საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5266-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111124018, 24/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016473
  • Word
5266-IIს
11/11/2011
ვებგვერდი, 111124018, 24/11/2011
080000000.05.001.016473
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 67-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პირობით მსჯავრდებულისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც.“.

 მუხლი 2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე).“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირები..

3. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, რაც ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები

1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;

გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი;

ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტ მსჯავრდებული წარდგნს შესაბამის პრობაციის ბიუროს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.“.

5. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია).“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

     „მუხლი 211. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა

1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.

2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.

3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელი;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;

გ) როტაციის წესით − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი.

4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.

5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.

7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.

8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.

9. პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ.

11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

7. 29-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ნორმატიული აქტით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.“.

8. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აღნიშნული მდგომარეობა ერთი კვირის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 452 მუხლი:

     „მუხლი 452. მუდმივმოქმედი კომისიის მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის ხელახალი განხილვის ვადა

ამ კანონის 211 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ვადა 6 თვეა.“.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ნოემბერი.

№5266-II