„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5384-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.018145
5384-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
290000000.05.001.018145
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9მუხლი:

„მუხლი 91. მზღვეველის მმართველი ორგანოები

1. მზღვეველის მმართველი ორგანოების ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. მზღვეველის მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება. იგი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით. აქციონერთა საერთო კრება ვალდებულია აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან.

3. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 4 წლის ვადით. ამასთანავე, ერთი და იმავე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

4. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მზღვეველი ვალდებულია სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს სამსახურს სხდომის გამართვის თარიღი და სხდომის დღის წესრიგი და მიუთითოს სხდომაში მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამსახური უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

5. მზღვეველის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. მზღვეველს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 დირექტორი. მათ თანამდებობაზე არაუმეტეს 4 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, დირექტორების განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.

 6. მზღვეველის წესდებით უნდა განისაზღვროს და გაიმიჯნოს დირექტორთა უფლებამოსილებები. დირექტორთაგან ერთ-ერთს მაინც უნდა ჰქონდეს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–15 პუნქტები:

„11. სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სამსახური დაზღვევის სახეობებისა და დაზღვევის ფორმების მიხედვით, ამ ოდენობის შევსებისათვის სამსახურის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს გაანგარიშებით მიღებული  გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 1/3-ზე ნაკლები.

12. მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

13. მზღვეველის მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, იგი უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს.

14. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

15. სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს სამსახურის მიერ განსაზღვრულ მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გაანგარიშებით მიღებულ გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის უდიდეს სიდიდეზე ნაკლები.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საზედამხედველო კაპიტალის ოდენობასა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის თანაფარდობა.“.

5. 21-ე მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა.“.

6. 22-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების გარდა, შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო პირობები და სამსახურს წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტები (მათ შორის, წესდება);

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან ამონაწერი აქციონერთა აქციების განაწილების შესახებ;

ე) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების შესახებ;

ვ) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი/დოკუმენტები სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე განთავსების შესახებ;

ზ) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია  ლიცენზიის მაძიებელმა აღნიშნული ფაქტი წერილობით დაადასტუროს;

თ) ყველა ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია;

ი) შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია (მათ შორის, ავტობიოგრაფია) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისა და ყველა ადმინისტრატორის ამ კანონის 221 მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

კ) ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

ლ) სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმა (გადაზღვევის პროგრამის ჩათვლით) სამსახურის მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად;

მ) ინფორმაცია მზღვეველის სათავო ოფისის ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო ფილიალის/ფილიალების არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე მათი ადგილსამყოფლის შესახებ;

ნ) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი;

ო) ინფორმაცია ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი ფუნქციების მითითებით;

პ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყოველი 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.“;

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სამსახურს წერილობით აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილ დოკუმენტებში ცვლილება სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე იქნა შეტანილი, ლიცენზიის მაძიებელი ასევე ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები

1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ:

ა) ის არის ფიზიკური პირი და:

ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის  პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ) ის არის იურიდიული პირი და:

ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.

3. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ვ) არის მზღვეველის დირექტორთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის დირექტორთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;

ზ) არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან დირექტორი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;

თ) არის იმავე მზღვეველის დირექტორი;

ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

კ)  არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური  ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე  ხუთწლიანი გამოცდილება.

4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის დირექტორი, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

ე) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ვ) არა აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;

ზ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი  ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საჭოს წევრთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.“.

8. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური არ გასცემს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) წარდგენილია არაზუსტი/არასრული დოკუმენტები ან წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არაზუსტია/არასრულია და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

გ) ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც, ამ კანონის თანახმად, არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება;

ე) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები;

ვ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოება.“.

9. 271 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„გ) თუ მზღვეველმა არ შეასრულა ამ კანონის 22-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა;“.

10. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გაყოფის შემთხვევაში ამ ლიცენზიაზე მისი უფლება მის უფლებამონაცვლეზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში უფლებამონაცვლეზე ძველის სანაცვლოდ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მზღვეველის – უფლებამონაცვლის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.“;

გ) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველი ვალდებულია:

ა) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს  გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში;

ბ) რეორგანიზაციის ან/და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (რეორგანიზაციისას წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შერწყმის ან გაყოფის დასაბუთება და პირობები).

51. ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“;

დ) 5პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა დააკმაყოფილონ ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში;

ბ) მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობისა და გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის თანაფარდობის მოთხოვნა 2018 წლის 1 იანვრიდან;

გ) მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 15 პუნქტის მოთხოვნა 2018 წლის 1 იანვრიდან;

დ) მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში;

ე) მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში;

ვ) მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

2. 2018 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 და 15 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

3. 2017 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 და 15 პუნქტებისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 და 15 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5384-IIს