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შეიძლება მოითხოვოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გახსნა, რომელიც არ იქნება შემოფარგლული ვაჭრობის საიდუმლოებებით, სპეციალისტების მიერ საწარმოში ან საწარმოს გარეთ მომზადებული სტრატეგიული დანიშნულების ფინანსური ან კომერციული ინფორმაციით.

2. ანგარიშვალდებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკს ცალკე, კონფიდენციალურობის მითითებით წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ძირითად ანგარიშთან ერთად მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნული ბანკი დაიცავს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობას. საქართველოს ეროვნული  ბანკი უფლებამოსილია სპეციალური ანგარიშის მიღებიდან 1 კვირის ვადაში, თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხი. ამასთანავე, თუ:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებულ საწარმოს დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლია წერილობით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. წერილობითი თხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების გადამოწმება მხოლოდ ერთხელ შეუძლია;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, ანგარიშვალდებული საწარმო, რომელმაც დოკუმენტები წარადგინა, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.“.

12. მე-14 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ან პირთა ჯგუფი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით, ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ ატყობინებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას, რომელზედაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა.

2. ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15 დღის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირთა ჯგუფი საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე პასუხისმგებელია ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის.

6. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტს ან შესაბამის საფონდო ბირჟას არ შეატყობინა ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ აქციაზე ხმის გამოყენების უფლება.“.

13. მე-15 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელიც აპირებს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები იმ რაოდენობით, რომელმაც შეიძლება საწარმოს კონტროლი გამოიწვიოს, შეუძლია ეს გააკეთოს სატენდერო შეთავაზების საშუალებით, რაც ნიშნავს საწარმოს ფასიანი ქაღალდების სწრაფი შეძენის შესახებ განცხადების გაკეთებას საწარმოზე კონტროლის მოპოვების მიზნით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. შემთავაზებელს ეკრძალება ნებისმიერი კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდების სატენდერო შეთავაზება, თუ ამის შემდეგ იგი გახდება ამ კლასის ფასიანი ქაღალდების 10%-ზე მეტის რეგისტრირებული მესაკუთრე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

ა) შეთავაზების ასლების ან თხოვნის პირველად გამოქვეყნებამდე ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის გაგზავნამდე შემთავაზებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით მოთხოვნილი ფორმითა და ინფორმაციით;

ბ) შემთავაზებელი სატენდერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს გაზეთში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის წინადადება ან რეკომენდაცია სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ, აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სხვა მოთხოვნები სატენდერო შეთავაზების მომზადების, განხორციელების, შემთავაზებლის ქმედების თაობაზე, შემთავაზებლისათვის – ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ სამიზნე საწარმოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“.

14. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.“.

15. 161 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც დაინტერესებული პირები მონაწილეობენ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს  გარიგების მოცულობა და ხასიათი, აგრეთვე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, შეტანილი უნდა იქნეს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.“.

16. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.

17. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები.

3. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დააზუსტოს საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის პროცედურები.“.

18. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ლიცენზიის სახეები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად გასცეს, ცვლილებები შეიტანოს და გააუქმოს შემდეგი სახის ლიცენზიები:

ა) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;

ბ) საფონდო ბირჟის ლიცენზია;

გ) ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია;

დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

2. აკრძალულია შესაბამისი საქმიანობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ლიცენზიის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

19. 201 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა/საბროკერო კომპანიამ საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ფილიალის დაარსებიდან/შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  ფასიანი  ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების/შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;

ბ)  ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად ფილიალმა/შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი/საბროკერო კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი/შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის/შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

20. 23-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყენოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ „მოკლე გაყიდვებში“;“.

21. 231 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის  მესაკუთრე  ან  თანამშრომელი. მან  ამის  შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა აცნობოს და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადოს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის 23-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობები, რომელთა განხორციელებისას პირს არ მოეთხოვება, იყოს საბროკერო კომპანია ან ჰქონდეს ლიცენზია, თუ ამ პირის საქმიანობა შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება.“.

22. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო პირობები

საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის  განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) საბროკერო კომპანიის იმ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;

დ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ. პირი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, წარადგენს მიმდინარე ბალანსს;

ე) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ვ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“.

23. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფონდო ბირჟის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო  5  წლის  განმავლობაში არ  ჰქონია  დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი  წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები, რომლებიც:

ე.ა) მოიცავს წევრობის, სავაჭრო, სავაჭროდ დასაშვებ, უთანხმოებათა მოგვარებისა და სხვა წესებს, რომლებიც მოითხოვება ამ კანონის შესაბამისად;

ე.ბ) მოითხოვს სამართლიან, კეთილგონივრულ და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას საფონდო ბირჟის ყველა წევრისა თუ წევრობის კანდიდატისადმი;

ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;

ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში);

კ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“.

24. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ინფორმაცია მმართველი ორგანოს წევრთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;

ვ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ბოლო წლის ან ბოლო ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშგება (იმის მიხედვით, რომელია უფრო ახალი), რომელიც დადასტურებულია აუდიტორის მიერ და მომზადებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებულ მიმდინარე ფინანსურ ანგარიშს;

თ) დოკუმენტი (დოკუმენტები) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ;

ი) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);

კ) ხელმძღვანელ  პირთა  სახელები,  მისამართები  და  სათანადო  პროფესიული გამოცდილების აღწერა;

ლ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის) მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის;

მ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა.“.

25. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა, უნდა დაურთოს ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) იმის შესახებ, რომ იგი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება;

ბ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს არცერთი წევრი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მისი მმართველი ორგანოს არცერთ წევრს ჩამორთმეული არა აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის უხეში დარღვევისათვის;

გ) იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესს (ასეთის დადგენის შემთხვევაში);

დ) იმის შესახებ, რომ მას აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ე) მისი წესდება, შინაგანაწესი და წესები;

ვ) პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა; ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია ანგარიშვალდებულ საწარმოებში საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ;

ზ) ხელმძღვანელ პირთა სახელები, მისამართები და სათანადო პროფესიული გამოცდილების აღწერა;

თ) იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ კანონის, შესაბამისი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ მიღებული წესების დაცვის ზედამხედველობისთვის;

ი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორების (აქციონერების) სახელები და თითოეული მათგანის წილის ოდენობა;

კ) იმის შესახებ, რომ მისი მმართველი ორგანოს წევრებს აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.“.

26. 31-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:

ა)  თუ  ლიცენზიის  მფლობელი  აღარ  აკმაყოფილებს  იმ  პირობებს,  რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიის მფლობელს აფრთხილებს და უწესებს ვადას არანაკლებ 30 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ნაკლოვანება.

3. თუ ლიცენზიის მფლობელი ვერ შეძლებს ნაკლოვანების აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს ლიცენზია და საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ადმინისტრატორი.“.

27. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ფინანსური ანგარიშგება, ანგარიშები და მათი შემოწმება

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირებს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.

2. გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირების მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც მას შეუძლია მათგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.“.

28. 33-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე საბროკერო კომპანიები და ბროკერები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობების შესაბამისად კლიენტების დავალების შესრულებას: მათ  არ  უნდა  გაუწიონ კონკურენცია კლიენტის დავალებას, არ უნდა მოახდინონ მანიპულირება კლიენტის დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, არ უნდა გადაწყვიტონ კლიენტის დავალების ისეთი ფასითა და ხარჯებით შესრულება, რომლებიც კლიენტისათვის ნაკლებად ხელსაყრელია.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბროკერო კომპანია ვალდებულია შესაბამისი მოვლენის მოხდენიდან ან გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს:

ა) ფილიალის გახსნის ან დახურვის თაობაზე;

ბ) საბროკერო კომპანიის სახელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

6. საბროკერო კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან წინასწარ უნდა მიიღოს თანხმობა რეორგანიზაციაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ მისცეს თანხმობა საბროკერო კომპანიას მის რეორგანიზაციაზე, თუ რეორგანიზაცია საფრთხეს შეუქმნის საბროკერო კომპანიისათვის მინდობილ კლიენტის ფულად სახსრებს ან/და კლიენტის ფასიან ქაღალდებს.“.

29. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. დაუშვებელია საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.

2. საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების და საფონდო ბირჟის წესდებით, შინაგანაწესითა და წესებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.

3. საფონდო ბირჟისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება მისი რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის საფუძველია.

4. საფონდო ბირჟა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თვითლიკვიდაციის ან საბირჟო საქმიანობის შეჩერების შესახებ, დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. საფონდო ბირჟის ლიკვიდატორს ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

30. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რომელიც ისეთ ფინანსურ ან საოპერაციო სიძნელეებს განიცდის, რომ ცენტრალური დეპოზიტარი (დეპოზიტარი) იღებს გადაწყვეტილებას მისი ანგარიშის შეჩერების ან დახურვის შესახებ და საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობებს, რომ ანგარიშის შეჩერება ან დახურვა აუცილებელია დეპოზიტარის, მისი მონაწილეების, კრედიტორების ან ინვესტორების დასაცავად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს) ეკრძალება, განახორციელოს ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ამ კანონის მიხედვით ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და მათთან დაკავშირებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა საქმიანობებისა.“.

31. მე-40 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და თავისი წესების შესრულება.

2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება ემიტენტის წესდებასა და შინაგანაწესს, ამ კანონს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესების მოთხოვნებს. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

3. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ემიტენტთან უნდა ჰქონდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილ წერილობით შეთანხმებაში არსებულ პირობებს ემყარება. ასეთი შეთანხმება, როგორც მინიმუმი, უნდა მოითხოვდეს, რომ, თუ ემიტენტის მიერ შესრულებულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილებისათვის, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნებისათვის, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნების მიღწევისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის. ემიტენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტს შეუჩეროს მომსახურება მის მიერ ვალდებულებების შესრულებამდე.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანგარიშის მფლობელის (მფლობელების) სახელს (სახელებს), ამონაწერის გაცემის დღესა და დროს (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდს), ემიტენტის სახელწოდებას (დასახელებას) და იურიდიულ მისამართს, ფასიანი ქაღალდის კლასის საიდენტიფიკაციო ნომერს, ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესაბამის მოვალეობებს ან შეზღუდვებს და რეგისტრატორის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა საჭირო ინფორმაციას.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წესები:

ა) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების რეესტრში ყოველი ემიტენტის შესახებ, რომლის ფასიანი ქაღალდებიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ბ) განსაზღვრავს წესს გარიგებათა აღიარებისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერების შეტანის, მათთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების გაკეთების დროის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

გ) განსაზღვრავს, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ან ნომინალურ მფლობელთა სახელზე გახსნილ ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშში, იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის მფლობელმა დაუყოვნებლივ, წერილობით უნდა აცნობოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ადრე წარდგენილ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

დ) მოითხოვს თანამშრომლებისაგან, დაიცვან ქცევის ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

8. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის თანამშრომლებსა და მმართველ პირებს ეკრძალებათ, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად მუშაობისას მიღებული არასაჯარო, კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდონ ვინმეს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ან გამოიყენონ ეს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის საკუთრებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის წილის 10%-ზე მეტი, იგი ვალდებულია ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობოს.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მომზადებულ, ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულების ნიმუშის ასლს.“.

32. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფონდო ბირჟამ/დეპოზიტარმა ახალი წესების მიღების, არსებულ წესებში ცვლილებების შეტანის ან არსებული წესების გაუქმების შესახებ უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.

33. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანა.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერ წესში ან შეაჩეროს ამ წესის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი:

ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას;

ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დაუწესოს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის წესის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.

4. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები.

6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი.

7.  საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

8. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს მისი მოქმედება.“.

34. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სახეები განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სახდელის ოდენობები და მისი დაკისრების წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

2. პირის მიერ ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ან მისი შესაძლო ქმედებით ინვესტორთა ინტერესებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით:

ა) მოსთხოვოს სამართალდამრღვევ პირსა და მის თანამონაწილეებს, მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში თავიანთი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ზომები;

ბ) შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან გარიგებანი;

გ) სამართალდამრღვევ პირს გარკვეული ვადით შეუჩეროს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობა;

დ) სამართალდამრღვევ პირს დააკისროს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

35. 551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 551. დარღვევები და სანქციები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია:

ა) ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები;

ბ) ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) ლიცენზიის წესები;

დ) ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები;

ე) საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა;

ვ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და აღარ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 მარტი 2017 წ.

N441-IIს