საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1324-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010010000.01.001.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

 

 

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუცია ( საქართველოს პარლამენტის უწყებები , 1995, №№31-33, მუხ . 668) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

საქართველოს კონსტიტუცია

ჩვენ , საქართველოს მოქალაქენი , რომელთა ურყევი ნებაა , დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება , ეკონომიკური თავისუფლება , სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო , უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი , განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა , ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ - სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით , ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას .

 

თავი პირველი . ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი

1. საქართველო არის დამოუკიდებელი , ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო , რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე , მათ შორის აფხაზეთის ასსრ - ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით .

2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით . საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით , აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ . საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია . სახელმწიფო საზღვრის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით .

მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები

1. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა საქართველო “.

2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი .

3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული , ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური . სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით .

4. საქართველოს სახელმწიფო დროშა , გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით , რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით .

მუხლი 3. დემოკრატია

1. საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა .

2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი . ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების , აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით .

3. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება . საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია .

4. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში . პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების , თანასწორობის , გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს .

მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო

1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო .

2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს , როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს . ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით , როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით . კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს , რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული , მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან .

3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით .

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში . საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია . საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით .

5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას , თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას , აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ .

მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო

1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო .

2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის , სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე .

3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ - ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე . მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს .

4. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე , საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე , ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე . სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში . საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით .

5. სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე .

6. სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის , კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე , განათლების , მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე .

7. სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე , ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე , ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე .

8. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე .

მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება

1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია .

2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის , თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე .

3. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება .

მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება :

) კანონმდებლობა ადამიანის უფლებების , საქართველოს მოქალაქეობის , მიგრაციის , ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის , საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ ;

) სისხლის სამართლის , სასჯელაღსრულების , სამოქალაქო სამართლის , ინტელექტუალური საკუთრების , ადმინისტრაციული სამართლის , შრომის სამართლის , საპროცესო კანონმდებლობა ; მიწის , წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა ; ფარმაცევტული საშუალებების კანონმდებლობა ; კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების , აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ ; კანონმდებლობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ ;

) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ; საგარეო ვაჭრობა , საბაჟო და სატარიფო რეჟიმები ;

) სახელმწიფოს თავდაცვა , სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა ; ომისა და ზავის საკითხები ; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება ; შეიარაღებული ძალები ; სასამართლოები და პროკურატურა ; სახელმწიფო უსაფრთხოება ; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება ; სახელმწიფო საზღვრის სტატუსი , რეჟიმი და დაცვა ; სასაზღვრო - სანიტარიული კორდონი ;

) სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი ; ფულის მოჭრა და ემისია ; საბანკო , საკრედიტო , სადაზღვევო , საგადასახადო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაჭრობის კანონმდებლობა ;

) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები ; ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი ; კავშირგაბმულობა ; ტერიტორიული წყლების , საჰაერო სივრცის , კონტინენტური შელფის , განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსები და მათი დაცვა ; ავიაცია ; სავაჭრო ფლოტი ; გემთა ალმები ; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები ; თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში ; მეტეოროლოგია ; გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა ; სტანდარტები და ეტალონები ; გეოდეზია და კარტოგრაფია ; ზუსტი დროის დადგენა ; სახელმწიფო სტატისტიკა .

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით , რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია .

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციური კანონით , უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე , ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ .

4. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს . სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან .

5. ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა , სადაც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი . ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას ასევე სხვა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით .

მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან . საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით , რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში .

 

თავი მეორე . ადამიანის ძირითადი უფლებები

მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო .

2. დაუშვებელია ადამიანის წამება , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება .

მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები

1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია . სიკვდილით დასჯა აკრძალულია .

2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია .

მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია . აკრძალულია დისკრიმინაცია რასის , კანის ფერის , სქესის , წარმოშობის , ეთნიკური კუთვნილების , ენის , რელიგიის , პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების , სოციალური კუთვნილების , ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის , საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით .

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს , განურჩევლად მათი ეთნიკური , რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა , უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა , ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ .

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის . სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად .

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის .

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება .

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

1. ადამიანის თავისუფლება დაცულია .

2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით .

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ . დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა . თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ , პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი . პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება , რაც უნდა დაკმაყოფილდეს .

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს .

6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით . უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება .

მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება

1. ყველას , ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში , აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის , საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება .

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით .

3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში .

მუხლი 15. პირადი და ოჯახური ცხოვრების , პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები

1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია . ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით .

2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია . არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ , აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა . ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით , სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც , კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას . გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს , რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა .

მუხლი 16. რწმენის , აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის , აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება .

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით .

3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის , აღმსარებლობის ან სინდისის გამო , აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ .

მუხლი 17. აზრის , ინფორმაციის , მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები

1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია . დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო .

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია .

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია . ცენზურა დაუშვებელია . სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება .

4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება .

5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად , სხვათა უფლებების დასაცავად , კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად .

6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან .

7. მედიაპლურალიზმის დაცვის , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების , მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად , აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით .

მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის , ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები

1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება .

2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად .

3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია , რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან , ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან , არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა , როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , საჯარო ინტერესების , ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად .

4. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან .

მუხლი 19. საკუთრების უფლება

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია .

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში , სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას , წინასწარი , სრული და სამართლიანი ანაზღაურებით . ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან .

4. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი , შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს , თვითმმართველი ერთეულის , საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში . გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით , რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით .

მუხლი 20. შემოქმედების თავისუფლება , კულტურული მემკვიდრეობა

1. შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია . ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია .

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა , შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია .

3. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით , თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს .

4. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე . კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით .

მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

1. ყველას , გარდა იმ პირებისა , რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში , აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება .

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა , თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება .

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო .

მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება

1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია .

2. გაერთიანების ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ამავე გაერთიანების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით , კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .

მუხლი 23. პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში .

2. პირს , რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში , განწესდება მოსამართლედ , უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა .

3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა , რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა , ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას , აღვივებს ეროვნულ , ეთნიკურ , კუთხურ , რელიგიურ ან სოციალურ შუღლს . დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით .

4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით , ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით .

მუხლი 24. საარჩევნო უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში , სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება . უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა .

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს , რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში .

მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა , თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით .

2. საქართველოს პრეზიდენტის , პრემიერ - მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა .

მუხლი 26. შრომის თავისუფლება , პროფესიული კავშირების თავისუფლება , გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია . ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება . უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით .

2. ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება .

3. გაფიცვის უფლება აღიარებულია . ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით .

4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია . აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა , გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა . მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით .

მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება .

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით . დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა . ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო . მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება .

3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია .

მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

1. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით .

2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს , არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას .

  მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში , სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით . ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ . ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე . გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით .

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით .

მუხლი 30. ქორწინების უფლება , დედათა და ბავშვთა უფლებები

1. ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით , ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას .

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით .

მუხლი 31. საპროცესო უფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია .

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ , რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე .

3. დაცვის უფლება გარანტირებულია . ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით , აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წარმომადგენლის მეშვეობით . ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით .

4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა , როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს .

5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება , ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით , კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით .

6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს .

7. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს , ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი , რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ .

8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის .

9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა . კანონს , თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას , უკუძალა არა აქვს .

10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს .

11. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება , რომელთა წრე განისაზღვრება კანონით .

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა .

2. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით . საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი , სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით . (მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე - გამოქვეყნდა 2018 წლის 2 აპრილს)

3. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია .

4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია .

5. საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია , გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა . გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .

მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

1. საქართველოში მცხოვრებ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ , გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა .

2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა .

3. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად , კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს .

4. დაუშვებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია .

მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები

1. კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები , მათი შინაარსის გათვალისწინებით , ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე .

2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები .

3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას , რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება .

მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი , რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი . სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია .

2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით .

3. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება , მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის , მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით . გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა , რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს . თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას , სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით .

 

თავი მესამე . საქართველოს პარლამენტი

მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება

1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო , რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას , განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს , კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .

2. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით , რომელსაც პარლამენტის წევრის , კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი . რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე .

მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა : რესპუბლიკის საბჭო და სენატი . რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან . სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში , აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან . პალატების შემადგენლობას , უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო , თავისუფალი , თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან .

3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს . პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45- და არაუგვიანეს მე -60 დღისა . თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას , არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45- და არაუგვიანეს მე -60 დღისა .

4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან , რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც . პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი , რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა .

5. პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას , რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით .

6. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე , რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს . პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150- ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე , რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს . მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა . თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია , გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები .

7. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით .

მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე -10 დღისა . პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი . პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას , თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა . პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან . ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს .

მუხლი 39. საქართველოს პარლამენტის წევრი

1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი , სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია .

2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება , მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის , მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით . გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა , რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს . თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას , პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს .

3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო , რომელიც მას გაანდეს , როგორც პარლამენტის წევრს . დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება . ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც . პარლამენტის წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის . უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები . პარლამენტის წევრი იღებს საკანონმდებლო აქტით დადგენილ გასამრჯელოს . პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას . პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით .

4. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას . პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას . პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო , პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას , თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას . შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი .

5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი . პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში . პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება , თუ იგი :

) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ;

) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას ;

) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს ;

) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ;

) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში , სასამართლომ აღიარა უგზო - უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად ;

) გარდაიცვალა ;

) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას ;

) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით .

მუხლი 40. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს . პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის მუშაობას , უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას , ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს , ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს . პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში .

2. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს .

მუხლი 41. პარლამენტის ბიურო , კომიტეტები და ფრაქციები

1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო , რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე , თავმჯდომარის მოადგილეები , პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები .

2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების , გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის , პარლამენტის მიერ