დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2503 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 08/08/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.05.001.001.332 |
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებული საწარმო – ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმო.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი ან რეგისტრირებული მფლობელის წარმომადგენელი და რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერ შემდეგ მოთხოვნას:
ა) არის ფასიანი ქაღალდის რეგისტრირებული მფლობელი, გარდა ნომინალური მფლობელისა;
ბ) წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებას რთავს ნომინალურ მფლობელს, იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის;
გ) იღებს ფულად მოგებას, როგორც ფასიანი ქაღალდის მესაკუთრე;
დ) აქვს ფასიან ქაღალდთან დაკავშირებული ხმის განკარგვის უფლება;
ე) აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება, გახდეს ფასიანი ქაღალდის ბენეფიციარი მესაკუთრე.“;
გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს ფასიან ქაღალდებს.“;
დ) 35-ე და 36-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. სასესხო ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე; იგი მოიცავს სამთავრობო ფასიან ქაღალდებს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომელიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომელსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 50-ზე მეტი მფლობელი.“;
ე) 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„45. ფასიანი ქაღალდების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;
ვ) 51-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე პუნქტი:
„52. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს საჯარო ფასიან ქაღალდებს.“.
2. მე-4 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე კომისია რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და კომისიის წესებით დადგენილი პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის საწარმო, მან კომისიას უნდა წარუდგინოს და ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთათვის გაავრცელოს წლიური, ნახევარი წლის და მიმდინარე ფინანსური და სხვა ინფორმაციის შემცველი ანგარიშები. ამ ანგარიშების შინაარსს, ფორმას, წარდგენისა და გავრცელების ვადებს და სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს კომისია.“.
4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები“.
5. მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სააქციო საზოგადოება, აგრეთვე სხვა იურიდიული პირები, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები არიან. ანგარიშვალდებულ საწარმოდ არ მიიჩნევა საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი.
2. ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებისაგან თავის არიდების აცილების მიზნით კომისია უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერით მფლობელთა განსაზღვრის წესები.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოება
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი გამოშვებულ უნდა იქნეს არამატერიალიზებული ფორმით. მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება დემატერიალიზაციას.
2. ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით კომისია იღებს შესაბამის წესებს. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ წესების მიხედვით. ამასთან, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება დაიშვება მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მეშვეობით, რომელსაც აქვს კომისიის მიერ ორგანიზებული ან აღიარებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი, ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების საკვალიფიკაციო ატესტატი.
3. ემიტენტმა, რომლის რომელიმე კლასის ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, მათი საჯარო ფასიან ქაღალდებად ჩათვლიდან 60 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და მისი დადებიდან არა უგვიანეს 15 დღისა გადასცეს ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და მის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.
4. თუ ემიტენტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, რეგისტრატორს მას უნიშნავს კომისია დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს კომისიას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ემიტენტის საფირმო სახელწოდება (დასახელება), იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
ბ) შერჩეული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება (დასახელება);
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები;
დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეულით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის მითითებით, ხოლო თუ იგი ანგარიშვალდებული საწარმოა – ასევე საწესდებო კაპიტალის ოდენობა;
ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ იგი საწარმო არ არის, – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელი, გვარი, თანამდებობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
ვ) ემიტენტის იმ თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომელიც პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ურთიერთობაზე;
ზ) თუ ანგარიშვალდებული საწარმო რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, – მისი მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მისი განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები.
7. თუ ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში:
ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და თარიღის ჩვენებით) კომისიას, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს;
ბ) ცვლილების განხორციელების დღის ბოლომდე ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟას და მის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს წერილობით დაუდასტუროს მისი განხორციელება, ამასთან, შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებს 3 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფონდო ბირჟა და მისი მომსახურე ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულნი არიან იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების მიღებამდე შეაჩერონ შესაბამის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები.
9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არა უგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღიდან. ამ შემთხვევაში რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა უნდა გადასცეს ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს კომისიის წესების შესაბამისად. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესები.
10. ფასიანი ქაღალდების რეესტრის თაობაზე ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ეს პასუხისმგებლობა წერილობით ემიტენტის სხვა თანამდებობის პირს არა აქვს დაკისრებული.
11. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ერთი რეგისტრატორი.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.“;
ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. მე-16 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა“;
ბ) მე-2–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა ვალდებულებების განსაზღვრისა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით კომისია იღებს წესებს.
3. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსათვის მიყენებული ზიანისათვის.
4. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება, რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას.“;
გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-8 პუნქტები:
„7. კომისია უფლებამოსილია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.
8. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში კომისია თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“.
9. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-6 პუნქტები:
„5. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები უნდა დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით. ამასთან, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდებით გარიგებები უნდა დაიდოს მხოლოდ საფონდო ბირჟაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის, გამონაკლისი გარიგებები განისაზღვრება კომისიის წესებით.
6. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე.“.
10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. გარიგებანი საჯარო ფასიანი ქაღალდებით
1. ამ და მე-18 მუხლების მიზნებისათვის, საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სახეები, მათი დადებისა და მათში საბროკერო კომპანიების მონაწილეობის მოთხოვნები განისაზღვრება კომისიისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესებით.
2. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა, – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. კომისია უფლებამოსილია თავისი წესებით:
ა) შეზღუდოს იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გადაცემა, რომელთა ღირებულება სრულად არ არის დაფარული;
ბ) მოაწესრიგოს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე შესაბამის უფლებათა გადაცემა ერთი ან მეტი საფეხურის ნომინალური მფლობელებისათვის;
გ) განსაზღვროს ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნები და პროცედურები;
დ) ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის მოაწესრიგოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3–3.7 და 531 მუხლებით გათვალისწინებული საკითხები.“.
11. 49-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) კომისიის წესების თანახმად მოაწყოს:
მ.ა) გამოცდები ბროკერების ცოდნისა და კომპეტენტურობის შეფასების მიზნით;
მ.ბ) ატესტაცია ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ ფიზიკურ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და გასცეს მათზე საკვალიფიკაციო ატესტატები;“;
ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ანგარიშვალდებულ საწარმოთა მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დებულებების დაცვაზე.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სამეურნეო წელს მომხდარი ძირითადი მოვლენების შესახებ.“.
12. 52-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოწმების ჩატარებისას კომისიის წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური მოწმობის წარდგენის შემდეგ კომისიის თანამშრომელს შეუძლია შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დავთრები და ჩანაწერები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს მათი ასლები, მოსთხოვოს რეგულირებად მონაწილეს, გამოითხოვოს ბანკიდან ამ ჩანაწერების ასლები, და რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის თანამდებობის პირებისა და სხვა თანამშრომლებისაგან მიიღოს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეს ან ემიტენტს, აღმოფხვრას დარღვევა, ამ მიზნით გასცეს ბრძანებები (მითითებები) და დირექტივები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;
ბ) დარღვევის შესახებ შეადგინოს ოქმი და იმ პირებს, რომლებმაც დაარღვიეს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა, დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან ემიტენტის საქმიანობის შემოწმების შედეგად კომისია დაადგენს, რომ მისი ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კომისია შემოწმების მასალებს უგზავნის მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოებს.“.
13. 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ ემიტენტების მიმართ, რომელთა მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობა 100-ს არ აღემატება და ეს ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებული არ არის საფონდო ბირჟაზე, ამ კანონის:
ა) მე-10, მე-12 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაში შედის 2003 წლის 1 სექტემბრიდან და აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული ვადების დენა იწყება შესაბამის მოთხოვნათა ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მე-11 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ძალაში შედის 2003 წლის 1 ნოემბრიდან, აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული საანგარიშგებო ვადების შესაბამისად;
გ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ძალაში შედის 2004 წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული საანგარიშგებო ვადების შესაბამისად.“.
14. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილების „ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების“ ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულება „აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულების თაობაზე“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი
№2503-რს
დოკუმენტის კომენტარები