„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1157-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.017111
1157-Iს
20/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010240010.05.001.017111
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება

  საქართველოს საკანონმდებლო აქტითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა შეიძლება მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტი.“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

  „8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში. კონტრასიგნაციის წესი განისაზღვრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი

1. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალას კარგავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედების დღიდან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ ეს დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე.

3. საქართველოს მთავრობა ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება.“.

5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.“.

6. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 25-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტის გაუქმება“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 27-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტისა), საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში, კონტრასიგნაციის განხორციელებიდან 5 დღის ვადაში.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები გამოქვეყნდეს ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულებები და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიღებული შესაბამისი დადგენილებების ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2013 წ.

N1157-Iს