„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5016-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.018107
5016-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
070030000.05.001.018107
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

  1. ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

  2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

  2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

  „11. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულის და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისათვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისათვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შესაფასებლად, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისათვის, მსჯავრდებულის ზედამხედველობისა და კონტროლისათვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისათვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად) პრობაციის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.“.

  3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.

  4. 7მუხლის:

  ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

  „71. მსჯავრდებული ვალდებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის ან სასამართლოს შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოსახდელად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში. მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არის ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით მიმართვის საფუძველი.“;

  ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. დაწესებულების საქმიანობის წესი და სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, მოშიმშილე მსჯავრდებულისადმი მოპყრობის, მსჯავრდებულის იზოლირების, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის წესები განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.

  5. მე-12 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „51. თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“.

  6. 12მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

  „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.“.

  7. 141 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში.“.

  8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ის მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას  არ აღემატება, გათავისუფლებულია ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

  9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

  „მუხლი 161. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილება და აცილება

  1. პრობაციის ოფიცერმა/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის:

  ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით;  

  ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

  გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია;

  დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად ითვლება:

  ა) მეუღლე;

  ბ) შვილი;

  გ) და, ძმა;

  დ) დისშვილი, ძმისშვილი;

  ე) მშობელი, მშობლის და, მშობლის ძმა.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს/დაწესებულების უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

  4. სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს/დაწესებულების უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

  5. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

  6. პრობაციის ოფიცრის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს/დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.“.

  10. 21-ე მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“;

  ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

  „51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას იხილავს დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი სასამართლო.“.

  11. 23-ე  მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების, მსჯავრდებულის გარდაცვალების ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება.“.

  12. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის  შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.“.

  13. 442 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი/ მშვილებელი, დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედა, ბებიის მამა, პაპის დედა, პაპის მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) შესახვედრად, ხოლო დაწესებულების უფროსის თანხმობით, წახალისების მიზნით – აგრეთვე იმ პირებთან შესახვედრად, რომლებიც აღნიშნული ჩამონათვალით გათვალისწინებული არ არიან. ამ ჩამონათვალით გაუთვალისწინებელ პირებთან შესახვედრად ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე დაწესებულების უფროსის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.“.

  14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45მუხლი:

 „მუხლი 456. „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2016 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქცია“.“.

 

  მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

   მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5016-IIს