„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3130-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 070030000.05.001.018919
3130-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
070030000.05.001.018919
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. მე-4 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით, რომელსაც მას წარუდგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პრობაციის ბიუროს ტიპურ დებულებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს  მინისტრი.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, მინისტრთან შეთანხმებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.“;

ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა შესაძლებელია მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების ხელშემწყობი სხვა საქმიანობაც.“.

5. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 72. კრიმინოლოგიური კვლევა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში

სამინისტრო ხელს უწყობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“.

6. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე (შემდგომ − მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე, რომელიც დასაქმებულია პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში.

2. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მისი კანონიერი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

3. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არის მოსამსახურე, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

5. ამ კანონის საფუძველზე მიღებული/დანიშნული პრობაციის ეროვნული სააგენტოს  მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან თანამდებობათა კლასიფიცირებას (რანგირებას) და კლასების მინიჭებას.

მუხლი 9. მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით, 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 103-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 104-ე და 105-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრობაციის ოფიცერი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრში (შემდგომ – მომზადების ცენტრი) გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის წესი

მუხლი 93. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის პრინციპები

1. მოსამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;

გ) გამჭვირვალობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა;

ვ) თანაზომიერება;

ზ) კომპეტენტურობა;

თ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.

2. მოსამსახურე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

მუხლი 94. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები

პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

მუხლი 95. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის, შესაბამისად სარგებლობს განსაზღვრული უფლებებით.

2. მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;

დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

ე) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით დაკისრებული მოვალეობები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;

გ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

დ) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;

ე) დაიცვას ამ კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

თ) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;

ი) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;

კ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;

ლ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობას, გამოიყენოს იგი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვა შეიძლება გახდეს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;

მ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

4. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

6. მოსამსახურე ვალდებულია ქვეყნის ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება.

8. მოსამსახურეს ეკრძალება სამორინეში, აზარტულ კლუბსა და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ შესვლა.

9. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ).

10. მოსამსახურე ვალდებულია სამინისტროს შესაბამის სამსახურს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს:

ა) მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (მათ შორის, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასთან);

ბ) იმ დარღვევის თაობაზე, რომელიც ჩადენილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში;

გ) იმ დარღვევის თაობაზე, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების გზით მოჰყვა სპეციალური უფლების ჩამორთმევა.

11. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (ოჯახის შექმნა, გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის, შესანახად), რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ საქმიანობას.

12. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესითა და სამუშაო აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

მუხლი 96. მოსამსახურის პროფესიული მომზადება და გადამზადება

მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს საჭიროებათა შესაბამისად ახორციელებს მომზადების ცენტრი.

მუხლი 97. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოსამსახურედ მიღების წესი

1. მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) მიაღწია 21 წელს;

გ) აქვს უმაღლესი განათლება;

დ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება.

2.  პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმების მსურველ პირს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი, როგორც წესი, არ მოეთხოვება.

3. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 98. მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

1. მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება:

ა) დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი;

ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული;

გ) მოსამსახურე − სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;

დ) მოსამსახურე – პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის წესით/სამსახურებრივი დაწინაურების წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული.

2. პირი დროებით მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით დასაკავებელ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.

მუხლი 99. შეზღუდვები პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოსამსახურედ მიღებისას

1. მოსამსახურედ არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

ზ) სხვა სამსახურიდან ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო გათავისუფლებული პირი;

თ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას ან/და მშობელს;

ი) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას შეიძლება დაინიშნოს მოსამსახურედ მინისტრის გადაწყვეტილებით ან უშუალოდ მისი თანხმობით პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ.

მუხლი 910. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის ვადა

1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

მუხლი 911. გამოსაცდელი ვადა

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება  შრომის საერთო სტაჟში.

მუხლი 912. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს შეიძლება მოეთხოვოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა.

მუხლი 913. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოსამსახურის მიღებისა და დანიშვნის გაფორმება

1. მოსამსახურის სამსახურში მიღება/თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურში მიღების/თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ან სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

მუხლი 914. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის გაუქმება

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურის თანამდებობაზე მიღების/დანიშვნის შესახებ, თუ მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს მის თანამდებობაზე მიღებას/დანიშვნას.

მუხლი 915. მოსამსახურის ფიცი

მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 916. კონკურსი

1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.

2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

3. კონკურსი ცხადდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.

4. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე პრესის, ტელევიზიისა და ოფიციალური ელექტრონული რესურსის მეშვეობით.

მუხლი 917. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

2.  შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

3. პირი სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

4. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მოსამსახურეს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

6. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

9. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

მუხლი 918. მოსამსახურის შვებულებები

1. მოსამსახურისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზედაც.

4. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

5. მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა უნდა შეთანხმდეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან.

6. კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით მოსამსახურეს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა.

7. მოსამსახურეს უფლება აქვს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინტერესებს.

8. შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.

9. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია შვებულების შეწყვეტა (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) და მოსამსახურის სამსახურის გასაგრძელებლად გამოძახება. გამოძახების შემთხვევაში მოსამსახურეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები. ამასთანავე, მას შვებულებიდან დარჩენილი დღეები იმავე წელს მიეცემა.

10. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეზე.

მუხლი 919. მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

4. მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი შვებულება.

5. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

6. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და  შრომითი გასამრჯელო შეუნარჩუნდება.

7. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.

მუხლი 920. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:

ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მუშაობს;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე:

ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;

გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:

გ.ა) მოსამსახურის თანხმობით;

გ.ბ) მოსამსახურის თანხმობით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს.

4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

მუხლი 921. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს/დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს თავისი/თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს ან უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას მოითხოვს.

3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.

4. მოსამსახურეს/მოსამსახურეებს, რომელიც/რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს/ასრულებენ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი/თავიანთი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა/ეძლევათ დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

მუხლი 922. მოსამსახურის წახალისების საფუძველი და ფორმები

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სიგელით დაჯილდოება;

ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება (სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიმართ);

ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ზ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 924 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შემთხვევაში);

თ) სამსახურებრივი დაწინაურება.

2. მოსამსახურის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. წახალისებული პირი ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა წახალისების ფორმით.

5. მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც.

მუხლი 923. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები

1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური სახდელი.

2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეპუტაციას ან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;

ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მუხლი 924. დისციპლინური სახდელის სახეები

დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება;

ე) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის.

მუხლი 925. დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და გამოყენების ზოგადი წესი

1. დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს.

2. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა.

3. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

4. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის არსებობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას.

5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის შეფარდება.

6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას დროებით ჩამოაშოროს სამსახურს. სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.

მუხლი 926. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება

1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა დროებით შეჩერდება:

ა) მოსამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა);

ბ) შვებულების დროს;

გ) მისი საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

დ) დროებითი შრომისუუნარობის დროს;

ე) დისციპლინური წარმოებისას, განსაკუთრებულ შემთხვევაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში ნასვამი გამოცხადდება, სამსახურს ჩამოაშორებს უშუალო უფროსი. მას არ ეძლევა თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან ჩამოშორების მთელი პერიოდისთვის.

4. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ფორმდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და სხვა კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 927. თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.

მუხლი 928. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სამსახურიდან გათავისუფლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი შემთხვევის მეორე დღიდან სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება.

მუხლი 929. სამსახურიდან გათავისუფლება და მისი საფუძვლები

1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს:

ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;

ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;

დ) სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;

ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

ვ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

ზ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების  გარეშე, თუ მან ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვია სამსახურებრივი ან/და დაკისრებული მოვალეობები;

თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

ი) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

ლ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

მ) პირადი განცხადების საფუძველზე;

ნ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;

ო) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

პ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ჟ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;

რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობა წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს.

4. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.

მუხლი 930. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

1. მოსამსახურე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 14 დღის ვადაში.

3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცნობილად ჩაითვლება ასევე მისი სამინისტროს ან მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში თვალსაჩინო ადგილზე ან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების შემთხვევაში, განთავსებიდან მე-7 დღეს.

მუხლი 931. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/ თანამდებობრივი გადაყვანა სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით

1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მის რეზერვში ჩარიცხვას.

3. სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურე შეიძლება მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – უფრო დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ამ კანონის 920 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 932. გათავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო

1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს ავადმყოფობის ან დასახიჩრების გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის მოქმედების პერიოდში.

3. იმ მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით გახდა დროებით შრომისუუნარო, შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებამდე და მას შეუნარჩუნდება თავისი თანამდებობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება გათავისუფლების შესახებ შესაბამის დოკუმენტში მითითებული დღიდან.

მუხლი 933. მოსამსახურის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ

1. მოსამსახურეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლების შესახებ მოსამსახურეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, მოსამსახურეს ეძლევა თანამდებობრივი სარგო ყოველი გადაცილებული დღისთვის.

მუხლი 934. სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია

1. სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

მუხლი 935. მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა

მოსამსახურე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს განაცხადებს ამ კანონით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე.“.

9. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.“.

10. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

12. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააღსრულებო საქმეში არსებული მასალების გაცნობის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

13. მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.“.

14. 211 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე;“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის კანდიდატურას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო.

5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 წარმომადგენელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 მოსამსახურეს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

15. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით,  მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სათანადო სახის დაზღვევით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

16. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისათვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს ან ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.“.

17. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან;

ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.“.

18. 448 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა;

ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები;

გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.“.

მუხლი 2

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობები და შრომის ანაზღაურება, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3130-რს