დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1002 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.060.000.05.001.000.274 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995წ., №№27-30, მუხ.575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ და სიტყვა „რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
3. პრეამბულაში სიტყვის „მფლობელზე,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საავტომობილო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ყველა მონაწილეზე“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი მუხლი:
„მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის, ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით. მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების გადაადგილება.
4. საავტომობილო ტრანსპორტირება – გზაზე ორ პუნქტს შორის მოძრაობის მართვადი პროცესი როგორც საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზისა და მძღოლის (ოპერატორის) ურთიერთობის შედეგი.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე ძალის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის (ოპერატორის) მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი.
6. მძღოლი (ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გზაზე გადაადგილების მართვას დადგენილი წესით.
7. საავტომობილო გადაზიდვა (გადაყვანა) – გზაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (მგზავრის) გადატანა (გადაყვანა).
8. გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო და სატვირთვო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
5. პირველი მუხლი ჩაითვალოს მე-2 მუხლად და შესაბამისად შეიცვალოს მომდევნო მუხლების ნუმერაცია.
6. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში
კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“.
7. მე-3 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ერთ-ერთი ძირითადი“.
8. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო თავის სისტემაში შემავალი საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება“; ამავე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ბ“ ქვეპუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, მათი მიღების შემდეგ შემსრულებლებისათვის გაცნობა, მათი შესრულების კონტროლი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფოებრივი იძულების განხორციელება.“.
9. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება (სავალდებულო სერტიფიცირება, ლიცენზირება)“;
ამავე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „(ლიცენზიის)“ შეიცვალოს სიტყვებით „(სერტიფიკატის, ლიცენზიის)“, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სერტიფიცირებასა და ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით, დადგენილი წესით.“.
10. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს, მე-7 მუხლი ჩაითვალოს მე-6 მუხლად და შესაბამისად შეიცვალოს მომდევნო მუხლების ნუმერაცია; ამასთან, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ საგარეო ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო მართვის ორგანო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე.“.
11. მე-7 – მე-15 მუხლები გაერთიანდეს, ჩაითვალოს მე-7 მუხლად და შესაბამისად შეიცვალოს მომდევნო მუხლების ნუმერაცია.
12. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვა
საავტომობილო ტრანსპორტირების პროცესში მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადატანა, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა, შერეული და სატრანზიტო გადაზიდვები, ექსპედიცია, კომუნალური და სხვა სპეციალური დანიშნულების მომსახურება, დაზღვევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
13. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი წინადადება:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მეშვეობით.“.
14. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „რაზეც გაიცემა დადგენილი ნიმუშის საბუთი“ შეიცვალოს სიტყვებით „რაზეც ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაიცემა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ნიმუშის საბუთი“; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები გაერთიანდეს, ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად საჭირო საკვალიფიკაციო და ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისად – საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის მიხედვით“.
15. მე-10 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „მფლობელები“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(მძღოლები)“.
16. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ტარიფები საავტომობილო ტრანსპორტში
1. საავტომობილო ტრანსპორტით სამგზავრო და ტვირთზიდვის ტარიფებს ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. საავტომობილო ტრანსპორტით შეღავათიან და უფასო მომსახურებას ანაზღაურებს მათი დამწესებელი.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი
1997 წლის 28 ოქტომბერი.
N1002-1ს
დოკუმენტის კომენტარები