„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6957-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.020110
6957-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
070030000.05.001.020110
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მისი მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობლის, მშვილებლის, მინდობით აღმზრდელის, შვილის, ნაშვილების, მინდობით აღსაზრდელის, პაპის, ბებიის, შვილიშვილის, დის, ძმის, მეუღლის ან მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირის) მძიმე ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, თუ აუცილებელია, რომ მსჯავრდებული ახლდეს თავის ახლო ნათესავს. მსჯავრდებულის თანხლების აუცილებლობა, სხვა ობიექტური გარემოების გარდა, განპირობებული უნდა იყოს იმ დასაბუთებული გარემოებით, რომ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს არ ჰყავს მის გარდა სხვა ახლო ნათესავი, რომელიც მას საზღვარგარეთ მკურნალობისას უპატრონებს. მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით. თუ მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში მკურნალობას საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო აფინანსებს, მსჯავრდებულმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დაფინანსების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;“.

2. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის, განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება. ეს შეთანხმება/ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური სააგენტოს აღნიშნული მიზნისა და სხვა მიზნების მიღწევას მოხმარდება.“.

3. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6957-რს