დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.05.001.002.896
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4956
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
070.030.000.05.001.002.896
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 21/09/2023)

საქართველოს კანონი

 

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.

 საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
 

    მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები

1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;

დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ;

ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954);

ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ;

ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.

2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: 

ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;

ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.

     მუხლი 3. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.

2. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. სააგენტოს უფროსის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 

5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

6. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება. 

7. სააგენტოს სხვა თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და  როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით.

9. სააგენტო პენიტენციური დაწესებულების გარეთ პატიმრობის კოდექსის 17მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით.  

10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.

11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

     მუხლი 5. პრობაციის ბიურო

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით.

11. თუ მსჯავრდებულს საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი), სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი აქტის მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ოფიცერი.

31. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას.

4. პრობაციის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, პრობაციის ბიუროს დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა.

     მუხლი 7. სააგენტოს მიზანი

1. სააგენტოს მიზანია ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.

3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. სააგენტო უფლებამოსილია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.

5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე.

7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სხვა საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას ხმარდება.

      მუხლი 72. სააგენტოში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება

სამინისტრო ხელს უწყობს სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამების მეცნიერული შესწავლა.

     მუხლი 73. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება

1. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.

2. არასრულწლოვნის რეფერირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და მის შესახებ ინფორმაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის მიწოდებას;

ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;

გ)  არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას;

დ) არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას;

ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;

ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, არასრულწლოვნის რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავით,  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 

4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის, არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი

 

თავი II. სააგენტოს მოსამსახურე

 

1. სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც დასაქმებულია სააგენტოში ან მის ტერიტორიულ ორგანოში.

2. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

3. მოსამსახურის შერჩევას, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას სააგენტოს საჭიროებათა შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).

      მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი

1. პრობაციის ოფიცერი არის მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. პრობაციის ოფიცერი თანამდებობაზე ინიშნება 3 თვის გამოსაცდელი ვადით. პრობაციის ოფიცერი ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს და მისი დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაუბარებლობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

4. სააგენტო პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

     მუხლი 91. (ამოღებულია)

თავი II1. (ამოღებულია)

     მუხლი 93. (ამოღებულია)

     მუხლი 94. (ამოღებულია)

     მუხლი 95. (ამოღებულია)

     მუხლი 96. (ამოღებულია)

     მუხლი 97. (ამოღებულია)

     მუხლი 98. (ამოღებულია)

     მუხლი 99. (ამოღებულია)

     მუხლი 910. (ამოღებულია)

     მუხლი 911. (ამოღებულია)

     მუხლი 912. (ამოღებულია)

     მუხლი 913. (ამოღებულია)

     მუხლი 914. (ამოღებულია)

     მუხლი 915. (ამოღებულია)

     მუხლი 916. (ამოღებულია)

     მუხლი 917. (ამოღებულია)

     მუხლი 918. (ამოღებულია)

     მუხლი 919. (ამოღებულია)

     მუხლი 920. (ამოღებულია)

     მუხლი 921. (ამოღებულია)

     მუხლი 922. (ამოღებულია)

     მუხლი 923. (ამოღებულია)

     მუხლი 924. (ამოღებულია)

     მუხლი 925. (ამოღებულია)

     მუხლი 926. (ამოღებულია)

     მუხლი 927. (ამოღებულია)

     მუხლი 928. (ამოღებულია)

     მუხლი 929. (ამოღებულია)

     მუხლი 930. (ამოღებულია)

     მუხლი 931. (ამოღებულია)

     მუხლი 932. (ამოღებულია)

     მუხლი 933. (ამოღებულია)

     მუხლი 934. (ამოღებულია)

     მუხლი 935. (ამოღებულია)

 

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

    მუხლი 11. (ამოღებულია)

თავი IV. დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები

    მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ

1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.

12. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

13 . თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.

14. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.

3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.

4. სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში 2 კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას.

41. თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით) ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.

5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

51. თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.

7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.

8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 13 , მე-4 და 41  პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას.

81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას.

82 . მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას.

9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი.

10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.

     მუხლი 121 . ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები

1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის)) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;

გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;

ე) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაპატიმრება, მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში ან/და საგამოძიებო მოქმედებებში, აგრეთვე  სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;

ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სათანადო გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს მსჯავრდებული შესაბამის პრობაციის ბიუროს წარუდგენს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ საჩივრის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადისა.

3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

     მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.

5. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ამ კანონის მე-12 მუხლის 51  პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით.

    მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა

1. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას გასცემს და აუქმებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

11. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მიეცემა:

ა) თუ იგი არის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან აქვს შესაბამის უცხო ქვეყანაში ბინადრობის უფლება, სამუშაო ვიზა ან/და ამ ქვეყანაში დროებით არის რეგისტრირებული. ეს გარემოება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი უცხო ქვეყნის პასპორტით, ბინადრობის მოწმობით, სამუშაო ვიზით ან სხვა დოკუმენტით. ამ დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს სათანადო უფლების/მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) თუ მისი ახლო ნათესავი (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი) შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის (90 დღე) ვადამდე. საამისოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავის შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მისი მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული ახლდეს თავის ახლო ნათესავს. მსჯავრდებულის თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, განპირობებული უნდა იყოს იმ დასაბუთებული გარემოებით, რომ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს არ ჰყავს მის გარდა სხვა ახლო ნათესავი, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს. მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში მკურნალობას საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მისი გარდაცვლილი ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის (მათ შორის, განქორწინებული მეუღლის) ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვენების ან სხვა ქვეყანაში გადასვენების/დაკრძალვის მიზნით. მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;

ე) თუ იგი საქართველოს სახელით მონაწილეობს ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით);

ვ) თუ იგი მუშაობის ან სწავლის მიზნით მიიწვია შესაბამისი უცხო ქვეყნის რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რაც დასტურდება ამ იურიდიული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (დოკუმენტებით), მუშაობის დამადასტურებელი მოწმობით ან/და ხელშეკრულებით, რომელიც (რომლებიც) დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი პირის მიერ. თუ მსჯავრდებულის უცხო ქვეყანაში სწავლას უფლებამოსილი სახელმწიფო უწყება აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ზ) თუ იგი მეზღვაურად, მძღოლად ან ბორტგამცილებლად მუშაობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირში და წარმოდგენილი აქვს პროფესიის/სპეციალობის ან/და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

თ) თუ იგი უცხო ქვეყანაში (გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შენგენის ზონის ქვეყნებისა) სეზონური სამუშაოების შესასრულებლად მიემგზავრება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა გაიცემა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რომლის დროსაც გაითვალისწინება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, რისკი და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევა. ამასთანავე, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა (ვიზის აუცილებლობის შემთხვევაში), რომელშიც მიემგზავრება, და ცნობა პოტენციური დამსაქმებლისგან (არსებობის შემთხვევაში).

12. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს შესაბამისი ვადით, თუ:

ა) შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილმა უწყებამ მსჯავრდებულს აუკრძალა ამ ქვეყნის დატოვება, აღნიშნულ ქვეყანაში მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან მას მინიჭებული აქვს მოწმის სტატუსი, ან ეს გამომდინარეობს გამოძიების ინტერესებიდან;

ბ) კვლავ არსებობს ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;

გ) ამოწურული არ არის ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამის უცხო ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის 90-დღიანი ვადა.

13. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გასაცემად აუცილებელია, არ არსებობდეს ამ კანონით დადგენილი, გადაუხდელი ჯარიმა.

14. ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე გარემოების არსებობისას მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა შეიძლება გაიცეს ან ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის 13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად.

15. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

ბ) მსჯავრდებულისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ან აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსთვის;

გ) მსჯავრდებულის მიერ შესაბამის პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა;

დ) მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის იმ მიზნით ან იმ ქვეყანაში გასამგზავრებლად გამოყენება, რომელიც შესაბამის განცხადებაში არ მიუთითებია.

16. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა  შეიძლება არ გაიცეს ან გაცემული ნებართვა შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად. 

17. დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არარსებობისას. 

18. დაუშვებელია მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემა, თუ მსჯავრდებული დეპორტირებული, რეადმისირებული ან ექსტრადირებული იყო უცხო ქვეყნიდან (ევროკავშირის წევრი ქვეყნის შემთხვევაში − შენგენის ზონის ქვეყნიდან) ან/და მსჯავრდებულმა დაარღვია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის წესები.

2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ნებართვის გაუქმების წესები და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).

4. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).

5. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. მსჯავრდებულისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი საფასური არ ბრუნდება.

6. საქართველოს სახელით ოფიციალურ, საერთაშორისო კულტურულ, სპორტულ, პროფესიულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის ან/და მსჯავრდებულის სიცოცხლისთვის ან მისი არასრულწლოვანი შვილის/ნაშვილების/მინდობით აღსაზრდელის სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების საზღვარგარეთ გაწევის საჭიროების შემთხვევაში, რაც დასტურდება კომპეტენტური პირის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, მსჯავრდებული სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.

7. თუ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებული საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, იგი ვალდებულია დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში.

8. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება ამ მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ აღნიშნული მომსახურების ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, ამ ვადის დამთავრების დღედ მიიჩნევა მისი მომდევნო სამუშაო დღე.

9. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან მისი გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის ზედამხედველობისთვის გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს იგი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. 

10. სააგენტო ვალდებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი. აღნიშნული პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. 

11. მსჯავრდებულის მიერ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას: 

ა) პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;

ბ) პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას (მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“–„თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.

    მუხლი 141. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები

1. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215).

2. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215).

5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ.

6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ეს საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

8. კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას. ეს ნებართვა უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც დადგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

      მუხლი 151. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები

1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და იმ პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.

2. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი V. სამართლებრივი აქტის აღსრულების ზოგადი წესი

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

    მუხლი 16. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი

1. სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

2. მსჯავრდებულთა რეგისტრაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში აღინიშნება:

ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების თარიღი);

გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი;

ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი;

ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი;

თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ;

ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (მსჯავრდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

31. სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე და მას უნიკალური რიგითი ნომერი ენიჭება.

32. სააღსრულებო საქმეში შესატანი ინფორმაცია, აგრეთვე სააღსრულებო საქმის წარმოების წესი განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“. ეს ინსტრუქცია მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4. (ამოღებულია).

5. სამართლებრივი აქტის აღსრულების და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

6. სააღსრულებო საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 161. პრობაციის ოფიცრის თვითაცილება და აცილება

1. პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის:

ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით;

ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად მიიჩნევა დედა, მამა, ბებია, პაპა, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, რძალი, სიძე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

5. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

6. პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

     მუხლი 171. სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში დოკუმენტის გაგზავნისა და ჩაბარების წესი 

1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ამ კანონით გათვალისწინებულ შეტყობინებას, გაფრთხილებას, საჯარიმო ქვითარს, გადაწყვეტილებასა და სხვა დოკუმენტს ადრესატს აბარებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე–76-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარების მიმღების ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში ეს ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნევა, მაშინაც, თუ იგი ელექტრონული ან/და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებითაა შესრულებული.

     მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.

2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.

4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს. 

5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.

6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.

7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.

    მუხლი 19. ოქმი

1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი;

გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს;

დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ;

ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში. 

    მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნის შესახებ

თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს:

ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;

ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;

დ) ცნობები მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.

    მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:

ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ;

დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266);

ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ;

ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ;

ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ;

თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ;

ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

1 1. წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) იმ სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც აუცილებელი გახდა სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

12. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

13. წარდგინებას უნდა დაერთოს მასში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

14. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების საქმის ასლი, დამოწმებული პრობაციის ბიუროს მიერ.

2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. 

3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავითა და 381-ე მუხლით („ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის საფუძველზე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირისთვის − სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).

5. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).

51(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.

    მუხლი 211 . (ამოღებულია)

    მუხლი 22. (ამოღებულია)

     მუხლი 221. მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა 

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით პირობით მსჯავრდებულისთვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) დადგენილი გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, − გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 

2. მუდმივმოქმედი კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, პირის მომართვისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია, გასული იყოს მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედი.

21. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია გასული იყოს:

ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

3. მუდმივმოქმედი კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, აგრეთვე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე. 

4. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისგან. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: 

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; 

ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; 

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;

დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი. 

5. სააგენტოს უფროსს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურას − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის კანდიდატურას − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 

7. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით.

8. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია. 

9. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 

10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მუდმივმოქმედი კომისია ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.

11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა დასაშვებია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

11. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას;

ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით;

ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას;

გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში.

71(ამოღებულია - 01.06.2017, №954).

72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება.

81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას.

82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება.

9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მსჯავრდებულის ექსტრადიციის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.

10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 24. (ამოღებულია)

 

თავი VI. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევისა და იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება 

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

    მუხლი 25. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

2. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებს და პირობებს, პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს განაჩენით, იგი დამსაქმებელ თანამდებობის პირს უგზავნის მოთხოვნას, გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას განაჩენში მითითებული საქმიანობა.

4. დამსაქმებელი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. თუ დამსაქმებელი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს.

    მუხლი 26. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.

2. დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია:

ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე;

ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან;

გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიუროს.

    მუხლი 27. იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე

1. გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა იმ ორგანოსთვის, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანო ვალდებულია განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულს ანიჭებდა გარკვეული საქმიანობის უფლებას, ჩამოართვას მას შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

    მუხლი 271. იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

1. იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის აღნიშვნის უზრუნველსაყოფად. 

2. თუ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. 

3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას. 

4. თუ იურიდიული პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას თავს არიდებს და აკრძალულ საქმიანობას აგრძელებს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისთვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. 

5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული პირის მიმართ მათი გამოყენება შეუძლებელია.

 

თავი VII. (ამოღებულია)

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

 

თავი VIII. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება

მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი 

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს განუსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი აღსრულდება საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლო ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება აღსრულდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

2. პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

3. სააგენტო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის, განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება. ეს შეთანხმება/ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური სააგენტოს აღნიშნული მიზნისა და სხვა მიზნების მიღწევას მოხმარდება.

4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სააგენტო მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.

6. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 30. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პირობები

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

2. მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებში.

     მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო სამუშაოს.

2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს ან ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.

    მუხლი 32. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელს იხდის მსჯავრდებული

1. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს დამსაქმებელი. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს დამსაქმებლის ჩანაწერების სისწორეს, მსჯავრდებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოს შესრულების შესახებ მონაცემები შეაქვს ოქმში.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროცესში ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულება და ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 33. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

1. პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წესებისა და პირობების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებულზე სამუშაოზე გამოუცხადებლობისას ვრცელდება ამ კანონის 121  მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საპატიო პირობები.

4. პატივსადები მიზეზების არსებობისას დამსაქმებელს, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, შეუძლია გაათავისუფლოს მსჯავრდებული კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისგან. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული შეუსრულებელ სამუშაოს სხვა დროს შეასრულებს.

    მუხლი 331. (ამოღებულია)

 

თავი VIII1 . განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულება

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

    მუხლი 332 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი

1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით.

    მუხლი 333 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა

1. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. პრობაციის ბიურო პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე.

 

თავი IX. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულება

    მუხლი 34. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულების წესი

1. გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.

2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას პრობაციის ბიურო დამსაქმებელს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის თაობაზე.

3. დამსაქმებლისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

     მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები

1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. 

2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.

    მუხლი 36. გამასწორებელი სამუშაოს ვადის გამოთვლა

1. გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.

2. გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.

    მუხლი 37. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).

4. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).

5. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).

    მუხლი 38. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის ხელფასიდან დაქვითვის წესი

1. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ორგანოები.

2. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს, დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის ხელფასიდან დასაქვითი თანხის შემცირების თაობაზე.

    მუხლი 39. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს ან არღვევს აღნიშნული სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

 

თავი X. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესი

    მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში

1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში:

ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;

გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;

დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;

ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ამ გეგმის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან;

ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.

11. სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: 

ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;

ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;

გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;

დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა.

5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671  მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ.

      მუხლი 401. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება

ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, სააგენტოს გარდა, სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.

    მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

31. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ კანონის მე-12 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზე.

4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

      მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება 

1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობა 1 თვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.

    მუხლი 43. (ამოღებულია)

    მუხლი 44. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა

1. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობად მიიჩნევა:

ა) პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;

ბ) სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაზე უარის თქმა.

2. სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის საფუძველია:

ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არანაკლებ სამჯერ გამოუცხადებლობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან მისთვის თავის არიდება;

1) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა;

გ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. (ამოღებულია).

 

თავი X1 . (ამოღებულია)

 

    მუხლი 441. (ამოღებულია)

    მუხლი 442. (ამოღებულია)

თავი X2. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის აღსრულების წესი

    მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი

1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის  IV თავის მოქმედება, გარდა 121 მუხლისა.

4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.

5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

7. შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.

8. იქ, სადაც შინაპატიმრობის  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.

10. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.

11. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

12. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;

ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები;

გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.

თავი X3. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულება

მუხლი 449. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი 

1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს და განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4. პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ.

მუხლი 4410. იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს ვალდებულება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებასა და იარაღის ჩამორთმევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აწვდის პრობაციის ბიუროს.

 

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 45. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის:

ა) პირობით მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას წელიწადში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ არასრულწლოვნებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არა უმეტეს კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

გ) იმ მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს, რომელთა სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადის განმავლობაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

    მუხლი 451. დადგენილი რეჟიმის მსჯავრდებულის მიერ დარღვევის რაოდენობათა ათვლის რეგულირების წესი

ამ კანონის მე-12 მუხლით დადგენილი რეჟიმის დარღვევის რაოდენობათა ათვლა დაიწყოს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161

    მუხლი 452 . (ამოღებულია)

    მუხლი 454. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს 

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.

2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

    მუხლი 455. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა 

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზება ოჯახური დანაშაულის ჩამდენი იმ პირებისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების შეზღუდვა ან/და რომელთა მიმართაც გამოყენებულია პირობითი მსჯავრი.

    მუხლი 456. „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2016 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქცია“.

    მუხლი 46. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 4.07.2001, მუხ. 76).

    მუხლი 47. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი

№4956–Iს

37. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3990-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 36. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3513-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 35. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6957-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 34. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5754-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 33. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5390-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4329-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3130-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2398-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 29. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1223-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 28. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 954-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 757-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 26. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 186-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 25. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5016-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 24. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3713-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 23. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3525-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 22. 25/12/2014 - საქართველოს კანონი - 2981-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 21. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2707-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 20. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2650-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 19. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2324-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/04/2014 - საქართველოს კანონი - 2184-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 17. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1781-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 16. 11/12/2013 - საქართველოს კანონი - 1730-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1470-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6504-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 13. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6215-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 12. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6011-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 11. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5626-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 10. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5266-IIს - ვებგვერდი, 111124018, 24/11/2011 9. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4430-Iს - ვებგვერდი, 110322017, 22/03/2011 8. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4047-რს - სსმ, 75, 27/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2997 - სსმ, 24, 10/05/2010 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2698 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1933 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 964 - სსმ, 41, 30/12/2008 3. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 895 - სსმ, 41, 30/12/2008 2. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 434 - სსმ, 31, 12/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 225 - სსმ, 17, 28/07/2008