დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1330-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.05.001.102997 |
|
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ორგანოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და პირობებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის 81 მუხლის, 115 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა), 1113 მუხლისა (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა) და 1118 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებისა) მოქმედება. 4. სააგენტოში, მათ შორის, პრობაციის ბიუროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ საჯარო მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე). 5. მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 6. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შესაბამის ხელშეკრულებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. პირი სააგენტოში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 8. მოსამსახურეს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 9. სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი). 10. პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, რომლის ნიმუშსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი. 11. სააგენტო მოსამსახურეს უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოწმობით, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის გარანტიები 1. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 5. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პრობაციის ოფიცერი არის პრობაციის ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1 სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი მუხლი 11 1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები 1. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა. 2. ამ თავის მიზნებისთვის მოსამსახურე არის სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე. 3. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. მუხლი 11 2. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების (კომპეტენციის) ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამსახურებრივი/თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მისგან მიიღოს მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაცია; ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მსჯავრდებულისა და სხვა პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება და მითითება; ვ) დაიცვას ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემულ ქონებას; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირის პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ი) შესაბამისი რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს სააგენტოს მუშაობას და შელახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას და ის კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს; სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები. 4. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პასუხს აგებს პირადად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მის, სამინისტროს, სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 6. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) მსჯავრდებულთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (მათ შორის, გარიგების დადება და სხვა ურთიერთობა), რომელიც მის სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს არ განეკუთვნება; ე) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ვ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ზ) საჯარო მოხელის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება. 7. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. 8. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. მუხლი 11 3. პირის მოსამსახურედ მიღების წესი 1. მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; დ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება. 2. სააგენტოში დასაქმების მსურველ პირს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება. 3. მოსამსახურის კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. 4. სააგენტოში მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა). მუხლი 11 4. პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი 1. თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული; გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში; დ) მოსამსახურე – სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ იგი აკმაყოფილებს მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დასაკავებელი თანამდებობისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა. 3. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. დროებით მოვალეობის შემსრულებლად უკონკურსოდ დანიშნულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონის 117 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. მუხლი 11 5. პირის მოსამსახურედ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოსამსახურედ არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტს (გარდა მოსამსახურის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა); ი) პირი, რომელმაც ამ კანონის 113 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო; კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა, აგრეთვე პირი, რომელიც სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ. მუხლი 116. სააგენტოში სამსახურის ვადა 1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება უვადოდ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. მუხლი 117. გამოსაცდელი ვადა 1. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულების დაკისრება. 6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. მას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. მუხლი 118. კონკურსი 1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა. 2. მოსამსახურისთვის კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესებს ამტკიცებს, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიძლება ასევე გამოქვეყნდეს პრესის, ტელევიზიისა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით. მუხლი 119. სამსახურში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები სამსახურში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა. მუხლი 1110. მოსამსახურის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) მოსამსახურის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 1111. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტის გაუქმება სააგენტოს უფროსი ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს აღნიშნული მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნას. მუხლი 1112. მოსამსახურის ფიცი სამსახურში (სამუშაოდ) პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები!“. მუხლი 1113. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა 1. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის მიეცემა შრომის ანაზღაურება, მათ შორის: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო; ბ) დადგენილი წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებაში/სახელმწიფო დაწესებულებაში (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) სამსახური); გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო. 2. მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. მოსამსახურის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, მოსამსახურის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით. 3. მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 4. მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. 5. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. 6. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 7. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 8. მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 9. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 10. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი. 13. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას) ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. მუხლი 11 14. მოსამსახურის შვებულებები 1. მოსამსახურისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) ანაზღაურებისგარეშე; გ) სასწავლო; დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო. 2. მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით. 3. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. 4. თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე − სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა. 5. მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება. 6. მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს. 7. მოსამსახურეს უფლება აქვს, სააგენტოში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სააგენტოს ინტერესებს. 8. პროფესიული განვითარების მიზნით მოსამსახურეს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ მოსამსახურეს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება. 9. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 10. მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. 11. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ მოსამსახურეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები. მუხლი 11 15. მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო 1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება. 6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებით ბავშვის მოვლის გამო შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. მუხლი 1116. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა 1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე – დაწინაურების შემთხვევაში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) მოსამსახურის თანხმობით; გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. 2. მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს. 3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება. 4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მოსამსახურე მისი თანხმობით, თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს. 6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს მისი თანხმობით განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. მუხლი 1117. სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულება 1. სააგენტოს უფროსს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლება აქვს: ა) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები დააკისროს სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება გააუარესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ან უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს. 3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით. 4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებით დადგენილი ოდენობით. 5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 11 18. მოსამსახურის წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სიგელით დაჯილდოება; ე) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება; ვ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ზ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1120 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შემთხვევაში); ი) დაწინაურება. 2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე. 4. წახალისებული მოსამსახურე ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით. 5. მოსამსახურის წახალისების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 11 19. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. 2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სააგენტოსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და სააგენტოს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დარღვევა. 3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამსახურის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოს რეპუტაციას ან სააგენტოს სხვა მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად სააგენტოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. მუხლი 11 20. დისციპლინური სახდელები 1. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება. 2. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას. მუხლი 11 21. დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების ზოგადი წესი 1. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სააგენტოს უფროსი სააგენტოს შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე. 3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული. 4. მოსამსახურისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ გადაცდომის ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. 5. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. 6. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. 7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 8. მოსამსახურე დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში. 9. მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. 10. მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და დისციპლინური წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 11 22. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან და სამსახურის გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან. 2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოსამსახურის შვებულებაში ყოფნის დროს; ბ) მოსამსახურის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის დროს; დ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორების დროს; ე) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს; ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 3. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე მოსამსახურე ან/და სხვა პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა. 4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ფორმდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, დისციპლინური წარმოებისას მოსამსახურე სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს შეუჩერებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (თანამდებობიდან დროებით გადაყენება) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. 7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 11 23. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) გარდაცვალება. მუხლი 1124. სამსახურიდან გათავისუფლება 1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში (სამუშაოდ) მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო; დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს გაუქმების ან შტატების შემცირების გამო; ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; კ) პირადი განცხადების საფუძველზე; ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ნ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან სამსახურიდან გათავისუფლებულად ითვლება. 3. თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. 4. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 5. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად. 6. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები).“. 7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს უფლება აქვთ, გამოცხადდნენ საქართველოს ნებისმიერ პრობაციის ბიუროში. კანონით დადგენილი რეჟიმი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.“. მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა (შემდგომ − მინისტრი) 2026 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესები და ამ მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა; ბ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წახალისების წესი; გ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ეთიკის ნორმები და დისციპლინური წარმოების წესი; დ) პრობაციის ოფიცრისა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუში და გამოყენების წესი; ე) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ფორმა; ვ) სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი. 2. მინისტრმა 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1330-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები