დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.05.001.002.896
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4956
19/06/2007
სსმ, 24, 02/07/2007
070.030.000.05.001.002.896
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/12/2008 - 30/12/2008)

საქართველოს კანონი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებას, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.

    მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები

1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;

დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ.

2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;

ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის ან ქალისათვის, რომელსაც ჰყავს 5 წლამდე შვილი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური

ამ კანონით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფენ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სამსახური) და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროები (შემდგომში – პრობაციის ბიუროები).

    მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სამსახური

1. პრობაციის ეროვნული სამსახური არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი).

2. პრობაციის ეროვნულ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილეს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

4. პრობაციის ეროვნული სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

5. პრობაციის ეროვნული სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. პრობაციის ეროვნული სამსახურის სხვა თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და დანიშვნის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №434 - სსმ I, №31, 12.11.2008 წ., მუხ.204

    მუხლი 5. პრობაციის ბიუროები

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროებს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

2. პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში – პრობაციის ბიუროს უფროსი).

3. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებას უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მქონე პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ოფიცერი (შემდგომში – პრობაციის ოფიცერი).

    მუხლი 6. პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სამსახურის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

    მუხლი 7. პრობაციის ეროვნული სამსახურის მიზნები

პრობაციის ეროვნული სამსახურის მიზნებია: სასჯელის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია).

თავი II. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსი, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

    მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსი

1. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

2. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლის უკანონო მოქმედებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი საჯარო მოსამსახურეა და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები, იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც ამ მუხლშია მოცემული. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მისი სამუშაო და დასვენების დრო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე მიეცემა დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდების ამსახველი ნიშნები.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული თავდაცვის სხვა სპეციალური საშუალებები, რომელთა ნუსხას, შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

5. პრობაციის ეროვნული სამსახურის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო დადგენილი წესით.

6. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 10. მსჯავრდებულის საერთო უფლებები

მსჯავრდებულებზე, მიუხედავად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, თანაბრად ვრცელდება შემდეგი უფლებები:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება;

ბ) პირადი უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის უფლება;

გ) პირადი ღირსების პატივისცემის უფლება;

დ) წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცულობის უფლება;

ე) ჯანმრთელობის დაცვის უფლება;

ვ) სოციალური უზრუნველყოფის უფლება;

ზ) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

თ) რწმენის, აღმსარებლობის, აზრისა და სინდისის თავისუფლება;

ი) ყოველგვარი სახის დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლება;

კ) თვითგანვითარების უფლება;

ლ) საჩივრით მიმართვის უფლება;

მ) დაცვის უფლება;

ნ) სოციალური ადაპტაციის კურსებით სარგებლობის უფლება;

ო) უფლება, წერილობით მიიღოს განმარტება საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სახელმწიფო ენაზე (თუ მსჯავრდებულმა არ იცის სახელმწიფო ენა, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე). თუ მსჯავრდებულმა არ იცის წერა-კითხვა, მას უფლება-მოვალეობები განემარტება ზეპირად, მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, თარჯიმნის მეშვეობით;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

    მუხლი 11. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები

1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე.

2. მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მსჯავრდებულის კონკრეტული მოვალეობები, სასჯელის სახიდან გამომდინარე, განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისი მუხლებით.

თავი IV. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ პრობაციის ბიუროში გამოცხადების დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მათი დაჯარიმების წესი

    მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ

1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

2. პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არა უმეტეს კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ეკისრება:

ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს;

ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ დააკისრა შესაბამისი ვალდებულება.

3. მსჯავრდებულის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

    მუხლი 13. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს ოფიცერი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

3. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ხელის მოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელის მოწერაზე უარის თქმის მოტივები.

4. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის პრობაციის ბიუროს უფროსს.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების ბიუროში მიღებიდან 15 დღის ვადაში.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ პრობაციის ბიუროს უფროსს გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

7. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემას; იმ მუხლის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებას ხელს აწერს და სამსახურებრივი ბეჭდით ამოწმებს აღნიშნული საქმის განმხილველი პრობაციის ბიუროს უფროსი.

9. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იქნა გამოტანილი დადგენილება.

10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა დადგენილი წესით ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

11. დადგენილების ასლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

12. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევას ახორციელებს დადგენილების გამომტანი პრობაციის ბიუროს უფროსი.

14. ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას პრობაციის ბიუროს უფროსის დადგენილების საფუძველზე ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

15. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141

    მუხლი 14. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების დღეებთან მიმართებით შეღავათების დაწესების პირობები

1. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას პრობაციის ოფიცრის შუამდგომლობით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა.

3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ საპატიო მიზეზით გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება მოსაკრებლის გადახდა შემდეგი ოდენობით:

ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 500 ლარი;

ბ) ერთიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2000 ლარი;

გ) ექვსიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3000 ლარი.

4. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ მოსაკრებლის გადახდისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს შესაბამის ნებართვას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

    მუხლი 15. მოსაკრებლისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები

1. მსჯავრდებული მოსაკრებელსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.

2. არასრულწლოვნები, აგრეთვე ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილი მოსაკრებლისა და ჯარიმის გადახდისაგან.

3. მოსაკრებელი და ჯარიმა გადაიხდება ეროვნული ვალუტით, ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

თავი V. სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

    მუხლი 16. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი

1. სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად წარედგინება პრობაციის ბიუროს და მას საამისოდ უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში არეგისტრირებს სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.

2. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება:

ა) სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) სამართლებრივი აქტის პრობაციის ბიუროში შესვლის თარიღი (სააღსრულებო წარმოებაში მიღების თარიღი);

გ) სამართლებრივი აქტის სახე, მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს დასახელება, აქტის ძალაში შესვლის თარიღი;

დ) სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილის მოკლე შინაარსი;

ე) მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაო ადგილი ან სასწავლებელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება და იურიდიული მისამართი);

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზედაც მიღებული (გამოცემული) იქნა სამართლებრივი აქტი;

ზ) პრობაციის ოფიცერი, რომელსაც აღსასრულებლად გადაეცა სამართლებრივი აქტი, და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა;

თ) მონაცემები წარდგინებების შესახებ;

ი) სააღსრულებო წარმოების დამთავრების თარიღი.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

4. პრობაციის ოფიცერი აწარმოებს სათანადო ჟურნალს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

5. სამართლებრივი აქტის აღსრულების და პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს ახორციელებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

    მუხლი 17. აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე

1. თითოეული სამართლებრივი აქტის სააღსრულებო წარმოებაში მიღების შემდეგ იხსნება სააღსრულებო საქმე, რომლის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის რეგისტრაციის ნომერს.

2. სააღსრულებო საქმეში შეიტანება:

ა) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

ბ) მსჯავრდებულის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალში არსებული მონაცემები და მისი ფოტოსურათი;

გ) ოქმები პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

დ) სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინებების ასლები;

ე) პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე მოხსენებითი ბარათი სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის შესახებ;

ვ) პრობაციის ბიუროს უფროსის სასამართლოსადმი წარდგინების ასლი;

ზ) სამართლებრივი აქტით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათი შესრულების კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრობაციის ოფიცრის მიერ დაწესებული მოთხოვნები;

თ) სააღსრულებო წარმოების პროცესში შედგენილი სხვა დოკუმენტები.

    მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სამსახურს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე.

2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.

3. პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ აცნობებს აქტის მიმღებ სასამართლოს.

4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად გადაუგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.

5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.

6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს პრობაციის ოფიცერი აცნობს უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს.

7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

    მუხლი 19. ოქმი

1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი;

გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს;

დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ;

ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში.

    მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი წარდგინების მოთხოვნის შესახებ

თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის კანონით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;

ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;

გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;

დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სასამართლოსათვის შეტყობინების შესახებ;

ე) პრობაციის ოფიცრის პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.

    მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები

1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:

ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;

გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ;

დ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ;

ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ;

ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ;

ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ;

თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ;

ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319

    მუხლი 22. წარდგინება

1. სასამართლოსადმი პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესშიც წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა;

ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

დ) ცნობები იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი;

ე) წარდგინების შინაარსი.

2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი.

4. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის (იურიდიული პირის) პირადი საქმე. მისი ასლი რჩება პრობაციის ბიუროში.

    მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;

ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას;

ბ) სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება;

ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას;

გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.

7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:

ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით;

ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას;

გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება.

9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება.

10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 24. სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სამსახური.

2. პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნულ სამსახურს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციას, ანგარიშს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

თავი VI. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულება

    მუხლი 25. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

2. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებს და პირობებს, პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს განაჩენით, იგი დამსაქმებელ თანამდებობის პირს უგზავნის მოთხოვნას, გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას განაჩენში მითითებული საქმიანობა.

4. დამსაქმებელი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. თუ დამსაქმებელი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს.

    მუხლი 26. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.

2. დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია:

ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე;

ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან;

გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიუროს.

    მუხლი 27. იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე

1. გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა იმ ორგანოსთვის, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანო ვალდებულია განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულს ანიჭებდა გარკვეული საქმიანობის უფლებას, ჩამოართვას მას შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

თავი VII. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი

    მუხლი 28. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

1. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის თაობაზე აღნიშვნის უზრუნველსაყოფად.

2. თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

3. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს იურიდიული პირის მიერ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას.

4. თუ იურიდიული პირი თავს არიდებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას და აგრძელებს აკრძალულ საქმიანობას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

5. იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი აღსრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მათი გამოყენება იურიდიული პირის მიმართ.

თავი VIII. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება

    მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს უგზავნის მოთხოვნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ასეთი სახის შრომის ყოველდღიური ხანგრძლივობა.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში წერილობით აცნობოს პრობაციის ოფიცერს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის, ხანგრძლივობისა და მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს დამსაქმებლის დასახელება და მისამართი.

    მუხლი 30. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პირობები

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება განხორციელდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მსჯავრდებულის თავისუფალი დროის გათვალისწინებით.

2. მსჯავრდებულს თავისი სურვილით, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ იმუშაოს დასვენების დღეებში.

    მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებში, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას.

2. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განსაზღვროს და აცნობოს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის ახალი სამუშაო ადგილი.

    მუხლი 32. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელს იხდის მსჯავრდებული

1. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს დამსაქმებელი. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს დამსაქმებლის ჩანაწერების სისწორეს, მსჯავრდებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოს შესრულების შესახებ მონაცემები შეაქვს ოქმში.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროცესში ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულება და ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 33. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

1. პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წესებისა და პირობების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

      მუხლი 33 1 . საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ, აგრეთვე მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო სასჯელის მოხდის ადგილის უფლებამოსილ წარმომადგენელთან (ორგანოსთან) ერთად უზრუნველყოფს შესაბამისი აქტის შედგენას, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულის გამოცხადება სასჯელის მოხდის ადგილზე.

2. სასამართლო განსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსს, აგრეთვე სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს.

3. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისას შესრულებული სამუშაოს სახისა და მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს სასჯელის მოხდის ადგილის უფლებამოსილი წარმომადგენელი (ორგანო).

4. მსჯავრდებული სარგებლობს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული უფლებებით და ასრულებს იმავე კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრულ მოვალეობებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, სასჯელის მოხდის ადგილზე მისვლით აკონტროლებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის მდგომარეობის შეფასების შედეგები შეაქვს ოქმში.

6. მსჯავრდებულს კვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული მუდმივად იმყოფება სასჯელის მოხდის ადგილზე და სასჯელის მოხდის ადგილის ადმინისტრაცია არ არის უზრუნველყოფილი სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრებით.

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319

თავი IX. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულება

    მუხლი 34. სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულების წესი

1. გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.

2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას პრობაციის ბიურო დამსაქმებელს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის თაობაზე.

3. დამსაქმებლისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

    მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები

გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოდან გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 36. გამასწორებელი სამუშაოს ვადის გამოთვლა

1. გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.

2. გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.

    მუხლი 37. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს

1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

3. პრობაციის ბიურო შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ.

4. დასაქმების სამსახური ვალდებულია მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

5. სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს.

    მუხლი 38. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის ხელფასიდან დაქვითვის წესი

1. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ორგანოები.

2. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს, დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის ხელფასიდან დასაქვითი თანხის შემცირების თაობაზე.

    მუხლი 39. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა

თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს ან არღვევს აღნიშნული სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

თავი X. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების აღსრულების წესი

    მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში

1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში:

ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;

გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;

დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან.

2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს:

ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;

ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;

გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;

დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციის ეროვნულ სამსახურთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა.

    მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში.

    მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა მსჯავრდებულისათვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება

1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით, რომ ასეთი ქმედება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

2. თუ აღნიშნული მდგომარეობა არ გამოსწორდა ერთი კვირის ვადაში, აგრეთვე ორსული მსჯავრდებულის ფეხმძიმობის შეწყვეტის შემთხვევაში, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.

    მუხლი 43. პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის სასამართლოსათვის შეტყობინება

1. პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ ფაქტს ატყობინებს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმღებ სასამართლოს ან სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს;

ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზედაც დაეკისრა მოვალეობა მსჯავრდებულს;

გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას;

დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერას, რომლის შედეგადაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა, და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს;

ე) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერასა და ბეჭედს.

    მუხლი 44. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა

1. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობად მიიჩნევა:

ა) პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;

ბ) სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაზე უარის თქმა.

2. სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის საფუძველია:

ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არანაკლებ სამჯერ გამოუცხადებლობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან მისთვის თავის არიდება;

გ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით მიმართვის საფუძველი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ნებაყოფლობით გადაიხდიან ჯარიმას.

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 45. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის:

ა) პირობით მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას წელიწადში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ არასრულწლოვნებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არა უმეტეს კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება;

გ) იმ მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს, რომელთა სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადის განმავლობაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

    მუხლი 46. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 4.07.2001, მუხ. 76).

    მუხლი 47. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 19 ივნისი.

№4956–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141

2. საქართველოს 2008 წლის 31 ოქტომბრის კანონი №434 - სსმ I, №31, 12.11.2008 წ., მუხ.204

3. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319

37. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3990-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 36. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3513-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 35. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6957-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 34. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5754-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 33. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5390-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4329-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 31. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3130-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2398-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 29. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1223-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 28. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 954-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 757-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 26. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 186-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 25. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5016-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 24. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3713-IIს - ვებგვერდი, 24/06/2015 23. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3525-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 22. 25/12/2014 - საქართველოს კანონი - 2981-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 21. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2707-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 20. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2650-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 19. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2324-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 04/04/2014 - საქართველოს კანონი - 2184-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 17. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1781-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 16. 11/12/2013 - საქართველოს კანონი - 1730-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 15. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1470-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6504-Iს - ვებგვერდი, 02/07/2012 13. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6215-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 12. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6011-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 11. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5626-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 10. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5266-IIს - ვებგვერდი, 111124018, 24/11/2011 9. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4430-Iს - ვებგვერდი, 110322017, 22/03/2011 8. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4047-რს - სსმ, 75, 27/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2997 - სსმ, 24, 10/05/2010 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2698 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1933 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 964 - სსმ, 41, 30/12/2008 3. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 895 - სსმ, 41, 30/12/2008 2. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 434 - სსმ, 31, 12/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 225 - სსმ, 17, 28/07/2008