„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1903-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.018744
1903-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 11/01/2018
040170280.05.001.018744
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საბოლოო პროსპექტი – ემისიის პროსპექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და რომელშიც მითითებულია შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი, აგრეთვე ინფორმაცია ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებების შესახებ.“;

ბ) 46-ე და 47-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება – ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა და ერთ ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც საბროკერო კომპანია (საბროკერო კომპანიები) ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი (ფინანსური ინსტიტუტები) კისრულობს (კისრულობენ) ვალდებულებას, განათავსოს (განათავსონ) ფასიანი ქაღალდები გარანტირებულ საფუძველზე ან არაგარანტირებულ საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად:

ა) გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიით;

ბ) არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიების ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობით შესყიდვას, თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გადაყიდვის გარანტიის გარეშე.

47. შეთავაზება – გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტისათვის ანდა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, მონაწილეობა მიიღოს ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში.“;

გ) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის (დეპოზიტარის), საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ემიტენტმა საბროკერო კომპანიასთან ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტთან უნდა დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის ნაწილი – ასეთი გარიგების მიახლოებით დეტალებს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა ინფორმაციის მოწოდებაზე, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ დღიდან 10 დღის ვადაში ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, როდესაც ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საბოლოო პროსპექტის 3 ეგზემპლარი, რომლის პირველ გვერდზე მითითებულია შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, ფასი და ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების პირობები. საბოლოო პროსპექტი, ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების საჯაროდ გასაყიდად.“;

დ) მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე;“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტის ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ სათანადო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ სხვა პირისაგან სათანადო ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ემიტენტი ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი არღვევს ამ კანონის მე-4–მე-6 მუხლების მოთხოვნებს, ანდა თუ მათ მიერ ემისიის პროსპექტში მითითებული ინფორმაცია არსებითად არასწორი ან არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება და განსაზღვროს ვადა ამგვარი დარღვევების გამოსასწორებლად. თუ დარღვევები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, გააუქმოს დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება.“.

6. მე-18 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება შეიძლება დაიდოს მხოლოდ საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით. ეს მოთხოვნა არ ეხება ამ კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით დადებულ გარიგებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება საფონდო ბირჟის გარეთ იდება და გარიგების თანხა 100 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში: 

ა) საბროკერო კომპანია ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) თუ გარიგება დადებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით, საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

7. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ორგანიზება გაუწიოს უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმას.“.

8. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია:

ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია;

ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დანიშნოს ადმინისტრატორი.

3. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დანიშნული ადმინისტრატორი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.“.

9. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება 

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებულ პირს შეიძლება განუსაზღვროს მოთხოვნები სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარმოების, მათი შენახვის ვადების და ანგარიშების წარმოდგენის შესახებ.

2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება მიეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს მისი ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვა, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც მას უფლება აქვს, მისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

5. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული პირი მას წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებებს. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“.

10. 551 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა:

ა) დაარღვია ფასიანი ქაღალდების შეთავაზების წესები;

ბ) დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

გ) დაარღვია ლიცენზიის წესები;

დ) დაარღვია ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესები და სხვა წესები;

ე) დაარღვია საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნები ან/და წესების შემუშავების პროცედურა;

ვ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში);

ზ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) შეწყვიტოს ან შეაჩეროს  გარკვეული ტიპის  ოპერაციები,  შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე;

ზ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.“.

მუხლი 2. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქმიანობას უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ, ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში აიღონ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1903-რს