„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1821-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.018710
1821-რს
22/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
290000000.05.001.018710
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) საზედამხედველო საფასური – მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ამ კანონის 191 მუხლით განსაზღვრული ოდენობა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9მუხლი:

„მუხლი 92. შიდა აუდიტი

1. მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი წესით და განსაზღვრული პირობებით.

2. შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება. 

3. შიდა აუდიტის ფუნქციას ასრულებს შიდა აუდიტორი ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური.

4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს/თანამშრომელს/შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით.

5. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი:

ა) რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

ბ) რომელიც ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის;

გ) რომელიც არის მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის/ადმინისტრატორის ისეთი ახლო ნათესავი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირველი ან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეა, ან რომელსაც მათთან საქმიანი/კომერციული ინტერესები აკავშირებს;

დ) რომელსაც არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ე) რომელიც არის ამავე მზღვეველის/სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი/ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი. 

6. მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად დასანიშნი პირის იმავე პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

7. მზღვეველი ვალდებულია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის/შიდა აუდიტორის მიერ თანამდებობის დატოვების ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს შესაბამისი მიზეზის მითითებით.

8. შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დაუშვებელია მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებული საკითხების მზღვეველის სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის და სხვა მესამე პირებისთვის განსახილველად გადაცემა.

9. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო შიდა აუდიტის ფუნქციის სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შეიმუშაოს აუცილებელი შიდა დოკუმენტები შიდა აუდიტის პოლიტიკის, შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების წესისა და პროცედურების შესახებ.

10. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს შიდა აუდიტის წლიური პროგრამა/კვარტალური პროგრამა. იგი  უნდა შეიცავდეს სულ მცირე:

ა) საქმიანობის იმ სფეროების ჩამონათვალს, რომლებშიც აუდიტორული შემოწმება უნდა ჩატარდეს;

ბ) აუდიტორული შემოწმების შინაარსის აღწერას საქმიანობის იმ სფეროებისთვის, რომლებშიც აუდიტორული შემოწმება უნდა ჩატარდეს.

11. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/შიდა აუდიტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ ანგარიშებს:

ა) გეგმურ ანგარიშს შიდა აუდიტის წლიური პროგრამით/კვარტალური პროგრამით განსაზღვრული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ;

ბ) არაგეგმურ ანგარიშს, თუ, მისი დასაბუთებული მოსაზრებით, შემოწმების შედეგად არსებითი დარღვევებია გამოვლენილი. ამასთანავე, არაგეგმური ანგარიში მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარედგინოს დარღვევების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია არაგეგმური ანგარიშის წარდგენიდან უმოკლეს დროში უზრუნველყოს მისი განხილვა.

12. შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმების აღწერას;

ბ) შიდა აუდიტორული  შემოწმების  შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და უზუსტობებს და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებს/შემუშავებულ რეკომენდაციებს;

გ) საქმიანობის იმ სფეროს/მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას და სავარაუდო სამოქმედო გეგმას, რომელშიც შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად დარღვევები და უზუსტობები გამოვლინდა;

დ) დასკვნას შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის შესახებ.

13. შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი გასცემს დასკვნებს და წარადგენს წინადადებებს შიდა აუდიტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ არაგეგმურ საკითხებზე, აგრეთვე თავისი ინიციატივით დასმულ საკითხებზე.

14. სამსახური უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ხოლო მზღვეველი ვალდებულია მას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში (ანგარიშები).

15. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა ასრულებდეს.

16. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას  უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები მზღვეველის თანამშრომლებსა და ადმინისტრატორებს, აგრეთვე სრულად მიუწვდებოდეს ხელი კომპიუტერულ ფაილებზე (მათში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე). ამასთანავე, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას გახდა ცნობილი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

17. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტის ფუნქციის შეუფერხებლად შესრულება და ამ მიზნით შიდა აუდიტის სამსახურს/შიდა აუდიტორს შეუქმნას მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ყველა პირობა.

18. მზღვეველის მმართველი ორგანოები ვალდებული არიან, განსაზღვრონ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის ღონისძიებები და უზრუნველყონ მათი განხორციელება.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191−193 მუხლები:

„მუხლი 191. საზედამხედველო საფასურის განაკვეთი

საზედამხედველო საფასურის ოდენობა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ოდენობიდან. საზედამხედველო საფასურის განაკვეთია:

ა) მზღვეველის მიერ წლიურად გამომუშავებული ბრუტო-პრემიის 1 პროცენტი;

ბ) მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში  მზღვეველის მიერ მიღებული კუთვნილი წლიური შემოსავლის 1 პროცენტი.

მუხლი 192. საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი

1. მზღვეველი ვალდებულია მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადოს შემდეგ ვადებში, წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი.

2. მიმდინარე საზედამხედველო საფასურის გადასახდელად ჩარიცხული თანხები მზღვეველს კალენდარული წლის მიხედვით გადასახდელ საზედამხედველო საფასურში ჩაეთვლება.

მუხლი 193. სამსახურის დაფინანსების წყაროები და ბიუჯეტი

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) საზედამხედველო საფასური;

ბ) გრანტები ან/და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულებები;    

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მზღვეველის მიერ საზედამხედველო საფასურის გადახდის მიზანია, სამსახურმა ეფექტიანად განავითაროს დაზღვევის სფერო, დაიცვას მზღვეველის, დამზღვევისა და მომხმარებლის ინტერესები, აგრეთვე დაფაროს სამსახურის ხარჯები.

3. საზედამხედველო საფასური ირიცხება ცალკე ანგარიშზე, სამსახურის სარგებლობისათვის, რომელსაც მისი მიზნობრივად გამოყენების სრული უფლებამოსილება აქვს.

4. სამსახურის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. სამსახური საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც აისახება სამსახურის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.“.

4. 28-ე მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობით წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლით შიდა აუდიტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 მარტიდან.

2. 2018 წელს საზედამხედველო საფასურის გადახდის მიზნებისათვის საზედამხედველო საფასურის ოდენობაა 2017 წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ წლიურად გამომუშავებული ბრუტო-პრემიის 1 პროცენტი ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მიღებული მზღვეველის კუთვნილი წლიური შემოსავლის 1 პროცენტი.  

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1821-რს