დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 700 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/04/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-30, 28/04/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.104 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/04/1995 - 28/10/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.
კანონი ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ყველა მფლობელზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაქვემდებარებისა.
მუხლი 1. საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა
საავტომობილო ტრანსპორტის საქმინობასთან დაკავშირებულ ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი, კანონქვემდებარე აქტები საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონმდებლობა.
მუხლი 2. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები
საავტომობილო ტრანსპორტი არის რესპუბლიკის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.
საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:
გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;
გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;
უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა.
მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტის მართვა
საერთო პოლიტიკას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქართველოს რესპუბლიკაში ახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო.
საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანოს კომპეტენციაში შედის:
მომხმარებლის უფლებათა დაცვა, საავტომობილო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების კონცეფციისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, მათი განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი, აგრეთვე დარგის განვითარების ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება;
საავტომობილო ტრანსპორტის ყველა სახეობისათვის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მათი მიღების შემდეგ შემსრულებლამდე დაყვანა;
საგარეო-ეკონომიკურ და საერთაშორისო სამართლებრივ საქმიანობაში მონაწილეობა; სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულებების და შეთანხმებათა პროექტის მომზადება, საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა;
ავტოტრანსპორტის დემონოპოლიზაციისა და სახელმწიფო ავტოსატრანსპორტო საწარმოთა და ორგანიზაციათა პრივატიზებისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფოებრივი მოწესრიგება (ლიცენზირება )
საქართველოს რესპუბლიკაში საავტომობილო ტრანპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, სატრანპორტო-საექსპლუატაციო და სახეობის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება სპეციალური ერთიანი ფორმის ნებართის (ლიცენზიის) საფუძველზე
ლიცენზიას გასცემს საავტომობილო ტრანპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო.
მუხლი 5*
მუხლი 6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებათა მფლობელებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებების და კონვენციების წესების გათვალისწინებით. თუ საერთაშორისო შეთანხმებები და კონვენციები ადგენენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისაგან განსხვავებულ წესებს, გამოიყენება საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების წესები.
საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის ორგანიზაციის დროს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში უცზოეთის ქვეყნების წინაშე გამოდის როგორც პირი სახელწოდებით „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტი“ და ახორციელებს საქმიანობას საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე.
მუხლი 7. მგზავრების გადაყვანა და ბარგის გადატანა
მგზავრების გადაყვანისას გადამყვანი ვალდებულია მომსახურების სათანადო სტანდარტების დაცვით მიიყვანოს ისინი დანიშნულების ადგილას;
თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს, მიიტანოს იგი დანიშნულების ადგილას და ჩააბაროს ბარგის მიღებისათვის უფლებამოსილ პირს, ხოლო მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობისა და ბარგის ჩაბარების შემთხვევაში მისი გადატანის საფასური.
მუხლი 8. ტვირთის გადაზიდვა
ტვირთის გადაზიდვისას გადამზიდავი კისრულობს გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთის დანიშნულების ადგილას მიტანას და მის ჩაბარებას ტვირთის მისაღებად უფლებამოსილი პირისათვის (მიმღებისათვის), ხოლო გამგზავნი კისრულობს ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადახდას.
მუხლი 9. ფოსტის გადაზიდვა
ფოსტის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად გადამზიდავი ვალდებულია დროულად მიიღოს და უკლებლივ გადაზიდოს ფოსტა დანიშნულების პუნქტში წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით და გადასცეს იგი კავშირგაბმულობის ორგანოს. კავშირგაბმულობის ორგანო თავის მხრივ ვალდებულია დროულად ჩატვირთოს მოწოდებულ ავტოტრანსპორტში ხელშეკრულებით გათვლისწინკბული ფოსტა, აგრეთვე მიღოს იგი დანიშნულების პუნქტში და გადაიხადოს ფოსტის გადაზიდვისათვის დადგენილი საფასური.
მუხლი 10. მგზავრების გადაყვანის, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაზიდვის პირობები
საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანის, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაზიდვის პირობები და ამისათვის მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 11. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა
ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის საშუალებებით და სახსრებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი გადამგზავნის და გამგზავნის ან გადამზიდავის და მიმღების შეთანხმებით.
ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის დროის ნორმები განისაზღვრება საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონქვემდებარე აქტებით, თუ კონკრეტული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 12. შერეული გადაზიდვები საავტომობილო ტრანსპორტის მონაწილეობით
მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაზიდვას საავტომობილო ტრანსპორტი ახორციელებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპროტთან მჭიდრო ურთიერკავშირით.
პირდაპირი შერეული მიმოსვლის სახეობებია: საავტომობილო-სარკინიგზო, საავტომობილო-საზღვაო, საავტომობილო-საჰაერო, საავტომობილო-სარკინიგზო-საჰაერო ტრანსპორტი და ა.შ.
გადაყვანა-გადაზიდვა ხდება ერთიანი სატრანსპორტო საბუთით მიმოსვლის მთელ მანძილზე.
მუხლი 13. სატრანსპორტო მომსახურება
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით (ტრანზიტი) მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე.
მუხლი 14. დაზღვევა საავტომობილო ტრანსპორტზე
საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობისათვის მგზავრები ექვემდებარებიან დაზღვევას, რომლის საფასური შედის მგზავრობის ღირებულებაში.
მუხლი 15. გადამყვანის პასუხისმგებლობა მგზავრის სიკვდილისათვის ან მისი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის
გადამყვანი პასუხს აგებს მგზავრის სიკვდილისათვის ან მისი ჯანმრთელობისათვის საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 16. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული მოთხოვნები
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობის უსაფრთხოებას, შრომის დაცვისა და ეკოლოგიის საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და ტექნიკურ პირობებს.
სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთაც დადგენილი წესის შესაბამისად არ გაუვლიათ სერტიფიკაცია და არ არიან რეგისტრირებული, საექსპლუატაციოდ არ დაიშვება.
სერტიფიკაციის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 17. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარება განისაზღვრება დადგენილი წესით.
მუხლი 18. მოძრაობის უსაფრთხოება
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის დროს ვალდებული არიან უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება.
ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიაქტიური და მომწამლავი ტვირთის გადაზიდვა უნდა მოხდეს ტვირთის და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელის პასუხისმგებლობითა და მეთვალყურეობით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოებით, საგზაო პოლიციის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ორგანოების თანხმობით მარშრუტის მთელ მანძილზე.
მუხლი 19. მუშაობის ორგანიზაცია საგანგებო ვითარებაში
საგანგებო ვითარების (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტის ყველა საწარმო და ორგანიზაცია გადადის გაძლიერებულ მზადყოფნის მდგომარეობაში დაზიანების ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად და მატერიალურ ფასეულობათა გამოსაზიდად, რისთვისაც სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიყვანოს ყველა სახეობის ავტომობილი, მათი კუთვნილების მიუხედავად, ხარჯების შემდგომი ანაზღაურებით.
მუხლი 20. ტარიფი
სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ტარიფი (თავისუფალი, ზღვრული, სახელშეკრულებო) საავტომობილო ტრანსპორტზე განისაზღვრება ფასწარმოქმნის შესახებ კანონის თანახმად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 4 აპრილი
N700-11ს
დოკუმენტის კომენტარები