„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 892-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.020380
892-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
040170280.05.001.020380
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთი აუდიტის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი დაკომპლექტებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებით და სულ მცირე 1 დამოუკიდებელი წევრით. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ანგარიშვალდებული საწარმოს აუდიტის კომიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოთხოვნებს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

1. თუ პირი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს, იგი ვალდებულია ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმები ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევრის ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:

ა) ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომლითაც იგი ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებს ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვას სთავაზობდა;

ბ) მყიდველი აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ფლობს სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ამ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების განხორციელების ვალდებულება ეკისრება მყიდველს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს.

2. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის ფასიანი ქაღალდისთვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა პირმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა ანგარიშვალდებული საწარმოს ამ კლასის ფასიან ქაღალდში. აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი. აუდიტორის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს  მყიდველი ანაზღაურებს. იგი ასევე ვალდებულია ფასიანი ქაღალდების ყიდვის შესახებ თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს ან საბროკერო კომპანიას. აუდიტორი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მყიდველს დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით მიაყენა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არ აქვს მისი კონტროლის ქვეშ არსებული, ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი ხმის საერთო კრებაზე გამოყენების უფლება.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N892-Vრს-Xმპ