„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 30/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.002.294
  • Word
3178
25/05/2006
სსმ, 17, 30/05/2006
310.060.000.05.001.002.294
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.

6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.

7. ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.

8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.“;

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.“;

ე) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან ქალაქის (რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.“;

ზ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე და 22-ე პუნქტები:

„21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

22. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი კომისია.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში

კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის და ამ დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კომისიის უფლებამოსილების (რეგულირების) სფეროს განეკუთვნება:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;

ბ) სამგზავრო და სატვირთო ტერმინალები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობის დადგენა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

4. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 51. სანებართვო საქმიანობის სახეები

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის განხორციელების უფლება გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ნებართვა გაიცემა საქმიანობათა მხოლოდ შემდეგ სახეობებზე:

ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

დ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ.

2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ფარგლებში უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვა/დატვირთვა ან დატვირთვა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი (საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე).

4. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა კვოტის ზემოთ უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლების გარეშე.

5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზემოთ) უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე დატვირთვის უფლებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა შეიძლება გასცენ კომისიის საამისოდ უფლებამოსილმა პირებმა საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებზე.“.

5. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია გასცემს ნებართვას ამ კანონის 51 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“.

6. 53 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა (საშუალებებისა)) ფლობისა და სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი საბუთები;“.

7. 56 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 51 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, კონკრეტული გადაზიდვის განხორციელების ვადით.“.

8. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე და აკონტროლებს მათ მოთხოვნათა შესრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სასაზღვრო გადასასვლელების ჩათვლით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 მუხლები:

     „მუხლი 81. პროდუქციის შესაბამისობის შეფასება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში

1. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში პროდუქცია უსაფრთხო უნდა იყოს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს (ტექნიკურ რეგლამენტებს).

2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში პროდუქციის შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 82. მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვის კონტროლი

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვა, აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის რეგისტრაციის საკონტროლო მოწყობილობებით (ტაქოგრაფებით).

2. საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ექსპლუატაციის წესი, საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანაგადაზიდვის განხორციელებისას მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

3. შიდა საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი რეგულირდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით და კომისიის ნორმატიული აქტით.“.

10. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთების (სახიფათო, დიდგაბარიტიანი, მძიმეწონიანი, მალფუჭებადი და სხვა) გადაზიდვის პირობები და განხორციელების წესი განისაზღვრება კომისიის ნორმატიული აქტებით.“.

11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ტარიფები

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტარიფები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

კომისიამ 2006 წლის 1 ოქტომბრამდე მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“;

ბ) „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“;

გ) „სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენების წესი“;

დ) „მწვანე“, „უფრო მწვანე და უსაფრთხო“ და „ევრო 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის, ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“;

ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირებისა და სერვისის წესი, ტექნიკური პირობები.“.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3178Iს