„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 12/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.004.074
  • Word
3283
02/07/2010
სსმ, 35, 12/07/2010
010.240.010.05.001.004.074
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტის (პროექტის) სამართლებრივი ექსპერტიზა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი სამართლებრივი დასკვნისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა, ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის ბეჭდვითი ფორმით გაგზავნამდე შესაძლებელია მისი ელექტრონული ასლის სახით გაგზავნა შესაბამის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. ამ შემთხვევაში გამგზავნი პასუხისმგებელია ელექტრონული ასლისა და ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტის ურთიერთშე-საბამისობისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია 30 დღის ვადაში გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტი.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე – აქტის მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.“.

2. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. 27-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დამოწმებული, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

8. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მასზე სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 3 დღის ვადაში.“.

4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო რეესტრი).“.

5. 30-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. 2010 წლის 15 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესი.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. 2011 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და სისტემატიზაციის დროებითი წესი

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის პირველად გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ნორმატიულ აქტს არეგისტრირებს სახელმწიფო რეესტრში და აქვეყნებს მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს არეგისტრირებს და აქვეყნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მასზე სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 3 დღის ვადაში. ერთობლივი ნორმატიული აქტი, რომელიც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერილია სხვადასხვა დღეს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად გადაეცემა ბოლო ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში. ერთობლივ ნორმატიულ აქტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის დღეებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა.

4. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით.

5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან (ხელმოწერიდან) 10 დღის ვადაში.

6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

7. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა.

8. ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად, აკინძული და უფლებამოსილი პირის მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიული აქტის ბეჭდვითი ფორმით გაგზავნამდე შესაძლებელია მისი ელექტრონული ასლის სახით გაგზავნა შესაბამის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. ამ შემთხვევაში გამგზავნი პასუხისმგებელია ელექტრონული ასლისა და ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტის ურთიერთშესაბამისობისთვის. ნორმატიული აქტის ელექტრონული ასლის სახით გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი ვალდებულია 30 დღის ვადაში გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ბეჭდვითი ფორმის ნორმატიული აქტი.

9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.

10. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სახელმწიფო რეესტრი, რომელიც წარმოებს ბეჭდვითი ან/და ელექტრონული ფორმით.

11. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 32. 2011 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარის თქმის დროებითი წესი

1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:

ა) გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3–მე-7 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) თან არ ახლავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;

ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებისა და 31-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.“.

7. 31-ე და 32-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2010 წლის 15 ივლისისათვის უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-6–მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3283–რს