„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2761-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.019033
2761-IIს
29/06/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
010240010.05.001.019033
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციური კანონი მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.

8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღების შემთხვევაში და მომდევნო მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიღებიდან 10 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ხელს აწერს და აქვეყნებს მას გადაცემიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის  სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივნისი 2018 წ.

N2761-IIს