დაზღვევის შესახებ

  • Word
დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
690
02/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
290.000.000.05.001.000.207
დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2009 - 23/03/2010)

საქართველოს კანონი

დაზღვევის შესახებ

თავი I

                                                    ზოგადი დებულებანი                                                   

    მუხლი 1. ურთიერთობები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით

1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს.

2. ურთიერთობები დაზღვევის სფეროში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით.

3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, განსაზღვრულია ამ კანონის წესებისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;

ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;

.) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

.) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;

ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;

ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;

ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;

კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელიიურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულიაარასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონით;

) (ამოღებულია).

) (ამოღებულია).

ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი;

ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;

ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანო-ნით განსაზღვრული პირი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 3. დაზღვევის ცნება

1. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

2. სადაზღვევო საქმიანობა არის მზღვეველის საქმიანობა, დაკავშირებული დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

    მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი

1. დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).

    მუხლი 5. დაზღვევის ფორმები

1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.

2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

    მუხლი 6. სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები

1. თუ პირი, რომლის მიმართაც კანონის ძალით უნდა განხორციელდეს სავალდებულო დაზღვევა, არ არის დაზღვეული, მას უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს დაზღვევის განხორციელება დამზღვევს, რომელსაც დაკისრებული აქვს მისი დაზღვევის ვალდებულება.

2. თუ დამზღვევმა არ დადო დაზღვევის ხელშეკრულება ან დადო ისეთი პირობით, რომელიც აუარესებს დაზღვეულის მდგომარეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია დაზღვეულს აუნაზღაუროს ზიანი იმ ოდენობით, რომელსაც დაზღვეული მიიღებდა მოცემული დაზღვევის არსებობის შემთხვევაში.

3. დამზღვევს უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 7. დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

1. უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

3. უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) უფლება აქვს იყოს საქართველოს დაზღვევის და გადაზღვევის ორგანიზაციების დამფუძნებელი.

4. უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით.

41. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5 . საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს გადაზღვევის ხელშეკრულება უცხოეთის ერთ ან რამდენიმე გადამზღვეველთან უშუალოდ.

6. საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

7 . საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას თავისი რისკის უცხოეთში გადაზღვევასთან დაკავშირებით შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს უცხოური საბროკერო ორგანიზაციის მომსახურებით.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

თავი II

დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი

    მუხლი 8. დამზღვევი

1. დამზღვევი არის პირი, რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება.

2. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.

3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 9. მზღვეველი

1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.

3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის არა აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

6. აკრძალულია მონოპოლიური და ყველა სხვაგვარი საქმიანობა განსაზღვრულ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, უპირატესობების მიცემა ან მიღება მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ.

7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება ეროვნული ბანკის ნორმატივების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების სადაზღვევო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 10. დაზღვეული

1. დაზღვეული არის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყო დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. კანონმდებლობა სავალდებულო დაზღვევის შესახებ შეიძლება დამზღვევს ავალდებულებდეს მესამე პირის დაზღვევის განხორციელებას. ნებაყოფლობითი დაზღვევისას დამზღვევს შეუძლია დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაზღვროს მესამე პირი, როგორც დაზღვეული; ამ შემთხვევაში დაზღვევის ობიექტი არის დაზღვეულის პიროვნება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (პირადი დაზღვევა) ან დაზღვეულის ქონება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (ქონების დაზღვევა).

3. ქონების დაზღვევისას დაზღვეულს, რომელიც არ არის დამზღვევი, უნდა ჰქონდეს ამ ქონების შენარჩუნების ინტერესი.

4. სავალდებულო დაზღვევისას მესამე პირის თანხმობა იმ ხელშეკრულების დადებისთვის, რომელშიც იგი იქნება განსაზღვრული, როგორც დაზღვეული, არ არის საჭირო. ნებაყოფლობითი დაზღვევისას ამ პირის უარი აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევს მისი დადების შეუძლებლობას, ხოლო თუ ხელშეკრულება უკვე იყო დადებული – მის შეცვლას ან შეწყვეტას.

5. ქონების დაზღვევისას დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მესამე პირს თავისი განზრახვა, დააზღვიოს მისი ქონება ან მასთან დაკავშირებული ინტერესები დაზღვევის ობიექტების ზუსტი განსაზღვრით.

6. თუ დამზღვევი ვალდებულია დააზღვიოს მესამე პირი, ამ უკანასკნელს შეუძლია მოსთხოვოს დამზღვევს მისი მოვალეობის შესრულების ანგარიში, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში–დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დამზღვევმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება ან არასათანადოდ შეასრულა იგი მესამე პირის დაზღვევის საკითხში, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები.

7. დაზღვეული არასრულწლოვანი მოქალაქის უფლებების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დაზღვეულის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

9. მესამე პირის დაზღვევა ხორციელდება დამზღვევის ხარჯით. იმ დაზღვეულის, რომელიც არ არის დამზღვევი, აგრეთვე დამზღვევის ის ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრულებით. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.

10. თუ დაზღვეული უარს იტყვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე, რომელიც მას ეკუთვნის დაზღვევის ხელშეკრულებით, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება გადადის დამზღვევზე.

11. დაზღვეულის გარდაცვალებისას, თუ იგი არ არის დამზღვევი, დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული დაზღვეულის შეცვლა.

12. თუ დაზღვეულის გარდაცვალება იქნება ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით, ხელშეკრულება წყდება მისი შესრულების შემდეგ.

13. დაზღვეულის გარდაცვალებისას, რომელიც არ არის დამზღვევი და რომლის სასარგებლოდაც დადებულია ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები იმ ქონებრივ უფლებაზე, რომელიც არის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი, დამზღვევის თანხმობით გადადის გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეზე, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. თუ დამზღვევი არ არის თანახმა გარდაცვლილი დაზღვეულის შეცვლაზე, ან თუ მემკვიდრეები არ არიან თანახმა მიიღონ გარდაცვლილი დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულება შეწყდება.

    მუხლი 11. მოსარგებლე (სარგებლობის მიმღები)

1. მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

2. მოსარგებლე შეიძლება დადგინდეს როგორც პირადი, ისე ქონების დაზღვევისას.

3. სავალდებულო დაზღვევისას მოსარგებლის განსაზღვრა ხდება დაზღვევის მოცემული სახეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ხოლო ნებაყოფლობითი დაზღვევისას მოსარგებლეს ადგენს დამზღვევი.

4. დაზღვეული არის მოსარგებლე, თუ სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.

6. საკუთრების დაზღვევის ხელშეკრულება მოსარგებლის სასარგებლოდ შეიძლება დაიდოს მოსარგებლის სახელის ან სახელწოდების მიუთითებლად. ასეთი ხელშეკრულების დადებისას დამზღვევს ეძლევა დაზღვევის მოწმობა (პოლისი, სერტიფიკატი და ა.შ.) წარმდგენზე; ამ შემთხვევაში სარგებლობის მიმღებია ის, ვინც წარუდგენს მზღვეველს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს.

7. როცა დამზღვევი არ არის დაზღვეული, გარდაცვალებისას ან თავის უფლებებზე უარის თქმის შემთხვევაში ამ უკანასკნელის უფლებები გადადის დამზღვევზე, რასაც მოჰყვება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შედეგები.

8. მოსარგებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

     მუხლი 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

 1. მზღვეველს შეუძლია განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

2. დაზღვევის აგენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დაზღვევის აგენტის მიერ მიღებული სადაზღვევო შენატანი ითვლება მზღვეველის მიერ მიღებულ სადაზღვევო შენატანად.

3. სადაზღვევო ბროკერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართვე-ლოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ეროვნულ ბანკში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს ეროვნულ ბანკს და გაიაროს რეგისტრაცია.

4. სადაზღვევო ბროკერის ურთიერთობა მზღვეველთან და დამზღვევთან განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

5. აკრძალულია მზღვეველის, დაზღვევის აგენტი ან სადაზღვევო ბროკერის მიერ უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას შეატყობინონ მზღვეველს მათთვის ცნობილი ყველა გარემოების შესახებ, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისათვის.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

თავი III

მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა

    მუხლი 13. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები

1. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.

2. მზღვეველი დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.

3. მზღვეველი ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე;

ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით;

გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან;

დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).

3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია წარმოადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან/და გადამზღვეველი კომპანიის ან/და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებანი წარმოშობის ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე.

5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 15. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

1. აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესასრულებლად მზღვეველი ქმნის რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვების სახეობებსა და მათი შექმნის წესს ადგენს ეროვნული ბანკი.

2. სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვებ აქტივებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის (რომელთა) ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის ოდენობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს ეროვნული ბანკი.

2. მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 17. (ამოღებულია).

  საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 18. . (ამოღებულია).

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

თავი IV

სადაზღვევო საქმიანობაზე სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელება

    მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 20. ეროვნული ბანკის ფუნქციები

ამ კანონის მიზნებისათვის ეროვნული ბანკის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს: სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 21. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;

დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი;

ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიდა აღრიცხვის მოთხოვნები;

თ)     განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

მ) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი;

ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესები.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 21 1 . დარღვევები და სანქციები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მზღვეველის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან რომელიმე ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. მზღვეველისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.

3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე:

ა) სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის);

გ) გადაზღვევა.

4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აქვს აღებული ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებით ლიცენზიის მიღება. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა, შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) წარმოადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება);

ბ) წარმოადგინოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე;

დ) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე;

ე) წარმოადგინოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) წარმოადგინოს მზღვეველის ყველა ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი:

ვ.ა) სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;

ვ.ბ) არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;   

ვ.გ) არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის;

ვ.დ) ამავე დროს არ არის სხვა მზღვეველის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ სადაზღვევო ორგანიზაციის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სადაზღვევო ორგანიზაციაში ან გადამზღვეველ კომპანიაში ანდა იმ სადაზღვევო ორგანიზაციაში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული სადაზღვევო ორგანიზაცია/გადამზღვეველი კომპანია;

ზ) მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები;

თ) მზღვეველი ვალდებულია ლიცენზიის მიღების თარიღიდან 6 თვის ვადაში გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

6. ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს და დაარეგისტრიროს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.

9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე ეროვნულ ბანკს წარუდგენს დოკუმენტაციას შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.

10. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

11. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

12. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.

13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხო-ლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).

14. მზღვეველი (ლიცენზიის მაძიებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.

15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს ეროვნული ბანკი.

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 23.(ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

    მუხლი 24. მოსაკრებელი ლიცენზიის მისაღებად

სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 25. უარი ლიცენზიის გაცემაზე

1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც ამ კანონის თანახმად არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება;

გ) სადაზღვევო ორგანიზაციის ადმინისტრატორთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

დ) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები;

ე) მზღვეველის ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს.“

2. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის მიზეზების მითითებით.

3. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 26. (ამოღებულია).

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

     მუხლი 27. (ამოღებულია).

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

    მუხლი 27 1 . სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ მზღვეველმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის ვადაში;

დ) მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა თავისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს;

ე) მზღვეველი გადახდისუუნაროა.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქმიანობას წყვეტს, თუ:

ა) ხდება საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის უხეში და სისტემატური დარღვევა;

ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება ეროვნულ ბანკს;

გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს;

დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის თაობაზედაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

3. ეროვნული ბანკის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

4. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას ეროვნულ ბანკს.

5. მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 28. დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში მისი უფლება ლიცენზიაზე გადადის მის სამართალმემკვიდრეზე. საჭიროების შემთხვევაში ძველის სანაცვლოდ სამართალმემკვიდრეზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

2. განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის:

ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება;

ბ) მზღვეველის – სამართალმემკვიდრის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.

3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, აღნიშნული დოკუმენტების ასლები გაეგზავნება ეროვნულ ბანკს.

 4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

5. მზღვეველი ვალდებულია მნიშვნელოვანი წილის გასხვისების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის, რეორგანიზაციისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტაცია (ინფორმაცია პირის შესახებ, რომელიც აპირებს წილის შეძენას, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების თაობაზე, სამართლებრივი ფორმის შეცვლის, შერწყმის ან გამოყოფის დასაბუთება და პირობები). ეროვნული ბანკი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში მზღვეველს აძლევს დასაბუთებულ უარს. 10 დღის ვადაში დასაბუთებული უარის მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა ჩაითვლება გაცემულად.

6. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ეროვნულ ბანკში ან ეროვნული ბანკისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 29. ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

1. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულისა და მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.

2. ეროვნული ბანკის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

                 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 30. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 31. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

თავი V

პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 32. პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 33. 32–54-ე მუხლების მოქმედების ვადა

საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ კანონის 32–54-ე მუხლები.

თავი VI1 .

მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოება

       საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

მუხლი 33 1 . მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

1. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე.

3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს.

4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა ეროვნულ ბანკში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლის და თავად მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებით.

9. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

10. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით.

11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები.

  საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 33 2 . იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება

1. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

    საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 33 3 . მზღვეველის ლიკვიდაცია

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია ამ მზღვეველთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ გასაზღვრული წესით.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს მზღვეველის აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.  

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) შეწყვიტოს მზღვეველის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ მზღვეველი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის, და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე (მათ შორის, სხვა მზღვეველზე).

5. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მზღვეველის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე 12 თვით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ აღნიშნულის შედეგად მზღვეველთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მზღვეველის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მზღვეველისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან 15 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

7. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე, ეროვნულ ბანკში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.

8. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

9. ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლისა და სხვა კრედიტორების ინტერესების შესაბამისად.

10. ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმეების წარმოებისას რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიფარება დაზღვევის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

    საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 33 4 . მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

1. თუ ამ კანონის 333  მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს, რის საფუძველზედაც ეროვნული ბანკი იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

2. მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 333  მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.

3. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

4. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია:

ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით;

ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.

7. გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს გარიგება მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე;

დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

8. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური მის მიერ შესრულებული მოვალეობებისა. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება.

9. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) პირველი რიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულე-ბასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;

გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;

დ) მეოთხე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;

ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;

ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

10. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა, რომლებიც იფარება სრულად.

11. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

    საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

    მუხლი 33 5 . მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ.

2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვ-ნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

4. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან.

    საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34. ძალადაკარგული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

 ა) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) 193-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 195-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ოცდამეთორმეტე თავი;

ბ) „მგზავრთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის  №747 დადგენილება;

გ) „საწარმოებისა და ორგანიზაციების (ბიუჯეტზე მყოფთა გარდა) ხარჯზე საწარმოო უბედური შემთხვევებისაგან მუშა-მომსახურეთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 დეკემბრის №941 დადგენილება;

დ) „სახელმწიფო საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ქონების სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის №154 დადგენილება;

ე) „სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 26 აგვისტოს №523 დადგენილება;

ვ) „საქართველოს მოსახლეობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №512 დადგენილების მე-17 პუნქტი.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სამართლებრივი აქტი ან აქტის ცალკეული ნაწილი, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონს.

    მუხლი 35. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 მაისი.

№690–IIს

შეცდომის გასწორება -პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ.16

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786, პარლამენტის უწყებანი, №31, 24.07.1997წ., გვ.1

2.საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

3.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

4.საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

5.საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

6.საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

7.საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342

8.საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34

9.საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162

35. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3929-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 34. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3772-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 33. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3340-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 32. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3277-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2146-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 23/06/2022 - საქართველოს კანონი - 1687-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2022 29. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 878-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 28. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6994-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 27. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5675-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 26. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5231-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 25. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4939-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 24. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3061-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 23. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1821-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1640-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 21. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 855-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 20. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5384-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4461-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 18. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4002-რს - ვებგვერდი, 20/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3389-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2993-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1469-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 14. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 354-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6149-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 12. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 11. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5003-რს - ვებგვერდი, 110715006, 15/07/2011 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2832 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1679 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5914 - სსმ, 7, 26/03/2008 7. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5271 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 940 - სსმ, 6, 19/01/2005 5. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3062 - სსმ, 29, 18/09/2003 4. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 961 - სსმ, 20, 03/07/2001 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2007 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 30/10/1998 - საქართველოს კანონი - 1672 - სსმ, 4, 20/11/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997