დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პატიმრობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2263 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 04/08/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.000.642 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/04/2005 - 23/06/2005)
საქართველოს კანონი
პატიმრობის შესახებ
კარი პირველი.
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრობასთან, როგორც სასჯელის ღონისძიების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პატიმრობის აღსრულების ორგანოთა სისტემას და სტრუქტურას, აღსრულების პრინციპებსა და წესებს, პატიმართა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
2. პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა შედგება ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
3. პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 2. სასჯელაღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
თავი II
სასჯელაღსრულების ორგანოების სისტემა
მუხლი 3. სასჯელაღსრულების ორგანოები
სასჯელაღსრულების ორგანოებია:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
მუხლი 4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი), წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ იუსტიციის სამინისტრო) გამგებლობაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში _ იუსტიციის მინისტრი).
3. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
4. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
5 (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 5. დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის თავმჯდომარე წელიწადში ორჯერ მაინც იუსტიციის მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 6. სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი სახეები
1. სასამართლოს განაჩენით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთას აღასრულებენ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებები.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებას საქართველოს ტერიტორიაზე ქმნის და აუქმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებებია:
ა) საერთო რეჟიმის დაწესებულება;
ბ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულება;
გ) საპყრობილე.
4. თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, ათავსებენ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებას და შინაგანაწესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
მუხლი 7. სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი
სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 8. სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვა
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვას ახორციელებს სპეციალური დაცვის სამსახური. სამსახურის დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და მისი შინაგანაწესი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად. გაძლიერებული დაცვის ჯგუფის შექმნის წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
4. დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან სხვა სახის ტექნიკური კონტროლის საშუალებები დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს მსჯავრდებულები დაცვისა და კონტროლის ამ საშუალებების გამოყენების თაობაზე.
მუხლი 9. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხორციელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომელთა ამოცანაა დაწესებულების მოსამსახურეების და სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და გახსნა; სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება; დადგენილი წესით იმ მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ დაწესებულებიდან; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა - გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობას ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური, კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1351-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.123
მუხლი 10. ზედამხედველობა სასჯელის მოხდაზე
ზედამხედველობას სასჯელის მოხდაზე ახორციელებს პროკურატურა.
თავი III
სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურეები, მათი სახელმწიფო დაცვა, სოციალური გარანტიები და პასუხისმგებლობა
მუხლი 11. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურეები
1. სასჯელაღსრულების ორგანოს მოსამსახურე (შემდგომში _ მოსამსახურე) არის საჯარო მოსამსახურე.
2. მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
21. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
22. მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის მოსამსახურეთა დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება გადასცეს დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
3. მოსამსახურეთა ატესტაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ატესტაციის წესს და პირობებს ადგენს იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 12. მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად.
2. მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის კანონიერი მოქმედებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურეს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები. ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების ტარების და გამოყენების წესს ადგენს კანონი.
მუხლი 13. სამუშაო დრო და ანაზღაურება
მოსამსახურის სამუშაო და დასვენების დრო, აგრეთვე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. სამსახურებრივი ფორმა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ ფორმას.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 15. მოსამსახურისათვის პენსიის დანიშვნა
მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 16. მოსამსახურის შვებულება
1. მოსამსახურის ყოველწლიური ძირითადი შვებულების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
2. მოსამსახურეს სამსახურებრივი სტაჟის გათვალისწინებით ეძლევა დამატებითი შვებულება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 17. სოციალური გარანტიები
1. მოსამსახურე ექვემდებარება სახელმწიფო დაზღვევას.
2. მოსამსახურეებზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც განსაზღვრულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კარი მეორე
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და მოხდა
თავი IV
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება
მუხლი 18. სასჯელის აღსრულების ადგილი
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულები, როგორც წესი, სასჯელს იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
მუხლი 19. თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა
თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს განსაზღვრავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 20. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება არა უგვიანეს 10 დღისა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ასლის საპყრობილის ადმინისტრაციის მიერ მიღების დღიდან. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესს და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
2. მსჯავრდებული, რომელსაც მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით, მისივე წერილობითი თანხმობით, დადგენილი წესით, შეიძლება დატოვებულ იქნეს საპყრობილეში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მისი გადაადგილების წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
3. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის საპყრობილეში დატოვება ფორმდება სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 21. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღების წესი
1. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.
3. მსჯავრდებულს წერილობითი ფორმით უნდა გააცნონ მისი უფლებები და მისდამი მოსამსახურეების მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.
4. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებები, წესები და მოთხოვნები მიეწოდება მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
მუხლი 22. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცალკე ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვანებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ) უვადო თავისუფლებააღკვეთილებს.
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით ათავსებენ შიდსით და სხვა არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
3. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1891-სსმI, №3, 17.01.2003 წ., მუხ.17
მუხლი 23. სასჯელის მოხდა
1. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული სასჯელის მთელ ვადას, როგორც წესი, იხდის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2. მსჯავრდებულის გადაყვანა იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ყოფნა მოცემულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია განსაკუთრებულ გარემოებათა გამო.
3. მსჯავრდებულის გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
თავი V
თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 24. სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნის რეჟიმმა (შემდგომში _ რეჟიმი) ხელი უნდა შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გამოსწორებას.
2. რეჟიმის ძირითადი პირობებია:
ა) მსჯავრდებულთა იზოლაცია;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ მუდმივი ზედამხედველობა;
გ) მსჯავრდებულთათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე კონტროლი;
დ) მსჯავრდებულთათვის მინიჭებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ე) მსჯავრდებულთა და მათი მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დაცვა;
ვ) მსჯავრდებულთა განცალკევება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) მსჯავრდებულთათვის რეჟიმის შეცვლა კანონით დადგენილი წესით;
თ) მსჯავრდებულთა მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელება.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ყოფნა რეგლამენტირებულია შინაგანაწესით.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შინაგანაწესის დაცვის მიზნით დასაშვებია მსჯავრდებულთა და მათი მოთავსების ადგილის შემოწმება.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოახდინოს იმ პირთა ნივთებისა და ტანსაცმლის გასინჯვა, რომლებიც შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.
6. იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულს, განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულება. ფული ან სხვა ფასეულობანი მსჯავრდებულს ჩამოერთმევა და გადაეცემა შესანახად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას. ფულის ან სხვა ფასეულობათა ჩამორთმევა ხდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 25. მსჯავრდებულისათვის რეჟიმის პირობების შეცვლა
1. მსჯავრდებულს, მისი ქცევისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეიძლება შეეცვალოს რეჟიმის პირობები, როგორც ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე სხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით.
2. პირობების შეცვლა ერთი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების ფარგლებში შეიძლება მოხდეს ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
3. მსჯავრდებულის გადაყვანა რეჟიმის შეცვლით ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
თავი VI
მსჯავრდებულის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 26. მსჯავრდებულის უფლებები
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) უზრუნველყოფილი იყოს:
ა. ა) საცხოვრებელი სადგომით, კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით;
ა. ბ) სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით;
ა. გ) დამცველთან შეუზღუდავი შეხვედრით;
ა.დ) სატელეფონო საუბრებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციის კონტროლით, აგრეთვე მიმოწერით;
ა.ე) ბანდეროლების, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით ადმინისტრაციის კონტროლით;
ბ) შეიტანოს საჩივარი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედებაზე;
გ) მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები;
დ) მიიღოს მონაწილეობა კულტურულ-აღმზრდელობით ან რელიგიურ ღონისძიებაში, ისარგებლოს შესაბამისი ინვენტარითა და ლიტერატურით;
ე) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ხელსაწყოები;
ვ) მოსთხოვოს დაწესებულების ადმინისტრაციას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის განცხადება.
მუხლი 27. მსჯავრდებულის მოვალეობა
1. მსჯავრდებულს ევალება:
ა) დაიცვას სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესი და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნა;
ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი სადგომი;
გ) იმუშაოს ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე ამ კანონითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი პირობებით.
2. განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ადმინისტრაციამ შეიძლება მსჯავრდებულს დააკისროს დამატებითი მოვალეობები. აკრძალულია მსჯავრდებულისათვის ისეთი მოვალეობების დაკისრება, რომელიც ამკაცრებს დაწესებული რეჟიმის პირობებს, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
თავი VII
მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური და აღმზრდელობითი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება
მუხლი 28. აღმზრდელობითი ზემოქმედების ღონისძიებანი
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია იყენებს შესაბამის სასწავლო, აღმზრდელობით და სოციალურ პროგრამებსა და მსჯავრდებულთა ინიციატივის წახალისებას გათავისუფლების შემდეგ მათ მიერ სოციალურად დადებითი საქმიანობის განსახორციელებლად.
მუხლი 29. მსჯავრდებულის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის
1. ადმინისტრაციას შეუძლია წაახალისოს მსჯავრდებული კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის. წახალისების წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
2. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე ან ხანგრძლივი პაემანი;
დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მკაცრი რეჟიმის საკნის ტიპის სადგომიდან ამავე დაწესებულების ჩვეულებრივ საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა;
ე) მკაცრი რეჟიმის საერთო რეჟიმით შეცვლაზე წარდგენა;
ვ) დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე წარდგენა.
მუხლი 30. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს, თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
2. დისციპლინური ზომების გამოყენების უფლება აქვთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორსა და მის მოადგილეს.
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის რამდენიმე დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
4. მსჯავრდებულს უნდა განუმარტონ, თუ მისი რომელი ქმედება და რატომ იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად და ჩამოართვან შესაბამისი ახსნა-განმარტება.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.
6. დისციპლინური სასჯელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) ხანმოკლე ან ხანგრძლივი პაემნის აკრძალვა;
დ) კარცერში მოთავსება ვადით ოც დღემდე, ხოლო აღმზრდელობით დაწესებულებაში _ ვადით ათ დღემდე;
ე) ამანათის, ბანდეროლის და გზავნილის მიღების აკრძალვა;
ვ) საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა ვადით ექვს თვემდე;
ზ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულების სამარტოო საკანში გადაყვანა ვადით ერთ წლამდე.
7. ქალებისათვის, დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის, საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა ხდება ვადით სამ თვემდე.
8. მსჯავრდებულის გადაყვანა კარცერში უნდა მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესით.
9. დისციპლინურ სასჯელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სასჯელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას.
10. დისციპლინური სასჯელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
11. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ან სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომები.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
მუხლი 31. მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულების არქივში. პირად საქმეზე დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და არქივში მისი შენახვის ვადას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
2. პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მსჯავრდებულის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე შრომისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
3. პირადი საქმის შევსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი და პროკურორი.
4. მსჯავრდებულის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პირადი საქმე უნდა გადაეგზავნოს ამ დაწესებულებას.
5. მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
თავი VIII
მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები
მუხლი 32. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების ნორმატივები
სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის სწორად განხორციელების უზრუნველსაყოფად ცალკეული რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების ზღვრული ნორმატივები განისაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით, დაწესებულების შესაძლებლობათა გათვალისწინებით.
მუხლი 33. მსჯავრდებულის ცხოვრების პირობები
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2 კვ. მ-ზე, საპყრობილეში 2,5 კვ.მ-ზე, ქალთა დაწესებულებაში 3 კვ.მ-ზე, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 3,5 კვ.მ-ზე, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში _ 3 კვ.მ-ზე ნაკლები.
3. კვების ნორმები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ხანდაზმულებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.
4. საცხოვრებელ სადგომს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 34. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა
1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. კვირაში ერთხელ მაინც მსჯავრდებული უზრუნველყოფილ უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციას ეკრძალება მოითხოვოს მსჯავრდებულისაგან თმების მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
მუხლი 35. მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული
1. თუ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
2. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. თეთრეულის გამოცვლის პერიოდი უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის მოთხოვნებს.
მუხლი 36. მსჯავრდებულის კვების ორგანიზაცია
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები მიიღოს ამანათებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ნებართვით, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.
თავი IX
მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება
მუხლი 37. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია
სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ნაწილს. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონე არ უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვის საერთო სისტემის დონეზე ნაკლები. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-11-17 მუხლებით განსაზღვრული წესები.
მუხლი 38. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლისთანავე მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.
2. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც. დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
მუხლი 39. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალთა ყოფნის განსაკუთრებული პირობები
1. საჭიროების შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ფეხმძიმე ქალებისათვის და ბავშვებისათვის (ბავშვთა ბაგა-ბაღი). დედის შუამდგომლობით, მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიძლება დედისა და სამ წლამდე ასაკის ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულება დედას აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან, თუ ეს ხელს არ შეუშლის მათ ნორმალურ აღზრდასა და არ იქონიებს მათზე ცუდ გავლენას.
მუხლი 40. მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც არანაკლებ ასი მსჯავრდებული იმყოფება, უნდა მოეწყოს სტაციონარული სამკურნალო პუნქტი სადღეღამისო სამედიცინო დახმარების გასაწევად.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ასზე ნაკლები მსჯავრდებულია, უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი, სადაც სამედიცინო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს შესაბამის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან ხელშეკრულების საფუძველზე.
3. თუ მსჯავრდებულის, მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს სამკურნალო პუნქტში ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო ქვედანაყოფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ დაწესებულების ადმინისტრაცია
მუხლი 41. სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ, რომელსაც არ გააჩნია სტაციონარული-სამკურნალო პუნქტი ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან არა აქვს დადებული ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურებაზე, ვალდებულია აიყვანოს ექიმი, რომელიც დაწესებულებას მოემსახურება ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ექიმი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება დაწესებულებას, ვალდებულია განახორციელოს მუდმივი კონტროლი მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე, უმკურნალოს მათ შესაძლებლობის ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.
3. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და რომელიმე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
მუხლი 42. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო კონტროლი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო სამსახური ან ექიმი წერილობით აცნობებს დაწესებულების ადმინისტრაციას.
3. თუ დაწესებულების ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს დეპარტამენტის ადმინისტრაციას. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს სამედიცინო სამსახურის ან ექიმის წერილი.
მუხლი 43. მსჯავრდებულის საერთო ფიზიკური მდგომარეობისათვის ხელის შეწყობა
მსჯავრდებულს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
თავი X
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განათლება და პროფესიული სწავლება
მუხლი 44. მსჯავრდებულთა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება
სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება. ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა, ევროპული პენიტენციური წესები. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებში, რომელთა შექმნაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობაა.
მუხლი 45. ზოგადი განათლება
1. მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლების მიცემა სავალდებულოა. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას.
3. მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.
მუხლი 46. პროფესიული განათლება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა შეიქმნას პირობები მსჯავრდებულთა პროფესიული დონის ასამაღლებლად.
2. პროფესიული სწავლება ნებაყოფლობითია იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც გააჩნიათ რაიმე სპეციალობა, აგრეთვე არასრულწლოვან და იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ.
3. მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირობებშია შესაძლებელი.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უფლება აქვს ნება დართოს მსჯავრდებულს ექსტერნად ისწავლოს საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.
5. მსჯავრდებულის ექსტერნად სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთახმებით.
თავი XI
ახლობლებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის სახეები
მუხლი 47. ახლობლებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის ზოგადი პრინციპები
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ხელს უწყობს მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახთან, ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან.
2. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
მუხლი 48. შეხვედრა ნათესავებთან და სხვა პირებთან
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და სხვა პირებს. მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს.
2. მსჯავრდებულთან ხანგრძლივი შეხვედრის უფლება შეიძლება მიეცეთ მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას და ძმას, აგრეთვე იმათ, ვისთანაც ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში.
3. ხანმოკლე შეხვედრის უფლება ეძლევათ ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სხვა პირებს. ხანმოკლე შეხვედრა ეწყობა სამ საათამდე ხანგრძლივობით.
4. ხანგრძლივი შეხვედრა წარმოადგენს ერთიდან სამ დღემდე ვადით ერთად ცხოვრებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სადგომში, ადმინისტრაციის დაუსწრებლად.
5. საერთო რეჟიმის პირობებში ხანმოკლე შეხვედრის დროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულო არ არის.
6. ხანგრძლივი შეხვედრა არ ეძლევათ მსჯავრდებულებს, რომლებიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან.
7. ყველა მსჯავრდებულს აქვს დამცველთან შეხვედრის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დამცველთან შეხვედრა ხდება ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ აკვირდებოდნენ შეხვედრას ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.
მუხლი 49. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ გასვლის უფლება, თუ ეს აუცილებელია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის მიხედვით. დაწესებულების გარეთ გასვლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია მისცეს უფლება მსჯავრდებულს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების დროს, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა მსჯავრდებულს ან მის ოჯახს. ახლო ნათესავების წრე განსაზღვრულია ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
3. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის ადგილამდე მგზავრობის დროც.
4. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა აღმზრდელობითი, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, დირექტორის წარდგინებით, პროკურორის თანხმობით, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას.
6. მსჯავრდებულის გარეთ გასვლის ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით.
7. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 50. მიმოწერა და სატელეფონო საუბარი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, დადგენილი წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით ისარგებლოს საერთო სარგებლობის ტელეფონით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ამისი ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია.
2. მიმოწერა და სატელეფონო საუბრები ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯზე.
3. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების დანიშნულებისამებრ ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას აწარმოებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია.
მუხლი 51. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გაცნობის შესაძლებლობა.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება რადიოსა და ტელევიზიის ტრანსლაცია. მსჯავრდებულთათვის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეო- ან აუდიო მაგნიტოფონი, საბეჭდი საშუალება, თუ მათი გამოყენება არ არღვევს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ხარჯებს (ელექტროენერგიისა და სხვა) იხდის მსჯავრდებული.
3. მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური, მხატვრული ლიტერატურა, გაზეთები და ჟურნალები.
მუხლი 52. სპეციალური ნებართვის გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
დ) საქართველოს პარლამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) სახალხო დამცველი;
ვ) საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
თავი XII
მსჯავრდებულთა შრომა
მუხლი 53. შრომისადმი დამოკიდებულების საერთო მოთხოვნები
1. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულთა შრომაში ჩაბმა, როგორც წესი, ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოირჩიოს ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან მისთვის შესაფერისი სამუშაო.
4. აკრძალულია მსჯავრდებულის იძულება შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.
მუხლი 54. მსჯავრდებულის მუშაობის პირობები
1. მსჯავრდებულის მუშაობის პირობები უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. არასრულწლოვანი მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთან სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.
3. მსჯავრდებულს შეიძლება დაევალოს ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა გამოსასვლელ ან უქმე დღეებში მხოლოდ მისივე თანხმობით. ამასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში რვა საათს.
4. ადმინისტრაციის ინიციატივით, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მსჯავრდებულთა შრომის გამოყენება სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ (მსჯავრდებულის თანხმობით, ზედამხედველობის ან მის გარეშე, თუ ეს ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების მიზნების განხორციელებას) სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის აცილების თუ ლიკვიდაციის დროს ან მათი შედეგების აღმოსაფხვრელად, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობისათვის.
მუხლი 55. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება
1. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
2. მსჯავრდებულის ხელფასის 15 პროცენტი გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, 50 პროცენტი მიეცემა მსჯავრდებულს პირადი ხარჯებისათვის, 10 პროცენტი დაირიცხება სასჯელაღსრულების დაწესებულების შესანახი ხარჯების ანაზღაურებისათვის, რომლის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 25 პროცენტი დაიქვითება აღმასრულებელი ფურცლებით ან აღმასრულებელი დოკუმენტებით კანონით დადგენილი წესით. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის გადასახდელი ალიმენტები გამოიანგარიშება მსჯავრდებულის მიერ გამომუშავებული მთელი თანხიდან.
3. თუ მსჯავრდებულს თანხა არ დაექვითება აღმასრულებელი ფურცლით ან აღმასრულებელი დოკუმენტით, თანხის 75 პროცენტი ინახება მსჯავრდებულის ანგარიშზე (დეპოზიტზე) და მიეცემა მას გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ოჯახის წევრებს ან სხვა პირებს.
მუხლი 56. შრომის დაცვა
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ კანონითა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვის წესები. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები.
2. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის დროს საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკარგა შრომისუნარიანობა, სასჯელისაგან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს პენსია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით.
თავი XIII
სოციალური სამსახური
მუხლი 57. სოციალური სამსახურის მიზანი
1. სოციალური სამსახურის მიზანია დახმარება გაუწიოს მსჯავრდებულებს შეინარჩუნონ და დაამყარონ საზოგადოებასთან სოციალურად, სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული კონტაქტები, გადაჭრან პირადი თუ ოჯახური პრობლემები. სამსახური ხელს უწყობს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლებას, მათ ურთიერთობას საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების პირობების მოწყობაში.
2. სოციალური სამსახური ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებს.
მუხლი 58. სოციალური სამსახურის მუშაკი
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სოციალურ საკითხებს აწესრიგებს სოციალური სამსახურის მუშაკი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.
2. ზემოთ აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო უმაღლესი სპეციალური განათლება.
3. სოციალური სამსახურის მუშაკზე ვრცელდება სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისათვის დადგენილი ყველა გარანტია და შეღავათი.
მუხლი 59. სოციალური უზრუნველყოფა მსჯავრდებულის მიღებისას და გათავისუფლებისას
1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებისას მსჯავრდებულს კონსულტაციას უტარებენ სამართლებრივ საკითხებზე.
2. მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში მას გაეწევა დახმარება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების მოწესრიგებასთან, ასევე სათანადო დოკუმენტების გაფორმებასთან. მსჯავრდებულს ეცნობება, რომ მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს დახმარება საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში.
3. მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, რომ მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა მსჯავრდებული.
მუხლი 60. ზედამხედველი ორგანო
1. მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ გზავნის ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში მისი ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან მას არ სურს დაუბრუნდეს ყოფილ საცხოვრებელ ადგილს, სოციალური სამსახურის მუშაკი მსჯავრდებულის სურვილის გათვალისწინებით ინფორმაციას უგზავნის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 61. სარეაბილიტაციო ცენტრი
მსჯავრდებულთა ადაპტაციისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან იქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელთა დებულებასაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
თავი XIV
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება და გათავისუფლება
მუხლი 62. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების დოკუმენტები
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებუ-ლის მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს განაჩენი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 63. მსჯავრდებულთა რეესტრი
1. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიგზავნება ამ კანონის 62-ე მუხლის შესაბამისად, აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება, ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური რუკა, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით და ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 64. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება
მსჯავრდებულთა განთავსება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 65. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) მძიმე ან განუკურნებელი დაავადების შემთხვევაში;
გ) პირობით ვადამდე ადრე;
დ) კანონით დადგენილი წესით განაჩენის შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით.
ვ) ხანდაზმულობის ასაკის მიღწევის გამო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს საჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხი წყდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
მუხლი 66. გათავისუფლების საერთო წესი
1. გასათავისუფლებელი მსჯავრდებული ამ კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების წინა დღის პირველ ნახევარში. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. მას მიეცემა ცნობა გათავისუფლების შესახებ.
2. გათავისუფლებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომელიც ინახებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაში. თუ გათავისუფლებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება წლის დროს, მას შესაფერის ტანსაცმელს ანაზღაურების გარეშე აძლევს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციია.
3. მსჯავრდებულს დეპოზიტზე დაგროვილი თანხა გადაეცემა გათავისუფლებისას. თუ თანხა უმუშევრობისათვის დაწესებულ შემწეობაზე ნაკლებია, გათავისუფლებულს ეძლევა ერთდროული დახმარება, მაგრამ არა უმეტეს ამ შემწეობისა.
მუხლი 67. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება
1. მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის, აგრეთვე ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან) მსჯავრდებული პირის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ მიმართავს სასამართლოს.
2. ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა, შრომისადმი დამოკიდებულება, ოჯახური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
მუხლი 68. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარუდგინოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მასალები, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს.
2. ამ მასალების წარდგენისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური პირობები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოხდილი სასჯელი და სხვა გარემოებანი, რომლებიც დადებითად ახასიათებენ მსჯავრდებულს.
3. წარდგინება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ სასამართლოში შეაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს. წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.
თავი XV
სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმი
მუხლი 69. ტუსაღობის აღსრულება
ტუსაღობა აღსრულდება სასამართლოს განაჩენით საპყრობილეში საამისოდ გამოყოფილ განყოფილებაში.
მუხლი 70. ტუსაღობის აღსრულების საერთო პირობები
1. ტუსაღობის აღსრულება ხდება საერთო წესით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ტუსაღი იმყოფება სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკანში, სადაც შესაძლებელია ვიზუალური და ელექტრონული დაკვირვება მსჯავრდებულზე;
ბ) ტუსაღის სხვა რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია;
გ) ტუსაღს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით.
2. ტუსაღობის აღსრულების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 71. ტუსაღის პაემანი
1. ტუსაღს უფლება აქვს თვეში ორჯერ შეხვდეს ოჯახის წევრებს და სხვა პირებს, საპყრობილის თანამშრომლის ვიზუალური ზედამხედველობით, მოსმენის გარეშე.
2. პაემანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ საათს. შეხვედრის წესი განისაზღვრება საპყრობილის შინაგანაწესით.
მუხლი 72. ტუსაღის ხანმოკლე გათავისუფლება
საპყრობილის დირექტორს შეუძლია გაათავისუფლოს ტუსაღი სამ დღემდე ვადით ამ კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 73. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
1. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, მსჯავრდებულია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალებს _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას.
2. საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთ დააბინავებენ საერთო საცხოვრებელში, თუ შინაგანაწესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს:
ა) თავისუფლად იაროს ამ დაწესებულების ტერიტორიაზე მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით;
ბ) იქონიოს ყოველთვიურად ხუთი ხანმოკლე და ყოველწლიურად ხუთი ხანგრძლივი პაემანი;
გ) კარგი ყოფაქცევისა და შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში იქონიოს დამატებით ერთი ხანგრძლივი და სამი ხანმოკლე პაემანი.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
მუხლი 74. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
1. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ მსჯავრდებული წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს.
2. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთ ათავსებენ საერთო საცხოვრებელში, თუ შინაგანაწესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს:
ა) თავისუფლად იაროს ამ დაწესებულების ტერიტორიაზე მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით;
ბ) იქონიოს თვეში ოთხი ხანმოკლე და წლის განმავლობაში სამი ხანგრძლივი პაემანი;
გ) კარგი ყოფაქცევისა და შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში იქონიოს წლის განმავლობაში დამატებით ერთი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო თუ ახლო ნათესავები არა ჰყავს - ორი ხანმოკლე პაემანი.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333-სსმI, №20, 31.05.200წ., მუხ.51
მუხლი 75. მსჯავრდებულნი, რომლებიც სასჯელს იხდიან საპყრობილეში
1. საპყრობილეში სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეკისრება პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით; განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას, თუ სასამართლოს განაჩენით დანიშნული აქვს სასჯელის ვადის ნაწილის მოხდა საპყრობილეში მოთავსებით; მსჯავრდებულს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გადმოყვანილია სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებიდან რეჟიმის მოთხოვნისაგან არაერთგზის თავის არიდებისათვის.
2. საპყრობილეში სასჯელს იხდიან აგრეთვე მსჯავრდებულები, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით სამეურნეო მომსახურებისათვის არიან იქ დატოვებულნი.
3. დასაშვებია საპყრობილეში იმ მსჯავრდებულთა მოთავსება, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, მაგრამ დატოვებულნი ან გადმოყვანილნი არიან საპყრობილეში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადით.
4. დასაშვებია არა უმეტეს ათი დღით საპყრობილეში დროებით მოთავსება იმ მსჯავრდებულებისა, რომლებიც გადაყვანილნი არიან თავისუფლების აღკვეთის ერთი ადგილიდან მეორეში.
5. საპყრობილის რეჟიმი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
მუხლი 76. საპყრობილეში მოთავსების პირობები
1. მსჯავრდებულნი საპყრობილეში იმყოფებიან საერთო საკნებში. აუცილებელ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით და პროკურორის თანხმობით, მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სამარტოო საკანში.
2. მსჯავრდებულთა საკანში განაწილება ხდება ამ კანონითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
მუხლი 77. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ყოფნის თავისებურებანი
1. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს ამყოფებენ სადღეღამისო დაკავების საკანში, სადაც შესაძლებელია მუდმივი ვიზუალური კონტროლი
2. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს უფლება აქვს იქონიოს წელიწადში ორი ხანმოკლე და ორი ხანგრძლივი პაემანი საპყრობილის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სადგომში.
3. რეჟიმისა და შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს შეიძლება დისციპლინური სასჯელის სახით განესაზღვროს:
ა) საყვედური;
ბ) პაემნის აკრძალვა;
გ) საფოსტო გზავნილების მიღების და გაგზავნის აკრძალვა;
დ) კარცერში მოთავსება ვადით სამიდან ოც დღემდე.
4. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს ეკრძალება ურთიერთობა ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან.
საქართველოს 2000 წლის 24 ნოემბრის კანონი №622-სსმI, №46, 11.12.2000წ., მუხ.129
მუხლი 78. საპყრობილის რეჟიმის სახეები
1. საპყრობილეში წესდება რეჟიმის სამი სახე:
ა) ტუსაღობა;
ბ) საერთო;
გ) მკაცრი.
2. აკრძალულია ურთიერთობა მსჯავრდებულებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში იმყოფებიან.
3. თითოეული რეჟიმის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 79. საპყრობილის საერთო რეჟიმი
1. საპყრობილის საერთო რეჟიმში იმყოფებიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც პირველად არიან მსჯავრდებულნი საპყრობილეში მოთავსებით და რომლებიც საპყრობილის მკაცრ რეჟიმში იმყოფებოდნენ და ამ კანონის შესაბამისად გადმოიყვანეს საერთო რეჟიმში.
2. საპყრობილის საერთო რეჟიმის საკნებში არ შეიძლება იმყოფებოდეს ოთხ მსჯავრდებულზე მეტი.
3. საკნები აღჭურვილი უნდა იყოს მსჯავრდებულებზე ვიზუალური დაკვირვების საშუალებებით.
4. საპყრობილის საერთო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) წლის განმავლობაში იქონიოს ოთხი ხანმოკლე და ორი ხანგრძლივი პაემანი;
ბ) ისარგებლოს ყოველდღიური ორსაათიანი გასეირნებით.
მუხლი 80. საპყრობილის მკაცრი რეჟიმი
1. საპყრობილის მკაცრ რეჟიმში იმყოფებიან ის პირები, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ან რომლებსაც მიესაჯათ პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩადენილი დანაშაულისათვის, პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანილი იქნენ სასჯელის მოსახდელად ამ კანონით დადგენილი წესით.
2. მკაცრი რეჟიმის საკანი წარმოადგენს სადგომს ერთი ან ორი მსჯავრდებულისათვის, სადაც შეიძლება მათზე ვიზუალური დაკვირვება.
3. მკაცრი რეჟიმის პირობებში მსჯავრდებულნი ასრულებენ მხოლოდ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ საჭიროებს საკნიდან გამოსვლას.
4. მკაცრ რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ:
ა) წლის განმავლობაში იქონიონ სამი ხანმოკლე და ერთი ხანგრძლივი პაემანი ადმინისტრაციის მეთვალყურეობით;
ბ) ისარგებლონ ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნებით.
მუხლი 81. საპყრობილის რეჟიმის დანიშვნა და შეცვლა
1. საპყრობილის რეჟიმის სახეობის დანიშვნა ან მისი შეცვლა ხდება სასამართლოს მიერ, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით.
2. შუამდგომლობაში აღინიშნება რეჟიმის დანიშვნის ან შეცვლის შესახებ მისაღები გადაწყვეტილების საფუძველი. თუ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს მკაცრი რეჟიმი, შუამდგომლობაში მიეთითება მისი ვადა.
3. მსჯავრდებულის ვადამდე გადაყვანა მკაცრი რეჟიმიდან საერთო რეჟიმზე შეიძლება მხოლოდ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას.
4. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმზე, მაგრამ არღვევს სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესს, იგი შეიძლება დაბრუნებული იქნეს მკაცრ რეჟიმში.
თავი XVI
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
მუხლი 82. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსების საერთო პირობები
თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს, რომელთაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, მოათავსებენ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
მუხლი 83. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
1. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელს იხდიან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანები, ამასთან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს ათავსებენ სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით.
2. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება იყოფა დახურულ, ნახევრად ღია და ღია რეჟიმის ბლოკებად. შესაბამის რეჟიმს, რომელშიც არასრულწლოვანმა სასჯელი უნდა მოიხადოს, ადგენს ადმინისტრაცია კლასიფიკაციის ცენტრის დასკვნის საფუძველზე.
3. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სხვა პრინციპები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად იქონიოს ხანმოკლე პაემანი და ყოველთვიური ხანგრძლივი პაემანი ახლო ნათესავებთან.
5. კარგი ყოფაქცევისა და სწავლის შემთხვევაში, სასჯელის ვადის ერთი მეოთხედის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის პატიმრობის პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში მას ნება ეძლევა იქონიოს წელიწადში დამატებით ორი ხანგრძლივი პაემანი.
მუხლი 84. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულებიდან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა
1. ჩადენილი დანაშაულის საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი ქცევის გათვალისწინებით თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის შეიძლება გადაყვანილ იქნეს საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში.
2. თვრამეტი წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული შეიძლება დატოვებულ იქნეს არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სასჯელის ვადის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს ოცი წლის ასაკის მიღწევისა. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში დატოვების შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება ამ დაწესებულების რეჟიმი. დატოვების საკითხი წყდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
თავი XVII
ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
მუხლი 85. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ადგილი
1.ბრალდებულს, რომელიც დაპატიმრებულია (შემდგომში _ პატიმარი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ამყოფებენ საპყრობილის სპეციალურ საპატიმრო განყოფილებაში.
2. თუ პატიმარმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ სასამართლოს განაჩენი, გასაჩივრებიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 10 დღისა პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაჰყავთ იმ რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (გარდა საპყრობილისა) და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მსჯავრდებულთაგან სრულ იზოლაციაში, რომელშიც თავისუფლების აღკვეთის მოხდასაც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რის თაობაზეც ეცნობება პროკურორს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ საჩივრდება, გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარზე ვრცელდება ამ კანონით მისთვის დადგენილი პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები, მიუხედავად იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმისა, სადაც მოთავსებულია პატიმარი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ამავე პუნქტში გათვალისწინებული სასჯელაღსრუ-ლების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარედგინა პროკურორის წერილობითი პროტესტი.
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
მუხლი 86. პატიმრობაში ყოფნის საერთო პირობები
1. საპყრობილის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონით დადგენილ ნორმებს.
2. პატიმარი იმყოფება სადღეღამისოდ ჩაკეტილ საკანში. ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მოსამართლის ბრძანებით.
3. საპყრობილის ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა. მათზე უნდა ხდებოდეს მუდმივი მეთვალყურეობა ვიზუალური და ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 87. ბრალდებულის პატიმრობაში მიღება
1. საპყრობილეში მიღების დროს პატიმარი და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება. პატიმრის შემოწმებას ახდენს საპყრობილის იმავე სქესის თანამშრომელი.
2. საპყრობილეში მიღების დროს პირმა უნდა გაიაროს სამედიცინო კონტროლი, რომელსაც ატარებს საპყრობილის ექიმი. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხდება მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.
3. საპყრობილის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს პატიმარს მის უფლებებსა და მოვალეობებს.
4. პირის პატიმრობაში მიღების შესახებ საპყრობილის დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს.
მუხლი 88. პატიმრის გადაყვანა
1. პატიმრის გადაყვანის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. პატიმრის გადაყვანის შესახებ მისი მიმღები პირი დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს.
მუხლი 89. პატიმრის პაემანი
1. პატიმარს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება იმ პირადი ან სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელებაც არ შეიძლება მესამე პირთა მეშვეობით. პატიმრის ხანმოკლე პაემნის უფლებას იძლევა გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე.
2. პატიმარს, რომლიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თავისი ქვეყნის საკონსულოს ან ამ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება აქვს.
3. პატიმარს აქვს თავის დამცველთან შეხვედრის შეუზღუდავი უფლება, რაც წესრიგდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
4. პატიმრის პაემანს თვალყურს ადევნებს საპყრობილის თანამშრომელი, რომელიც უნდა ჩაერიოს პაემანში ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იგი, თუ პაემანი ზიანს აყენებს სისხლის სამართალწარმოებას.
5. პატიმრის ხანმოკლე პაემნის პერიოდულობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება საპყრობილის შინაგანაწესით.
მუხლი 90. პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლება
არსებით და გადაუდებელ პირად ან სამართლებრივ საქმეებზე, რაც მოითხოვს პატიმრის უშუალო მონაწილეობას, გამომძიებლის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გასცეს პატიმრის ხანმოკლე გათავისუფლების ნებართვა სამი დღის ვადით. პატიმარზე ზედამხედველობისა და ბადრაგირების წესს განსაზღვრავს სასამართლო. ხანმოკლე გათავისუფლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება პატიმარს.
მუხლი 91. პატიმრების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებანი
1. საპყრობილის რეჟიმისა და შინაგანაწესის დარღვევა იწვევს შემდეგი სახის დისციპლინურ პასუხისმგებლობას:
ა) საყვედურს;
ბ) კარცერში გადაყვანას ვადით ათ დღემდე.
2. პატიმრის მიმართ დისციპლინური სასჯელი არ აღსრულდება, თუ იგი არ აღსრულდა ერთი თვის განმავლობაში დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან.
მუხლი 92. პატიმრის საპყრობილეში ყოფნის პირობები
1. პატიმრებს, რომლებიც იმყოფებიან საპყრობილეში, ნება ეძლევათ:
ა) შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები საკუთარი სახსრებით ან მიიღონ ამანათები სურსათით;
ბ) ატარონ პირადი ტანსაცმელი, ხოლო თუ ასეთი არ გააჩნიათ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული ტანსაცმელი;
გ) იქონიონ მიმოწერა ან სატელეფონო საუბარი მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით, საკუთარი ხარჯებით;
დ) ისარგებლონ პრესით, აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნებითა და ჟურნალებით. ადმინისტრაციის ნებართვით იქონიონ რადიო ან ტელევიზორი.
2. პატიმრის გათავისუფლება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 921. პატიმრის საერთო ფიზიკური მდგომარეობისათვის ხელის შეწყობა
პატიმარს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2348-სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.115
თავი XVIII
საზოგადოებრივი კონტროლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მუხლი 93. სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისია
1. საზოგადოებრივ კონტროლს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც შედიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მუშაკები ამ კომისიის შემადგენლობაში არ შედიან.
2. კომისიის ამოცანებს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისათვის დახმარების გაწევა მსჯავრდებულთა განთავსების, სწავლების, მუშაობის, კვების, სამედიცინო მომსახურების, მათზე ზედამხედველობის განხორციელების და სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტაში.
3. კომისიას ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ამოცანების განხორციელებისას უფლება აქვს შეიმუშაოს რეკომენდაციები და მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
4. კომისია იუსტიციის მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 94. რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა
ადმინისტრაცია მოვალეა შექმნას პირობები მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შეიძლება იმყოფებოდეს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი მღვდელმსახური.
თავი XIX
უშიშროების ღონისძიებანი და სასჯელაღსრულების დაწესებულების მუშაკის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი
მუხლი 95. უშიშროების ღონისძიებანი, რომლებიც გამოიყენება პატიმრების მიმართ
1. პატიმრების მიმართ დასაშვებია ხელბორკილების ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეებს, შმაგობენ ან ძალმომრეობენ გარშემომყოფთათვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების მიზნით.
2. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა, აგრეთვე ქალთა მიმართ დამაწყნარებელი პერანგი არ გამოიყენება.
3. თუ პატიმარი თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლეს, დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით დადგენილი წესის დაცვით.
4. პატიმრობიდან გაქცევის შემთხვევაში გამონაკლისი ღონისძიების სახით დასაშვებია სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. ქალებისა და არასრულწლოვანთა გაქცევის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
5. უშიშროების ღონისძიებანი წესრიგდება ამ კანონითა და სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესით.
6. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებებისა და შინაგანაწესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ დაწესებულების დირექტორს.
7. ნებისმიერი სახის უშიშროების ღონისძიების გამოყენების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს პატიმრის სამედიცინო შემოწმება.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
მუხლი 96. უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობებისა და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეიმუშავებს უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
კარი მესამე
გარდამავალი დებულებანი
თავი XX
კანონის ამოქმედების ღონისძიებანი
მუხლი 97. ამ კანონით განსაზღვრული აქტების მიღების ვადა
2000 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის შესახებ“;
ბ) იუსტიციის მინისტრის ბრძანება:
ბ.ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების, ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
ბ.ბ) საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.გ) მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.დ) საპყრობილის რეჟიმის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.ე) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ;
ბ.ვ) სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.თ) სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებისა და ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ.ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ;
ბ.კ) მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებისა და განცალკევებით მოთავსების წესის შესახებ;
ბ.ლ) მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ;
ბ.მ) მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის შესახებ;
ბ.ნ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ;
ბ.ო) სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის შესახებ;
ბ.პ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესის შესახებ;
ბ.ჟ) პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ.რ) პატიმრის გადაყვანის წესის შესახებ;
ბ.ს) ტუსაღობის აღსრულების წესის შესახებ;
გ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ;
დ) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლების მინისტრის ერთობლივი ბრძანება მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ.
მუხლი 98. იუსტიციის სამინისტროს მოვალეობა ამ კანონით განსაზღვრული დაწესებულებების ამოქმედებამდე
ამ კანონით განსაზღვრული სასჯელაღსრულების დაწესებულებების ამოქმედებამდე იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მოსამსახურეთა მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
მუხლი 99. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასული სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეები
1. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლის შემდეგ უნარჩუნდებათ „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება და შეღავათი.
2. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლის შემდეგ სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოქმედებამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაცვას ახორციელებენ შინაგანი ჯარების სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაცვისა და საბადრაგო დანიშნულების სამხედრო ნაწილები.
4. სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადაცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
კარი მეოთხე
დასკვნითი დებულებანი
თავი XXI
კანონის ამოქმედება
მუხლი 100. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან, გარდა 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 69_72-ე მუხლებისა და 83-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
2. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის 69-72-ე მუხლები აგრეთვე 73-ე, 74-ე და 75-ე მუხლების პირველი პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებისთანავე.
4. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70-სსმI, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
მუხლი 101. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომა-გასწორების კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 202).
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2263_რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლი 8 სექტემბრის კანონი №2361-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.212
2. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
3. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70-სსმI, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245
4. საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333-სსმI, №20, 31.05.200წ.,მუხ.51
5. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ88
6.საქართველოს 2000 წლის 24 ნოემბრის კანონი №622-სსმI, №46, 11.12.2000წ., მუხ129
7.საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1633-სსმI, №23, 24.07.2002 წ., მუხ.116
8.საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1891-სსმI, №3, 17.01.2003 წ., მუხ.17
9. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2348-სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.115
10. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2462-სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.150
11. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი№2984-სსმI, №26, 05.09.2003წ., მუხ.193
12. საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონი №619-სსმI, №36, 08.12.2004წ.,მუხ.169
13. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1351-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.123
დოკუმენტის კომენტარები