„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4939-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 290000000.05.001.019560
4939-Iს
03/09/2019
ვებგვერდი, 09/09/2019
290000000.05.001.019560
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სადაზღვევო ბროკერი – ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად პირის მიერ განხორციელებული საშუამავლო ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებებიდან ერთ-ერთს მაინც:

1.ა) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით შეთავაზებას;

1.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზებას;

1.გ) მზღვეველის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადებას ან/და გადამზღვეველი კომპანიის სახელით გადაზღვევის ხელშეკრულების დადებას;

1.დ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პროცედურების ადმინისტრირებას;

1.ე) მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობას, სადაზღვევო პრემიის შეკრებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით;“;

გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მნიშვნელოვანი წილი − მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი მონაწილეობით ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის შემთხვევაში − მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი; სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში − სადაზღვევო ბროკერის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს (არსებობის შემთხვევაში) წევრი, ინდივიდუალური მეწარმე; უშუალოდ ინდივიდუალური მეწარმე;“;

დ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) მომხმარებელი:

ღ.ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე − დამზღვევი ფიზიკური პირი;

ღ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე − დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე პირი (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ზიანი მიადგა).“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. მზღვეველი ვალდებულია იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპებით და სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს ამ პრინციპების დაცვით.

62. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურები და უზრუნველყოს მათი დაცვა მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკას ამტკიცებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურებს − მზღვეველის დირექტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი.

2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

3. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობად არ მიიჩნევა ამ კანონის მე-2 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ მას მზღვეველი ან მისი თანამშრომელი ახორციელებს, აგრეთვე სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მომხმარებლისთვის იმგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანი არ არის მისთვის დაზღვევის ხელშეკრულების დადებაში/შესრულებაში დახმარების გაწევა, ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სადაზღვევო ორგანიზაციის ზარალის/საჩივრის მართვა/დარეგულირება ან საექსპერტო შეფასება.

4. იმ პირის საფირმო სახელწოდება, რომელიც სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს, უნდა შეიცავდეს სიტყვებს „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სამსახურის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე თავის საფირმო სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიტყვების „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, იკვეთება, რომ შესაბამისი პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.

5. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს და სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას აუქმებს სამსახური. სამსახური აწარმოებს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრს (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრს), რომელიც მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის ან მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

6. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის დაწყებამდე რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს მას დოკუმენტები/ინფორმაცია, რომლებიც/რომელიც ადასტურებს ამ სადაზღვევო ბროკერის მიერ სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობას.

 7. სადაზღვევო ბროკერს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დაწყების უფლება აქვს სამსახურის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის შემდეგ.

8. დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მზღვეველთან/დამზღვევთან/გადამზღვეველ კომპანიასთან ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

9. დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები მზღვეველისთვის მათი გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად მზღვეველისთვის გადახდილად მიიჩნევა.

10. დაზღვევის შუამავლის მეშვეობით გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად მიიჩნევა დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

11. მზღვეველს, დაზღვევის აგენტს, სადაზღვევო ბროკერს ეკრძალება დაზღვევის ხელშეკრულების უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ფარგლების გარეთ გამოიყენება.

12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების შესრულებისას მზღვეველს შეატყობინონ დაზღვევის ხელშეკრულების დადებისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომლებიც მათთვისაა ცნობილი.

13. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას და მასში ცვლილების შეტანისას მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) თავისი საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია მისი სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ;

გ) ინფორმაცია ამ სადაზღვევო ბროკერის მიერ მზღვეველში მნიშვნელოვანი წილის ფლობის ან მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის ფლობისა და აღნიშნული წილის (არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ;

დ) მზღვეველის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული დაზღვევის პირობები;

ე) დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც ისეა შედგენილი, რომ სრულად შეესაბამება მომხმარებლის მიერ დაზღვევის შესახებ განაცხადში ასახულ დასაზღვევ რისკებს;

ვ) ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესახებ, კერძოდ, სადაზღვევო შენატანის, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის, ზარალის დარეგულირების, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების წესისა და პირობების, დადგენილი შეზღუდვებისა და დაზღვევის ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვანი პირობების შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე უნდა მიეწოდოს;

ზ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ შუამავლობის გაწევისთვის დადგენილი გასამრჯელოს თაობაზე;

თ) ინფორმაცია სადაზღვევო პოლისის შინაარსისა და დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

ი) ინფორმაცია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენის წესის შესახებ;

კ) ინფორმაცია იმის შესახებ, თანამშრომლობს თუ არა სადაზღვევო ბროკერი ერთზე მეტ მზღვეველთან. სადაზღვევო ბროკერის ერთზე მეტ მზღვეველთან თანამშრომლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ამ მზღვეველების საფირმო სახელწოდებების თაობაზე;

ლ) დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა საკონსულტაციო ინფორმაცია.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმატითა და ენით, წერილობით ან ინფორმაციის ელექტრონულად შენახვის საშუალებით/ხანგრძლივად შენახვის საშუალებით, რომელიც, ამ ინფორმაციის შენახვის გარდა, უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლისთვის მომავალშიც ხელმისაწვდომი იყოს ეს ინფორმაცია მისი მთლიანობის დაურღვევლად, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ ინფორმაციისა. გადაუდებელი აუცილებლობის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს ზეპირად, დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიწოდების ვალდებულების შესრულებით.“.

 4. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა“.

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ფორმითა და წესით გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშგება, სტატისტიკური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მზღვეველი ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებ

1. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალი/საგარანტიო ფონდი და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

2. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას. ეს ფულადი სახსრები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად, არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით, განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (საბანკო დაწესებულებებში) ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე (ანგარიშებზე). 

3. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი წესით (მათ შორის, ლიმიტები, დაზღვევის პირობები) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას.

4. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკევებულად აწარმოოს საკუთარი ანგარიში და მომხმარებლის ანგარიში საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, გარდა მისი მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის სახით გადაცემისა და დაზღვეულისთვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები სამეურვეო ქონებაში არ შედის და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნული ანგარიშის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალება და ღონისძიება.

5. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო კალენდარული წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული წინა წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

„მუხლი 201. მომხმარებლის უფლებების დაცვა

1. მზღვეველი და დაზღვევის შუამავალი ვალდებული არიან უზრუნველყონ მომხმარებლის უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედებისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე. ამასთანავე, მზღვეველი ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებები სამსახურის მიერ დადგენილი წესით და ამ მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურების შესაბამისად.

2. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

3. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად გამოითხოვოს და დაამუშაოს განმცხადებლის ან/და სხვა მომხმარებლის (მომხმარებლების) შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხოლო მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან სამსახურს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.

4. მომხმარებელს უფლება აქვს, მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.

5. მომხმარებელს უფლება აქვს, სადაზღვევო ბროკერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.“.

 8. 21-ე მუხლის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ეს დოკუმენტები, აგრეთვე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია;

გ) მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და სადაზღვევო ბროკერისთვის დაადგინოს შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შეიმუშაოს და გამოსცეს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირების შესახებ;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 201 მუხლით დადგენილი უფლებამოსილების განსახორციელებლად;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დაადგინოს მზღვეველის ანგარიშგების ფორმები (ფინანსური, სტატისტიკური და სხვა) და მათი წარდგენის პროცედურა;“;

ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მისი რეგისტრაციის გაუქმებისა და სადაზღვევო ბროკერის, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, მიერ ანგარიშგების წარდგენის წესი, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;“;

ზ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“−„ყ“ ქვეპუნქტები:

„ფ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და შესაბამისი მოთხოვნები;

ქ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი;

ღ) განიხილოს მომხმარებლის განცხადებები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;

ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით განხორციელებას.“.

9. 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან ადმინისტრატორმა დაარღვია:

ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა ანდა წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა)სადაზღვევო ბროკერს ან ადმინისტრატორს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სადაზღვევო ბროკერმა შეწყვიტოს და აღარ დაუშვას შესაბამისი დარღვევა და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში მიიღოს ზომები ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) სადაზღვევო ბროკერს ან/და ადმინისტრატორს სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილი ოდენობით დააკისროს ფულადი ჯარიმა;

დ) სადაზღვევო ბროკერს გაუუქმოს რეგისტრაცია.“.

მუხლი 2

 1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა სადაზღვევო ბროკერებმა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან უზრუნველყონ ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4, მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნების შესრულება.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 22 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2019 წ.

N4939-Iს