„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.003.619
  • Word
1679
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
290.000.000.05.001.003.619
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;“;

გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;“;

დ) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“–„ტ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი;

ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;

ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანო-ნით განსაზღვრული პირი.“.

3. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულება, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებისა, შეუძლია დადოს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულება შეუძლია დადოს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასთან.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის არა აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება ეროვნული ბანკის ნორმატივების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების სადაზღვევო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაზღვევის აგენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დაზღვევის აგენტის მიერ მიღებული სადაზღვევო შენატანი ითვლება მზღვეველის მიერ მიღებულ სადაზღვევო შენატანად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადაზღვევო ბროკერი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართვე-ლოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ეროვნულ ბანკში და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს ეროვნულ ბანკს და გაიაროს რეგისტრაცია.“.

7. მე-13–მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები

1. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.

2. მზღვეველი დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.

3. მზღვეველი ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც დადებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულება. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.

    მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე;

ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით;

გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან;

დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).

3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია წარმოადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან/და გადამზღვეველი კომპანიის ან/და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებანი წარმოშობის ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე.

5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

    მუხლი 15. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

1. აღებულ სადაზღვევო ვალდებულებათა შესასრულებლად მზღვეველი ქმნის რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვების სახეობებსა და მათი შექმნის წესს ადგენს ეროვნული ბანკი.

2. სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვებ აქტივებს და მათ სტრუქტურას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის (რომელთა) ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური კაპიტალის ოდენობის შესაბამისად.

    მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს ეროვნული ბანკი.

2. მზღვეველმა რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები უნდა შეარჩიოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.“.

8. მე-17 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. მე-19–21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ეროვნული ბანკი.

    მუხლი 20. ეროვნული ბანკის ფუნქციები

ამ კანონის მიზნებისათვის ეროვნული ბანკის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს: სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას.

    მუხლი 21. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;

დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი;

ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიდა აღრიცხვის მოთხოვნები;

თ)     განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

მ) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი;

ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესები.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

     „მუხლი 211. დარღვევები და სანქციები   

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მზღვეველის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, თუ მზღვეველმა ან რომელიმე ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

გ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) მზღვეველის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება დამზღვევისა და დაზღვეულის ინტერესებს, შეუჩეროს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება, შემოიღოს იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

3. ამ მუხლით დაკისრებული სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო საფრთხეს.

4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. მზღვეველისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

11. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ სააქციო საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირზე.

3. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ შემდეგ საქმიანობაზე:

ა) სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის);

გ) გადაზღვევა.

4. თუ მზღვეველს სურს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება და უკვე აქვს აღებული ლიცენზია დაზღვევის სხვა სახეობაში, მას უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებით ლიცენზიის მიღება. მზღვეველი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს გადაზღვევის საქმიანობის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა, შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) წარმოადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება);

ბ) წარმოადგინოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე;

დ) წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე;

ე) წარმოადგინოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ვ) წარმოადგინოს მზღვეველის ყველა ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ლიცენზიის მაძიებელი:

ვ.ა) სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ;

ვ.ბ) არ არის ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის;   

ვ.გ) არ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის;

ვ.დ) ამავე დროს არ არის სხვა მზღვეველის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ სადაზღვევო ორგანიზაციის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სადაზღვევო ორგანიზაციაში ან გადამზღვეველ კომპანიაში ანდა იმ სადაზღვევო ორგანიზაციაში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული სადაზღვევო ორგანიზაცია/გადამზღვეველი კომპანია;

ზ) მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები;

თ) მზღვეველი ვალდებულია ლიცენზიის მიღების თარიღიდან 6 თვის ვადაში გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.

6. ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს და დაარეგისტრიროს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს დედნების ან მათი სათანადო წესით დამოწმებული ასლების სახით.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზირებად საქმიანობას ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზიის (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველზე განახორციელებს ისე, რომ იგი არ არის ვალდებული, მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია. დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.

9. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე ეროვნულ ბანკს წარუდგენს დოკუმენტაციას შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში გახსნის უფლება.

10. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

11. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

12. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.

13. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ მხო-ლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას).

14. მზღვეველი (ლიცენზიის მაძიებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე.

15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

16. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ფორმას ადგენს ეროვნული ბანკი.“.

12. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სადაზღვევო ორგანიზაციის ადმინისტრატორთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

დ) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მზღვეველის ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

     „მუხლი 271. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ მზღვეველმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის ვადაში;

დ) მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა თავისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს;

ე) მზღვეველი გადახდისუუნაროა.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქმიანობას წყვეტს, თუ:

ა) ხდება საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის უხეში და სისტემატური დარღვევა;

ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება ეროვნულ ბანკს;

გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს;

დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის თაობაზედაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს.

3. ეროვნული ბანკის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

4. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას ეროვნულ ბანკს.

5. მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

14. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში მისი უფლება ლიცენზიაზე გადადის მის სამართალმემკვიდრეზე. საჭიროების შემთხვევაში ძველის სანაცვლოდ სამართალმემკვიდრეზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, აღნიშნული დოკუმენტების ასლები გაეგზავნება ეროვნულ ბანკს.

 4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. მზღვეველი ვალდებულია მნიშვნელოვანი წილის გასხვისების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის, რეორგანიზაციისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტაცია (ინფორმაცია პირის შესახებ, რომელიც აპირებს წილის შეძენას, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების თაობაზე, სამართლებრივი ფორმის შეცვლის, შერწყმის ან გამოყოფის დასაბუთება და პირობები). ეროვნული ბანკი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში მზღვეველს აძლევს დასაბუთებულ უარს. 10 დღის ვადაში დასაბუთებული უარის მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა ჩაითვლება გაცემულად.

6. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ეროვნულ ბანკში ან ეროვნული ბანკისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა.“.

15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

1. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულისა და მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.

2. ეროვნული ბანკის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

16. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

თავი VI1. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოება

    მუხლი 331. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

1. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე.

3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს.

4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე.

6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა ეროვნულ ბანკში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლის და თავად მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებით.

9. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

10. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით.

11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები.

    მუხლი 332. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმება

1. იძულებითი ადმინისტრაცია უქმდება:

ა) მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;

გ) მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

2. იძულებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

    მუხლი 333. მზღვეველის ლიკვიდაცია

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება მზღვეველის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. დაუშვებელია ამ მზღვეველთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის ვადაში შეადგინოს აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ გასაზღვრული წესით.

3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს მზღვეველის აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.  

4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) შეწყვიტოს მზღვეველის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ მზღვეველი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის, და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას;

დ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე (მათ შორის, სხვა მზღვეველზე).

5. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი, ლიკვიდატორი და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ მზღვეველის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორის ან გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე 12 თვით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ აღნიშნულის შედეგად მზღვეველთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მზღვეველის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მზღვეველისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.

6. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან 15 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მზღვეველის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.

7. მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე, ეროვნულ ბანკში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.

8. მზღვეველის მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

9. ლიკვიდატორი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლისა და სხვა კრედიტორების ინტერესების შესაბამისად.

10. ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმეების წარმოებისას რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიფარება დაზღვევის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

    მუხლი 334. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

1. თუ ამ კანონის 333 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის მომზადებისას დადგინდება მზღვეველის გადახდისუუნარობა, მზღვეველის ლიკვიდატორი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს, რის საფუძველზედაც ეროვნული ბანკი იღებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

2. მზღვეველის გადახდისუუნარობის დადგენისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გარეშე. ამ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი პირველ რიგში ასრულებს ამ კანონის 333 მუხლით ლიკვიდატორისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს.

3. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.

4. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია:

ა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში; ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ განცხადებითვე დგინდება მზღვეველის ვალდებულება კრედიტორებისადმი. მზღვეველის კრედიტორებმა გაკოტრების მმართველს განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით;

ბ) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

6. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, საჯარო აუქციონზე ან სხვა ხელსაყრელი ფორმით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაყიდოს მზღვეველის აქტივები, სხვა მზღვეველს გადასცეს სადაზღვევო პოლისებზე მოთხოვნის უფლება, სხვა იურიდიულ პირს გადასცეს აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას.

7. გაკოტრების მმართველს დანიშვნის დღიდან უფლება აქვს:

ა) შეწყვიტოს გარიგება მზღვეველის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) შეწყვიტოს მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის განხორციელებაშიც მზღვეველი მონაწილეობდა;

გ) გაასხვისოს მზღვეველის აქტივები და ვალდებულებები (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელი) ან მათი ნაწილი სხვა იურიდიულ პირზე;

დ) დაფაროს მზღვეველის კრედიტორთა მოთხოვნები დადგენილი თანამიმდევრობის დაცვით ერთჯერადი ან ნაწილ-ნაწილ გადახდით.

8. გაკოტრების მმართველის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური მის მიერ შესრულებული მოვალეობებისა. გაკოტრების მმართველის ანაზღაურებას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით აანაზღაუროს გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება.

9. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) პირველი რიგი – გაკოტრების მმართველის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულე-ბასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა მზღვეველს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეორე რიგი – უზრუნველყოფილი კრედიტორები, გარდა საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა;

გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;

დ) მეოთხე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება;

ე) მეხუთე რიგი – ყველა სხვა კრედიტორის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ყველა სხვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან;

ვ) მეექვსე რიგი – საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ზ) მეშვიდე რიგი – დანარჩენი მოთხოვნები მზღვეველის მიმართ და დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

10. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი ვადადამდგარი რიგის მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა, რომლებიც იფარება სრულად.

11. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

    მუხლი 335. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

1. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ მზღვეველის აქტივების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის დადგენილი წესით განაწილების შემდეგ.

2. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მზღვეველის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან მიღებული თანხის განაწილების თაობაზე შეადგინოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულების შესახებ საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზედაც ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დაუყოვ-ნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. მზღვეველის დაუდგენელი ფულადი სახსრები და ქონება ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.

4. მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისთანავე ხდება მზღვეველის ამოღება სათანადო რეესტრიდან.“.

    მუხლი 2. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1679–IIს