„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4607-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.04.001.017921
4607-IIს
29/05/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
010240010.04.001.017921
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 61 პუნქტი:

„61. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წლიური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტი, რომელიც შედგება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული ცხრილისა და ტექსტური ნაწილისგან, შესაძლებელია მიღებულ (გამოცემულ) იქნეს ნორმატიული აქტის ძირითადი ნაწილის სახით.“;

ბ) 81 პუნქტი:

„81. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წლიური ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის მუხლების შემდგომი დაყოფა შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სტრუქტურითა და ნუმერაციით.“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ კანონის 171 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტს, განმარტებითი ბარათის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად, უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც აისახება:

ა) არსებული პრობლემის არსი და ანალიზი, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, და მისი გამომწვევი მიზეზები;

ბ) მიზანი, რომლის მიღწევაც რეგულირებითაა დაგეგმილი;

გ) მიზნის მიღწევის ალტერნატიული ვარიანტები, მათი ანალიზი და ზეგავლენის შეფასება, მათ შორის, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელი შედეგი;

დ) მიზნის მიღწევის შერჩეული ვარიანტის უპირატესობის დამადასტურებელი არგუმენტები; კანონპროექტის მოსალოდნელი ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური, ეკოლოგიური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან/და სხვა შედეგები და რისკები, საკითხის არანორმატიული გზით რეგულირების ან/და არსებული მდგომარეობის უცვლელად დატოვების მოსალოდნელ შედეგებსა და რისკებთან მიმართებით;

ე) სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობა კანონპროექტის მომზადება და რომლებზედაც გავლენას მოახდენს კანონპროექტი;

ვ) კანონპროექტის მომზადების პროცესის დეტალური აღწერა; კონსულტაციების პროცესში მიღებული ძირითადი მოსაზრებების მოკლე ანალიზი და მათი გათვალისწინების ან/და გაუთვალისწინებლობის შედეგების შეჯამება;

ზ) კანონის აღსრულების გზები და მისი აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების/დაწესებულებების როლი და ფუნქციები;

თ) კანონის აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების გზები.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. რეგულირების ზეგავლენის შეფასება

1. რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა:

ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ შესაბამისი კანონპროექტი:

ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, არის წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი), სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს;

ბ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, სხვა ტექნიკურ ცვლილებას ან კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს არ ცვლის;

გ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას;

დ) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანამდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, საქართველოს მთავრობამ დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების  შესაბამისი  დაწესებულება  ამ  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით.

5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 იანვრამდე:

ა) დაამტკიცოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია;

ბ) განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4607-IIს