დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნორმატიული აქტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1876 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/10/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 09/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.003.647 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/03/2017 - 21/04/2017)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მომზადების, დადების, რატიფიცირების, გამოქვეყნების, შესრულების, დენონსირებისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული აქტების (გარდა კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტისა) მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.
4. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, ამ კანონით, მათი კონსტიტუციებითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები
1. სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
2. სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.
3. ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.
5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).
6. კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი.
მუხლი 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო
1. საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
მუხლი 4. სახელმწიფო ენის გამოყენება ნორმატიულ აქტში
ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზედაც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.
მუხლი 5. ანალოგია ნორმატიულ აქტში
1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).
3. სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.
მუხლი 6. ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში
ამ კანონში მითითებული ვადების, გარდა ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი ვადისა, ათვლისას არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების შემთხვევაში ვადების ათვლა იწყება ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაცემიდან ან სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
მუხლი 7. ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება
1. საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
3. საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
4. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ.
5. საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
6. ნორმატიული აქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
7. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
8. თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.
9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.
11. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად.
12. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით:
ა) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ;
გ) საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების მიმართ.
თავი II. ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები
მუხლი 8. საქართველოს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფერო
მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს:
ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული;
ბ) ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;
დ) იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;
ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;
ვ) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი;
ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა;
კ) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი;
მ) სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.
მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება
საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა შეიძლება მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტი.
მუხლი 10. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.
3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.
4. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
5. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.
6. საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს 7 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.
8. საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
9. საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).
4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს.
7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება.
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში. კონტრასიგნაციის წესი განისაზღვრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 12. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი
1. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.
3. საქართველოს მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.
მუხლი 13. საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი
1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
2. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი.
მუხლი 14. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები
საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი .
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
მუხლი 16. ნორმატიული აქტის სტრუქტურა
1. ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე გარდამავალ დებულებებს.
2. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად; თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი.
3. ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს.
4. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო.
5. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული)).
6. თუ გადასახადის, ბაჟის, მოსაკრებლის, ტარიფის, საფასურის განაკვეთების ან/და ოდენობების ჩამოყალიბება შესაძლებელია ნორმატიული აქტის ტექსტის შესაბამისი ნორმისაგან განცალკევებით – სქემების, ცხრილების, ნუსხების ან სხვა ფორმით, მაშინ ის/ისინი ნორმატიულ აქტს უნდა დაერთოს დანართის სახით. ნორმატიულ აქტს მხოლოდ დანართის სახით დაერთვება სქემები, ცხრილები, ნუსხები, უჯრები, სურათები და ა.შ.. ნორმატიული აქტის დანართი ნორმატიულ აქტთან ერთად ქვეყნდება და მისი ნაწილია.
7. ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში – წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.
8. კარების (წიგნების), თავების, მუხლების და პუნქტების (ნაწილების) ნუმერაცია, ასევე ქვეპუნქტების ანბანური თანამიმდევრობა უწყვეტია. კარების (წიგნების) და თავების ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები, ხოლო მუხლების და პუნქტების ნუმერაციისას – არაბული ციფრები. ქვეპუნქტების თანამიმდევრობა ქართული ანბანის ასოებით აღინიშნება.
9. ნორმატიულ აქტში სხვა ნორმატიული აქტის მითითებისას უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. ნორმატიულ აქტში იმავე ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითებისას უნდა დასახელდეს მხოლოდ მუხლი, პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც.
10. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა ან/და ძალადაკარგულად გამოცხადდა.
11. ნორმატიულ აქტში კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის, ასევე ანბანური თანამიმდევრობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა კარის (წიგნის), თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ნომერი ან ქვეპუნქტის აღმნიშვნელი ასო დამატებითი ციფრით (პრიმ კარი (წიგნი), თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).
12. ნორმატიულ აქტში განისაზღვრება:
ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) შემთხვევაში;
ბ) ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება (გამოცემა) საჭიროა ამ ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, მათი მიღების (გამოცემის) ვადა და მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები
1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.გ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);
დ.დ) (ამოღებულია – 22.06.2012, №6536);
ე) კანონპროექტის ავტორი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს კანონპროექტის მიღება ან რომლითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;
ა1) იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც ) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება , მათ შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება ;
ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა);
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №65 36 - ვებგვერდი, 03.07.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
მუხლი 18. ნორმატიული აქტის რეკვიზიტები
1. ნორმატიულ აქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის სათაური;
გ) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება, – მისი შეტანის თარიღიც);
დ) ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული));
ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
2. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2948 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.127
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
მუხლი 19. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა
1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. (ამოღებულია - 05.02.2014, №1967).
3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
5. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.
10. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3616 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
მუხლი 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
3. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
4. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) ) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
5. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას , მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით .
6. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება.
7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი , ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი .
8. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის , ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით .
9. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
მუხლი 201. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება ამ კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. თუ მთავრობის თავმჯდომარე დააბრუნებს კანონპროექტს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.
5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის განკარგულებით ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №903 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
მუხლი 21. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
თავი IV. ნორმატიული აქტის მოქმედება
მუხლი 22. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
1. ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
2. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.
3. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე.
4. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.
5. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.
6. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.
8. ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.
9. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) და ზემდგომი ორგანოს მიერ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10. საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
11. დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 23. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი
1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.
3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, დეკრეტში მითითებული მომენტიდან, და მოქმედებს მასში აღნიშნულ დრომდე, მაგრამ არა უგვიანეს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებისა, თუ იგი არ იქნა გაუქმებული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით.
5. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
6. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
7. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
9. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
მუხლი 24. ნორმატიული აქტის უკუძალა
1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
მუხლი 25. ნორმატიული აქტის გაუქმება
1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ:
ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული);
ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს;
გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის მოქმედების აღდგენას, თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.
5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.
6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი.
7. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
9. თუ ნორმატიული აქტი მიღებულია (გამოცემულია) საკითხზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს კანონის თანახმად განეკუთვნება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილებას ან მიღებულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ან დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არა აქვს.
91 . თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების ) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტებისა) გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
10. ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 661 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
თავი V. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება
მუხლი 26. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.
2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე.
3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
მუხლი 27. ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
1. საქართველოს ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2−6 1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად უნდა გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.
21 . ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტისა), საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.
41. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში, კონტრასიგნაციის განხორციელებიდან 5 დღის ვადაში.
5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
51 . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.
61. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.
7. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
8. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4−6 1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-2−61 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6501 - ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
მუხლი 28. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი
1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:
ა) გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2−6 1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) არ ახლავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;
ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
თავი VI. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
მუხლი 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, აგრეთვე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, აგრეთვე სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი), რომელიც არის ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
4. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ამ ნორმატიული აქტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5034 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 30. კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები
1. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.
2. 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.
3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
მუხლი 321 . მონაცემები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებული ნორმატიული აქტის შესახებ
2011 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნებულ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური გამოქვეყნების ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, აქტის გამოქვეყნების თარიღი, აგრეთვე მუხლი და გვერდი მისი არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №456 3 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–29-ე მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა, 31-ე–32-ე მუხლებისა და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი–25-ე მუხლები, 30-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები, 31-ე–32-ე მუხლები და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 27-ე–29-ე მუხლები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
31. ამ კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.
4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ.1).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3047 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.168
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1876–IIს
დოკუმენტის კომენტარები