დაზღვევის შესახებ

  • Word
დაზღვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 290.000.000.05.001.000.207
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
690
02/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997
290.000.000.05.001.000.207
დაზღვევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2004 - 11/07/2007)

საქართველოს კანონი

დაზღვევის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ურთიერთობები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით

1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს.

2. ურთიერთობები დაზღვევის სფეროში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით.

3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს საქართველო, განსაზღვრულია ამ კანონის წესებისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო სოციალურ და სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;

ბ) სადაზღვევო საქმიანობა – დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

.) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

.) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;

ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;

ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;

ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;

კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან სადაზღვევო თანხა;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელიიურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულიაარასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონით;

) ფაკულტატური გადაზღვევაამ კანონის მიზნებისათვის, გადაზღვევის ისეთი ფორმა, როდესაც ხდება რისკის ერთჯერადი 100%-იანი გადაზღვევა დამზღვევის ან მისი უცხოელი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დამზღვევის უცხოელი პარტნიორის მიერ არჩეულ, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული რეიტინგის მქონე უცხოელ პარტნიორთან.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

    მუხლი 3. დაზღვევის ცნება

1. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

2. სადაზღვევო საქმიანობა არის მზღვეველის საქმიანობა, დაკავშირებული დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

    მუხლი 4. დაზღვევის ობიექტი

1. დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).

    მუხლი 5. დაზღვევის ფორმები

1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.

2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

    მუხლი 6. სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები

1. თუ პირი, რომლის მიმართაც კანონის ძალით უნდა განხორციელდეს სავალდებულო დაზღვევა, არ არის დაზღვეული, მას უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს დაზღვევის განხორციელება დამზღვევს, რომელსაც დაკისრებული აქვს მისი დაზღვევის ვალდებულება.

2. თუ დამზღვევმა არ დადო დაზღვევის ხელშეკრულება ან დადო ისეთი პირობით, რომელიც აუარესებს დაზღვეულის მდგომარეობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით, დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია დაზღვეულს აუნაზღაუროს ზიანი იმ ოდენობით, რომელსაც დაზღვეული მიიღებდა მოცემული დაზღვევის არსებობის შემთხვევაში.

3. დამზღვევს უფლება აქვს სასამართლო წესით მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 7. დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე

1. უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

3. უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) უფლება აქვს იყოს საქართველოს დაზღვევის და გადაზღვევის ორგანიზაციების დამფუძნებელი.

4. უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით.

41. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5 . საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს გადაზღვევის ხელშეკრულება უცხოეთის ერთ ან რამდენიმე გადამზღვეველთან უშუალოდ.

6 . საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური იურიდიული პირის მიერ სადაზღვევო ბროკერის ფუნქციების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის, მის მიერ აღებული რისკის უცხოეთში გადაზღვევის სფეროში. საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს ფილიალის ან წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც რეგისტრირებულია სათანადო წესით, ან უშუალოდ საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

7 . საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას თავისი რისკის უცხოეთში გადაზღვევასთან დაკავშირებით შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს უცხოური საბროკერო ორგანიზაციის მომსახურებით.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

თავი II

დაზღვევის ურთიერთობის მონაწილენი

    მუხლი 8. დამზღვევი

1. დამზღვევი არის პირი, რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება.

2. დამზღვევი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.

3. საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევის ხელშეკრულებები, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებისა, შეუძლიათ დადონ მხოლოდ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან. საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის ხელშეკრულებები შეუძლიათ დადონ მხოლოდ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან.

საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

    მუხლი 9. მზღვეველი

1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.

3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევის“.

4. სადაზღვევო ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

6. აკრძალულია მონოპოლიური და ყველა სხვაგვარი საქმიანობა განსაზღვრულ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, უპირატესობების მიცემა ან მიღება მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ.

    მუხლი 10. დაზღვეული

1. დაზღვეული არის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყო დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. კანონმდებლობა სავალდებულო დაზღვევის შესახებ შეიძლება დამზღვევს ავალდებულებდეს მესამე პირის დაზღვევის განხორციელებას. ნებაყოფლობითი დაზღვევისას დამზღვევს შეუძლია დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაზღვროს მესამე პირი, როგორც დაზღვეული; ამ შემთხვევაში დაზღვევის ობიექტი არის დაზღვეულის პიროვნება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (პირადი დაზღვევა) ან დაზღვეულის ქონება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (ქონების დაზღვევა).

3. ქონების დაზღვევისას დაზღვეულს, რომელიც არ არის დამზღვევი, უნდა ჰქონდეს ამ ქონების შენარჩუნების ინტერესი.

4. სავალდებულო დაზღვევისას მესამე პირის თანხმობა იმ ხელშეკრულების დადებისთვის, რომელშიც იგი იქნება განსაზღვრული, როგორც დაზღვეული, არ არის საჭირო. ნებაყოფლობითი დაზღვევისას ამ პირის უარი აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევს მისი დადების შეუძლებლობას, ხოლო თუ ხელშეკრულება უკვე იყო დადებული – მის შეცვლას ან შეწყვეტას.

5. ქონების დაზღვევისას დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მესამე პირს თავისი განზრახვა, დააზღვიოს მისი ქონება ან მასთან დაკავშირებული ინტერესები დაზღვევის ობიექტების ზუსტი განსაზღვრით.

6. თუ დამზღვევი ვალდებულია დააზღვიოს მესამე პირი, ამ უკანასკნელს შეუძლია მოსთხოვოს დამზღვევს მისი მოვალეობის შესრულების ანგარიში, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში–დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დამზღვევმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება ან არასათანადოდ შეასრულა იგი მესამე პირის დაზღვევის საკითხში, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები.

7. დაზღვეული არასრულწლოვანი მოქალაქის უფლებების რეალიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დაზღვეულის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

9. მესამე პირის დაზღვევა ხორციელდება დამზღვევის ხარჯით. იმ დაზღვეულის, რომელიც არ არის დამზღვევი, აგრეთვე დამზღვევის ის ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრულებით. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.

10. თუ დაზღვეული უარს იტყვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე, რომელიც მას ეკუთვნის დაზღვევის ხელშეკრულებით, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება გადადის დამზღვევზე.

11. დაზღვეულის გარდაცვალებისას, თუ იგი არ არის დამზღვევი, დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული დაზღვეულის შეცვლა.

12. თუ დაზღვეულის გარდაცვალება იქნება ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით, ხელშეკრულება წყდება მისი შესრულების შემდეგ.

13. დაზღვეულის გარდაცვალებისას, რომელიც არ არის დამზღვევი და რომლის სასარგებლოდაც დადებულია ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები იმ ქონებრივ უფლებაზე, რომელიც არის დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტი, დამზღვევის თანხმობით გადადის გარდაცვლილი დაზღვეულის მემკვიდრეზე, თუ კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. თუ დამზღვევი არ არის თანახმა გარდაცვლილი დაზღვეულის შეცვლაზე, ან თუ მემკვიდრეები არ არიან თანახმა მიიღონ გარდაცვლილი დაზღვეულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულება შეწყდება.

    მუხლი 11. მოსარგებლე (სარგებლობის მიმღები)

1. მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

2. მოსარგებლე შეიძლება დადგინდეს როგორც პირადი, ისე ქონების დაზღვევისას.

3. სავალდებულო დაზღვევისას მოსარგებლის განსაზღვრა ხდება დაზღვევის მოცემული სახეობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ხოლო ნებაყოფლობითი დაზღვევისას მოსარგებლეს ადგენს დამზღვევი.

4. დაზღვეული არის მოსარგებლე, თუ სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.

6. საკუთრების დაზღვევის ხელშეკრულება მოსარგებლის სასარგებლოდ შეიძლება დაიდოს მოსარგებლის სახელის ან სახელწოდების მიუთითებლად. ასეთი ხელშეკრულების დადებისას დამზღვევს ეძლევა დაზღვევის მოწმობა (პოლისი, სერტიფიკატი და ა.შ.) წარმდგენზე; ამ შემთხვევაში სარგებლობის მიმღებია ის, ვინც წარუდგენს მზღვეველს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტს.

7. როცა დამზღვევი არ არის დაზღვეული, გარდაცვალებისას ან თავის უფლებებზე უარის თქმის შემთხვევაში ამ უკანასკნელის უფლებები გადადის დამზღვევზე, რასაც მოჰყვება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შედეგები.

8. მოსარგებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადება არ ათავისუფლებს დამზღვევს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

     მუხლი 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

 1. მზღვეველს შეუძლია განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

2. დაზღვევის აგენტი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით, მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. სადაზღვევო ბროკერი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას.

4. სადაზღვევო ბროკერის ურთიერთობა მზღვეველთან და დამზღვევთან განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

5. აკრძალულია მზღვეველის, დაზღვევის აგენტი ან სადაზღვევო ბროკერის მიერ უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას შეატყობინონ მზღვეველს მათთვის ცნობილი ყველა გარემოების შესახებ, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისათვის.

თავი III

მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა

    მუხლი 13. მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები

მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი საწესდებო კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.

    მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები

1. მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალლდებულნი არიან დაიცვან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:

) სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;

) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესი;

) აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

) მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე).

       საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

    მუხლი 15. მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები და ფონდები

1. აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველი სადაზღვევო შენატანების საფუძველზე ქმნის მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის აუცილებელ რეზერვებს. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხას და მათი შექმნის წესს ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

2. სადაზღვევო რეზერვები, რომლებსაც ქმნის მზღვეველი, არ დაიბეგრება.

3. სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსებისა და ინვესტირების წესს განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალს (წარმომადგენლობას) თავისი საქმიანობის მთელ პერიოდში უნდა ჰქონდეს საქართველოს კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ეროვნული ან უცხოური ვალუტა ანდა სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

    მუხლი 16. მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

1. მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ნორმატიული თანაფარდობა აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის. ამ თანაფარდობის განსაზღვრის მეთოდიკას და ნორმატიულ მოცულობას ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

2. მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების განთავსება უნდა განხორციელდეს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობის და ლიკვიდურობის პირობებით. რეზერვების განთავსების დროს აუცილებელ თანაფარდობას განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

    მუხლი 17. მზღვეველის აღრიცხვა და ანგარიშგება

სადაზღვევო ოპერაციების მაჩვენებლებსა და ფორმებს, მზღვეველის ანგარიშგებას და მისი წარდგენის ვადებს ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 18. გადაზღვევა

1. მზღვეველი, მიუხედავად დადებული გადაზღვევის ხელშეკრულებისა დამზღვევის წინაშე პასუხისმგებელია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში.

2. მზღვეველი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისას წარუდგინოს მას ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციის შესახებ, რომელთანაც გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულებები. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

თავი IV

სადაზღვევო საქმიანობაზე სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელება

    მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და ფინანსდება მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ მოზიდული სადაზღვევო შენატანების (სადაზღვევო პრემიების) 1%-ით. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე. ამასთან, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის განკუთვნილი, მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების წლიური შენატანი თითოეულისათვის არ უნდა იყოს 5000 ლარზე ნაკლები და 50 000 ლარზე მეტი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული გლობალური პროექტების (საჰაერო-სატრანსპორტო და საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებების, ქონებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა) იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა მიხედვითაც საჭიროა რისკის ფაკულტატური გადაზღვევა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიზანია: დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა დაზღვევის შესახებ, ეფექტურად განავითაროს სადაზღვევო მომსახურება, დაიცვას მზღვეველების, დამზღვევების, სხვა დაინტერესებული პირების და სახელმწიფოს ინტერესები.

2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გადაწყვეტილებებს სესხის აღებასთან და თავდებობასთან დაკავშირებით, აგრეთვე საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრის თაობაზე იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე , ხოლო გადაწყვეტილებებს უძრავი ქონების შეძენასთან, გასხვისებასა და დატვირთვასთან დაკავშირებითსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და შეადგინოს წლიური ბალანსი.

6. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

    მუხლი20 . საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა, რისთვისაც იგი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) (ამოღებულია);

ბ) მზღვეველების, დაზღვევის ბროკერების, არაკომერციულ დაზღვევის ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება;

გ) სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ფორმირებისა და განთავსების წესის დადგენა;

დ) ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შექმნა სადაზღვევო საქმიანობის იმ საკითხებზე, რომლებიც ამ კანონის მიხედვით შედის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში, აგრეთვე მზღვეველების, დამზღვევებისა და სხვა პირების მოთხოვნის შემთხვევაში მათთვის ამ საკითხების განმარტება;

ე) სადაზღვევო საქმიანობის პრაქტიკის განზოგადება, სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების, არსებულებში კი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო საქმიანობის განვითარებასა და სრულყოფას, საქართველოს ბაზრის განვითარებისათვის ზრუნვა.

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

    მუხლი21. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს დაზღვევის სახელწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის დაცვა და მათ მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობა, რისთვისაც მზღვეველისაგან და სადაზღვევო ბროკერისაგან გამოითხოვოს და მიიღოს დადგენილი ანგარიშგება ნორმატივების დაცვაზე კონტროლის მიზნით;

 ბ) მზღვეველის მიერ სადაზღვევო კანონმდებლობის დარღვევისას მიუთითოს ამ დარღვევის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო მითითების შეუსრულებლობისას შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის მომენტამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

    მუხლი 22. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება

1. სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას.

2. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის საგანია დაზღვევა, აგრეთვე კანონმდებლობით სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

3. ლიცენზია გაიცემა პირადი, ქონების და პასუხისმგებლობის დაზღვევის როგორც ნებაყოფლობითი, ისე სავალდებულო ფორმით განხორციელებაზე, აგრეთვე გადაზღვევაზე, თუ მზღვეველის საქმიანობის საგანი მხოლოდ გადაზღვევაა. ამასთან, ლიცენზიაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული დაზღვევის სახეობა, რომლის განხორციელების უფლებაც აქვს მზღვეველს.

4. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე. მისი გადაცემა სხვა იურიდიული პირისათვის დაუშვებელია.

5. ლიცენზია უვადოა და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

6. იურიდიული პირი მზღვეველის (გადამზღვეველის), სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლებას იძენს მხოლოდ ლიცენზიის მიღების შემდეგ.

7. ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტი საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის, ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება.

8. მზღვეველზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალისა (წარმომადგენლობისა) ლიცენზია გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:

) სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები;

) სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი, რომლის შესაბამისადაც მზღვეველი არის იურიდიული პირი;

) ცნობები შევსებული საწესდებო კაპიტალის შესახებ;

) მონაცემები ხელმძღვანელი პირების შესახებ;

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

9. მზღვეველი (განმცხადებელი) პასუხისმგებელია ლიცენზირებისათვის მიწოდებული დოკუმენტების სისწორეზე.

10. ლიცენზიის ფორმას ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

11. თუ მზღვეველის (განმცხადებლის) მიერ ლიცენზიის მისაღებად მიწოდებულ დოკუმენტში მოხდა რაიმე ცვლილება, მზღვეველი ვალდებულია 15 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების თანდართვით.

12. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს შემდეგ მონაცემებს იმ დაზღვევის ორგანიზაციის შესახებ, რომელზეც გაიცა ლიცენზია:

) სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

) სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

) ლიცენზიის ნომერი და მისი გაცემის თარიღი, აგრეთვე დაზღვევის ის სახეობა, რომელზეც გაცემულია ლიცენზია.

13. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს:

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის სახელწოდება და მისი ადგილსამყოფელი ქვეყნის დასახელება;

) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ინფორმაცია მისი საქმიანობის მასშტაბების შესახებ;

) ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს:

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის წესდების ასლი და ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის ასლი;

) დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის მიერ თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 3 წელიწადში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ანგარიში;

) დეპოზიტზე თანხის ან სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადას-ტურებელი საბუთი.

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

    მუხლი 23. ლიცენზიის მიღებაზე განცხადების განხილვის ვადა

განცხადება ლიცენზიის მიღებაზე უნდა განიხილოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ერთ თვეში, ხოლო თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ამ ვადაზე მეტი, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.    

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

    მუხლი 24. მოსაკრებელი ლიცენზიის მისაღებად

სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 25. უარი ლიცენზიის გაცემაზე

1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ:

) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22- მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც ამ კანონის თანახმად არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება;

გ) დაზღვევის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის შეჩერების საფუძვლები.

2. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის მიზეზების მითითებით.

3. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

    მუხლი 26. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

1. ლიცენზიის მოქმედებას აჩერებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

2. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაზღვევის რამდენიმე ან ყველა სახეობაში ლიცენზიის მოქმედების შეჩერება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება იწვევს მზღვევლისათვის დაზღვევის შესაბამის სახეობაში დაზღვევის ხელშეკრულების დადების აკრძალვას.

3. ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სამ თვემდე ვადით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრაზე მითითების შეუსრულებლობისას;

ბ) მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული გადახდისუნარიანობის გარანტიების დაუცველობისას;

გ) მზღვეველის მიერ სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას ისეთი პირობებით, რომლებიც უარეს პირობებს უქმნის დამზღვევს, დაზღვეულს ან მოსარგებლეს, ვიდრე განსაზღვრულია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობით;

დ) მართლსაწინააღმდეგო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას;

ე) მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სისტემატური დარღვევა ან შეუსრულებლობისას;

ვ) მზღვეველის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დოკუმენტების ამ უკანასკნელისათვის წარდგენაზე უარის თქმისას;

ზ) მზღვეველის მიერ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას;

თ) იმ გარემოების შექმნა, რომელიც ამ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით იქნებოდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

4. მზღვეველი უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების შესახებ.

5. იმ გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, რომელთა მიზეზითაც შეჩერდა ლიცენზიის მოქმედება, მზღვეველს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ლიცენზიის მოქმედების განახლებისათვის.

6. აღნიშნული მიმართვა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მისი წარდგენიდან ერთ თვეში, ხოლო ლიცენზიის მოქმედების განახლების გადაწყვეტილება მზღვეველს გაეგზავნება წერილობითი ფორმით.

7. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

     მუხლი 27. ლიცენზიის გაუქმება

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს დაზღვევის შესაბამისი სახეობის (სახეობების) ლიცენზია, რომლის გაუქმების საფუძვლებია:

) ლიცენზიის მფლობელის წერილობითი მოთხოვნა;

) სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია;

) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები.

11. ამ კანონის მე-2 მუხლის.ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში სადაზღვევო საქმიანობას წყვეტს, თუ:

) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე;

) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება;

) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ან გადაზღვევის ორგანიზაციის მიმართ აღიძრა საგაკოტრებო საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია;

) ირღვევა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობები.

 

2. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება განახორციელოს აკრძალული სახეობის სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმედების ვადის გასვლამდე.

3. მზღვეველი ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 3 დღეში აბარებს ლიცენზიას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

  საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

    მუხლი 28. დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის რეორგანიზაციისას მისი უფლება ლიცენზიაზე გადადის ამ უკანასკნელის სამართალმემკვიდრეზე. ამასთან, ძველის სანაცვლოდ სამართალმემკვიდრეზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

2. განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის:

ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება;

ბ) მზღვეველის – სამართალმემკვიდრის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.

3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, აღნიშნული დოკუმენტების ასლები გაეგზავნება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს;

4. მზღვეველი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღეში.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

    მუხლი 29. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამდებობის პირის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა

1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის, დაზღვეულის, მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას და ცნობილი გახდა მისთვის თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.

2. ზემოთ აღნიშნულ საიდუმლოებათა გაცემის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამდებობის პირი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 30. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში,.

    მუხლი 31. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული საკონსულტაციო საბჭო

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მზღვეველთა წარმომადგენლები, დამზღვევთა წარმომადგენლები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებიდან, ეკონომისტები, რომლებიც დაკავებული არიან სადაზღვევო საქმიანობით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უნდა განიხილოს საკონსულტაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

თავი V

პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 32. პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

           მუხლი 33. 32–54-ე მუხლების მოქმედების ვადა

საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ კანონის 32–54-ე მუხლები.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34. ძალადაკარგული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

 ა) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) 193-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 195-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ოცდამეთორმეტე თავი;

ბ) „მგზავრთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის  №747 დადგენილება;

გ) „საწარმოებისა და ორგანიზაციების (ბიუჯეტზე მყოფთა გარდა) ხარჯზე საწარმოო უბედური შემთხვევებისაგან მუშა-მომსახურეთა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 დეკემბრის №941 დადგენილება;

დ) „სახელმწიფო საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ქონების სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის №154 დადგენილება;

ე) „სასოფლო-სამეურნეო კულტურების სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 26 აგვისტოს №523 დადგენილება;

ვ) „საქართველოს მოსახლეობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და საზღვარგარეთ გასასვლელი ქართული პასპორტების გაცემის კამპანიის დაწყების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №512 დადგენილების მე-17 პუნქტი.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სამართლებრივი აქტი ან აქტის ცალკეული ნაწილი, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონს.

    მუხლი 35. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 მაისი.

№690–IIს

შეცდომის გასწორება -პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ.16

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786, პარლამენტის უწყებანი, №31, 24.07.1997წ., გვ.1

2.საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1672-სსმI, №4, 20.11.1998წ., მუხ.37

3.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2007-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.84

4.საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69

5.საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220

6.საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №940-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.49

35. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3929-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 34. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3772-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 33. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3340-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 32. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3277-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2146-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 23/06/2022 - საქართველოს კანონი - 1687-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/07/2022 29. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 878-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 28. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6994-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 27. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5675-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 26. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5231-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 25. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4939-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 24. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3061-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 23. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1821-რს - ვებგვერდი, 28/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1640-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 21. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 855-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 20. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5384-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4461-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 18. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4002-რს - ვებგვერდი, 20/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3389-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 16. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2993-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1469-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 14. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 354-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6149-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 12. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 11. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5003-რს - ვებგვერდი, 110715006, 15/07/2011 10. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2832 - სსმ, 19, 13/04/2010 9. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1679 - სსმ, 29, 12/10/2009 8. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5914 - სსმ, 7, 26/03/2008 7. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5271 - სსმ, 30, 30/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 940 - სსმ, 6, 19/01/2005 5. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3062 - სსმ, 29, 18/09/2003 4. 20/06/2001 - საქართველოს კანონი - 961 - სსმ, 20, 03/07/2001 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2007 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 30/10/1998 - საქართველოს კანონი - 1672 - სსმ, 4, 20/11/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997